„თრუსო სრულიად დაცლილია მოსახლეობისგან და მით უფრო საჭიროა მისი მოვლა-პატრონობა“
"ვარ რიგითი მოგზაური, ვინც უამრავს, მათ შორის უცხოელებს, ჩვენს ქვეყანას აცნობს. ბოლო ხანს ვიყავით ჩვენს ულამაზეს თრუსოს ხეობაში და სიმართლე გითხრათ, გავნადგურდი: წინა წელთან შედარებით უფრო დაზიანებულია ის ისტორიული ძეგლები, რომლებიც ჩვენმა დიდმა ქართველმა წინაპრებმა შექმნეს. თუ მალე არ ვუშველეთ, საერთოდაც დავკარგავთ. მესმის, რომ ჩემი ეს ინფორმაცია ამ წუთში საქმეს ვერ უშველის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემის გახმაურებით რეზონანსი მომავალში ექნება. ყველას კარგად მოეხსენება, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ხეობის ისტორიული ძეგლების მოვლას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ესაზღვრება. თუმცა სახელმწიფო იმასაც კი ვერ ახერხებს, ძეგლები ზაფხულში პირუტყვის სადგომებად გამოყენებისგან დაიცვას.
პატივისცემით, თორნიკე გვილავა".

თუ რა მდგომარეობშია თრუსოს ხეობის ძეგლები, ამის გასარკვევად მივმართეთ ორგანიზაცია "ლომეკის" წევრ ანა გელაშვილს. გასულ წელს სწორედ მისმა ორგანიზაციამ ჩაატარა თრუსოს ხეობის ძეგლების სრული ინვენტარიზაცია.
- ჩემი ინფორმაციით, ერთადერთი ორგანიზაცია ხართ, რომელმაც თრუსოს სრული ინვენტარიზაცია ჩაატარა. ისევ თუ მუშაობთ ხეობის დაზიანებული ძეგლების გადასარჩენად?
- სამწუხაროდ, შევჩერდით ცნობილი ე.წ. რუსული კანონის გამო. ხეობაზე ზრუნვა, მისი ინვენტარიზაცია სწორედ უცხოელი მეგობრების დახმარებით შევძელით. ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო კონკურსში გავიმარჯვეთ, სადაც თითქმის 70-მდე პროექტიდან უცხოელებმა სწორედ თრუსო დააფინანსეს. ეს უმნიშვნელოვანესი ამბავია, ჩვენი კი ამ პროცესში სახელმწიფოსგან აღნუსხულ 61 ობიექტს 30 ახალი ობიექტი დავამტეთ და გამოვიკვლიეთ.
თრუსოზე 2017 წლიდან ვზრუნავთ. ამჯერადაც დიდი მიზნები გვქონდა. თრუსო ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, არადა, სრულიად დაცლილია მოსახლეობისგან და მით უფრო საჭიროა მისი მოვლა-პატრონობა. ამ ხეობას ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი ცოცხალ გეოლოგიურ მუზეუმს უწოდებდა და მართლაც ასეა - უმდიდრესი ადგილია მინერალური წყლებით და მათი ტრავერტინებით, მყინვარებით, მორენებით, ძველი გამყინვარების ნიშნებით, ვულკანური კონუსებით, ლავური ღვარებით, სუბალპური მდელოებით. რომელი ერთი დავასახელო, რაც აქ უნიკალურობას ქმნის? ამას უნდა დავამატოთ ჩვენი წინაპრების, ძირძველი ქართული მოსახლეობის შექმნილი ისტორიული ძეგლების უნიკალურობა. საბედნიეროდ, შემორჩენილია ავთენტური სოფლები: აბანო, კეტრისი, ზემო და ქვემო ოქროყანა, გიმარა, სუათისი, მნა, ბურმასიგი...

ასეთ სიმდიდრეს რატომ ვერ უნდა მოუარო? და თუკი თავად არ შეგიძლია და უცხოელი გეხმარება, მას როგორ არ უნდა დააცადო?! ჩვენ დიდი გეგმები გვქონდა, ვაპირებდით მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებს, საუბრებს ძეგლების დაცვის მნიშვნელობაზე. მათ შორის მომთაბარე პირუტყვის მესაკუთრეებთანაც, რათა ძეგლებს გაფრთხილებოდნენ.
ზაფხულში თრუსოში ხალხმრავლობაა, მოსაზღვრე მოსახლეობაც ამოდის. ტურისტიც ძალიან ბევრი გვყავს. ყველასთან მუშაობაა საჭირო, რათა თრუსოს ხეობის უნიკალურობა მაქსიმალურად ხელუხლებლად შევინახოთ. ამას ბეტონის გზების გაყვანა არ სჭირდება, ის უნდა შენარჩუნდეს მაქსიმალურად იმ სახით, რაც ბუნებამ მოგვცა, რაც იშვიათია.
2021 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „"თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ". თუმცა კანონის მიღებიდან დღემდე არაფერი გაკეთებულა. აღნუსხული 91 ობიექტიდან მხოლოდ 17-ს აქვს მინიჭებული მატერიალური ძეგლის სტატუსი. ჩვენ ჩვენი მუშაობის შედეგი წარვუდგინეთ სახელმწიფოს და ველოდით მისგან მხარდაჭერას, ამის ნაცვლად კი გაგვაჩერეს, რაც იმედია, დიდხანს არ გაგრძელდება...