„როდესაც კანონს ეხება საქმე, ფრთიანი გამოთქმები მოსატანი არ არის, ის სახელმწიფოს აზიანებს“
"1994 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტში ჩემი მუშაობისას, არაერთი თავმჯდომარე შეიცვალა. შეიძლება ითქვას, 2016 წლამდე პარლამენტის საქმიანობა, მისი თავმჯდომარეები, მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდნენ ზურაბ ჟვანიას მიერ დამკვიდრებულ პროფესიონალურ სტანდარტებს. თუმცა ეს სტანდარტები ნელ-ნელა გაქრა, მათ შორის, კანონშემოქმედებითი პირების საქმიანობაშიც, რაშიც ყველა იურიდიული საფეხური იგულისხმება: საკანონმდებლო პროექტის განსახორციელებლად წარდგენა, სამი მოსმენით განხილვისთვის მომზადება და ბოლოს საკანონმდებლო აქტის მიღება, რაც დამეთანხმებით, სახელმწიფოსთვის პოზიტივი ვერ იქნება. სწორედ ამიტომ მინდა ამ თემაზე საჯარო საუბარი. ამ თემაზე სახელმწიფოს სწორი რეაქციაც აუცილებელია.
ჯიგურ ცირამუა, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის
მთავარი სპეციალისტი".
- ბატონო ჯიგურ, კანონის შექმნისადმი უპასუხისმგებლო მიდგომა სახელმწიფოსთვის მართლაც დამაზიანებელია. ამიტომ დაგიკავშირდით ამ მნიშვნელოვან თემაზე.
- ჩვენი კანონების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი უცხოურის ასლით იქმნება, თანაც ისე უხეშად, რომ ზოგჯერ კანონის შინაარსი იცვლება. ეს ვერ გავაგებინე პარლამენტში ჩვენს კანონშემოქმედებს. უფრო სწორად, იქნებ იგებენ, მაგრამ სხვაზე დამოკიდებულების გამო შეგნებულად არ ითვალისწინებენ შენიშვნებს, რაც ხშირად კანონს აბუნდოვნებს, ტოვებს მასში ხვრელებს. ეს ზოგიერთს კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენების საშუალებას აძლევს.
- უცხოურიდან პირდაპირი თარგმანის დანერგვა აღარ გვიკვირს. ამის წყალობით თვით სკოლის სახელმძღვანელოებს ვერ იგებენ ბავშვები. კანონების მიღებასთან დაკავშირებით ეს შეუძლებლად მეჩვენებოდა. რატომ არ ერევიან საქმეში პროფესიონალი სპეციალისტები?
- რაც არ უნდა სპეციალისტი ჩაერიოს, არაფერი გამოვა, თუ მისი რჩევები არ გაითვალისწინეს იმ პირებმა, რომელთაც ევალებათ საკანონმდებლო აქტის პროექტის განხორციელება და მისი წარდგენა სამი მოსმენით განხილვისათვის. ამ სამწუხარო უპასუხისმგებლობაზე შეიძლება არაერთი მაგალითის მოყვანა. თუმცა ერთ კანონს გავიხსენებ, რომლის ჩასწორებაზე, დიდი ბრძოლის მიუხედავად, ბევრს ვერფერს მივაღწიე. ეს არის კანონი "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ", რომლის საკანონმდებლო აქტის პროექტი გადმომცეს განსახილველად, და რომელსაც ქალბატონ ნინო წილოსანთან ერთად (იმ მომენტში აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გახლდათ) ხელს აწერს 34 დეპუტატი. გასაოცარია, რატომ არც ერთმა არ იფიქრა, ხელს რა შეცდომებს აწერდა! კერძოდ, კანონპროექტის მე-3 მუხლის "ბ" ქვეპუნქტში არის ამგვარი ჩანაწერი: "სამეურნეო საქმიანობის მიზნით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოება, მათ შორის წარმოებული მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე ან/და მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე წარმოება".
- სიმართლე გითხრათ, ძალზე ბუნდოვანია.
- დიახ, ასეა. რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს ბუნდოვანება ასევე დარჩა კანონში მიუხედავად ჩემი არაერთგზის მითითებისა. კერძოდ, „კანონპროექტის ავტორებს“ მივუთითე, რომ ამ შემთხვევაში სასოფლო საქმიანობა საჭიროა პროდუქტის წარმოების მიზნით და არა პირიქით, როგორც ამჯერად კანონშია: "წარმოება - საქმიანობის მიზნით". რატომ მივუთითე? იმიტომ, რომ კანონისათვის მსგავს ცნებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს! გარდა ამ აბსურდისა, იქვე, ამავე კანონის ქვეთავში, არის კიდევ ერთი "ხვრელი" და აბსურდი: "სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოება, მათ შორის წარმოებული მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე ან/და მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე", სადაც ტერმინი "მათ შორის" ავტომატურად ნიშნავს, რომ მართლზომიერ საკუთრებაში არსებული მიწის გარდა, კანონი იძლევა სხვა, არამართლზომიერ მფლობელობაში მყოფ მიწაზეც პროდუქტების წარმოების შესაძლებლობას.
- გეთანხმებით. ამ პუნქტის ჩასწორება უადვილესია, თუ ამოვიღებთ ტერმინს "მათ შორის".
- რა თქმა უნდა. მაგალითად, ახლა რომელ კანონზეც გესაუბრებით, ქალბატონმა ნინო წილოსანმა, იმ დროისათვის აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მისი მომზადება საპარლამენტო განხილვისთვის დაავალა ქალბატონ თინათინ ოდილავაძეს. ქალბატონ თინათინს ბევრი ვესაუბრე, ვეკამათე, რომ კანონის ეს ნაწილი შესწორებულიყო. ის დამეთანხმებოდა, წავიდოდა და კანონპროექტს იმავე სახით აბრუნებდა. შესაბამისად, კანონპროექტში ეს ნორმა უცვლელი დარჩა. სამაგიეროდ, ამავე კანონპროექტში ერთი "გამარჯვება მოვიპოვე", რისთვისაც თითქმის სამი წელიწადი დამჭირდა. კერძოდ, კანონპროექტის ამ რედაქციიდან „საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს "სამინისტრო", ამოვაღებინე ტერმინი "სამინისტრო" და მის ნაცვლად ჩავაწერინე: "მმართველობითი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი". ამისთვის სამი წელიწადი დამჭირდა! არადა, ხომ მარტივი გასაგებია, რომ შეუძლებელია მთელმა სამინისტრომ თავის თანამშრომლებიანად უხელმძღვანელოს საბჭოს!
- რა თქმა უნდა, თუმცა, თუ კანონშიც ასე დარჩებოდა, ეს ქაოსს გამოიწვევდა.
- ამიტომ უნდა იყოს გათვალისწინებული კანონების მიღებისას სპეციალისტების რჩევა და მისი პირდაპირი კოპირება უცხოურიდან არ შეიძლება. რაზეა ლაპარაკი, როდესაც ერთხელ კანონპროექტში მქონდა ფრაზა: "სახელმწიფომ უნდა იზრუნოს რეგიონებში გამოთანაბრებულ ტრანსფერზე" და სიტყვა "გამოთანაბრებული" ვერაფრით შევაცვლევინე "გათანაბრებულით", სანამ მაღალი თანამდებობის პირმა არ მიუთითა.
- ამ ამბებს ძალიან უხდება გამოთქმა: "სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!"
- დიახ, მაგრამ როდესაც კანონს ეხება საქმე, ფრთიანი გამონათქვამები მოსატანი არ არის, ის სახელმწიფოს აზიანებს.