ახალი კავკასიური რეალობა ანუ გამოჩნდა თუ არა სინათლე გვირაბის ბოლოს?!
სამხრეთ კავკასიაში ბოლო 35 წლის განმავლობაში ერთგვარი ჩაკეტილი პოლიტიკურ-ეკონომიკური წრე იყო. კერძოდ, საქართველო ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად თანამშრომლობდა ცალკე აზერბაიჯანთან, ცალკე სომხეთთან, თუმცა ბაქო-ერევნის კონფლიქტის გამო სამმხრივი თანამშრომლობა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო. ყარაბაღის თემა ისე იყო წყალგამყოფად ჩაბეტონებული, რომ თეორიულადაც კი გამორიცხული იყო აზერბაიჯან-სომხეთის თანამშრომლობა.
რა თქმა უნდა, ეს იყო წმინდა რუსული სცენარი. 80-იანი წლების ბოლოს კრემლი ყველაფერს აკეთებდა, რათა აზერბაიჯანელები და სომხები დედაბუდიანად გადაჰკიდებოდნენ ერთმანეთს. 1991 წელს კი დაიწყო ყარაბაღის პირველი ომი. რუსეთი ორივე მხარეს აძლევდა იარაღს, თუმცა საბოლოოდ სომხეთს გაამარჯვებინა. სომხურმა ძალებმა არა მარტო ყარაბაღიდან გააძევეს აზერბაიჯანელები, არამედ დამატებით შვიდი რაიონიც მიითვისეს. 1994 წელს გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება. რუსეთმა დრო იხელთა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ე.წ. სამშვიდობოების ჩაყენება სურდა, თუმცა აზერბაიჯანის მაშინდელი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი ამას კატეგორიულად შეეწინააღმდეგა.
1994-2020 წლებში გაიმართა უამრავი შეხვედრა მხარეებს შორის (რუსეთმა სამშვიდობო ჯარები ვერ ჩააყენა, მაგრამ მთავარი შუამავალი თვითონ იყო), ხელი მოეწერა უამრავ დოკუმენტს, გაერომ მიიღო ასეულობით რეზოლუცია, თუმცა ეს ყველაფერი უშედეგო ოყო. ილჰამ ალიევი სადღაც 20 წლის წინათ მიხვდა, რომ ომით წართმეულს ომითვე დაიბრუნებ და დაიწყო აზერბაიჯანის არმიის გაძლიერება. აზერბაიჯანელებმა ტრიუმფით რომ დაიბრუნეს ყარაბაღი, ეს 20 წლის მუშაობის შედეგია და არის პირადად ილჰამ ალიევის დამსახურება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით, რა ხდებოდა კულუარებში, მაგრამ საბოლოოდ ასეთი სურათი იკვეთება. ერდოღანმა დაარწმუნა პუტინი, რომ არ ჩარეულიყო კონფლიქტში.
სომხები კი იყვნენ ეიფორიაში და რუსეთის იმედად. საინტერესოა, გაუწევდა თუ არა პუტინი ერდოღანს ანგარიშს, ნიკოლ ფაშინიანის დასჯა რომ არ ჰქონოდა გადაწყვეტილი?! 2018 წელს სომხეთში მომხდარი რევოლუციით ძალაუფლება დაკარგა ე.წ. ყარაბაღის კლანმა, რომელიც პუტინის მთავარი დასაყრდენი იყო. შესაბამისად, კრემლმა სომხები თხასავით გაყიდა და კიდევ ერთხელ დადასტურა, რა "საიმედო" პარტნიორია რუსეთი.
2020 წელს ილჰამ ალიევის არმიამ ჯერ ყარაბაღის დიდი ნაწილი დაიკავა და პირველ რიგში, შუშა (ეს ქალაქი პოლიტიკურად ისეთივე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანელებისთვის, როგორიც ქართველებისთვის სოხუმი), 2023 წელს კი მთლიანი ყარაბაღი. ადგილობრივ ე.წ. მთავრობას დოკუმენტურად გამოაცხადებინა სრული კაპიტულაცია, ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის ძალებმა კი ნებით ჩააბარეს აზერბაიჯანელებს იარაღი და გაუყვნენ სომხეთისკენ მიმავალ გზას... აი, სწორედ აქედან იწყება ყველაზე საინტერესო.
ფაშინიანის პოლიტიკა და შოკი სომხურად
რუსეთის გათვლა მარტივი იყო - ყარაბაღში მარცხის შემდეგ, კრემლის ლოგიკით, სომხებს ფაშინიანი უნდა დაემხოთ. თუმცა ასე არ მოხდა - ომში დამარცხების შემდეგ ჩატარებულ არჩევნებში ფაშინიანმა გაიმარჯვა. შემდეგ უკვე აქციები ააგორეს პრორუსულად განწყობილმა ძალებმა ფაშინიანის წინააღმდეგ, რომელსაც სასულიერი პირი ხელმძღვანელობდა. თუმცა ეს აქციებიც მინავლდა. შემდეგ უკვე ფაშინიანიც გადავიდა "კონტრშეტევაზე" და გააკეთა ის, რაზე ფიქრს წინა წლებში სომხეთის ვერც ერთი მმართველი ვერ გაბედავდა - შეუტია სომხური ეკლესიის ხელმძღვანელებს და პირადად კათოლიკოს გარეგინ მეორეს. თან შეტევაც არის და შეტევაც - დააბრალა დაუქორწინებლობის აღთქმის დარღვევა და მასზე საკმაოდ არანორმატიული ლექსიკით საუბრობს. როგორც რამდენიმე ნომრის წინ ვწერდით, დაპირისპირება უფრო გაღრმავდა, თუმცა ფაშინიანმა თავის ამომრჩეველს მისცა პირობა, რომ სომხურ ეკლესიას გაწმენდს. პარალელურად, ერევანში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით დააკავეს დაჯგუფება. სომეხი ექსპერტები მიანიშნებენ, რომ ამ დაჯგუფებას ყურები მოსკოვიდან ეზრდება. თუმცა მთავარი ის არის, რომ ფაშინიანმა მოახერხა სომხეთის გარშემო შექმნილი ახალი რეალობის "გადახარშვა". ჰქონდა ორი გამოსავალი - ისევ წლების განმავლობაში ყოფილიყო ცივ-ცხელი ომის მდგომარეობაში აზერბაიჯანთან ან გაეგრძელებინა წინსვლა. სომხეთის პრემიერმა მეორე ვარიანტი აირჩია. გავიხსენოთ მისი ისტორიული ვიზიტი თურქეთში და ის, თუ როგორ ხაზგასმით საზეიმო დახვედრა მოუწყო ერდოღანმა. აბუ-დაბიში ერთმანეთს შეხვდნენ ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი. რაიმე დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ, მაგრამ არსებული ინფორმაციით, ეს მხოლოდ დროის საკითხია. რაც მთავარია, ამ დიალოგის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობენ ამერიკელები ანუ რუსები "მოტეხეს".
როგორ აგიჟებს
ილჰამ ალიევი პუტინს
ყარაბაღში გამარჯვებით აზერბაიჯანს ახალი და დიდი ამბიციები გაუჩნდა და მათი ნაწილი ობიექტურია (მოსწონს ვინმეს თუ არა, ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის ისტორიაში შევა, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელი). ბაქო უკვე აღარც მოსკოვს ეპუება. არადა, ესკალაცია რუსებმა დაიწყეს. ჯერ გროზნოს თავზე დაცხრილეს აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი, რომელმაც ყაზახეთის აეროპორტამდე ვერ მიაღწია, ჩამოვარდა და ათეულობით ადამიანი დაიღუპა. კრემლმა არც ბოდიში მოიხადა და დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს არც კომპენსაცია გადაუხადა, რის გამოც აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის, მეორეც - რუსეთში დემონსტრაციულად დააკავეს აზერბაიჯანელები, სცემეს და ორი მათგანი მოკლეს. საპასუხოდ, ბაქოში ასევე დემონსტრაციულად დააკავეს რუსეთის მოქალაქეები და ნაცემ-ნაბეგვები კამერების წინ ჩაატარეს.
დიდი ალბათობით, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირებამდე საქმე არ მივა. თუმცა ფაქტია, რუსული გავლენები აზერბაიჯანშიც საკმაოდ შეირყა. სამაგიეროდ, კიდევ უფრო გაძლიერდა ერდოღანის პოზიციები, და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ძალიან აქტიურად დაიწყეს მანევრირება.
იდეალური სცენარი კავკასიისთვის
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია თურქეთიც, აზერბაიჯანიც და სომხეთიც. თუ სომხეთ-აზერბაიჯანსა და სომხეთ-თურქეთს შორის აღდგა პოლიტიკური და პირველ რიგში, ეკონომიკური ურთიერთობები, მაშინ რეგიონში შესაძლოა სრულიად ახალი რეალობა დადგეს: განხორციელდეს ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ-თურქული ერთობლივი პროექტები, შეიქმნას ერთიანი სავაჭრო სივრცე და ა.შ. თუმცა მთავარია, რომ ეს იქნება რეგიონისთვის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია.
ექსპერტთა ნაწილის აზრით, თუ გაიხსნა ზანგეზურის დერეფანი (აზერბაიჯანულ-სომხურ-თურქული სატრანზიტო ხაზი), ეს საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება და ქვეყანა დაკარგავს "შუა დერეფნის" ფუნქციას, ექსპერტთა მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეს გამორიცხულია - საქართველოს ამ როლს ვერავინ წაართმევს. იმედია, ასეც იქნება.
თუმცა თუ კავკასიაში ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები აღარ იქნებიან (რუსეთის გამოკლებით), აღარ იქნება ურთიერთბლოკადა და დახურული საზღვრები, ეს არის იმის გარანტია, რომ ჩვენი რეგიონი ერთ-ერთ ყველაზე აყვავებულ ადგილად იქცეს მსოფლიოში.
და ეს ძალიან კარგი მაგალითი იქნება ჩრდილოეთ კავკასიისთვის, რათა მათ ჩრდილოეთისკენ კი არა, სამხრეთისკენ დაიწყონ ყურება. თუმცა დღეს სამწუხარო რეალობაა - რუსებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩრდილოკავკასიელებს დაეკარგათ ეროვნული იდენტობა და ზოგიერთ რეგიონში ამას მიაღწიეს კიდეც.
რას იზამს რუსული "დათვი"?!
ზემოთ ვისაუბრეთ იდეალურ სცენარზე, თუმცა ზოგჯერ ის არ ახდება ხოლმე და ამის შემაფერხებელი შეიძლება იყოს ისევ და ისევ რუსეთი. ექსპერტთა ნაწილი ძალიან ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს - რუსებს აღარაფრის თავი არა აქვთ და სამხრეთ კავკასიაში ვერც ვერაფერს გააკეთებენო. სამწუხაროდ, ასე არ არის.
ჯერ ერთი, რუსებს ოკუპირებული აქვთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, სადაც განლაგებული აქვთ სამხედრო ბაზები. გარდა ამისა, აქვთ სამხედრო ბაზა სომხეთშიც, ხოლო, პარალელურად, რუსულ სპეცსამსახურებს გახსნილი აქვთ ფარული ფრონტი ლამის ყველა მიმართულებით.
ჯერ კიდევ ძალაშია ფაშინიანის დამხობის სცენარი, აფინანსებენ სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო მედიას და ელოდებიან დროს, რომ უფრო ფართომასშტაბიან შეტევაზე გადავიდნენ. მათი მიზანია ხელისუფლებაში ე.წ. ყარაბაღის კლანის მოყვანა, რომელიც სომხეთში დასავლეთთან ინტეგრაციის იდეას საბოლოოდ ამოძირკვავს და ქვეყანა აზერბაიჯანთან დაპირისპირების მდგომარეობას დაუბრუნდება.
საქართველოში რა მდგომარეობაც არის, ყველამ კარგად ვიცით. აქეთ ოკუპაცია, იქით გახანგრძლივებული პოლიტიკური კრიზისი. რუსეთის მთავარი მიზანია საქართველოში ისეთი ქაოსის გამოწვევა, რომ ქართულ სახელმწიფოს საერთოდ არანაირი ამბიციები არ ჰქონდეს, გარდა ფიზიკური გადარჩენისა. ასე რომ, თუ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ესკალაციაში გადაიზარდა, აუცილებლად ჩაერთვებიან რუსული სპეცსამსახურები და ყველაფერს გააკეთებენ, რომ უფრო კარგად დავერიოთ ერთმანეთს და უფრო დიდი დარტყმა მივაყენოთ ჩვენს ქვეყანას. თუ არადა, ნებისმიერ დროს შეუძლია პროვოკაციების მოწყობა აფხაზეთში ან ცხინვალში. ამიტომ ზემოხსენებული იდეალური სცენარი ამასაც გულისხმობს - რუსეთი ისე უნდა დასუსტდეს, სამხრეთ კავკასიაში გაბრძოლება ვეღარ მოახერხოს ან რომელიმე მასზე უფრო ძლიერმა ძალამ გააძევოს ის აქედან. ეს კი, თავისთავად, საქართველოს გამთლიანებასაც გულისხმობს.
გიორგი კვიტაშვილი