სასურსათო კრიზისი შესაძლოა განმეორდეს - გაფრთხილება გაეროს ექსპერტებისგან - კვირის პალიტრა

სასურსათო კრიზისი შესაძლოა განმეორდეს - გაფრთხილება გაეროს ექსპერტებისგან

საერთაშორისო ექსპერტები შემოდგომისთვის სურსათზე ფასების მკვეთრ ზრდას ვარაუდობენ და შიშობენ, რომ შესაძლოა განმეორდეს ის, რაც 2007-2008 წელს მოხდა. FAO (გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) სურსათზე ფასების ზრდის მიზეზად ასახელებს ბრაზილიაში მოსულ უხვ ნალექებს, ძლიერ გვალვებსა ამერიკაში და წარმოების სირთულეებს რუსეთში. სწორედ ამიტომ შიშობენ, რომ შესაძლოა სასურსათო კრიზისი განმეორდეს, რომელიც, პირველ რიგში, მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს მიაყენებს დიდ დარტყმას.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაცია, როგორც წესი,  სურსათის ფასების ყოველთვიურ ინდექსებს არ აქვეყნებს, მაგრამ ამჯერად გადაწყვიტა, ეს მონაცემები საჯარო გაეხადა. მათი ინფორმაციით, წლეულს ივლისში საერთაშორისო ფასები მარცვლეულზე 17%-ით გაიზარდა, შაქარზე - 12%-ით, სიმინდზე კი 33%-ით. საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებას ქართველი ექსპერტებიც იზიარებენ და ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში სურსათზე ფასების ზრდა საქართველოზეც აისახება, მით უფრო, რომ ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ადგილობრივ ბაზარზე თითქმის ერთდროულად გაიზარდა ფასები პურის ფქვილზე, შაქარსა და საწვავზე. გველოდება თუ არა სასურსათო კრიზისი, სურსათის კიდევ უფრო გაძვირება და ლარის მსყიდველობითი უნარის დაცემა ახლო მომავალში, ამ კითხვებით ეკონომიკის ექსპერტ ირაკლი ლექვინაძეს მივმართეთ.

- მიმდინარე წლის დასაწყისში სურსათზე ფასები საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილური იყო. ვგულისხმობ ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებს: მარცვლეულს, შაქარს და სხვ. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასმაც დაიწყო შემცირება და განსაზღვრული დროის განმავლობაში ამ ტენდენციას ინარჩუნებდა. ზაფხულში კი ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომლებიც სურსათის ძირითადი მწარმოებლები არიან, გვალვებმა, წყალდიდობებმა და ზოგადად, არასტაბილურმა კლიმატურმა პირობებმა მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. სხვათა შორის, რუსეთიც ფიქრობს კვოტების დაწესებას მარცვლეულის ექსპორტზე და ბევრი ქვეყანა იმაზე ნაკლებ მოსავალს ელოდება, ვიდრე გათვალისწინებული ჰქონდათ წლის დასაწყისში.

ბუნებრივია, რომ მიწოდების შემცირება, არსებული მზარდი მოთხოვნის პირობებში, ფასებზე აისახება. მაგალითად, ივლისში მარცვლეულის ძირითად ჯგუფზე უკვე აღინიშნა პიკური ფასი. გაძვირდა როგორც ხორბალი, ასევე სიმინდი, ქერი, სვია და სხვა ისეთი პროდუქტები, რომლებიც მომხმარების მაღალი დონით ხასიათდება. ბუნებრივია, მაღალი ფასები მყისიერად აისახება ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც ამ პროდუქციის იმპორტიორია. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა მარცვლეულის იმპორტიორთა ჯგუფში შედის და მოხმარებული მარცვლეულის დაახლოებით 90% იმპორტით შემოდის. იმავეს თქმა შეიძლება შაქარზეც. ამიტომ, ამ პროდუქტების გაძვირება ჩვენს ბაზარზეც აისახება. მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციაში გვამშვიდებენ და ამბობენ, რომ პურპროდუქტებზე ძველი ფასები შენარჩუნდება, რადგან ჯერჯერობით ქვეყანაში არის ძველი ფასით ყაზახეთიდან შემოტანილი ხორბლის მარაგი. თუმცა ვფიქრობ, წლის ბოლომდე პურპროდუქტებზე ფასების ზრდა მაინც გარდაუვალი შეიქნება.

ასევე არსებობს ნავთობის ფასების ზრდის მოლოდინი. მით უფრო, თუ ისრაელსა და ირანს შორის ვითარება გამწვავდა, ეს კიდევ უფრო გაზრდის ენერგომატარებლებზე ფასს, რაც ასევე სტიმულს მისცემს ბევრი პროდუქტის გაძვირებას.

- თქვენ სურსათის გაძვირების გარე ფაქტორები ჩამოთვალეთ, მაგრამ ალბათ უნდა გავითვალისწინოთ შიდა ფაქტორიც, მაგალითად კახეთს სტიქია უკვე ზედიზედ უტევს და მოსავლის საკმაო ნაწილიც გაანადგურა. შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს სურსათის ფასებზე, თუ ადგილობრივი წარმოება იმდენად მცირეა, რომ სამომხმარებლო ფასებზე ნაკლებად აისახება?

- კახეთის სტიქიის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე ხილი და ბოსტნეული უკვე გაძვირდა. როცა ზაფხულის სეზონი მთავრდება, ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე ფასების ზრდა ისედაც არის მოსალოდნელი, მაგრამ სტიქიამ ეს პროცესი დააჩქარა და ფასები კიდევ უფრო მეტად გაზარდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდებოდა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წლეულს, შარშანდელთან შედარებით, ყურძნის ფასიც უფრო მაღალი იქნება, რადგან სტიქიამ ყურძნის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კახეთის სტიქიამაც მოახდინა შიდა ბაზარზე გავლენა, რადგან ის ერთ-ერთი დიდი რეგიონია, სადაც დიდი რაოდენობით მოჰყავთ ხილისა და ბოსტნეული.

- შემოდგომისთვის ასევე არსებობს ინფლაციური პროცესების მოლოდინი და უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინ ძალიან "ცხელი შემოდგომა" გველოდება პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორ აისახება ყველაფერი ეს რიგითი მომხმარებლის ჯიბეზე?

- ინფლაციის მოლოდინი არსებობს და ამას სტატისტიკის სამსახურიც არ უარყოფს. ჯერ ერთი, ადგილობრივი მოსავლის სეზონი მიდის და ამის შემდეგ სურსათი, ბოსტნეული და ხილი ყოველთვის ძვირდება. ამას დაემატება მიმოქცევაში დამატებითი ფინანსური რესურსების გაშვება, რომელიც მოახლოებული არჩევნებით იქნება გამოწვეული. განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ აისახება ხოლმე დამატებითი ფულადი მასა ადგილობრივ ბაზარზე, როცა არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს გაწეულ სამუშაოს უნაზღაურებენ და ეს ზედმეტი ფული ბაზარზე გამოდის. ამიტომ, მერწმუნეთ, არჩევნების შემდეგ უფრო საგრძნობი იქნება ინფლაცია, ვიდრე დღეს არის. არჩევნების შემდეგ უფრო მკვეთრად გამოჩნდება მთელი ის ფულადი ნაკადი, რომელიც არჩევნებამდე გაშვებული იყო მიმოქცევაში.

- რაც შეეხევა FAO-ს პროგნოზს 2007-2008 წლების სასურსათო კრიზისის განმეორებასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია ეს პროგნოზი?

- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება სურსათის მსოფლიო ფასები. წინასწარ რთულია პროგნოზის გაკეთება, რა მოხდება ხვალ-ზეგ სურსათის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში. ფაქტია, რომ გაერო აფრთხილებს იმპორტიორ ქვეყნებს, მოემზადონ ამ პროცესისთვის. სურსათის ფასების ზრდის ტენდენცია არასასურველია იმპორტიორი ქვეყნებისთვის და ისინი, როგორც წესი, მსგავს სასურსათო კრიზისებზე განსაკუთრებულად მტკივნეულად რეაგირებენ.

(სპეციალურად საიტისთვის)