"ხვიჩა კვარაცხელია ისტორიული მოვლენაა. თუ გამორჩეული არტისტი არა ხარ, არ ბრწყინავ, სცენა "შეგჭამს", დაიკარგები. ფეხბურთშიც ასეა. სოლისტი თუ ხარ, "სცენ - კვირის პალიტრა

"ხვიჩა კვარაცხელია ისტორიული მოვლენაა. თუ გამორჩეული არტისტი არა ხარ, არ ბრწყინავ, სცენა "შეგჭამს", დაიკარგები. ფეხბურთშიც ასეა. სოლისტი თუ ხარ, "სცენის ლომიც" უნდა იყო!"

მეოთხე წელიწადია, ცნობილი ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე ნიუ-იორკში ცხოვრობს. იტალიისა და გერმანიის ოპერის სცენებზე გამართული ასობით წარმატებული სპექტაკლის შემდეგ ქართველი მომღერალი მთავარ მიზანს - "მეტროპოლიტენ-ოპერის" სცენას მიუახლოვდა. სიმღერა ჩემი ცხოვრებააო, მაგრამ თავისუფალ­ დროს ხატავს კიდეც და ფოტოხელოვნებითაც არის გატაცებული. რაგბის სიყვარულით ბავშვობიდან, ქუთაისში "მოიწამლა", რეგულარულად სტუმრობს მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას ორთაბრძოლებს, რამდენიმე დღის წინ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალსაც (პსჟ-"რეალი") დაესწრო და კვარას წარმატებით გაიხარა. გოჩა აბულაძეს ნიუ-იორკში სწორედ სპორტზე სასაუბროდ დავურეკე, თუმცა სხვა საინტერესო თემებზეც ვილაპარაკეთ:

msoplios-saklubo-chempionatis-naxevarpinali-pszh-reali-1753637706-1754167089.jpg

- პანდემიის საშინელმა პერიოდმა აშშ-ში წამოსვლა გადამაწყვეტინა, როცა ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩავიკეტე, ევროპულ თეატრებს კი ფინანსური პრობლემების გამო აღარ შეეძლოთ კონტრაქტების გაგრძელება. "მეტროპოლიტენის" სცენაზე გამოსვლაზე ბავშვობიდან­ ვოცნებობდი, ლუჩანო პავაროტის პირველი ვიდეოჩანაწერი რაც ვნახე, იწყებოდა მეტროპოლიტენ-ოპერის შადრევნის კად­რებით. ეს შადრევანი სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში და თავს პირობა მივეცი,­ რომ აუცილებლად ვიმღერებდი ამ სახელგანთქმული საოპერო დარბაზის სცენაზე! ჰოდა, გავრისკე და ოცნების ასასრულებლად ნიუ-იორკში ჩამოვედი. იტალიის, გერმანიის, სხვა ევროპული ქვეყნების თეატრების სცენებზე ათი წლის განმავლობაში გამოვდიოდი, 27 მთავარი როლი მაქვს შესრულებული, მაგრამ სიახლეების მოყვარული ვარ და მჯერა, რომ სწორედ აშშ არის ის ქვეყანა, სადაც სრულად შევძლებ ჩემი შესაძლებლობების რეალიზებას.

- მაგრამ მაინც რთულია მიატოვო სცენები,­ სადაც კარგად გიცნობენ და ოკეანის გაღმა ყველაფერი ნულიდან დაიწყო!

- მთელ ევროპაში მიცნობენ, მაგრამ რაც არ უნდა გეწეროს CV-ში, აშშ-ში ყველაფრის თავიდან დაწყება გიწევს. სამუშაო უფლების მისაღებად სამ წელიწადზე მეტი დამჭირდა, უკვე მოსმენაც მქონდა მეტროპოლიტენ-ოპერა-ჰაუსში და ველი ძალიან მაგარ ამბებს! ამ გარდამავალ პერიოდში, სადაც კი შესაძლებლობა მეძლევა, ყველგან ვმღერი. მანჰეტენში თითქმის ყველა დიდ საკონცერტო სცენაზე მიმღერია, ორი კონცერტი მქონდა „კარნეგი ჰოლში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის (რომელიც „"მეტროპოლიტენთან"შ“ ახლოს, ძალიან ცნობილ ტაძარში გაიმართა) დროს, აკომპანირებას მეტროპოლიტენის მთავარი პიანისტი ბრაიან ვაგორნი მიწევდა - საოცარი საღამო გამოვიდა...

- ახლა ინტერვიუს მთავარ თემაზე - სპორტზე გადავიდეთ: ვიცი, რომ ბავშვობაში რაგბიში ვარჯიშობდით.

- რაგბის ბურთს ერთხელ თუ დაიჭერ, სპორტის ამ სახეობით ცხოვრების ბოლომდე "მოწამლული" რჩები... ქუთაისის "აიას" სავარჯიშო "მოედანი" "ტორპედოს" სტადიონის გვერდით იყო. მახსოვს, ფაქტობრივად, დაჭაობებულ მინდორზე გვიწევდა ვარჯიში. პირველად მაინცდამაინც წვიმიან ამინდში დამაყენეს შერკინებაში და... კინაღამ ჩავიხრჩვე "მოედანზე"... ტალახიანი,­ დახეული ტანსაცმლით რომ მივედი სახლში,­ დედამ ძლივს მიცნო. თუმცა ჩვენს ოჯახში ყოველ საღამოს სიმღერა ისმოდა და საბოლოოდ მეც ამ მიმართულებამ­ "გადამძალა" - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ჩავირიცხე... ამის მიუხედავად, "ტორპედოს" თავგადაკლულ გულშემატკივრად ვრჩებოდი, "ჯუნგლების" (ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა­ კლუბის სახელია. - რ.შ.) აქტიური წევრი ვიყავი და ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ უფროს ხულიგნებს აყოლილს, ქვაც კი მისვრია თბილისის "დინამოს" ავტობუსისთვის - დავინახე, რომ გვაგინებდნენ და...

- სარაგბო "კარიერა" საკმაოდ სწრაფად დაგისრულებიათ...

- დიახ, თუმცა რაგბის სამყაროში დღემდე ბევრი ძვირფასი მეგობარი მყავს |- მამუკა გორგოძე, მიშა ნარიაშვილი და სხვები. მონპელიეს ოპერის სცენაზე "დონ ჯოვანის" პარტიის შესრულების შემდეგ ბიჭებმა დიდებულად მიმასპინძლეს. ნაროს და "გორგოძილას" საფრანგეთში უდიდესი სახელი აქვთ.

- "რაგბი ჩვენი თამაშია"... ეთანხმებით?

- მაშინ ზელანდიელებმა რაღა უნდა თქვან?! მაგრამ თუ თამაშის სპეციფიკას, ხასიათს, ქართველი ერის ისტორიას გავით­ვალისწინებთ, დიახ, სწორედ ჩვენთვის არის ზედგამოჭრილი! როცა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ვერავინ და ვერაფერი გვერევა! სწორედ ამ ერთიანობის, ურთიერთგატანის, სიყვარულის, პატივისცემის გამოა "ჩვენი თამაში"... არც ის დავივიწყოთ, რომ საუკუნეებია, "ლელობურთს" ვთამაშობთ... ჰოდა, ახალი ზელანდია რომ ვახსენე, ისეთი ახალგაზრდები გვყავს, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში "ოლ ბლექსსაც" (ზელანდიის ნაკრების მეტსახელია. - რ.შ.) დავამარცხებთ! ამ თაობას უკვე აღარ აქვს "დიდ გუნდებთან" თამაშის შიში, კომპლექსი. მამუკასაც აქვს ნათქვამი, ჩვენი მთავარი პრობლემა ფსიქოლოგიური იყო, გრანდებთან მოსაგებად კი არა, "კარგად სათამაშოდ" გავდიოდითო. ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებს კი უკვე ჰყავთ დამარცხებული უელსელი, ფრანგი, ინგლისელი თანატოლები და მეტოქის "რიდი" აღარც ეროვნულ ნაკრებში ექნებათ.

merab-dvalishviltan-ertad-1753637706.jpg

- ირლანდიასთან მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერეთ, შერკინებაში ლევან­ ცაბაძე გვაკლიაო: კარგად გახსოვთ იმ თაობის თამაში?

- რა დამავიწყებს?! ხამაშურიძე "რაგბის რონალდინიო" იყო! ცაბაძე - ჯანის, შეუპოვრობის, გაუტეხლობის სიმბოლო... საერთოდაც, იმ ფორმაციის ნაკრების თამაშებს სასწაული ემოცია ახლდა - პირველად დავამარცხეთ რუსეთის ნაკრები, ისე ვიყავით დამუხტული, მეგონა, მსოფლიოში არ არსებობდა ჩვენი დამმარცხებელი გუნდი! ბესო ხამაშურიძე განსაკუთრებულად მიყვარს, უნდა ნახოთ, როგორ თამაშობს მინი-ფეხბურთს, კალათბურთს, რაგბიში ხომ განსაკუთრებული სტილი ჰქონდა... რაც შეეხება კითხვაში ნახსენებ სტატუსს, ირლანდიელებთან ზედიზედ წავაგეთ რამდენიმე შერკინება და მაშინვე "ლეონსიო" გამახსენდა - როცა ცაბაძე თამაშობდა, შერკინების წაგება გამორიცხული იყო.

- ახლა ფეხბურთი: ვიცი, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალს ტრიბუნიდან უყურეთ. ელოდით, რომ პსჟ "რეალს" ასე დამაჯერებლად აჯობებდა?

- ფინალზე წასვლა ვეღარ მოვახერხე და არც მინანია... რაც შეეხება "რეალთან" მატჩს, საბოლოო ანგარიშმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვა, ხვიჩას თამაშით კი ამაყი ვიყავით ნიუ-ჯერზის "მეტლაიფის" სტადიონზე შეკრებილი შვიდი ათასამდე ქართველი! ხუთჯვრიანი დროშები იყო ყველგან, საითაც გაიხედავდი, კვარამ ყველა გააერთიანა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიული მოვლენაა არა მხოლოდ ჩვენს ფეხბურთში, მთლიანად ქართულ სპორტში. სამაგალითოა საქმისადმი მიდგომით, პროფესიონალიზმით, ადამიანობით, თავმდაბლობით, ქრისტიანობით... ნიჭიერი ფეხბურთელები სულ გვყავდა. თუნდაც, ქინქლაძე - მე რომ მკითხოთ, გიო მესისაც კი სჯობდა ნიჭით, მაგრამ... დისციპლინის ნაკლებობამ ბევრს შეუშალა ხელი, კვარა კი ნათელი მაგალითია ახალგაზრდებისთვის - რამდენი შრომაა საჭირო, დიდ წარმატებას რომ მიაღწიო, სტაბილურად იყო ვარსკვლავი. ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველი ფეხბურთელების მენტალიტეტი შეცვალა და ეს ნაკრებსაც დაეტყო - აღარავინ აძლევს თავს უფლებას, ბოლომდე არ დაიხარჯოს, ყველა ცდილობს არ ჩამორჩეს კვარას... სამი წელი ვცხოვრობდი იტალიაში, 200 სპექტაკლში მიმღერია და ნეაპოლელი მეგობრებისგან კარგად ვიცი, დღემდე როგორ უყვართ ხვიჩა. "ნაპოლის" ტიფოზი მარადონას გვერდით რომ დაგაყენებს, ყველაფერია ნათქვამი!

- არადა, თითქოს ნაწყენები იყვნენ, ხვიჩამ "ნაპოლი" შუა გზაში მიატოვაო...

- ჩემი მეგობრები არ მიეკუთვნებიან უმადურ იტალიელთა რიცხვს. პირიქით - მეუბნებიან, რომ

კვარაცხელიას გვარი სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაიწერა ნეაპოლის ისტორიაში: ვიცით, როგორ სიტუაციაშიც იყო ხვიჩა, იმ მიზერული ანაზღაურებით კიდევ დიდხანს შევინარჩუნეთო... დე ლაურენტისზე მართლა გაბრაზებული არიან, კვარა კი ძალიან უყვართ. ნეაპოლელთა 90% არასდროს დაივიწყებს, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ მათთვის გააკეთა.

მარადონას შემდეგ პირველი ჩემპიონობა მოაპოვებინა გუნდს და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. სხვათა შორის, "რეალის" დამარცხების შემდეგ პსჟ-ს ფეხბურთელებს თაიმზ-სქვერზე გაუსეირნიათ, ფოტოებიც გადაუღიათ გულშემატკივრებთან. გული დამწყდა - ყოველ საღამოს იქ ვარ და მაინცდამაინც იმ დღეს არ გავედი­-მეთქი. ნიუ-იორკის ქუჩებში ნებისმიერი მასშტაბის ვარსკვლავის ნახვა შეიძლება­ - ჩემმა მეგობრებმა ასე "გამოიჭირეს" რობერტო ბაჯო, რონალდო და სხვ. იტალია დღემდე ორად, ბაჯოს და დელ პიეროს მოყვარულებად არის გაყოფილი, ჩემთვის კი რობი ყველა დროის საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელია!

- თქვენი ინტერვიუდან მახსოვს - იტალიის საოპერო აკადემიის დირექტორმა ჩვენს პედაგოგს მადლობის სათქმელად დაურეკა, აბულაძეებმა გამოცდა ზეიმად გადაგვიქციესო... ამაზეც ხვიჩა გამახსენდა - ბიჭი, რომელმაც ფეხბურთი მართლაც "ზეიმად გვიქცია"!

- დიახ, როცა მე და ჩემი ძმა უჩა იტალიაში, ოზიმოს საოპერო ხელოვნების აკადემიაში ჩასაბარებელ გამოცდაზე გავედით, აკადემიის დირექტორმა მართლაც დაურეკა ლეგენდარულ ნოდარ ანდღულაძეს და მადლობა ამ სიტყვებით უთხრა...

რაც შეეხება ხვიჩას და მის ეფექტს, დარწმუნებული ვარ, მისი ფანტასტიკური თამაში, ბიჭების პროგრესი, ევროპის ჩემპიონატის ისტორიული საგზური შედეგს რამდენიმე წელიწადში მოიტანს.

- "ნაპოლიმდე" და პსჟ-მდე, რომელ კლუბს ქომაგობდით?

- წლების განმავლობაში კალაძის, შევჩენკოს, მათი მაგარი თანაგუნდელების თავგადაკლული გულშემატკივარი ვიყავი. ყველაზე მეტად შევჩენკო მიყვარდა, სანამ... შემთხვევით ლონდონში არ შევხვდი.

- "ჩელსის" მაისურში აღარ მოგეწონათ, თუ...­

- თუნდაც "ქუინზ პარკ რეინჯერსის" ფორმა სცმოდა, ოღონდ ასე არ მოქცეულიყო... ლონდონის ფესტივალზე "პიკის ქალში"­ ვმღეროდი, ჩემს საყვარელ ჩოგბურთელს, როჯერ ფედერერს კი "უიმბლდონის" ნახევარფინალში უნდა ეთამაშა­ და რადგან 5000 გირვანქად ღირებულ ბილეთს ვერ ვიყიდდი, მეგობრების რჩევით მთავარი კორტის წინ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში წავედი. იქვე დიდი მონიტორებია ხოლმე დამონტაჟებული - თამაშს ტელეეკრანზე უყურებ, ხმა კი კორტიდან ისმის და 50 გირვანქის საფასურად, ფაქტობრივად, იმავეს ხედავ და განიცდი, რასაც ტრიბუნებზე მყოფი მაყურებლები... როჯერის მატჩის დაწყებამდე მეორე ნახევარფინალში ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა. ნოვაკი "მილანის" ცნობილი ფანია და მის თამაშს "როსონერის" ბევრი ქომაგი და ყოფილი მოთამაშე დაესწრო და შევჩენკოც იქვე არ ყოფილა?! ევგენი კაფელნიკოვის გვერდით რომ დავინახე, მთელმა ბავშვობამ თვალწინ გამირბინა...

თუ დამიჯერებთ,­ "მილანის" თამაშების დღეს დილის 06:00 საათზე ვდგებოდი, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ნანგრევებთან სანთელს ვანთებდი და საღამოს, შევა რომ გოლს გაიტანდა, მჯეროდა, ჩემი ლოცვით შევეწიე-მეთქი... აი, ასე ძალიან მიყვარდა ანდრეი შევჩენკო.

- ამის სათქმელად მაინც არ მიხვედით?!

- ნეტავ არ მივსულიყავი... შევა, შენი დიდი გულშემატკივარი ვარ, ერთი ფოტო გადავიღოთ-მეთქი, კი მოვასწარი, მაგრამ... ისე ამიარა გვერდი - არა, არა, მანქანა გველოდება, დაგვაჯარიმებენო, და გაიქცა. ცნობილ ვიდეოში რომ ამბობს ის მძღოლი, ჩოვუარე ქორივითო, უკრაინელმა თავდამსხმელმაც ზუსტად ისე ჩამიქროლა. შევჩენკოს "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ "მილანი", ფაქტობრივად, დაიშალა და უკრაინელთან შეხვედრის შემდეგ, მით უმეტეს აღარ მიყურებია "შავ-წითლების" თამაშებისთვის... აღარც მყოლია გამორჩეულად საყვარელი კლუბი. ბოლო წლებში კვარას გუნდებს "დავყვები" და სულ ესაა.

- იოსებ ნონეშვილის დიდებულ ლექსში­ "ჰიმნი ქუთაისს" (რომლის ტექსტზე რევაზ ლაღიძის შექმნილი უკვდავი სიმღერა თქვენც არაერთხელ გიმღერიათ) არის ფრაზა: "ადვილია­ შენი ნახვა, დავიწყება არის ძნელი". რომელ ფეხბურთელზე შეგიძლიათ ამის თქმა?

- რონალდინიოზე! "კიჭა" შთამბეჭდავი­, ეფექტიანი თამაშის დიდოსტატი იყო. გასაგებია მესი და სხვები (თუმცა მარადონაზე წინ მესისაც ვერ დავაყენებ), მაგრამ ერთხელ თუ ნახავდი რონალდინიოს, მის თამაშს ვერასდროს დაივიწყებდი! ქართველებიდან? არასდროს დამავიწყდება ასათიანის თამაში დანიის ნაკრების წინააღმდეგ - საუკეთესო ფორმაში მყოფი ზიდანივით იყო... მალხაზი ელეგანტურობის, ინტელექტის განსახიერება იყო ჩემთვის, უნიჭიერესი ფეხბურთელი...

საერთოდაც, რუსეთის ჩემპიონატში ვერც ერთმა ქართველმა ვერ აიწყო ისეთი კარიერა, რასაც იმსახურებდა. ერთადერთი გამონაკლისი კვარაა, რომელსაც პანდემიის დროს გამოცემული კანონი დაეხმარა რუსეთიდან თავის დაღწევაში, თორემ შესაძლოა დღემდე არ გამოეშვათ.

- აშშ-ში ცხოვრობთ და რამდენჯერმე დაესწარით შერეული ორთაბრძოლების შეხვედრებს ქართველი ჩემპიონების მონაწილეობით. ჯერ მერაბ დვალიშვილზე ვთქვათ:

- მერაბი ყველა ემიგრანტისთვის სამაგალითოა, შრომისმოყვარეობის და დისციპლინის ეტალონი. იგივე გზა გაიარა, რასაც თითქმის ყველა ემიგრანტი გადის, მაგრამ ყოველდღიური რუტინის ფონზე ახერხებდა ვარჯიშის მოტივაციის შენარჩუნებას, თავისი ოცნებისკენ სვლას... მშენებლობაზე მუშაობის პერიოდიც კი სპორტული კარიერის გასაუმჯობესებლად გამოიყენა, საბოლოოდ, მთელ დივიზიონს "გადაუარა" და ჩემპიონის ქამარიც დიდი ხნით დაისაკუთრა. მეტსახელს ("მანქანა") სრულად ამართლებს, მართლაც საოცარი "კარდიო" აქვს. სტატისტიკას თუ ნახავთ, ყველაზე ბევრჯერ დოპინგზე სწორედ მერაბ დვალიშვილი ჰყავთ გადამოწმებული - ვერ იჯერებენ, რომ ადამიანს შეუძლია აკრძალული პრეპარატების გარეშეც იყოს მსგავს ფიზიკურ კონდიციაში. რაც მთავარია, მერაბი მუდმივად პროგრესირებს. ოქტაგონს მიღმაც ძალიან პოზიტიური და თავმდაბალია.

- "ელ მატადორი" - ილია თოფურია...

- ილია უნიკალური მებრძოლია. უკვე ბევრი ამბობს, რომ თუ ის მახაჩევსაც დაამარცხებს, UFC-ს (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი იქნება. თოფურია საოცრად ეფექტიანად ჩხუბობს, ერთმანეთის მიყოლებით ანოკაუტებს ისეთ მეტოქეებს, ვინც კარიერის განმავლობაში ნოკდაუნშიც კი არ ყოფილა და ასე სწრაფად ამიტომაც შეაყვარა თავი ყველას. ჩვენ "მატადორს" მივეჩვიეთ, თორემ ილიას ტყუილად კი არ დაურქმევია La Leyenda ("ლეგენდა") - მართლაც ჩამოყალიბდა ლეგენდარულ მებრძოლად. მისი ძმა, ალექსანდრე თოფურია, არანაკლებ (თუ მეტად არა) ძლიერი, განსხვავებული სტილის მებრძოლია და იმედია, ისიც მალე გაგვახარებს.

- ისევე როგორც ძმები აბულაძეები! უჩაც აშშ-ში ხომ არ არის?

- არა, ამჟამად საფრანგეთშია. ისე კი უმეტეს დროს საქართველოში ატარებს.­ დიდი ხანია უჩა არ მინახავს და ძალიან მენატრება. თოფურიები თუ ერთად ვარჯიშობდნენ, ჩვენ ერთად ვმღეროდით! ბურთსაც ერთად ვთამაშობდით... ძმა ჩემზე­ ორი წლით უფროსია, მაგრამ ერთად ვსწავლობდით კონსერვატორიაშიც, იტალიაშიც. იმედია, მალე მოგვარდება საბუთების პრობლემები და შევძლებ ოჯახის მონატრებული წევრების ნახვას. მანამდე კი, როცა მეგობრები მსტუმრობენ, უჩას ვურეკავ და "მიმინოს" მთავარი გმირის მსგავსად დუეტს ტელეფონში ვმღერით ხოლმე...

- ძიუდოისტებს ხშირად ვეკითხები ხოლმე ქართული ჭიდაობის ილეთების სარგებელზე...­ მიმაჩნია, რომ ის ფურორიც, რაც ხვიჩამ პირველივე წელს მოახდინა იტალიაში, დიდწილად ქართული გენის, ხასიათის, ჩვენი ფეხბურთის წინა თაობების თამაშის გამოხატულებაა...­ თქვენს შემთხვევაშიც უნდა ვცადო მსგავსი კავშირის პოვნა: ბარიტონი ძალიან მოუხდა ქართულ სიმღერას, მაგრამ პირიქითაც არის? "ფიგაროს", "რიგოლეტოს", ტონიოსა თუ ტორეადორის არიების შესრულებისას გეხმარებათ ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ის დიდი და უნიკალური ტრადიცია, რაც ქართველებს გვაქვს?

- სასიამოვნოდ მოულოდნელი კითხვაა... ბევრჯერ მიფიქრია ამაზე და მიმაჩნია, რომ თუ რამე განმასხვავებს ევროპელი თუ ამერიკელი მომღერლებისგან, სწორედ ჩემი ფესვებია, ის "მიქსი", რის შენარჩუნებასაც ვცდილობ... კონსერვატორიაში სწავლისას ბევრს უთქვამს, ქართული სიმღერები არ იმღერო, ხმას გაგიფუჭებსო! თუმცა ქართული სიმღერა ისე ძალიან მიყვარს, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია... ეს ისეთი უნიკალური და ძვირფასი საგანძურია, ვისაც ეს ნიჭი აქვს, ყველამ უნდა იმღეროს. ისე, საქართველოში­ უჭირთ ხოლმე განსხვავებულის მიღება. უნიკალურ მომღერალს, "საქართველოს ხმად" აღიარებულ ჰამლეტ გონაშვილსაც კი აკრიტიკებდნენ, ზოგიერთი ლოტბარი ქართული სიმღერის მტრადაც კი მიიჩნევდა. ჰამლეტმა უნიკალური ხმით, თავისებური ტექნიკით დაიწყო ქართული სიმღერების შესრულება, მანამდე მასავით არავის უმღერია და სწორედ ეს "დაუწუნეს". ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა ინდივიდუალიზმი არც კვარას დავუშალოთ და არც სხვებს.

- დღეს კვარა უნივერსალური, გუნდისთვის უაღრესად სასარგებლო მოთამაშეა, მაგრამ დაცვისთვის დახმარების პარალელურად, ხომ არ კარგავს იმ თვისებებს, რითაც მილიონობით გულშემატკივარს შეაყვარა თავი?

- არა. იტალიურმა ფეხბურთმა სწორედ ეს მისცა ხვიჩას. დღეს თუ მთელი მოედანი არ "დაფარე", თუ დაცვას არ მიეხმარე, მწვრთნელების უმეტესობამ შესაძლოა შანსიც კი არ მოგცეს. კვარა დაცვაში ძალიან სასარგებლოა, შეტევაში საოცრებებს­ სჩადის! ერთადერთი, რაშიც მომატებას ვუსურვებდი, არის "თავხედობა", შეტევის ბოლო ფაზის თავზე აღება! გუნდისთვის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია, მაგრამ ვიღაც მაინც წამოაძახებს, სეზონში­ მხოლოდ 12 ბურთი გაიტანაო. იმას კი არ იტყვიან, 30-ის გატანა რომ შეეძლო, მაგრამ ეგოისტურად არ მოიქცა, თანაგუნდელს მისცა საგოლე პასი...

- რამდენიმე საყვარელი სპორტსმენი ახსენეთ... ყველაზე დიდი სიამოვნებით ვისთან ერთად იმღერებდით?

- ზიდანთან - საოცრად ტექნიკური და ელეგანტური ფეხბურთელი იყო! სიამოვნებით ვიმღერებდი "ფენომენ" რონალდოსთან ერთადაც - მისი წონის კაცი გამაოგნებლად სწრაფად და ტექნიკურად თამაშობდა, ღვთისგან ნაბოძები ნიჭი ჰქონდა... მაგრამ ყველაზე დიდი ემოციით კვარასთან ერთად ვიმღერებდი "მრავალჟამიერს"! ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან მიყვარს.

- ვიცი, რომ ფოტოგრაფიითაც ხართ გატაცებული...

- დიახ, ჩემი ფოტოაპარატი ახლაც თან მაქვს. თანამედროვე სმარტფონებით უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი, თუმცა ფოტოაპარატით გადაღებულს მაინც არ შევადარებ. საქართველოში ფირიანი კამერით ვიღებდი, ხშირად­ დავდიოდი მთაშიც. საკმაოდ კარგი არქივი დამიგროვდა. იცით, რაზე მწყდება გული? ჩემი საყვარელი ბებიას სიცოცხლეში რომ არ მქონდა ფოტოკამერა... ციალა ბებოს მაკიაჟი არასდროს გაუკეთებია, მაგრამ 87 წლის ასაკშიც სახის საოცარი ნაკვთები ჰქონდა, ულამაზესი იყო. სწორედ მისმა მონატრებამ მომცა იდეა, გადამეღო ჩემს სოფელ სიმონეთში მცხოვრები ასაკოვანი ადამიანების პორტრეტები. ყველაზე უფროსი, ნინა ბებო, 97 წლის იყო. ფოტოები გადავუღე, თან ძველი ამბები გავახსენებინე. ისე უხაროდათ, ისეთი ბედნიერები და ლამაზები იყვნენ, ის სამი დღე დაუვიწყარია ჩემთვის. ფოტოებს ბუნებრივ შუქზე ვიღებდი, მაგრამ საოცარი პორტრეტები გამოვიდა. ვისაც კი ვაჩვენე, ყველა ჩემი უცხოელი მეგობარი აღფრთოვანებული დარჩა. ეს ფოტოები ჯერ არ გამომიმზეურებია, მინდა კონცერტი გავმართო და პარალელურად ჩემი ფოტოების და ნახატების გამოფენაც.

- რომელ ქვეყანაშია ყველაზე განსაკუთრებული მაყურებელი?

- იტალიაში! სახიფათოც კი არის მათ წინაშე ცუდად გამოსვლა... ბუსეტოში, ვერდის მშობლიურ ქალაქში, ცხრაჯერ მაქვს ნამღერი "ტრავიატა" და თვითონ ვნახე - მოვალეობის მოხდის მიზნით ნამღერის გამო, ერთ ცნობილ მომღერალს საშინელი ობსტრუქცია მოუწყვეს. ნამდვილი ფანატიკოსები არიან, სიმღერისადმი ზერელე, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას არავის აპატიებენ, მაგრამ თუ გულწრფელი ხარ (სიმღერაში მთავარი სწორედ გულწრფელობაა!) და ბოლომდე იხარჯები, საოცარი სიყვარული იციან, ისეთი, როგორც ხვიჩა შეიყვარეს ნეაპოლში... იტალიელები ძალიან ემოციურები არიან, უყვართ და ესმით (ეს ოპერასაც ეხება და ფეხბურთსაც!) კიდეც. იტალიაში ორასამდე სპექტაკლი მაქვს ნამღერი და ვამაყობ, რომ ყველა ჯერზე მაყურებლისგან უდიდეს სითბოს ვგრძნობდი.

- მშობლიურ ქუთაისზე მეტად რომელიმე ქალაქი ხომ არ შეიყვარეთ?

- იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ქალაქი ძალიან შეიცვალა, ჩემი ბავშვობის ქუთაისი ყველაზე დიდი სიყვარული, სილამაზე და მონატრებაა! რიონის ხმაური­ რამ უნდა დამავიწყოს? აღდგომას გელათში ფეხით ავდიოდით ხოლმე - სამეგობროში მე ჩამოვაყალიბე ეს ტრადიცია - გავდიოდით იმ ძველ გზას, დავით აღმაშენებელი რომ იყენებდა ხოლმე, და უკანაც ფეხით ვბრუნდებოდით. ჩემს ძმაკაც გოგა სვანიძესთან ერთად ფეხით ზამთარშიც ავსულვარ გელათში. რა დამავიწყებს იმ საოცარ სიჩუმეს, მოწამეთაში ბზის სურნელს. იმ წლებს ვეღარაფერი გაამეორებს... ქუთაისზე გამახსენდა - ბავშვობის ძმაკაცთან ვიყავი დანაძლევებული, რომ შევჩენკოს აუცილებლად შევხვდებოდი. და ნაძლევი რაზე იყო, იცით? - ბიკენტიას ქაბაბზე! ხვდებით, როგორ მიყვარდა შევჩენკო? მისმა უხეშმა პასუხმა კი ქაბაბის გარეშეც დამტოვა!

- თქვენი საყვარელი საოპერო პარტია და საყვარელი ქართული სიმღერა...

- ძალიან მინდოდა "რიგოლეტოს" პარტიის შესრულება და ოცნება 33 წლის ასაკში, იტალიაში ავისრულე ლეგენდარულ დირიჟორ დონატო რენცეტისთან ერთად. რაღაცნაირი, ემოციური, ტკივილიანი როლია, მგონია, რომ ამის გამო განსაკუთრებულად ვმღერი ამ პარტიას და მჯერა, რომ აქაც, "მეტროპოლიტენ-ოპერაშიც" დიდი წარმატებით შევასრულებ... რაც შეეხება ქართულ სიმღერას, ძალიან მიყვარს "დაიგვიანეს", თუმცა დიდხანს ვერ ვბედავდი ამ სიმღერის ჩაწერას. პანდემიის დროს, როცა საქართველოში დავბრუნდი და დისკის ჩაწერა გადავწყვიტე, რჩევისთვის ბატონ ანზორ ერქომაიშვილს მივმართე. ევროპის უდიდეს სცენებზე მიმღერია, მაგრამ როცა ანსამბლ "რუსთავის" რეპეტიციაზე მივედი და დავიწყე სიმღერა, მუხლები ამიკანკალდა... მოეწონა ჩემეული ვერსია, შემაქო და ანსამბლის წევრებიც გამომაყოლა "ბრავო რეკორდსში"... ყველას ჰგონია, რომ "დაიგვიანეს" ხალხური სიმღერაა, სინამდვილეში კი ნიკო სულხანიშვილის ოპერიდან (აკაკი წერეთლის პოემა "პატარა კახის" მიხედვით) არის და ბატონმა ანზორმა "რუსთავის" რეპერტუარში ჰამლეტ გონაშვილისთვის გადმოიტანა.

- სცენაზე მყოფი არტისტი რით ჰგავს ფეხბურთელს, რომელიც ასევე მაყურებლისთვის თამაშობს (თუმცა გაცილებით დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ!)?

- ფეხბურთის მსგავსად, საოპერო სპექტაკლის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდურობა, სცენაზე მყოფი პარტნიორების პატივისცემა, მათი ტექსტების ცოდნა.­ ოპერის მომღერალი მსახიობიც არის და პარტნიორების მოძრაობის­ სქემის ცოდნაც გვჭირდება. ბედის მადლობელი ვარ, რომ 26 წლის ასაკში მქონდა პატივი მემუშავა ფრანკო ძეფირელისთან ერთად. უდიდესი რეჟისორის დადგმულ "ჯამბაზებში" ტონიოს როლს ვასრულებდი და ლეგენდარულ მაესტროსთან მუშაობის ორი კვირა დაუვიწყარია ჩემთვის.

რა მასწავლეს იტალიელებმა? Devi essere il leone sul palco - სცენის ლომი უნდა იყო! უნდა გამოირჩეოდე. ისე, როგორც ჩვენი კვარა! თუ გამორჩეული არტისტი არა ხარ, არ ბრწყინავ, სცენა "შეგჭამს", დაიკარგები. ფეხბურთშიც ხომ ასეა - იმხელა კონკურენციაა, გამორჩეული თუ არა ხარ, ლიდერის თვისებები თუ არა გაქვს, არავის აინტერესებ. სოლისტი თუ ხარ, "სცენის ლომიც" უნდა იყო!