„ნარკობარიგების უბანში მოვხვდი, ქალმა მანიშნა, ყელს გამოგჭრიან, აქ რა გინდაო?“ - რა აუხდენელი ოცნება აქვს გოგა ჩანადირს?! - კვირის პალიტრა

„ნარკობარიგების უბანში მოვხვდი, ქალმა მანიშნა, ყელს გამოგჭრიან, აქ რა გინდაო?“ - რა აუხდენელი ოცნება აქვს გოგა ჩანადირს?!

"ყველა მოგზაურობა თავგადასავალია", - ამბობს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და 130-ზე მეტი ქვეყნიდან გამოყოლილ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

- განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში მოგზაურობა მიყვარს, სადაც შესაძლებელია ადგილობრივები ტურისტებისგან გამოა­რჩიო, სადაც მეტად არის შენარჩუნებული­ ავთე­ნტური გარემო. ასეთია აფრ­ი­­კული და აღმოსავლეთის ქვეყნები. ევროპა­ სამოგზაუროდ ძალ­იან კარგია, მაგრამ იქ მათი ყოფა უკვე ნაკლებად შთამბეჭდავია, ეს მხოლოდ არქიტექტურაშია შემორჩენილი და დღესასწაულებზე.­ როგორც ფოტოგრაფს, უფრო მიყვარს ის ქვეყნები, სადაც პატივისცემა იგრძნობა­ საკუთარი ტრადიციებისა და ისტორიის მიმართ... 130-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ჩემი საყვარელი ქვეყანა ვიეტნამია და ზუსტად ამ ყოფით, გარემოთია საინტერესო და მიმზიდველი. ჰალონგის ყურე არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი არა მხოლოდ ვიეტნამში, არამედ დედამიწაზე...

შთაბეჭდილებებს, განწყობას, ემოციებს­ ადამიანები ქმნიან. რატომ მოსწონთ უცხო­ელებს ჩვენი სამშობლო? მეგო­ბრული გარე­მო, სტუმარმასპინძლობა ხიბლავთ!

1-1-1753641743.jpg

- ყველაზე დიდი კულტურული შოკი რომელ ქვეყანაში მიიღეთ?

- 2013 წელს იტალიაში, ქალაქ ბარისთან ახლოს პატარა ქალაქი ალბერობერო ვნახე, მას შემდეგ ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე, მაგრამ ასეთი ემოცია აღარ მქონია. ძალიან შთამბეჭდავია მისი თვითმყოფადობა, წრიული ფორმის სახლებით, კონუსისებრი გადახურვით... მუდმივ მოგზაურობას ერთი "თვისება" აქვს, შთაბეჭდილებები იცრიცება, აღტაცება მცირდება.

ძალიან ხშირად დავდივარ ტაო-კლარჯეთში, გამორჩეულად მიყვარს ჩვენი მემკვიდრეობა. როდესაც ამ ძეგლების მოსანახულებლად ისეთ ადამიანებთან ერთად­ ჩავდივარ, რომლებიც პირველად არიან, შურისმაგვარი ემოციით ვუყურებ, ვიცი, რამდენად დიდი შთაბეჭდილება, ენერგია­ ეუფლებათ. ერთ დროს მეც ასეთი განცდებით ვიყავი მოცული. დღეს ყოველი­ მიახლებისას სხვა თვალით ვუყურებ, ვაკვირდები, სადმე რამე ხომ არ დაზიანდა? პირველი ნახვისას რა შთაბეჭდილებაც­ მქონდა, არასდროს დამავიწყდება.

4-2-1753641743.jpg

- გოგა, მარტო მოგზაურობა გირჩევნიათ თუ ჯგუფთან ერთად?

- როდესაც მარტო მიდიხარ, შენს თავზე­ ხარ დამოკიდებული, შეგიძლია დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები. ჯგუფთან ერთად მოგზაურობას დადებითი­ ის აქვს, რომ უცხო ადამიანებს გაცნობს, გაახლოებს. როგორც წესი, მოგზაურობაში კარგი ადამიანები დადიან. ამ ფორმით მოგზაურობა შედარებით იაფიც არის, მაგრამ მინუსი ის აქვს, რომ შეიძლება კონკრეტულ­ ადგილზე, ჯგუფისგან განსხვავებით, დარჩენა­ დიდხანს მოგინდეს, ამის შესაძლებლობა კი არ გეძლევა. ბოლო დროს ჯგუფებს მეგზურადაც კი დავყვები და ეს ურთიერთობები მაბედნიერებს. ხშირად ძეგლებსა და არქიტექტურაზე მეტად მნიშვნელოვანი ურთიერთობებია.

- აფრიკის კონტინენტზე გატარებული დღეები რით დაგამახსოვრდათ?

- აფრიკაში 7-ჯერ ჩავედი. ბერბერების­ ტომი ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოვრობს, მაკონდის - ზიმბაბვესა და მოზამბიკში, მასაის ტომები - ტანზანიაში. ეს ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ჩაცმუ­ლობით, მაგრამ მაღალი ტემპერატურის გამო შავი ფერის სამოსს მთელ აფრიკაში­ არსად არ იცვამენ. ბერბერების ტომში სახეზე ყველას სვირინგIი აქვს. შეიძლება ითქვას, ამ სვირინგით ერთმანეთს ცნობენ, მათი "პასპორტია". მაგალითად, უდაბნოში გარდაცვლილ ადამიანს თუ იპოვიან, სვირინგით მიხვდებიან, ბერბერების რომელ ჯგუფს განეკუთვნება. სვირინგები ერთმანეთისგან ზომით და ფორმით განსხვავდება... მასაის ტომი ხელნაკეთი სამკაულებით­ გამოირჩევა.­ საოცარ მძივებს ქმნიან...

- მოგზაურობისას სერიოზული საფრთხე დაგმუქრებიათ?

- საფრთხე ძირითადად სტიქიურ უბედურებებს უკავშირდებოდა. კუნძულ იამაიკაზე ვიყავი, როდესაც ქარიშხალი "გუსტავი" მძვინვარებდა, საშინელი შეგრძნება იყო, სახლების სახურავები ჰაერში დაფრინავდა. სასტუმროში წყალი შემოვარდა, მოჰქონდა ხის ტოტები... აბაზანაში ჩავიკეტე, მერე გამოვედი და ვცდილობდი, ნომერი წყლით არ ავსებულიყო. ეს ამბავი 15 წლის წინ იყო. ბევრი სტიქია მაქვს გადაღებული, მათ შორის, შრილანკას ცუნამიც.

ერთხელ პანამაში ნარკობარონების უბანში მოვხვდი, მაგრამ ჩემი მოხერხებულობის წყალობით გადავრჩი.

5-1753641743.jpg

- იმ უბანში რა გინდოდათ?

- გადაღება დავიწყე, ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე, ფოტოგრაფი სულ საინტერესო კადრებს ეძებს. მეც გავყევი, გავყევი ამ კადრებს და ნარკობარიგების უბანში აღმოვჩნდი. ქალმა მანიშნა, დროზე გადი, ყელს გამოგჭრიან, აქ რა გინდაო? იქიდან საბოლოოდ პოლიციამ გამომიყვანა. გაგიჟდნენ, აქ როგორ მოხვდი, ჩვენც არ შემოვდივართო.

- როდესაც მარტო მოგზაურობთ, წინასწარ გეგმავთ რა მოინახულოთ, თუ გადაწყვეტილებებს სპონტანურად იღებთ?

- ახლა უკვე აღარ ვგეგმავ, ვცდილობ მოგზაურობა მოულოდნელობებით გავამ­რა­ვა­ლფეროვნო. არიან მოგზაურები,­ ყველა­ დეტალი გაწერილი რომ აქვთ, ისიც კი, სად ისადილონ. ეს შეიძლება კარგიც იყოს - გეზოგება დრო, ნერვები, ფულიც, მაგრამ მე მოულოდნელი აღმოჩენები, მძაფრი ემოციები მირჩევნია.

- სამოზაურო ჩანთაში ფოტოაპარატის გარდა, კიდევ რა გაქვთ ყოველთვის?

- წყალი, წიგნი, დამტენი, საბუთები.მადლობა ღმერთს, წამლები არ მჭირდება, თუმცა ალერგიისა და რაღაც წამლები მაინც საჭიროა. ტრანსპორტში წიგნის კითხვა ძალიან მიყვარს, ამიტომ ერთი წიგნი მაინც მიმაქვს.

- რომელი ქვეყნის კულინარიას ანიჭებთ­ უპირატესობას?

- ქართული სამზარეულო ნამდვილად გამორჩეული და მდიდარია, კიდევ ბევრი ადამიანი სათანადოდ არ იცნობს... ტაილანდი, ჩინეთი, მექსიკა, იტალია, ვიეტნამი - კარგი სამზარეულო ბევრ ქვეყანას აქვს.

- ქვეყანა, სადაც დაბრუნების სურვილი სულ გაქვთ...

- შეუძლებელია ერთ ჩასვლაზე ქვეყანაში ყველაფრის მონახულება მოასწრო, ამიტომ ერთის დასახელება გამიჭირდება, ყველგან დაბრუნების სურვილი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაინც ვემხრობი აზრს, რომ ხელახლა დაბრუნებას, სჯობს ახალი ქვეყანა მოინახულო...

ნახევარი მსოფლიო ვნახე, ნახევარი სანახავი მაქვს. დღემდე აუხდენელი ოცნებასა­ვით მაქვს ანტარქტიდაზე მოგზაურობა, სამხრეთ აფრიკაში კეთილი იმედის კონცხის ნახვა, სადაც ორი ოკეანე (ატლანტისა და ინდოეთის) ერთდება, მინდა ვნახო კანადა, ძალიან მინდოდა ავსტრალიაში მოგზაურობა და ამ სურვილს მალე ავისრულებ.

თამუნა კვინიკაძე