"ჯერჯერობით თბილისის მერობა ვერ გავბედე..." - რატომ მიიჩნევს გიორგი ყიფშიძე, რომ მსოფლიო შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი
"არ მინდა, დამოკიდებული ვიყო რამეზე ან ვინმეზე. მსურს, ჩემს შვილებს სწორი მაგალითი მივცე", - ამბობს მსახიობი გიორგი ყიფშიძე.
- დაბადების თარიღი...
- 1977 წლის 22 ნოემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ხან მეხანძრეობა მინდოდა, ხან ტანკისტობა. ინტერესი იმ პროფესიის მიმართ, რომელსაც დღეს ვემსახურები, მოგვიანებით, შეგნებულ ასაკში გამიჩნდა. სარეჟისოროზე ჩავაბარე, სამსახიობოზე შემდეგ გადავედი. პროფესიული არჩევანის გამო სინანული არასდროს მქონია, ზუსტად იქ ვარ, სადაც გულით მსურს ყოფნა.
- ჩემზე ამბობენ...
- კარგსაც და ცუდსაც, რომელი გითხრათ? მამაჩემი მეუბნებოდა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით იქცევიო. როცა პროფესიაში მაფასებს, მისი ფრაზა - "არ შემრცხვა" - ჩემთვის საუკეთესო შეფასებაა. გულწრფელი ადამიანი ვარ, მაგრამ ამ თვისების გამო ცხვირიც ბევრჯერ წამიტეხია. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ადამიანების ნაწილისთვის ჩემი გულწრფელობა სასიამოვნოა, ნაწილისთვის მტკივნეული.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ძალიან კარგი შვილები მყავს. წლების წინ ვერ ვიფიქრებდი ამდენი შვილი თუ მეყოლებოდა. როგორი მამა ვიქნებოდი, ამ მიმართულებითაც არ მიფიქრია.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- სიჯიუტე. ეს ხან მეხმარება, ხან დათვურ სამსახურს მიწევს.

- ვჯიუტდები, როცა...
- ვგრძნობ, რომ უსამართლოდ იქცევიან, მექცევიან.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- გავხდე უკეთესი.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- რომ მინდა, უკეთესი გავხდე.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- არ მინდა, დამოკიდებული ვიყო რამეზე ან ვინმეზე. მსურს, ჩემს შვილებს სწორი მაგალითი მივცე.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ყველაფერი. სხვის შეცდომებზე არასდროს არაფერი მისწავლია. ყველა ტკივილი თავად გავიარე. ერთ დღეს მივხვდი, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, მეორედ იგივე ტკივილი აღარ უნდა განმეცადა. ამ შინაგანი ომიდან სხვაგვარი ადამიანი გამოვედი, ახლა გაცილებით ძლიერი ვარ, ვიდრე 5 წლის წინ ვიყავი და იმედი მაქვს, 5 წლის შემდეგაც ასე ვიტყვი, როცა დღევანდელთან შედარებას გავაკეთებ. საკუთარი თავისგან ეს მოლოდინი მაქვს.
- პატიება შემიძლია, თუ...
- განზრახ არ მიღალატებენ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ჩემს მომავალზე ნაკლებად ვფიქრობ, არ მინდა, აწმყო დავკარგო, ვცდილობ, აწმყო იმდენად კარგი მქონდეს, როცა წარსულად იქცევა, კარგად გავიხსენო.
- ჩემი რეალობა...
- სავსეა ოპტიმიზმით და გეგმებით. თავიდან ბოლომდე შვილების აღზრდაზე ვარ ორიენტირებული. მას შემდეგ, რაც ტრანსფორმაცია განვიცადე, ჩემს გარშემო ყველაფერი შეიცვალა, გადაფასდა.
- კრიზისულ პერიოდში მაძლიერებს...
- ჩემივე გადაწყვეტილებები, ჩემს თავთან გამარჯვება უდიდესი მოტივაციაა.
- ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევა...
- საკუთარი თავის იქამდე გაცნობაა, როგორსაც ახლა ვიცნობ.
- საკუთარი თავის შეცნობის პროცესი როგორი იყო?
- ცოტათი რთული, მაგრამ მრავალფეროვნებით სავსე. ხანდახან მეგონა, იმ წერტილამდე ვერც მივაღწევდი, რაც ჩემი მიზანი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, განვლილი გზით კმაყოფილი ვარ.
- ვიბნევი...
- როცა ქათინაურს მეუბნებიან, მაგრამ როცა კარგად თამაშისთვის კომპლიმენტს მეტყვიან, ისე მიხარია, თითქოს ხელფასი გადამიხადეს.
- ვნანობ...
- უფრო ჭკვიანი რატომ არ ვიყავი.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ისეთივე ჯანმრთელი, როგორც 22 წლის ვიყავი.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- სისასტიკეს. ამ დროს ჩემში რაღაც დუღდება და ვფეთქდები. ყველა ადამიანს აქვს მომენტი, მერე ჭკუა რომ არ მოეკითხება. თუმცა საკუთარ თავზე კონტროლს წლების წინ უფრო ადვილად ვკარგავდი, დღეს ნაკლებად...
- სიყვარული ეს...
- ბევრი ტკივილის მომნიჭებელი სასიამოვნო გრძნობაა. სიყვარულში ტკივილი და სიამოვნება ერთდროულადაა.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- იმ გოგოს ხაზის ტელეფონზე ვურეკავდი და ხმას ვერ ვიღებდი...
- მაკვირვებს...
- XXI საუკუნეში ვცხოვრობთ და ისევ შუა საუკუნეებში ვართ ჩარჩენილი, ნახეთ რა ხდება მსოფლიოში, როგორ შეიძლება ადამიანები ასე დახოცო, კიდევ ომებია, ესაა ცივილიზაცია და განვითარება?
- მაბრაზებს...
- რომ იცრიცება ისეთი ძვირფასი და მნიშვნელოვანი, რასაც ოჯახი ჰქვია. დედის და შვილების, მამის და შვილების ურთიერთობები როგორ შეიძლება გაუფერულდეს?! მაცოფებს ეს ამბავი! ეს თუ გაქრება, არაფერს აზრი აღარ ექნება.
- ვრისკავ...
- ზომიერად. გააჩნია სასწორის მეორე მხარეს რა დევს. სახლს ბანკში არასდროს ჩავდებ, მაგრამ პატარა რისკების გარეშე ცხოვრება არ არსებობს. პროფესიულ რისკებზეც მიწევს წასვლა.
- როლზე უარი...
- არასდროს მითქვამს, გარდა ერთი შემთხვევისა - რეჟისორმა ვერ დამარწმუნა, რომ ესმოდა, რას აკეთებდა.
- ცნობილია, რომ სერიალ "ცხელი ძაღლი" გადაღებები იგეგმება, ახლა რა ეტაპია?
- ერთ ვიდეოში წამომცდა, რომ "ცხელი ძაღლის" გადაღება გრძელდებოდა და სოციალური ქსელი აფეთქდა. აგვისტოს ბოლოს გადაღებებს მართლაც ვიწყებთ, მთავარი როლები გადანაწილებულია, არიან ახალი პერსონაჟებიც და ძალიან საინტერესო სცენარია. 8 სერია წაკითხული მაქვს და მაყურებელს საინტერესო ამბები ელოდება. ეს არის ამბავი 20 წლის შემდეგ, მაგრამ 8 სერიის შემდეგაც გაგრძელდება გადაღება, რადგან აქ ამბავი არ მთავრდება.
- ბოლოს ვიტირე...
- ღალატის გამო. როდესაც ადამიანზე დადებ ფსონს და ის გიღალატებს, ამაზე მტკივნეული არაფერია. იძულებული ხარ, რეალობას თვალი გაუსწორო და ხვდები, შენი ცხოვრებაც ისეთივე სასტიკია, როგორიც დანარჩენი ადამიანების.
- მეშინია...
- უეცარი სიკვდილის. მაგალითად, გზაზე გადადიხარ, ჩქარობ, შვილს მაწონი უნდა მიუტანო და მანქანა დაგარტყამს.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- გაბრაზებისას ნუ ყვირი და ნუ იგინებიო.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ასეთი რა არის?.. რაც მინდოდა, ყველაფერი გავბედე. ჯერჯერობით ქალაქის მერობა ვერ გავბედე. ყველაზე კარგი საქმეა, როცა ხალხთან ურთიერთობის და მსახურების სურვილი გაქვს. ერთ ვიდეოში ვიხუმრე, თბილისის მერი უნდა გავხდე-მეთქი და გადამიარეს, გადამთელეს.
- ვუფრთხილდები...
- მეგობრობას, ეს ურთიერთობა ძალიან მაგარი რამ არის.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ჯიბეში ფულის შენახვა. როგორც ამბობენ, შავი დღისთვის გადადებას ვერ ვახერხებ. "დღეს" უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე "ხვალ"...
- თავისუფლება არის...
- როცა იცი, მართალი ხარ, სამყარო უკვე გაიცანი, იცი შენს კონკრეტულ საქციელს ვიბრაცია ექნება, შედეგი მოჰყვება. თავისუფლებაა, როცა პასუხისმგებელი ხარ შენს ყველა ქმედებაზე, ამ დროს თამამ ნაბიჯებსაც დგამ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ძალიან ბევრ ადამიანს ისეთ მაგარ საჩუქრებს გავუკეთებდი, არასდროს არ დაავიწყდებოდათ და ეს იქნებოდა ჩემი თავისთვის გაკეთებული უდიდესი საჩუქარი - იმ ადამიანების სიხარულით გახარება. ამ ემოციას ვიჩუქებდი.
- მენატრება...
- ბებია. დედაჩემის დედის, ჰერას გაზრდილი ვარ. ბებიასთან როცა ხარ, უზრუნველი დღეები გაქვს, დანაყრებული ხარ, სითბოში ხარ, პრობლემა არ გაქვს, ბებია შენი ფარია.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ვიხსენებ, რომ ამის შემდეგ აუცილებლად დადგება კარგი პერიოდი. სიბნელის შემდეგ ყოველთვის თენდება და ჩემთან რომ თენდება, სადღაც ღამდება. ცხოვრება ნათელი და ბნელი დღეების მონაცვლეობაა.
- მსახიობის პროფესიის მთავარი ხიბლია...
- თავად გჯეროდეს შენი შეგრძნებების, ამას ხალხიც დაინახავს და იგრძნობს. სცენაზე მაყურებელს საკუთარი გულის ფეთქვას ყოველგვარი შენიღბვის გარეშე აჩვენებ, მათგან მიღებული ოვაციები ყველაზე დიდი ემოციით მავსებს. ჩემი პროფესიის მთავარი მწვერვალი იცი, რა არის? გულწრფელობა. გულწრფელი მსახიობი ყოველთვის მეტად ფასობს, კარგად ჩანს, იმ ყალბ გარემოშიც კი ნამდვილია.
- და ბოლოს გეტყვით...
- დიდი მადლობა თქვენ, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხეთ.
თამუნა კვინიკაძე