„საქართველო წამალია მარტოსული იაპონელებისთვის“
კარგა ხანია იაპონიაში მოგზაურობას ვგეგმავ, მაგრამ ხელისშემშლელი მიზეზები არ დამელია. მათ შორის, ჩემი ძაღლებიც ოთხფეხა იაპონელები არიან. იაპონური აკიტა ინუ, სახელად აკიშო ისე დამიბერდა, დიდი ხნით ვერ ვტოვებ. სწორედ აკიშოს და მისი ნაშიერის, საის სანახავად საქართველოში მყოფი იაპონელი იუთუბერები შინ მეწვივნენ. კაზუია ნარუშიმა ქართველების სიძეა. ცოლად მშვენიერი და ჭკვიანი ნანა ტყემალაძე ჰყავს, რომელიც ახლა ქმრის გვარზეა და საქართველოში იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ეწევა, იაპონიაში კი საქართველოს და ქართველ ხალხს აყვარებს იაპონელებს.
კარის გაღებისთანავე იაპონური მისალმების ფორმა "ოჯიგი" დავიცავი. კაზუიამ, რომელ ქვეყანაშიც ვარ, იქაურ ქუდს ვიხურავო და მშვიდობა ქართულად მისურვა. შემდეგ იატაკზე გართხმული დიდხანს ეფერებოდა სამყაროში ერთგულების სიმბოლოდ აღიარებული ჯიშის ძაღლებს. მიუხედავად იმისა, რომ აკიტა იაპონელების ეროვნული სიამაყეა, ტოკიოსა და სხვა დიდ ქალაქებში მათ თითქმის ვერ ნახავთ. იაპონიაში ძაღლების უფლებებს ისე იცავენ, თუ მათი პატრონობის მსურველი საცხოვრებელი პირობებითა და ცხოვრების წესით სპეციალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ძაღლი ვერ იყოლიებს, ან პატარა ზომის ჯიშებზე მოუწევს არჩევანის გაკეთება.
კაზუიას ორი მიზეზის გამო არ ჰყავს ძაღლი - მკვლევარი ბიოლოგი, პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად მოგზაურობს, ამასთან ცხოველის ბეწვზე ალერგია აქვს. თუმცა, როდესაც ძაღლებთან ურთიერთობა სურს, ალერგია ვერ აკავებს. მითხრა, ამჯერადაც ყველა საჭირო პრეპარატი მივიღე, რათა ბოლომდე დავტკბეო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები იაპონელების უმრავლესობა შეყვარებულია ძაღლებზე და მიუსაფარი ცხოველების პრობლემებზე ზრუნავენ. იმის გამო, რომ საქართველოშიც ბევრს შრომობენ და შინ თითქმის არ არიან, ვერ ბედავენ მათ აყვანას. შიშობენ, ასე ცხოველს დაკეტილ სივრცეში ტყვეობით დავთრგუნავთო. ამიტომაც ჩანთით მუდმივად დააქვთ საჭმელი მიუსაფარი ოთხფეხებისთვის.
სანამ კაზუია თანამემამულე ძაღლებით ერთობოდა, ნანა სუფრას აწყობდა და იაპონიას, იქაურ ტრადიციებს მაცნობდა:
ნანა: - იაპონელები სუფრაზე ხელს არაფერს ახლებენ, სანამ ყოველივეს, რაც საკვებად ეძლევათ, მადლობას არ გადაუხდიან. მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი რამ, რასაც მივირთმევთ, გვეწირება, რათა ვიცოცხლოთ, გადავრჩეთ, ვიარსებოთ. ისეთი რიტუალია, შეუძლებელია არ დაგაფიქროს, თუ სამყარო გწირავს საკვებს, სხვადასხვა არსების სიცოცხლეს, უფლება არ გაქვს მავნებლურად იცხოვრო.
მადლიერების უნარი, რომელიც იაპონელებს არამხოლოდ სუფრასთან ახასიათებთ, განაპირობებს მათი ცხოვრების წესს, მიზანს, რაც შეიძლება მეტად განვითარდნენ, მეტი სარგებელი მოიტანონ. ამიტომაც აქვთ უკიდურესი პასუხისმგებლობა, რის გამოც, პირდაპირი მნიშვნელობით, შეიძლება გადაიწვან კიდეც მუშაობით. იაპონურად ამას გადაღლით სიკვდილი, კაროში ჰქვია.
წლების წინ, როდესაც უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე, სწავლა მაინც ვერ შევძელი. მაშინ ოჯახს ეკონომიკურად ძალიან უჭირდა. მარტოხელა დედა და უმცროსი დები ვერაფერს გახდებოდნენ, თუ მე სწავლაზე ორიენტირებული ვიქნებოდი. ამიტომ გადავწყვიტე 24 საათი მემუშავა და დებისთვის მომავალი შემექმნა. უმცროსი, ტერი ძალიან განიცდიდა ამას და ეკონომიკური პრობლემებისგან თავის დასაღწევად იაპონური ენის სწავლა გადაწყვიტა. დამოუკიდებლად, "იუთუბის" ვიდეოგაკვეთილებით ისწავლა ენა. მაშინ გაიცნო მომავალი მეუღლე, იაპონელი რიოტა, რომელიც ექიმია და საქართველოში კოვიდპანდემიის გამო ჩარჩა. რიოტა ტერის იაპონურის შესწავლაში შეეშველა და ერთმანეთიც შეუყვარდათ... ჩემმა სიძემ მნიშვნელოვნად განაპირობა მისი ხალხის მიმართ ჩემი ინტერესი. იმდენად კეთილშობილია, მყისიერად მიგახვედრებს რა კულტურის მატარებელი შეიძლება იყოს ერი და ოჯახი, საიდანაც მოდის.
კაზუია: 33 წლის ვარ, პროფესიით ბიოლოგი, სუშის შეფი, იუთუბ-მარკეტოლოგი, დაივინგის სპეციალისტი და კიდევ ბევრი ჰობი მაქვს. მინდა, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღო ცხოვრებაში. ამ ძიების პროცესში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ჩემი სპეციალობით შემეძლო ლექციები წამეკითხა. მალევე ჩამოვედი. მასპინძლობას მიწევდა კომპანია, რომელშიც ჩემი მომავალი მეუღლე მუშაობდა.
ნანო საოცარი გოგოა, მგონია, რომ ყველა ქართველი გოგო ასეთია, ძლიერი, მარტივად არ დაგეთანხმოს ყველაფერზე, ბოლომდე იბრძოლოს საკუთარი ინტერესების დასაცავად. ამ თვისებების გამო მიმაჩნია, რომ ქართველი გოგო უფრო ძლიერია, ვიდრე იაპონელი ბიჭი.
ნანოს გამოჩენის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ყველაზე მთავარი - ოჯახთან დამოკიდებულება. ქართული ოჯახები ძალიან თბილია. მოიკითხავენ ერთმანეთს, რეკავენ დასთან, ძმასთან, მშობლებთან. თქვენი გავლენით, მეც უფრო ხშირად ვუკავშირდები ძმას და ძმისშვილს. განა ჩვენ არ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ იქ სრულწლოვანი რომ გახდები და ოჯახიდან გადიხარ, მხოლოდ მაშინ გიკავშირდებიან, ვინმეს ქორწილი თუ აქვს, ან ნათესავი გარდაიცვლება. ასეთი მიდგომაც კი არსებობს, არ მიკავშირდებიან? - ე.ი. ყველაფერი კარგად არის!
ნანა: - იაპონიაში ყველა საქმეშია ჩართული, ტყუილად მყოფს ვერავის ნახავთ. ამიტომაც ვეებერთელა ტოკიოში საოცარი წესრიგი და სიმშვიდეა, სამსახურის შემდეგ დაღლილებს ხშირი მოკითხვების უნარიც აღარ აქვთ. იაპონელები ძალიან ტრადიციული ხალხია. უამრავი ახალგაზრდა დადის ტაძრებში, ეროვნულ ფესტივალებზე, რომელიც ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს და წარმოაჩენენ ეროვნულ კულტურას. განსაკუთრებით თვალშისაცემია უფროსების მიმართ პატივისცემა. ეს გაუხუნარი ტრადიციაა.
- როგორც ჩანს, შენც მიეჩვიე იაპონურ სიმშვიდეს და იქ ცხოვრებაც არ გაგიჭირდება.
- ნახევარი წელი იაპონიაში ვართ, ნახევარიც საქართველოში, თუმცა, სულ იქ რომ ვიყო, ძალიან მომენატრება ქართული ხმაური, მეზობლობა, მოკითხვები. იაპონელებიც ყურადღებიანი ხალხია, როდესაც ოჯახში უცხო ეროვნების სიძე ან რძალი შედის, წარმოუდგენელ სითბოს უზიარებენ, მაგრამ ქართული მოკითხვა მაინც სულ სხვაა.
კაზუია: - მე რომ სულ საქართველოში ვიცხოვრო, ნამდვილად არ გამიჭირდება. აქ ძალიან მომწონს. სამი წელია აქ ვარ და თითქოს ყველაფერი ჩემია უკვე. საქართველოში ჩამოსულ იაპონელებს ვურჩევ, რომ ნახონ ქართული ოჯახები, მათი გულითადი მასპინძლობა, სადაც კაშკაშებს ქართული სული და გული. ასევე ვურჩევ, ნახონ ქართული ტაძრები. მიუხედავად იმისა, რომ აქაურობით და ქართველი ხალხით მოხიბლული ვარ, რომ შემეძლოს, ქართველებს დავუმატებდი იაპონური ურთიერთობის უნარს. ჩვენ ერთმანეთს ვუსმენთ, თქვენ - არა. საუბრის დროს ერთმანეთის აზრის გაგება გიჭირთ. ყველა ცდილობთ დაამტკიცოთ, რომ მხოლოდ თქვენს აზრს აქვს არსებობის უფლება.
- იაპონელებს ბევრი რამ გაქვთ, როგორც სავიზიტო ბარათი, მათ შორის, საკურა. ამ მცენარის ყვავილობის სანახავადაც იაპონიაში უამრავი სტუმარი ჩადის. რა შეიძლება იყოს საქართველოში საკურასავით განსაკუთრებული?
- ქართული რთველი, ვაზთან ურთიერთობა საოცრებაა. ეს მისტიკური პროცესია. თუ გინდა ქართველის ხასიათი ნახო, იგრძნო მისი ისტორია, რთველში უნდა მიხვიდე. ჩემი ნება რომ იყოს, ქართულ რთველს იუნესკოს არამატერიალურ ძეგლად ვაქცევდი. საოცრებაა ქართული სამზარეულოც. ქართული გემოები მსოფლიომ უნდა გაიცნოს. ქვეყნის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, უამრავი კულტურა გაქვთ გაზიარებული და ეს ქართულ კერძებშიც ჩანს. ამასთან, ყველაფერი სრულიად ორიგინალური, განსაკუთრებულია. თითოეულ რეგიონსაც კი კერძის მომზადების პროცესი განსხვავებული აქვს, მეტიც, სუფრაც კი სხვადასხვანიარია. ისევე როგორც მრავალჟამიერს, სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანიარად მღერიან. ძალიან მდიდარი ხალხი ხართ.
ნანა: - იაპონიაში მომსახურების სფეროში თან გყვებიან, გიღიმიან, თავს გევლებიან, თუმცა, იაპონელები და მათ შორის კაზუია მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი ყალბია. ჩემი ქმარი აღფრთოვანებულია უხასიათო კონსულტანტებით, რომლებიც არ მალავენ ცუდ ხასიათზე ან რაღაცით უკმაყოფილო რომ არიან. ის ამბობს, მიხარია, როდესაც ადამიანს ვხვდები, რომელიც არ აკონტროლებს ემოციებს, არ იგუბებს და ამით არ კვდება, ქართველები ყველგან თავის თავს გამოხატავენ დაუფარავად და შეულამაზებლადო და ეს ძალიან მოსწონს.
კაზუია: - ძალიან მიყვარს ქართველების უშუალობა. აქ უცებ შეგიძლია გაიჩინო მეგობარი, გულითადად დაგელაპარაკოს ტაქსის მძღოლი, გაცნობისთანავე შინ მიგიპატიჟოს და თან გადაგყვეს. ეს იაპონიისთვის უცხოა. თქვენ უცებ იხსნებით, ჩვენ დრო გვჭირდება. ამიტომაც ჩვენთან სტრესი უფრო ღრმად ჯდება ცნობიერებაში. ჩვენი ხალხის დეპრესიულობა გამოწვეულია უზომო პასუხისმგებლობით, ყოველდღიურად ძალიან დიდი ინფორმაციის მიღებით, მარტოსულობით. მე ვიცი გამოსავალი - ყველა უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. საქართველო იაპონელებისთვის წამალია.
პ.ს. "კვირის პალიტრა" სხვა იაპონელებსაც გაგაცნობთ, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ორი კულტურის საერთო და განსხვავებული თვისებების გაერთიანებით საინტერესო სიახლეებს ქმნიან. მეტიც, ზოგიერთი მათგანი საქართველოში ისე ჩამოდის, თითქოს ახალი სიცოცხლის დასაწყებად წამალი უნდა მიიღოს და განახლებული ენერგიით დაუბრუნდეს მშობლიურ იაპონიას.