რა ინფორმაცია დაბლოკა ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრმა?
დედათა სიკვდილიანობა საქართველოში
პირველი კლინიკური საავადმყოფოს სამშობიარო ბლოკში 26 წლის ნინო მარტოიანი გარდაიცვალა. მისმა მკურნალმა ექიმმა თვითმკვლელობა სცადა. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ კლინიკაში სანიტარიული ნორმების დარღვევის ფაქტები აღმოაჩინა. გარდაცვლილის ოჯახი ექიმის მკაცრად დასჯას მოითხოვს...
მშობიარის სიკვდილის მიზეზი ექიმის შეცდომა გახდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ 39 წლის ნესტან შანიძის გარდაცვალება ფარულმა სისხლდენამ გამოიწვია. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, სამშობიარო სახლ "იმედში" ნესტან შანიძეს ექიმებმა მშობიარობის შემდეგ თრომბოემბოლიის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობა დაიწყეს, რამაც პაციენტის მდგომარეობა უფრო დაამძიმა. გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, დაგეგმილი იყო საკეისრო კვეთა, მაგრამ ექიმმა გადაწყვიტა, ქალს დამოუკიდებლად ემშობიარა. გარდაცვლილის ახლობლები მკურნალ ექიმთან, ზაზა მირუაშვილთან ერთად სხვა მედპერსონალის დასჯასაც ითხოვდნენ...
ხონის საავადმყოფოში საკეისრო კვეთისას 27 წლის ქალი გარდაიცვალა. მიზეზი მოუწესრიგებელი სადაზღვევო სისტემა გახდა. მას "აი სი ჯგუფის" დაზღვევა ჰქონდა. იმის გამო, რომ სამტრედიის საავადმყოფოში "აი სი ჯგუფის" დაზღვევა არ მოქმედებს, მშობიარე ქუთაისში წაიყვანეს. ქუთაისიდან კი, გაურკვეველი მიზეზით, ხონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ კი ანესთეზიოლოგი არ ჰყოლიათ და მისი ჩამოყვანა მარტვილიდან გადაწყვიტეს. სანამ მარტვილიდან ანესთეზიოლოგი ხონში ჩავიდა, ქალი გარდაიცვალა...
თელავის სამშობიარო სახლში 22 წლის ხათირა უქონავა გარდაიცვალა; დედოფლისწყაროს სამშობიარო სახლში " 29 თალიკო ქამაშიძე; რუსთავის სამშობიარო სახლში " 33 წლის ირმა კიკილაშვილი...
მშობიარე თბილისში 30 ივლისსაც გარდაიცვალა. 30 წლის ესმირა აბდულაევა საკეისრო კვეთის შემდგომ დაიღუპა. როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, საკეისრო კვეთა კლინიკის ხელმძღვანელმა რევაზ გაგუამ გაუკეთა. მელოგინე ოპერაციიდან მესამე დღეს სახლში გაწერეს. რამდენიმე დღეში კი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას მაღალი ტემპერატურა და ჭრილობის არეში ტკივილი დაეწყო. ახლობლებმა ის კლინიკაში დააბრუნეს, სადაც მედიკოსებმა პაციენტი და მისი ოჯახის წევრები დაამშვიდეს: არაფერია, გამაყუჩებლები დაალევინეთო. პაციენტის მდგომარეობა მეორე დღეს უკიდურესად დამძიმდა. ქალი ამავე კლინიკაში საოპერაციო ბლოკში გარდაიცვალა. ექიმების ვარაუდით, მას ანაერობული ინფექცია განუვითარდა...
სამწუხაროდ, ასეთი ტრაგიკული შემთხვევები საკმაოდ ხშირია და ჩვენ მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ფაქტები გავიხსენეთ.
ნინო წულეისკირი, ასოციაცია "ჰერა XXI-ის" ხელმძღვანელი: "ყველა სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება "ათასწლეულის გამოწვევის" ფარგლებში, რომ 2015 წლისთვის დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2/3-ით შემცირდეს. მათ შორის საქართველოსაც აქვს ეს ვალდებულება. დედათა სიკვდილიანობის შემთხვევების უმეტესობა განვითარებად ქვეყნებზე მოდის. სამწუხაროდ, ამ ნუსხაში ჩვენც შევდივართ. ბოლო მონაცემებით, 100 ათას ახალშობილზე საქართველოში დაახლოებით 13 დედა იღუპება, რაც განვითარებული ქვეყნების მონაცემებთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევებით, საქართველო იმ 47 ქვეყანას შორისაა, სადაც ჯერ კიდევ მაღალი სიკვდილიანობაა.
ამას ძირითადად ორსულობის, მშობიარობის, ლოგინობის ხანაში ქალის არასაკმარისი და არაადეკვატური მოვლა განაპირობებს. მოსახლეობაში ჯერ კიდევ ძალიან დაბალია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა".
საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ, რის გამოც ქალი ხშირად პროფილაქტიკურ გასინჯვას ვერ იტარებს. მიზეზთა შორის ორსულთა არასრულფასოვანი გამოკვლევაც არის, მაგალითად, სხვადასხვა ინფექციაზე. არადა, ინფექცია სიკვდილიანობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. დედათა სიკვდილიანობის კიდევ ერთი მიზეზია მართვითი სუნთქვის აპარატების დეფიციტი. ექიმების თქმით, თბილისში კატასტროფული ვითარებაა. დაწესებულებების აღჭურვილობა, სისუფთავე, ჰიგიენა და სტერილიზაცია " ამ მოთხოვნებს ხშირად თბილისსა თუ რეგიონებში არსებული კლინიკები ვერ აკმაყოფილებს.
დედათა გარდაცვალების არსებულ სტატისტიკას ექსპერტები არ ენდობიან და აცხადებენ, რომ რეალობა გაცილებით მძიმეა, რადგან სიკვდილიანობის შესახებ ოფიციალური მონაცემები საქართველოში ყოველთვის ფალსიფიცირებული იყო.
ნინო იამანაძე, თბილისი #3 სამშობიარო სახლის ექიმი მეან-გინეკოლოგი: "არსებულ საჩივრებში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა საჩივრები ექიმ-გინეკოლოგებზე. სიკვდილის ძირითადი მიზეზი ორი ვერაგი პათოლოგიაა: მშობიარობის შემდგომი სისხლდენა და ორსულთა და მშობიარეთა პრედეკლამპსია. პოპულარულ ენაზე რომ ავხსნა, ეს არის მხოლოდ ორსულობის დროს გამოვლენილი პათოლოგია და მისი ხელშემწყობი თავად ნაყოფია, რომელიც აზიანებს ქალის ორგანიზმში თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანოს. გარდა ამისა, მოსალოდნელია თავის ტვინში სისხლჩაქცევა, რის საფუძველზეც შესაძლოა, ლეტალური შედეგი თუ არა, ინვალიდობა განვითარდეს. ეს ურთულესი დაავადებაა და იკურნება მხოლოდ ორსულობის შეწყვეტისას, განსაზღვრული დროის შემდეგ. ორსულობის დროსაც შეიძლება მედიკამენტოზური მკურნალობა და პროცესის შეჩერება.
დედათა გარდაცვალების სუბიექტურ მიზეზებს შორის შეიძლება დასახელდეს სისხლდენის შეჩერების პრობლემა, რაც ძირითადად რეგიონებს ეხება. ბევრგან ოპერატორი ქირურგი არ ჰყავთ. მშობიარე ქალის ჯანმრთელობა დამოკიდებულია წუთებზე, წამებზე. ამიტომ დროულად უნდა დაისვას დიაგნოზი და სასწრაფოდ დასრულდეს ოპერაციით.
ამ ორი პათოლოგიის შემდეგ, სიკვდილიანობის სიხშირეთა რაოდენობით სეფსისი დგას. ის შეიძლება განვითარდეს როგორც საკეისრო კვეთის, ასევე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგაც".
ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეს სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს. ეს უწყება მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებზე და გარდაცვლილი ან დაზარალებული პაციენტის ახლობლების განაცხადის საფუძველზე რეაგირებს. ლიცენზიის ჩამორთმევა ექიმისთვის თუ სამედიცინო დაწესებულებისთვის ვერაფერი ნუგეშია დაღუპულის ახლობლებისთვის. ამიტომაც უფრო მართებული იქნებოდა ექიმების კვალიფიკაციის შემოწმება, კლინიკების მონიტორინგი და დარღვევების გამოვლენა.
ამ თემაზე მუშაობისას დავინტერესდით, რამდენი განაცხადი შევიდა შარშან და წლეულს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში მელოგინეთა, მშობიარეთა გარდაცვალების ფაქტზე და რა გადაწყვეტილება მიიღო გია თვალავაძის უწყებამ კონკრეტულ საქმეებზე? კითხვები წერილობით გავუგზავნეთ ჯანდაცვის სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რეგულირების სააგენტომ ყველა ჩვენს კითხვაზე პასუხი წერილობით დაუყოვნებლივ დაუბრუნა სამინისტროს პრესსამსახურს, ამ უკანასკნელმა ინფორმაცია აღარ მოგვაწოდა. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში პრესსამსახურის ხელმძღვანელი სოფო გვალია არც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობდა, არც ელექტრონული ფოსტითა და შMშ-ით გაგზავნილ წერილებს. ამიტომაც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სააგენტოს ინფორმაცია ადასტურებდა იმ პრობლემის სიმწვავეს, რაზეც ზემოთ ვწერდით.
თორნიკე ბიძინაშვილი, "ექიმთა კავშირის" პრეზიდენტი: "თუ ჯანდაცვა პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, უნდა იზრუნოს, რომ მეტი თანხა გამოყოს ბიუჯეტიდან. ქვეყანაში, რომელსაც მწვავე დემოგრაფიული პრობლემები აქვს, მშობიარობა და მასთან დაკავშირებული მანიპულაციები უფასო უნდა იყოს. ამის შემდეგ პაციენტი, მელოგინე დროზე ნაადრევად აღარ გაწერება სამშობიაროდან და სრულ გამოჯანმრთელებამდე მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. ვიღაც იტყვის, რომ შობადობამ ბოლო წლებში იმატაო, მაგრამ ასევე მოიმატა სიკვდილიანობამ და შესაბამისად, ბალანსი ისევ უარყოფითია. დიდი ყურადღება უნდა ეთმობოდეს სანიტარიული ნორმების დაცვას. ახალი კლინიკები კი შენდება, მაგრამ უნდა არსებობდეს სპეციალური სტანდარტი, რომელსაც ყველა სამედიცინო დაწესებულება გაითვალისწინებს. მაგალითად, დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკაში ფანჯრების განლაგებას, სადაც მზის სხივი უნდა აღწევდეს, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის გავრცელების შემთხვევები. საავადმყოფოში ჰაერი უნდა იფილტრებოდეს როგორც შემწოვ, ისე გამწოვ აპარატებში, რომლებიც მუდმივ ვენტილაციას შექმნიან, რათა არ მოხდეს პოსტოპერაციული გართულებები, რეციდივი. ორი სხვადასხვა პროფილის ექიმი ერთ ოთახში არ უნდა იყოს შეყრილი, რაც ხშირია ახალაშენებულ კლინიკებში. მაგალითად, ენდოკრინოლოგი და ნევროლოგი ერთ კაბინეტში სხედან, ერთის პაციენტი იხდის, მეორე ექიმთან კონსულტაციას გადის და ა.შ.
ექიმის უფლებებიც ხშირად ირღვევა. ჯანდაცვის სამინისტრომ არ უნდა ამხილოს ექიმი საჯაროდ, მაგრამ ყველა გადაცდომის ფაქტი დეტალურად უნდა გამოიკვლიოს. ექიმის რეპუტაცია ბოლო ათწლეულებში ისედაც დაეცა და ეს კიდევ მეტ ჩრდილს აყენებს მათ საქმიანობას. არ მგონია, დღეს კიდევ დებდნენ ჰიპოკრატეს ფიცს, მაგრამ ექიმმა მაქსიმალურად უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა და ეს არ უნდა იყოს ფულსა და მატერიალურ სარგოზე დამოკიდებული".
(სპეციალურად საიტისთვის)