პუტინს უკრაინელმა დრონებმა მშობლიურ ქალაქში მიაკითხეს - როგორ ჩაუშხამეს კრემლის ბინადარს დიდი ზეიმი - კვირის პალიტრა

პუტინს უკრაინელმა დრონებმა მშობლიურ ქალაქში მიაკითხეს - როგორ ჩაუშხამეს კრემლის ბინადარს დიდი ზეიმი

რუსეთის პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი პუტინი ერთი დღით „ფრონტის ხაზზე“ აღმოჩნდა... თავისდაუნებურად...

27 ივლისს პუტინი მშობლიურ ქალაქში სანკტ პეტერბურგში (ყოფილ ლენინგრადში) ჩავიდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღის აღსანიშნავად, რასაც ის ბოლო წლებში სისტემატურად აკეთებდა, როდესაც ივლისის ბოლო კვირას ამ თარიღის საზეიმოდ აღსანიშნავად სტუმრობდა რუსეთის „კულტურულ დედაქალაქს“.

1-put-1753685930.jpg
უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმის შიშით წელს სანკტ პეტერბურგში რუსული სამხედრო ხომალდების აღლუმი აღარ შედგა და პუტინს საპრეზიდენტო კატარღით მარტოს მოუწია გასეირნება...

შესაბამისად, წინასწარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელების ნომერ პირველი მტერი - პუტინი ამ დღეს სანკტ პეტერბურგს ეწვეოდა, კიევში, რა თქმა უნდა, ჰქონდათ და მათაც არ დაახანეს - უკრაინიდან სანკტ პეტერბურგისკენ, პუტინისთვის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღის „მისალოცად“ ხუთ ათეულზე მეტი კამიკაძე-დრონი აფრინეს...

მოსკოვშიც ხვდებოდნენ, რომ უკრაინელები ყველანაირად შეეცდებოდნენ, რუსეთისთვის ჩაეშხამებინათ სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღის დიდი ზარზეიმით აღნიშვნა, როგორც ეს გასულ წლებში პომპეზურად ხდებოდა - სანკტ პეტერბურგში, მდინარე ნევაზე, ერთ ფარვატერში „ჩაეწყობოდნენ“ სხვადასხვა რანგის სამხედრო ხომალდები - დაწყებული ატომური სარაკეტო კრეისერითა და ატომური წყალქვეშა ნავით და დამთავრებული სარაკეტო კატარღებით, რომლებსაც საპრეზიდენტო კატერი ჩამოუვლიდა და მის ბორტზე მყოფი პრეზიდენტი პუტინი ესალმებოდა და ულოცავდა სამხედრო ხომალდების გემბანებზე მოწყობილ ეკიპაჟებს...

ასევე დაგაინტერესებთ: რა ჩაიფიქრა პუტინმა სომხეთში გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე?

გეოპოლიტიკური "მიწისძვრა" ფრანგულად - მაკრონის სკანდალური გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს

პირველად! უკრაინამ რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან დაარტყა - იქნებიან თუ არა შემდეგი სამიზნეები გუდაუთისა და ცხინვალის ბაზები?!

ექვსი ნახევრად ალყა უკრაინის ფრონტზე - საგანგაშო მდგომარეობა უკრაინის არმიისთვის

ამიტომაც წელს საერთოდ გააუქმეს სამხედრო ხომალდების აღლუმი მდინარე ნევაზე და პუტინმაც ყაზარმის წინ მოკრძალებულად მოწყობილ რუს მეზღვაურებს მიულოცა დღესასწაული... და როგორც აღმოჩნდა, გაუმართლა, რადგან ამ დღეს ლენინგრადის ოლქის თავზე ისეთი ბათქაბუთქი ატეხეს რუსმა მეზენიტეებმა უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევების მოსაგერიებლად, რომ ადგილობრივ მხცოვნებს ლენინგრადის ბლოკადის დღეები გაახსენდათ...

2-put-1753686043.jpg

2022 წლის ივლისში, უკრაინაზე თავდასხმიდან ხუთი თვის თავზე პუტინს ჯერ კიდევ სჯეროდა ამ ომში სწრაფი გამარჯვების და სანკტ პეტერბურგთან ჩამწკრივებული რუსული სამხედრო ხომალდების ეკიპაჟებს რიხიანად ულოცავდა ფლოტის დღეს...

საინტერესოა, რომ სანკტ პეტერბურგის მისადგომებთან უკრაინული კამიკაძე-დრონების მასობრივი საჰაერო შეტევის მოგერიებაში მონაწილეობა მიიღო რუსულმა ფრეგატმა „ადმირალმა გრიგორევიჩმაც“, რომელიც წესით... რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ეკუთვნის, მაგრამ სირიის ტარტუსის პორტიდან გამოძევების შემდეგ, ის თურქეთმა, მონტროს კონვენციის თანახმად, ბოსფორის სრუტით აღარ შეუშვა შავ ზღვაში და ოცთვიანი საბრძოლო დავალების შემდეგ, მისი ეკიპაჟი იძულებული გახდა, შორეულ სანკტ პეტერბურგში მოეძია ნავსაყუდელი.

გუშინდელი ოპერაციით უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა არა მარტო სერიოზულად ჩაუშხამეს ზეიმი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს (რითაც კიევი შეეცადა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა -რუსეთის ტერიტორიაზე სად წავა პუტინი, ყველგან მივწვდებითო), არამედ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ მასობრივი საჰაერო შეტევების მიტანა უკრაინის საზღვრებიდან 900 კმ-ზე (სწორედ ეს მანძილია უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან რუსეთის სანკტ პეტერბურგამდე) და უფრო შორ მანძილზეც, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში...

ეს კი ბევრ რამეს ცვლის, მართალია, არა უშუალოდ ფრონტის ხაზზე, არამედ - მთლიანად, რუსეთ-უკრაინის ომში, რადგან ეს გახანგრძლივებული ომი ბრუნდება აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე და ეხება რუსეთის მოქლაქეების უფრო და უფრო მეტ ნაწილს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც იწონებდნენ თავიანთი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მეზობელ უკრაინაზე თავდასხმის თაობაზე...

3-put-1753686009.jpg
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატ „ადმირალ გრიგორევიჩს“ გაუმართლა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს ის ხმელთაშუა ზღვაში დაცურავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინული საზღვაო კამიკაძე-დრონების ლუკმა გახდებოდა...

იგივე გუშინდელი საჰაერო შეტევების გამო, მთლიანად პარალიზებული იყო სანკტ პეტერბურგის აეროპორტები, რის გამოც ათობით ავიარეისი გადაიდოდა და ათასობით რუსი მგზავრის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა...

უფრო მეტიც - „კოვიორის“ გეგმის ამოქმედების თანახმად, დაიკეტა სანკტ პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტიც, რის გამოც მოსკოვიდან იქ გაფრენა დაუგვიანდათ თვით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელებსაც კი, მათ შორის - პუტინის პრესმდივანს პესკოვსაც...

ეს კი იმას მეტყველებს, რომ უკრაინული კამიკაძე-დრონების სისტემატური და მასობრივი საჰაერო შეტევების ორგანიზების შემთხვევაში (როგორც ამას რუსეთი ყოველღამ აკეთებს, უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ), შესაძლებელი გახდება საჰაერო მიმოსვლის დიდწილად პარალიზება რუსეთის ევროპული ნაწილის თავზე და თუკი ამას დაემატა საჰაერო თავდასხმები რუსეთის სარკინიგზო ქსელზეც, მაშინ რუსეთის მილიონობით მოქალაქის ცხოვრება მნიშვნელოვნად გართულდება (უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევების შიშით, რუსეთის ქალაქებში მასობრივად დაიწყეს მობილური ინტერნეტის გამორთვაც), რაც მათ იმედია, სერიოზულად დააფიქრებთ - რისთვის ომობს მათი პრეზიდენტი პუტინი?