სკანდალური პროგნოზი: პუტინი ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე თავდასხმისთვის ემზადება - ნატოს 5 ნაბიჯი, რომელიც რუსეთის აგრესიას შეაჩერებს - კვირის პალიტრა

სკანდალური პროგნოზი: პუტინი ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე თავდასხმისთვის ემზადება - ნატოს 5 ნაბიჯი, რომელიც რუსეთის აგრესიას შეაჩერებს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „პუტინი მორიგი შეჭრისათვის ემზადება, ნატოს კი ყურადღება გაფანტული აქვს: მხოლოდ ის, რომ სამხედრო ხარჯები იზრდება, კრემლის შესაჩერებლად საკმარისი არ არის“ (ავტორი - რებეკა კოფლერი, სამხედრო სტრატეგიული დაზვერვის ანალიტიკოსი, პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი). პუბლიკაციაში განხილულია და ერთმანეთთანაა შედარებული ნატოსა და რუსეთის სამხედრო სტრატეგიები.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ნატოს ბოლო სამიტზე, ჰააგაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ მიღებული დეკლარაციის თანახმად, ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისათვის თავდაცვის სფეროსათვის მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) 5% დახარჯონ. ეს დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ დასავლეთი მიხვდა - ვლადიმერ პუტინის მოქმედების წინააღმდეგ მიმართულმა შეშფოთება-აღშფოთება-დაგმობამ და დონალდ ტრამპის დიპლომატიური ემისრის, სტივ უიტკოფის ძალისხმევამ, კრემლზე გავლენის მიზნით, შედეგი არ გამოიღო. იმავდროულად ალიანსმა გააცნობიერა, რომ აუცილებელია რუსეთის შეკავება, რაც გენმდივნის, მარკ რიუტეს აზრით, შეიძლება 5 წლის განმავლობაში განხორციელდეს.

ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი ეთანხმება მარკ რიუტეს მოსაზრებას, რომ რუსეთი რამდენიმე წელიწადში მზად იქნება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ შემტევი ოპერაცია წამოიწყოს. თუმცა მე, პირადად, რომელსაც გარკვეული წვლილი მაქვს შეტანილი რუსეთის სტრატეგიის შესწავლაში, მაინცდამაინც დიდად არ ვარ დარწმუნებული, რომ კრემლის მსხვერპლი ნატოს წევრი რომელიმე ქვეყანა იქნება, თუ ის უშუალოდ არ ჩაერევა უკრაინის ამბებში და დონბასის ბრძოლის ველზე თავის საარმიო ქვედანაყოფებს არ გაგზავნის. ამასთან, იმის მიუხედავად, ნატო რას გააკეთებს ან არ გააკეთებს, უახლოეს 5 წელიწადში, შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, ალბათ, მაინც თავს დაესხმება და ეს ქვეყანა, სავარაუდოდ, მოლდოვა იქნება.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ხარჯების გაზრდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თავისთავად არაფერს მოიტანს. ფული და ტექნოლოგიები, რომლებიც ომის წარმოების დასავლური სტილის საფუძველს უზრუნველყოფს, ომს თავიდან ვერ აგვაცილებს და ვერ გაგვამარჯვებინებს. ამას მხოლოდ სტრატეგია აკეთებს, ხოლო წარმატებული სტრატეგია ეფუძნება მოწინააღმდეგის მეთოდების ღრმად გაცნობიერებას და მისი სამხედრო დაგეგმვის ელემენტების შესწავლას.

თავის დროზე, 2013 წლის სექტემბერში, ყირიმში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, რიგმა ანალიტიკოსებმა, მათ შორის მეც, ნატოს წევრებს ვაცნობეთ რუსეთის სტრატეგიული გეგმების შესახებ. სამწუხაროდ, არც ნატოს და არც პენტაგონელ კოლეგებს არანაირი კონტრსტრატეგია არ შეუმუშავებიათ. აქედან გამომდინარე, დასავლეთი ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრას მოუმზადებელი შეხვდა.

რუსეთის გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული სტრატეგია ე.წ. ასიმეტრიული ომის თაობაზე ბევრად არის ნასესხები ბრიტანელი სტრატეგის, ბევილ ლიდელ ჰარტის ნაშრომებისაგან. როგორც ცნობილია, ჰარტი გამოდიოდა მოწინააღმდეგესთან არაპირდაპირი მეთოდებით ბრძოლის სასარგებლოდ და არა - სამხედრო ძალის უხეში გამოყენებისათვის, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის ძლიერი მხარეების გვერდის ავლას და ყურადღების კონცენტრირებას მის სუსტ და მოწყვლად მხარეებზე.

აშკარაა, რომ უკრაინის კონფლიქტი სწორედ ისეთ ეტაპზეა გადაზრდილი, როგორიც რუსეთს არ სურს და მას თავს არიდებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრემლმა ფუნდამენტურად შეცვალა თავისი მიდგომა, როცა უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგობა დაინახა. იმდენად, რამდენადაც ნატოს ქვეყნების არმიები ტექნოლოგიურად რუსეთზე წინ დგანან, მოსკოვი ხვდება, რომ მას სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდება სამომავლო ომი საწყის ეტაპზევე მოუწევს. გარდა ამისა, კრემლი ასევე შეეცდება, რომ არ გაიმეოროს უკრაინაში დაშვებული შეცდომები.

ასევე დაგაინტერესებთ: "სიკვდილი მიწისქვეშეთიდან": რეპორტაჟი ამერიკული საიდუმლო ობიექტიდან, საიდანაც მსოფლიოს განადგურება შეიძლება - რა მოხდება 2026 წლის თებერვალში?!

პუტინის სამი მთავარი გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა დამოუკიდებლობას დაკარგავს და მსოფლიო წესრიგი საბოლოოდ დაემხობა

სკანდალური სტატია: "პუტინის ჯაშუშებმა ბრიტანელი საზოგადოების ყველა ფენაში შეაღწიეს" - როგორ ცდილობს კრემლის ბინადარი ბრიტანეთის შიგნიდან ჩამოშლას

"როგორ იყენებს დონალდ ტრამპი „სიგიჟის თეორიას“ მსოფლიოს შესაცვლელად" - რას წერს BBC?

ამრიგად, რუსული სტრატეგები გეგმავენ, რომ ნატოს ძლიერების განეიტრალება ომის წარმოების ნატოსეული მიდგომების დარღვევით განახორციელონ ანუ დარტყმა მიაყენონ ალიანსის ლოჯისტიკას და კოსმოსურ სისტემებს, რაზედაც დამოკიდებულნი არიან ნატოს ძალები. ამიტომაც ნატოს წევრებისათვის აუცილებელია უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე მხოლოდ ფულის ხარჯვა წარმოადგენს. მათთვის აუცილებელია იმის გაცნობიერება, თუ რას თვლიან რუსები ჩრდილოატლანტიკური ბლოკის მოწყვლად ადგილებად და მიიღონ ის ზომები, რაც კრემლს მათი გამოყენების სტიმულს მოუსპობს. არსებობს 5 მიმართულება, საითაც მოქმედება უნდა გააქტიურდეს.

პირველი - კოსმოსური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

რუსეთს ანტიკოსმოსური იარაღის შთამბეჭდავი არსენალი აქვს, რომელიც მიმართულია აშშ-ისა და მისი მოკავშირეების კოსმოსური თანამგზავრების მწყობრიდან გამოსაყვანად ან მათ გასანადგურებლად. ის მოიცავს GPS-დაბრკოლებების ჩამხშობ სისტემებს, ლაზერებს, ანტითანამგზავრულ რაკეტებს და სხვა საშუალებებს. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის მოხსენების თანახმად, 2025 წლის განმავლობაში რუსეთი აგრძელებს თავისი კოსმოსური ძალების წვრთნებს, ნერგავს ახალ ანტითანამგზავრულ იარაღს და უკვე იყენებს რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებს დასავლური ანალოგიური სისტემების წინააღმდეგ. მოსკოვი, ასევე, აგებს ახალ კოსმოსურ თანამგზავრს, რომელიც ორბიტაზე ბირთვულ იარაღს გაიტანს დასავლეთის თანამგზავრების გლობალურად განადგურების მიზნით.

მეორე - კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა კიბერშეტევებისაგან.

რუსეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი კიბერიარაღის არსენალი აქვს - მოწინავე გამოცდილებითა და რთული დოქტრინით. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის მოხსენება შეიცავს გაფრთხილებებს, რომ რუსეთს არა ერთი წარმატება აქვს მიღწეული, ინფორმაციის „მოტაცებისა“ და შეგროვების სფეროში. მოსკოვს, ასევე, დიდი გამოცდილება აქვს კიბერშეტევებისა და სხვა საომარი ოპერაციების ინტეგრაციაშიც.

მესამე - წესების გამკაცრება წყალქვეშა კაბელების დასაცავად.

რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო ახორციელებს ღრმა წყალქვეშა კვლევების სრულიად საიდუმლო პროგრამას, რომელიც GUGI-ის სახელითაა ცნობილი. სრულიად სავარაუდოა, რომ მოსკოვმა მიღებული გამოცდილება უკვე გამოიყენა პრაქტიკაში, როცა უკრაინის წინააღმდეგ ომის განმავლობაში ბალტიის ზღვაში არსებული წყალქვეშა კაბელები დააზიანა. ანალოგიური მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნეს ენერგეტიკული მილსადენების მიმართაც. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ 2022 წლის ოქტომბერში, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების შემდეგ, სამეფო ფლოტის გემები გაგზავნა ჩრდილოეთის ზღვაში ნორვეგიელი სამხედროების დასახმარებლად - ვაითუ რუსეთმა შური იძიოს და ნორვეგიის გაზსადენი ააფეთქოსო.

მეოთხე - თავდაცვა რუსი ჯაშუშებისაგან.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსები რეგულარულად ნერგავენ მთელ ევროპაში ჯაშუშებს და ადგილობრივი მცხოვრებლების გადაბირებას ეწევიან, მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური საიდუმლოებების მოსაპოვებლად. მოსკოვმა, ასევე, შეძლო აგენტების ჩანერგვა იმ მადესტაბილიზებელი ოპერაციების განსახორციელებლად, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსაყვანადაა მიმართული. ზოგიერთი შეფასებით, ასეთი დივერსიული ოპერაციების რაოდენობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა 2023-2024 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილები უკვე დააკავეს გერმანიაში, პოლონეთში და დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უფრო აქტიური პოზიცია უნდა გამოავლინოს, რათა წინასწარ მოახდინოს რუსების ოპერაციების განეიტრალება ანუ მანამ, ვიდრე ისინი ზიანის მიყენებას მოასწრებენ.

მეხუთე - საერთო საბრძოლო პოტენციალის უპირატესობის უზრუნველყოფა.

ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანით რუსეთი ამჟამად სამ თვეში უფრო მეტ საბრძოლო მასალებს აწარმოებს, ვიდრე ევროპა - მთელი წლის განმავლობაში. ნატოსათვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების, ტანკების, დრონებისა და ჭურვების წარმოების გაფართოება უკიდურესად აუცილებელია, რათა რუსეთს ამგვარი არსენალის დამზადებაში დაეწიოს და გაუსწროს. ნატომ (და ევროკავშირმა) აუცილებლად უნდა შეავსოს თავისი დაცარიელებული საწყობები.

მაგრამ იარაღი თავისით არ ისვრის. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანმა უნდა გაწრთვნას და აღჭურვოს იმდენი საომარი ძალა, რომელიც საკმარისი იქნება ვლადიმერ პუტინის გათვლების ჩასაშლელად. მოსკოვი რეგულარულად ახორციელებს როგორც ღია, ასევე - ფარულ მობილიზაციებს უკრაინასთან სამწლინახევრიანი ომის განმავლობაში - ამ მხრივ საყურადღებოა სახელმწიფო სათათბიროში განსახილველად შეტანილი კანონპროექტი, რომელიც არმიაში გაწვევას მთელი წლის განმავლობაში ითვალისწინებს. თუ მას მიიღებენ და პრეზიდენტი ხელს მოაწერს (და ეს ასეც იქნება!), კანონი ძალაში შევა 2026 წლის პირველი იანვრიდამ.

ევროპაში კი სავალდებულო სამხედრო სამსახური მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია შემოღებული, ზოგიერთები ჯერჯერობით მხოლოდ განიხილავენ, უმრავლესი სახელმწიფოები კი ამაზე არც ფიქრობენ. მაგრამ ისეთ ომში, რომელიც გამოფიტვის პრინციპით იწარმოება, ბევრი რამ არის დამოკიდებული არმიის პირადი შემადგენლობის პერმანენტულ განახლებაზე, რადგან ასეთ დროს გამარჯვების მეტი შანსი არსებობს.

კარგი ახალი ამბავია ის, რომ ნატოს ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი თავისი რიგების შემჭიდროებისა და განმტკიცების დრო, რუსეთის ახალი შეჭრის თავიდან ასაცილებლად. ტრაგიკული იქნებოდა, ალიანმა რომ ზომები ახლავე არ მიიღოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ კოლოსალურ ფასს იხდის უკრაინა რუსეთისაგან თავდასაცავად. ნატო ვალდებულია, ზომები მიიღოს დაღუპული უკრაინელებისა და მათი ოჯახების ხსოვნის სახელით და ისეთი სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია შეიმუშაოს, რომელიც წინ აღუდგება ვლადიმერ პუტინის სცენარს.

წყარო