რა შემთხვევაში არ მოგვიწევს მეფის საძებნელად ესპანეთში სირბილი - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში არ მოგვიწევს მეფის საძებნელად ესპანეთში სირბილი

ბოლო დროს საქართველოში ყველაზე აქტუალური თემა ტურისტების სიმრავლეა... უფროსი თაობის წარმომადგენლები კი ამ შემთხვევაში ხშირად ქართული ტრადიციების დაკარგვის საფრთხეს ხედავენ... ამ და სხვა თემაზე სასაუბროდ ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, სამეფო გვარის წარმომადგენელს - ჯანო ბაგრატიონს ვეწვიეთ...

ჯანო ბაგრატიონი: - საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მონაცემები, ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გამხდარიყო... ადრე ჩვენს ქვეყანას ბევრი ტურისტი სტუმრობდა, როდესაც მოწესრიგებული სასტუმროები და ცხოვრების მაღალი პირობები გვქონდა. ახლა ძალიან მაფიქრებს, როგორ შევძლებთ ტურისტების მოზიდვას ამდენი ძვირად ღირებული სასტუმროებით. აჯობებს, სამ- ან ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების აშენებაზე ვიფიქროთ. დანარჩენი ყველაფერი ხელს გვიწყობს და სადაც უნდა მოეწყოს ტურისტი დასასვენებლად, საქართველოს ყველა კუთხით მოხიბლული დარჩება.

- როგორი ტრადიციების მქონე ოჯახში აღიზარდეთ?

- ჩვენი ოჯახი, რასაკვირველია, ძალიან სტუმართმოყვარე გახლდათ. ეს ტრადიცია ქართველებს აქვთ და ყოველთვის ექნებათ, რაც უნდა გადაბრუნდეს ქვეყანა. რუსეთში ერთ სადარბაზოში, ერთ სართულზე ცხოვრობენ და ერთმანეთს არც კი იცნობენ. ეს მრავალსართულიანმა სახლებმა გამოიწვია, რომელიც თავის დროზე რუსეთში აშენდა. ჩვენთან რამდენი მრავალსართულიანიც უნდა აშენდეს, "მეზობლობის ინსტიტუტს" საფრთხე არ ემუქრება. ისე, სადაც კი შესაძლებელია, აუცილებლად თბილისური ეზო უნდა შევინარჩუნოთ.

- ცნობილი თამადა ბრძანდებით... რამდენად მოგწონთ დღევანდელი ქართული სუფრა?

- თამადობა შემიძლია, მაგრამ ცნობილი რამდენად ვარ, არ ვიცი... მეგობრებისა და ახლობლების წრეში ნამდვილად შემიძლია ვითამადო, დიდ სუფრაზე კი შედარებით რთულია... გადატვირთული სუფრა არ მომწონს, ჯობს რიგრიგობით შემოჰქონდეთ კერძები. თეფშები ყირამალაზე რომ დგას, საშინელი შესახედავია.

- იქნებ გვიამბოთ ყველაზე დიდ სუფრაზე, სადაც თამადა ბრძანდებოდით, როგორ ჩაიარა ლხინმა?

- სანამ ავად გავხდებოდი, ბევრჯერ მომიხდა დიდი სუფრების თამადობა... ბოლოს თამადა გახლდით რესტორან "არაგვში", სადაც ჩემი მეგობრის - თემიკო ჭიჭინაძის შვილის ქორწილი იყო. ამ თამადობით განსაკუთრებულად კმაყოფილი ვარ, რადგან დიდი ქორწილი იყო და ძალიან მშვიდად ჩაიარა. ხმაური არ უნდა იყოს სუფრაზე, თუმცა არ მიყვარს, თამადა რომ განუწყვეტლივ ხალხს აჩუმებს, მან ხალხი თავის სიტყვებით უნდა მოხიბლოს. თანმიმდევრულ სადღეგრძელოებს თუ იტყვის სუფრაზე, ყაყანი არ იქნება.

- დღევანდელ ქართველ ქალზე რას გვეტყვით... მოგწონთ, ქალი რომ უფრო აქტიური გახდა?

- გასაკვირი არ არის, ქალები რომ უფრო მეტად აქტიური გახდნენ. ცხოვრებამ მოიტანა, ქალები რომ ძალიან დიდ ტვირთს საკუთარ თავზე იღებენ. დღეს ქალები, ხშირ შემთხვევაში, ბევრად უფრო აქტიურები არიან, ვიდრე მამაკაცები. გააჩნია იმასაც, ქალი რას იტვირთავს. ქალისთვის, რა თქმა უნდა, უფრო მისაღებია, ოჯახში იყოს აქტიური და სახლის საქმეს მიხედოს. ამასთანავე, თუ მომხიბვლელი გარეგნობის არის, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ამაღლებს მის ავტორიტეტს... რაც შეეხება აქტიურობას, გადამეტებული არაფერი ვარგა. არიან ქალები, რომლებიც ყველაფერს თავის თავზე იბრალებენ - ასე არ შეიძლება, კაცო! - ქალს პირველ რიგში ქალობა უნდა ალამაზებდეს - სინაზე და კდემამოსილება.

- უფროსი თაობის წარმომადგენლები ტურისტების მომრავლებით ზოგჯერ საფრთხეებსაც ხედავენ... მათი თქმით, შეიძლება დაიკარგოს ის ტრადიციები, რაც ქართველებს გამოარჩევდათ...

- საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ... თუმცა არ შეიძლება, მთელი აქცენტი მხოლოდ ინგლისურზე გაკეთდეს და ამასობაში ქართული მიგვავიწყდეს. მე ინგლისური კარგად არ ვიცი, მაგრამ როცა ერთი-ერთზე ვრჩები უცხოელთან, მას გაჭირვებით რაღაცას ვაგებინებ. მთავარია, ქართულად ისაუბრო სწორად. თუ მშობლიური ენა კარგად იცი, უცხოელთან კომუნიკაცია არ გიჭირს. უცხოელს უცხოურად რომ ესაუბრები, ქართული ხასიათი და ბუნებაც უნდა ჩანდეს.

- თქვენ უამრავ ქვეყანაში ბრძანდებოდით... ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის კულტურამ და ტრადიციებმა მოგხიბლათ?

- ძალიან მიყვარს რომი და პარიზი, უფრო სწორად - პარიზი და რომი... ძალიან დიდი და საინტერესო ისტორია აქვს ორივეს. იქ ბევრი რამ არის სანახავი და საინტერესო, არ შეიძლება მოხიბლული არ დარჩე... ხალხი კი ყველაზე მეტად სლოვენიაში, კერძოდ ლუბლიანაში მომეწონა. ლუბლიანა ხომ თბილისთან დაძმობილებული ქალაქია და ძალიან ხშირად მომიხდა ამ ქალაქში ჩასვლა. იმდენად ხშირად დავდიოდი, მათი ენაც ვისწავლე. ხორვატიაშიც ვყოფილვარ და იქაური მოსახლეობაც ძალიან მიყვარს, მაგრამ უპირატესობას სლოვენიას ვანიჭებ, რადგან მათი დამოკიდებულება ქართველების მიმართ გამორჩეულია. ლუბლიანაში საავადმყოფოში მოვხვდი, ოპერაცია დამჭირდა და თან გადამყვნენ. ძალიან დიდი გულისხმიერება ვიგრძენი.

- როგორც სამეფო გვარის წარმომადგენელი, როგორ საქართველოს ისურვებდით?

- ვისურვებდი ისეთი ცხოვრების დონეს, როგორი ცხოვრებაც გვქონდა 30-50 წლის წინ... იმ პერიოდში საქართველო საუკეთესო ტრადიციებითა და თვისებებით გამოირჩეოდა. სულ სხვანაირი, ყველასთვის სამაგალითო დამოკიდებულება ჰქონდა ხალხს ერთმანეთის მიმართ. რომ ვთქვა, ახლა მონარქიული წყობილება უფრო მიმზიდველი იქნება და უფრო კარგს გახდიდა აქაურობას-მეთქი, არ ვიცი, რამდენად სწორი ვიქნები. ვიცი, რომ ალბათ ჩვენთანაც აღდგება ის ტრადიცია, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. თითქმის ცხრა-ათი საუკუნის განმავლობაში ერთი გვარის მეფობა უნიკალური შემთხვევაა და ვერც ერთი ქვეყანა ამას ვერ დაიტრაბახებს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ აღდგეს, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ჯერ მაღალი ცხოვრების დონე უნდა გვქონდეს და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მაშინ არ დაგვჭირდება ესპანეთში სირბილი მომავალი მონარქის საძებნელად. საქართველოშიც გამოიძებნება ღირსეული, მონარქიული წყობილებისთვის შესაფერისი ახალგაზრდა.

- დღევანდელი ქართველი ახალგაზრდობა მოგწონთ?

- ძალიან მომწონს, რადგან განსაკუთრებულად ნიჭიერი თაობა მოდის. დაინტერესებული და კარგად ჩახედული არიან იმ საქმეში, რომელსაც მათ სკოლა თუ უნივერსიტეტი ასწავლით. თუმცა ტრადიციებს სათანადოდ ვერ მისდევენ. მოვა დრო და ეს ახალგაზრდობა დაიბრუნებს ტრადიციებს ქალაქისას, ქვეყნისას... თბილისს ყოველთვის განსაკუთრებული ხიბლი და ტრადიციები ჰქონდა... ასევე თავის დიდი ტრადიციებით გამოირჩეოდა ყველა დიდი ქალაქი - ბათუმი, ქუთაისი, თელავი... მე თბილისმა მასწავლა ცხოვრების წესი, ხალხთან ურთიერთობა, კაცობა, თავმოყვარეობა, ადამიანობა და უფროს-უმცროსის გარჩევა. ქუჩაში მაწანწალა არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ქუჩასთან სიახლოვემ ბევრი რამ დამანახვა, ანუ - "ქუჩის აკადემიამ"... ვერაზე დავიბადე და ვერაზევე გავიზარდე.

მანანა გაბრიჭიძე

(სპეციალურად საიტისთვის)