"რევოლუციურ" წინასაარჩევნო კამპანიას უკუშედეგი მოაქვს - კვირის პალიტრა

"რევოლუციურ" წინასაარჩევნო კამპანიას უკუშედეგი მოაქვს

"აჟიტირებული პოლიტიკოსების ხიბლით საარჩევნო ნომრის შემოხაზვა ქვეყანას ვერ ააშენებს"

საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ძალა სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობს, ამომრჩეველი საკუთარ უპირატესობაში დაარწმუნოს. ვინ უფრო წარმატებულ ტაქტიკას მიმართავს და როგორია ქართული პოლიტიკის ძირითადი მოთამაშეების წინასაარჩევნო რიტორიკა, ამის შეფასება ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს ვთხოვეთ:

- დავიწყოთ მმართველი პარტიიდან. თვალში საცემია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანია დიდწილად კოალიცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არის მიმართული და ნეგატივზეა აგებული. იქნება ეს შედეგის მომცემი თუ არა, ძნელი სათქმელია, რადგან არ ვიცით, ზუსტად რა მიზანს ისახავს ძირითადი ოპონენტის ასეთი დისკრედიტაცია. არ ვიცით, ეს მხოლოდ საარჩევნო მანევრია, რომელითაც ცდილობენ თავისი მომხრეების ერთმნიშვნელოვნად იმ აზრით განმსჭვალვას, რომ ეს კოალიცია მათთვის საშიშია, თუ კიდევ სხვა რამ? ფაქტია, რომ ოპოზიციას წარმოაჩენენ, როგორც ყველა თვალსაზრისით უარყოფით მოვლენას, რომელთანაც ურთიერთობა და ლაპარაკი არ შეიძლება, რომელიც არის რეტროგრადი და გაუგებარი წარსულის მქონე და რაც მთავარია, მას არ აქვს მომავლის შესახებ განსაზღვრული პოზიტიური წარმოდგენები.

მმართველი გუნდისგან ყველა ის შემოთავაზება, რომელიც აქვს ოპოზიციას, განიხილება, როგორც უაზრო და არაპერსპექტიული. ადამიანი როცა ირჩევს ვინმეს ან რამეს, ირჩევს სწორედ სამომავლოდ, ხელისუფლების რიტორიკა კი მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანები დაარწმუნონ, - თუ თქვენ კოალიციას აირჩევთ, მომავალიც არ გექნებათო. ეს დამაჯერებელია მათთვის, ვისაც უკვე მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ მხარს უჭერს "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს დამაჯერებელია ხალხის იმ ნაწილისთვისაც, ვისაც ამ ხელისუფლების ეშინია. შიშის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი კი არის ალტერნატიული ინფორმაციის არარსებობა. თუ ინფორმაციას არ ვფლობ, შესაბამისად, ვერ ვხედავ ვითარებას სრულად, ასეთ შემთხვევაში იძულებული ვარ ის დავიჯერო, რასაც გამუდმებით მასმენინებენ. სრული ინფორმაციის ფლობა ნიშნავს არა ვინმეს ბრმად რწმენას, არამედ ყველა ინფორმაციის გაანალიზებას და გადაწყვეტილების ისე მიღებას.

- რას იტყვით "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაზე, მომხრეები კოალიციას ხშირად საყვედურობენ, რომ ეს კამპანია საკმარისად აგრესიული არ არის...

- გაუგებარია, ვინ რას გულისხმობს აგრესიაში. თუ ამაში ის იგულისხმება, რომ აგრესია სიძულვილის ენით უნდა გამოვლინდეს, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. "ქართული ოცნების" ძირითად დამსახურებად ის მიმაჩნია, რომ ცდილობს, მაქსიმალურად შეიკავოს თავი სიძულვილის ენისგან. ის ოპონენტს არ განიხილავს მოსისხლე მტრად, მისთვის პოლიტიკური ასპარეზი არის განსხვავებული მოსაზრებების არენა, სადაც ყველა ადამიანს აქვს უფლება, მოსაზრება გამოთქვას. როცა არ ეთანხმები მოწინააღმდეგის მიერ წარმართულ პოლიტიკას განათლების, ჯანდაცვის სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში და გაქვს შენი შეხედულებები ამ ყველაფერზე, ამის თქმა შეიძლება ძალიან წყნარად, მშვიდად და ყოველგვარი ლანძღვა-გინების გარეშე, ამისთვის არ არის საჭირო ემოციურად ზღვარგადასული, ეგზალტირებული გამოსვლები. ბაგრატის ტაძრის გახსნისას პრეზიდენტმა თქვა: - ისინი მოდიან, ვინც წინათ რაიკომის მდივნები იყვნენ და ეკლესიებს ანგრევდნენო. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს ელემენტარული ტყუილია. ის ადამიანები, ვინც გასული საუკუნის 20-იან წლებში ნამდვილად ანგრევდნენ ეკლესიებს, დღეს ცოცხლები აღარ არიან. ამიტომ არავითარი რეალური კავშირი დღეს არსებულ ცოცხალ, ასაკობრივ ჯგუფს მათთან, ვისაც ოდესმე ჩაუდენია ამგვარი ქმედება, არ აქვს. ამიტომ ეს არის პროპაგანდისთვის ნათქვამი ცოცხალი ტყუილი, რაც სრულიად მიუღებელია.

- არის კი ქართველი საზოგადოება მზად ზომიერად წარმართული პოლიტიკური პროცესებისთვის?

- ჩემი აზრით, საზოგადოება ყველაზე მეტად არის მზად იმისთვის, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს. მინდა, გავახსენო მკითხველს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის დროს მის მიერ პირდაპირ ნათქვამი ფრაზა: დროა, საქართველოში რევოლუციური რეჟიმი დამთავრდესო. მართალია, ბაიდენისთვის ყური არავის დაუგდია, მაგრამ მისი განცხადება ერთმნიშვნელოვნად ნიშნავდა, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულდეს რევოლუციური რიტორიკა, ვიღაცების მტრებად გამოცხადება, იმის ლაპარაკი, რომ ელიტამ ყველაფერი იცის, საზოგადოებამ კი - არაფერი. უნდა დამთავრდეს ამ ქვეყნის ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფა. დასრულდეს ლაპარაკი, რომ მხოლოდ ვიღაც ერთს უყვარს ქვეყანა და სხვას არავის. ამგვარი პოსტულატებით ლაპარაკი დამახასიათებელია რევოლუციური რიტორიკისთვის. ვილაპარაკოთ წყნარად, მშვიდად, არგუმენტირებულად, გავიაზროთ რეალობა და ამ რეალობიდან დავიწყოთ უკეთესი მომავლის შენება. ვინც წყნარად და მშვიდად საუბრობს, ყველა ჭკვიანურად კი არ ლაპარაკობს, მაგრამ ამგვარი ლაპარაკი გააზრებისა და ფიქრის დროს უტოვებს მსმენელს. მაშინ, როცა ვიღაცას აქვს განცდა, რომ ის ლაპარაკობს ჭეშმარიტებას (ისე, პოლიტიკაში ჭეშმარიტებისა რა მოგახსენოთ, საერთოდ, ჭეშმარიტება თეოლოგიურ სფეროს ეკუთვნის), ეს ნიშნავს, რომ არ შეუძლია ლოგიკურად მსჯელობა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ეგზალტირებული და აჟიტირებული პოლიტიკოსების ხიბლით საარჩევნო ნომრის შემოხაზვა ქვეყანას ვერ ააშენებს.

- "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიაზე რას იტყვით?

- "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ წარმართული კამპანია თითქმის იმავე რაკურსით მიმდინარეობს, როგორითაც "ნაციონალური მოძრაობისა". ისიც თავიდან ბოლომდე აგებულია ემოციური მუხტის გაზრდაზე. ჩვენ ვხედავთ პარტიის ლიდერების ეგზალტირებულ გამოსვლებს და საკმაოდ გაუგებარ ლოზუნგებს. მაგალითად, რას ნიშნავს, რომ საქართველოს მტერი პიროვნულად "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის მტერი ყოფილა? საქართველოს მტერი არის საქართველოს ყველა მოქალაქის მტერი, ანუ ყველა იმ ადამიანის მტერი, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, შესაბამისად, მარტო ერთი ჯგუფისა და მისი ლიდერის ლაპარაკი ამაზე, ზედმეტად ამბიციური მგონია. ისე, მათ სარეკლამო კლიპებში რომ ხალხი ჩანს, იმდენი ხალხი მათ მოწყობილ აქციებზე არ მინახავს. კიდევ რაც გასდევს მაგათ კამპანიას, არის მართლმადიდებლობაზე განუწყვეტელი ლაპარაკი. ეს საკმაოდ კარგი ხერხია, იმ ე.წ. გაურკვეველი და გადაუწყვეტელი პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანების გადასაბირებლად, ვისთვისაც მართლმადიდებლობა მნიშვნელოვანია. აპელირება, ჩვენ ვართ მართლმადიდებლობის უპირველესი დამცველებიო, სწორედ ამას ემსახურება. თუმცა ყველას უნდა გავახსენო, რომ მართლმადიდებლობის დამცველი, ოფიციალურად და ინსტიტუციურადაც, საქართველოს პატრიარქია და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია. კონკორდატის მიხედვით ვაღიარებთ მართლმადიდებელი ეკლესიის ჩვენს ისტორიაში განსაკუთრებულ როლს, თუმცა პოლიტიკოსთა მიერ XXI საუკუნის პირველ ნახევარში კვლავაც ხდება ამ საკითხზე ჯიუტად აპელირება.

ნათია დოლიძე

(სპეციალურად საიტისთვის)