ტრამპმა პუტინს ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა-რა მოხდება 8 აგვისტოს შემდეგ?
რიცხვებითა და დღეებით ტრამპისა და პუტინის რთული პოლიტიკური თამაშები გრძელდება...
3 ივლისს ტრამპსა და პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი შედგა,რომელზეც დასავლეთის მასმედიის მტკიცებით,კრემლის უხუცეს ბინადარს თეთრი სახლის არანაკლებ უხუცესი ბინადრისთვის თურმე განუცხადებია,რომ რუსეთი გააგრძელებს ომს უკრაინაში და 60 დღის შემდეგ მიაღწევს დიდ წარმატებასო...
ამ სატელეფონო საუბრიდან ათი დღის შემდეგ,აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დაიქადნა,რომ თუკი პუტინი 50 დღეში არ გამოთქვამს სურვილს ცეცხლის შეწყვეტაზე სერიოზული მოლაპარაკებების დაწყებაზე,მაშინ ამერიკა 100 %-იან მეორად სანქციებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას და პირველ რიგში კი ჩინეთს,ინდოეთსა და ბრაზილიას,ვინც ყველაზე მეტ ნავთობს ყიდულობს რუსეთისგანო...
საინტერესოა,რომ პუტინის მიერ გაცხადებული 60 დღე უკრაინის ფრონტზე „დიდი გამარჯვების“ მოსაპოვებლად და ტრამპის მხრიდან დაქადნებული 50 დღე ახალი სანქციების დასაწესებლად,ერთ დღეს-1 სექტემბერს იწურება...
თუმცა,დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა „გადაითამაშა“ და განაცხადა-„დღევანდელი დღიდან 10 დღე. შემდეგ ჩვენ დავაწესებთ 100 %-იან გადასახადებს,რადგან პუტინს სურს ომის გაგრძელება.ეს რუსეთზე იმოქმედებს...ან არ იმოქმედებს“...
ასე ორაზროვნად დაასრულა თავისი ნათქვამი ჟურნალისტებთან ტრამპმა,მაგრამ ფაქტია,რომ აშშ-ის პრეზიდენტს უკვე თავადაც აღარ სჯერა იმისა,რომ პუტინი მის სატელეფონო საუბრებს დაჰყვება(როგორც ამით საპრეზიდენტო არჩევნებამდე იქადნებოდა ტრამპი) და უკრაინაზე შეტევებს შეაჩერებს.
თუმცა ტრამპი იმდენჯერ ცვლის თავის სიტყვებს,რომ ყველაფერია მოსალოდნელი,მაგრამ თუკი ამერიკამ მართლაც დაუწესა 100 %-იანი მეორადი გადასახადები იმ ქვეყნებს,რომლებიც რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირს ყიდულობენ,ეს ეკონომიკური სანქცია ძალიან მტკივნეული გახდება და ბევრი ქვეყანა მართლაც შეიკავებს თავს რუსული ენერგომატარებლების შესყიდვისგან(პირველი მაგალითები უკვე არის-ინდოეთი ცდილობს რუსული ნავთობის ნაცვლად აზერბაიჯანული იყიდოს),რამაც თავის მხრივ უნდა შეამციროს ნავთობდოლარებით რუსეთის იმ ხაზინის შევსება,საიდანაც დასდინდება ფართომასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ტრამპის ახალი ათდღიანი ულტიმატუმი პუტინის მიმართ, 8 აგვისტოს იწურება.
2008 წლის 8 აგვისტო მსოფლიო ისტორიაში შევიდა,როგორც ბირთვული ზესახელმწიფო რუსეთის თავდასხმა თავის პატარა მეზობელ საქართველოზე,ვნახოთ 2025 წლის 8 აგვისტოც თუ შევა ისტორიაში,როგორც რუსეთ-უკრაინის ომში ერთგვარი შემობრუნების დაწყების თარიღად,როდესაც მეორე ბირთვულმა ზესახელმწიფომ,აშშ-ებმა პრეზიდენტ ტრამპის მეთაურობით რეალური ქმედებები დაიწყო აგრესორი რუსეთის „მოსათოკად“...
P.S. ათი დღის შემდეგ თუკი მართლაც ამოქმედდა ტრამპის ეკონომიკური „მათრახი“ პუტინის რუსეთისა და მისი მჭიდრო პარტნიორი ქვეყნების მიმართ,მოსალოდნელია ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდა,თუმცა ტრამპი აცხადებს,რომ ამერიკულ ნავთობს შეუძლია რუსულის ჩანაცვლება და ფასები ნავთობზე დარეგულირდება...