პუტინი: რუსეთის ბოლო პრეზიდენტი?! - დაიშლება თუ არა აგრესორი ქვეყანა სსრკ-ს მსგავსად
„საბჭოთა კავშირის მაღალი ხარჯები შეიარაღებაში მისი დაშლის ერთ-ერთ მიზეზად ითვლება. რამდენადაა შესაძლებელი მსგავსი სახიფათო სცენარის გამეორება რუსეთისათვის?“ - ასეთი კითხვაა დასმული გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „პუტინის რეზერვები: შეიძლება თუ არა რუსეთი სამხედრო ხარჯების ტვირთის გამო დაინგრეს?“ (ავტორი - კატარინა ვაგნერი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ის, თუ რამდენი ფული უჯდება კრემლს უკრაინასთან ომი, შეიძლება მოსკოვის ქუჩებში გამოფენილი პლაკატებითაც მივხვდეთ: კამუფლიაჟიანი ჯარისკაცის გამოსახულების ქვემოთ შვიდნიშნა თანხა წერია რუბლებში. ფრონტზე საბრძოლველად, ახალგაზრდების მიზიდვის მიზნით, რუსეთის ხელისუფლება მათ ისეთ მაღალ ხელფასებს სთავაზობს, რომელიც ბევრად აღემატება საშუალო ანაზღაურებას. მას, ვინც მოსკოვიდან არის, პირველ წელს 60 ათასი ევროს აღება შეუძლია. რუსეთი ყოველწლიურად ზრდის ინვესტიციებს იარაღის წარმოებაში, იმავდროულად, ეკონომიკა სულ უფრო ზარალდება კონფლიქტისაგან.
ამიტომაც დასავლეთში ზოგიერთს ახალი იმედი უჩნდება: რამდენად შეიძლება რუსეთიც ისე დაინგრეს, სამხედრო ხარჯების გამო, როგორც საბჭოთა კავშირს მოუვიდა ცივი ომის შედეგად, გამალებული შეიარაღების პირობებში? პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ამას წინათ რუსეთის პრეზიდენტის ციტირება მოახდინა - ვლადიმერ პუტინს ერთხელ თურმე უთქვამს - „საბჭოთა კავშირი ზედმეტმა სამხედრო ხარჯებმა დაღუპაო“. ახლა თვითონ პუტინიც იმავეს აკეთებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კრემლის რეჟიმის დასასრულიც იგივე იქნება, როგორიც საბჭოთა კავშირისა იყო, ოღონდ ბევრად უფრო სწრაფად“, - თქვა რადოსლავ სიკორსკიმ.
სსრკ-ისა და რუსეთის სამხედრო ხარჯების პირდაპირი შედარება რთულია, იმდენად, რამდენადაც საბჭოთა კავშირის მიმართ მხოლოდ მიახლოებითი შეფასებები არსებობს: ზოგიერთი კვლევის მიხედვით, 1980-იან წლებში მოსკოვი სამხედრო საჭიროებისათვის მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) 10-დან 20%-მდე ხარჯავდა. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის პრობლემების ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემების თანახმად, გასულ წელს რუსეთმა სამხედრო სფეროში მშპ-ის თითქმის 7%-ის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო უკრაინასთან ომის მეორე წელს, 2023-ში, ინვესტიციების მოცულობა მშპ-ის 4,8%-ს შეადგენდა. მიმდინარე წელს, SIPRI-ის პროგნოზით, სამხედრო ხარჯები 7,2%-ს მიაღწევს, რაც ბევრად ნაკლებია იმასთან შედარებით, როგორიც საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში იყო.
არცთუ შორს საბჭოთა მაჩვენებლებისაგან
სამხედრო ხარჯების მოცულობის გასაგებად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოიცავს და რა არის გამოთვლებში ჩადებული. ეკონომისტი იანის კლუგე, რომელიც ბერლინის ანალიტიკურ ცენტრში რუსეთთან დაკავშირებული კვლევებით არის დაკავებული, სამხედრო ხარჯებში ითვალისწინებს რეგიონულ სოციალურ ასიგნებებს, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, აგრეთვე, ინვესტიციებს კეთილდღეობის ეროვნული ფონდიდან, რის შედეგადაც ციფრები მშპ-ის 8-10%-ს აღწევს. „ეს კი არცთუ ისე შორს დგას საბჭოთა კავშირის ხარჯებისაგან“, - ამბობს იანის კლუგე, თუმცა იქვე განმარტავს, რომ „მაღალი სამხედრო ხარჯები თავისთავად ვერ ჩაითვლება დაცემის მიზეზად: რუსეთი შეიძლება სტაბილურ სახელმწიფოდ დარჩეს, თუნდაც სამხედრო ხარჯებმა მშპ-ის 15%-ს მიაღწიოს. შესაძლოა, რუსების შემოსავლები ნაკლები იყოს, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაინგრევა“.
შეიარაღების სფეროში რუსეთს აშკარა უპირატესობა აქვს დასავლეთთან შედარებით:
ჯერ ერთი, რომ სამხედროებს შეუძლიათ ისარგებლონ საბჭოთა კავშირისდროინდელი მარაგებით. 1980-იანი წლების ბოლომდე საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საწყობებში უამრავი ტექნიკა იყო თავმოყრილი - ტანკები, ავიაცია, საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, აგრეთვე, საბრძოლო მასალები. მათ გარეშე მიმდინარე ხარჯები უფრო მაღალი იქნებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპმა პუტინს ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა-რა მოხდება 8 აგვისტოს შემდეგ?
მეორე - საწარმოო თვითღირებულება რუსეთში უფრო დაბალია, ვიდრე - დასავლეთში. რუსეთის სამხედრო ქარხნები სარგებლობენ იმ გამოცდილებით, რომლებიც საომარ პირობებშია მიღებული და პერმანენტულად აუმჯობესებენ იარაღის საბრძოლო მონაცემებს. მით უმეტეს, რომ საქმე ეხება არცთუ ისე მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას, მაგალითად, დრონებს. უბრალო და იაფფასიან უპილოტო საფრენ აპარატს შეუძლია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ძვირად ღირებული ტანკი ისე დააზიანოს, რომ მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდეს.
და ბოლოს, მესამე - დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთში მნიშვნელოვნად იოლია არმიის დანაკარგების შევსება, ჯარში ახალგაზრდების გაწვევის სისტემის წყალობით.
ივნისში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დაგეგმილია სამხედრო ხარჯების შემცირება, რომლიც მძიმე ტვირთად აწევს ბიუჯეტს, თუმცა პრეზიდენტის ნათქვამისა თითქმის არავის სჯერა. ბრძოლის ველზე თუნდაც პაუზა რომ გამოცხადდეს, მატერიალური რესურსების დიდი დანაკარგების გამო, არმიას რეზერვების შევსება მოუწევს. გარდა ამისა, თავდაცვის ხარჯებს დასავლეთიც ადიდებს, რითაც კრემლი სარგებლობს - „აი, შეხედეთ და შეადარეთ - ვინ მოქმედებს აგრესიულად, ჩვენ თუ დასავლეთი?“, - ამბობდა ვლადიმერ პუტინი ივნისში.
რუსეთის დაბალი ფინანსური ვალები
ეკონომისტების აზრით, რუსეთს შეუძლია მაღალი სამხედრო ხარჯები ჰქონდეს იმდენად, რამდენადაც მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყანა კვლავ სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება, გვიანდელი საბჭოთა კავშირის სიტუაციისაგან განსხვავებით. 1980-იანი წლების დასასრულს საბჭოთა კავშირში სახელმწიფო ვალის მართვა კონტროლიდან გავიდა, დღეს კი ვალების ტვირთი, საერთაშორისო სტანდარტებით, რუსეთისათვის ძალიან დაბალია: სავალუტო ფონდის მონაცემებით, მიმდინარე წელს ის მთლიანი შიდაპროდუქტის მხოლოდ 21%-ს შეადგენს, რაც კრემლს მანევრების ფართო სივრცეს უზრუნველყოფს. მოსკოვს კი სამანევრო შესაძლებლობებით უზრუნველყოფა ძალიან სჭირდება - მაღალი სახელმწიფო ხარჯების გამო წარმოების მატების ტემპები შენელებულია.
რა ხდება ინფლაციასთან დაკავშირებით? ამჟამად ინფლაცია მცირდება, მაგრამ მალე შეიძლება ისევ გაიზარდოს. კრედიტის ასაღებად საბაზო საპროცენტო განაკვეთი 20%-ს შეადგენს, რაც ძალიან მაღალია. ამას ემატება სამუშაო ძალის დეფიციტი (უმუშევრობის დონე ისტორიულად უმდაბლესია) და სანქციები, რომლებიც მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც უარყოფით გავლენას ახდენენ წარმოების მატებაზე. საკმაოდ დაბალია ნავთობის ფასიც - შესაბამისად, საექსპორტო შემოსავლები მცირდება, რაც ნეგატიურად მოქმედებს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო წარმოებაზე და რუბლის კურსზე. მიმდინარე წელს, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2-3% იქნება, რაც გეგმიურ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება. და მაინც ეკონომისტები რუსეთის ეკონომიკაში ისეთ სერიოზულ პრობლემებს ვერ ხედავენ, როგორიც საბჭოა კავშირს ჰქონდა.
„ნებისმიერ შემთხვევაში შედარება არაკორექტული იქნებოდა, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ სისტემებში მყოფ ქვეყნებზე“, - ამბობს ალექსანდრა პროკოპენკო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს ცენტრალური ბანკის მრჩეველი იყო, ამჟამად კი ბერლინში არსებული კარნეგის ფონდის ოფისში მუშაობს, - „საბჭოთა კავშირში ეკონომიკური პრობლემები გამოწვეული იყო გეგმური ეკონომიკის არაფექტიანი და ხისტი სტრუქტურის გამო“.
რუსეთის დღევანდელი საბაზრო ეკონომიკა შესაძლებლობას იძლევა, რომ სანქციების დროს ქვეყანამ სტაბილურად იმუშაოს: სწორედ ეკონომიკის მოქნილობისა და ადაპტიურობის წყალობით იქნა უზრუნველყოფილი „სამხედრო რელსებზე გადასვლა“ და მაკომპლექტებელი დეტალების დეფიციტის გადალახვა (მეტ-ნაკლებად). ასევე ამ მიზეზით შეძლო რუსეთმა სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება: 2022 წლის ბოლოს ქვეყანაში უამრავი კომპანია და ბიზნესსტრუქტურა გაჩნდა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით მუშაობენ, მიწოდების ახალი ჯაჭვით და ახალი მარშრუტებით. საბჭოური გეგმიური ეკონომიკის პირობებში, როცა ჩინოვნიკები განსაზღვრავდნენ, რომელი პროდუქტი რა რაოდენობით უნდა წარმოებულიყო და რა ფასებით უნდა გაყიდულიყო, დღევანდელი სიტუაცია წარმოუდგენელი იქნებოდა.
დაიშლება თუ არა რუსეთი სსრკ-ის მსგავსად?
აშკარაა, რომ დღეს რუსული სახელმწიფო სულ უფრო მეტად ერევა კერძო ბიზნესში: 2022 წლიდან იმ მეწარმეების აქტივები, რომლებიც არალოიალურებად იყვნენ მიჩნეულნი, ექსპროპრირებული იქნა. კანონის ცვლილების თანახმად, მსხვილი კონცერნები კრემლის წინაშე ანგარიშვალდებულნი არიან. სახელმწიფო ხელში იღებს ბაჟების რეგულირებას, კრძალავს რიგი საექსპორტო პროდუქტებით ვაჭრობას და ცდილობს სამამულო წარმოების მხარდაჭერას. „ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არც იმდენი, რომელსაც ეკონომიკური სისტემის შეცვლა შეუძლია“, - ამბობს იანის კლუგე.
საბჭოთა კავშირის დაშლაში თავისი როლი შეასრულეს სხვა მიზეზებმაც: სერგეი ალექსაშენკოს თქმით (მან მოსკოვის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი იმ დროს დაამთავრა, როცა ხელისუფლებაში მიხეილ გორბაჩოვი მოვიდა, შემდეგ კი რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორის მოადგილე იყო, ამჟამად კი აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს), 1985 წლიდან საბჭოთა ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა რამდენიმე რყევამ მოახდინა, განსაკუთრებით კი ნავთობზე მსოფლიო ფასების დაცემამ, რის შედეგადაც სავალუტო შემოსავლები შემცირდა (განსხვავება: იმ დროს სსრკ საზღვარგარეთ ვეღარ ყიდულობდა ბევრ საქონელს, მათ შორის - ხორბალსაც. დღეს კი რუსეთს ხორბლის დიდი მარაგი აქვს და პირიქით, საზღვარგარეთ გზავნის). ამას დაემატა ის უდიდესი ზიანი, რომელიც ჩერნობილის ატომური ელსადგურის აფეთქებამ გამოიწვია და რომლის ლიკვიდაციამ უდიდესი სახსრები შთანთქა. სერგეი ალექსაშენკოს აზრით, კიდევ ერთი რყევა იყო მთავრობის ანტიალკოჰოლური კამპანია: მოსახლეობა ფულს ადრე ალკოჰოლში ხარჯავდა, აკრძალვის შემდეგ კი ფულის მასა საყოფაცხოვრებო საქონლის შესაძენად იქნა მიმართული, რამაც სამომახმრებლო ნივთებზე ისედაც არსებული დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავა.
მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი მაინც ის იყო, რომ მიხეილ გორბაჩოვმა საბაზრო ეკონომიკის ზოგიერთი ელემენტი დანერგა 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან: ქარხნებმა და ფაბრიკებმა უფლება მიიღეს ხელფასების მოცულობა თვითონ განესაზღვრათ, რომელიც მანამდე ფიქსირებული იყო. შესაბამისად, ხელფასები სწრაფად გაიზარდა და მასთან ერთად - მოთხოვნილებებიც, მაგრამ საქონელი მცირე იყო. პარალელურად, ბევრმა პოლიტიკურმა პროცესმა დააჩქარა საბჭოური სისტემის კრახი: გორბაჩოვისეულმა „საჯაროობამ“ ისეთი ფაქტები გახადა ყველასათვის ცნობილი, რომლითაც მმართველი კომპარტიის რეპუტაცია შეილახა. საზოგადოებაში უკმაყოფილებამ და ანტისაბჭოურმა განწყობებმა მოიმატა.
რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირს შეეძლო ცალ-ცალკე ამ პრობლემების მეტ-ნაკლებად მოგვარება, მაგრამ ერთობლიობაში მათი დაძლევა შეუძლებელი აღმოჩნდა.
განსხვავებები და პარალელები
ისევე, როგორც სხვა ექსპერტები, სერგეი ალექსაშენკოც თვლის, რომ საბჭოთა ეკონომიკის დისბალანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი სამხედრო ხარჯები იყო, მაგრამ - არა მთავარი. მისი აზრით, ძირითად პრობლემას გეგმიური ეკონომიკის ხისტი სისტემა წარმოადგენდა: იმდენად, რამდენადაც ფასები თავისუფალი არ იყო, ეკონომიკა რყევებზე რეაგირებას ვერ ახდენდა. ახლა კი სრულიად განსხვავებული სიტუაციაა: ვლადიმერ პუტინი დღემდე მხარს არ უჭერს ჩინოვნიკების წინადადებებს ფასების გაყინვის თაობაზე. ამიტომაც სერგეი ალექსაშენკო „საბჭოური სცენარის გამეორების საფრთხეს“ სერიოზულად არ უყურებს.
თუმცა ზოგიერთი პარალელის გავლება მაინც შეიძლება: ამჟამად რუსეთის ბიუჯეტი უფრო მეტად არის დამოკიდებული ენერგორესურსების ექსპორტზე, ვიდრე - საბჭოთა კავშირის დროს იყო. ამიტომაც ნავთობზე და გაზზე ფასების ხანგრძლივი შემცირება იმავენაირად დაარტყამს ეკონომიკას, როგორც ეს 1980-იან წლებში მოხდა. ცხადია, ასეთი სიტუაცია ამერიკის ეკონომიკასაც საფუძვლიანად დააზარალებს. რუსეთში, ალბათ, რუბლის დევალვაცია და ინფლაციური შოკი მოხდება, მაგრამ ეკონომიკა მაინც გადაიტანს.
შეიცვალა საერთაშორისო მდგომარეობაც: ამჟამად რუსეთს შეუძლია ვაჭრობა გააფართოვოს ისეთ ძლიერ და მდიდარ ქვეყნებთან, რომლებიც დასავლეთს არ მიეკუთვნებიან - მაგალითად, ჩინეთთან. რუსეთის აზიური მეზობელი არა მარტო ყიდულობს რუსულ ნავთობს და გაზს, არამედ იმ ხარვეზის კომპენსირებასაც ახდენს, რომელიც საბჭოთა პერიოდში არსებობდა - დასავლეთისაგან ტექნოლოგიური ჩამორჩენის საკითხში. ის, რომ საბჭოთა კავშირმა გვიან დაიწყო კომპიუტერებით სარგებლობა, მისი ეკონომიკის დაცემის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს. ცხადია, რუსეთში, რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული, მოწინავე ტექნოლოგიური ხელსაწყოების იმპორტი რთულია და ამიტომ ზოგიერთი დარგი, მაგალითად, კოსმონავტიკა, თანდათან უკან იწევს. და მაინც, ჩინური მზა პროდუქცია და მათ შორის - მიკროსქემები, ერთგვარ გამოსავალს წარმოადგენს შექმნილ სიტუაციაში.
რაც შეეხება საზოგადოების განწყობას: დღეს თვითონ რუსებიც ხშირად ავლებენ პარალელებს საბჭოთა კავშირთან - ახლაც ღიად ლაპარაკი ბევრ საკითხზე არ შეიძლება და მხოლოდ „სამზარეულოშია დაშვებული“. მაგრამ გამოკითხვები ცხადყოფენ, რომ მოსახლეობის უმეტესობა მხარს ვლადიმერ პუტინს და უკრაინაში ომის გაგრძელებას უჭერს. სამხედრო სფეროში მაღალი ხარჯების წყალობით, ხელფასები გაიზარდა და ამიტომ ბევრი რუსი თვლის, რომ მათი ფონანსური მდგომარეობა ისე გაუმჯობესდა, როგორც არასდროს. სამომხმარებლო საქონლისა და კვების პროდუქტების ისეთი უმწვავესი დეფიციტი, როგორიც 1980-იან წლებში იყო, დღევანდელ რუსეთში არ შეიმჩნევა და არც მოსალოდნელი არ არის. ამას ადასტურებს კარტოფილთან დაკავშირებული ამასწინანდელი მაგალითი: როცა ზაფხულის დასაწყისში რუსული კარტოფილის დეფიციტი გაჩნდა, მაღაზიის თაროები ცარიელი არ დარჩენილა: სამამულო წარმოების პროდუქცია იმპორტულმა ჩაანაცვლა - ცენტრალური აზიიდან და არაბული ქვეყნებიდან.