თინა ბოკუჩავამ ლევან ხაბეიშვილს "დაარტყა"?! - "რევოლუციის თარიღი წინსწრებად არ ანონსდება..." - კვირის პალიტრა

თინა ბოკუჩავამ ლევან ხაბეიშვილს "დაარტყა"?! - "რევოლუციის თარიღი წინსწრებად არ ანონსდება..."

რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინსწრებად არ ანონსდება - ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა სრულიად გაუმართლებელია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა უპასუხისმგებლობაა, რაც „დასავლეთში უკიდურესად ნეგატიურად აღიქმება”.

„რეჟიმთან რეალურ ბრძოლაში აუცილებელია მუდმივი წინააღმდეგობა, მუდმივი შრომა და მოლოდინების მართვა, სადაც ასევე არის მოულოდნელობის ეფექტი. უფრო კონკრეტულად ეს მოქმედებები არის: 1. რეჟიმთან არ თანამშრომლობა; 2. რეჟიმის სრული პოლიტიკური და სოციალური იზოლაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ; 3. საერთო, სახალხო წინააღმდეგობა უწყვეტი, მტკიცე და მასშტაბური პროტესტის გზით; 4. მძიმე, ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილზე და მისი რეჟიმის წევრებზე; 5. ამ ამოცანების გარშემო დემოკრატიულ-პოლიტიკური ძალების რეალური კონსოლიდაცია და ერთიანობა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არამხოლოდ წამყვანი პოლიტიკური ძალა, არამედ სანდო პარტნიორია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ გარკვეულ "რევოლუციურ სცენარებზე" განცხადებებს აკეთებს "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი. კერძოდ, ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში მან თქვა, რომ " 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი დედლაინი, როცა საქართველოს ასიათასობით მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ძალაუფლება დაიბრუნოს ხალხმა. ბიძინა ივანიშვილს დამხობის გარეშე, მისი ტაბლოთი ხელში, მისი სუს-ით, მისი შინაგან საქმეთა სამინისტროთი, ვერ მოვერევით".