"ერთხელ აჭარიდან ჩამოყვანილი ძაღლი გაგვეპარა და თბილისიდან ფეხით ისევ ხელვაჩაურში ჩავიდა, სადაც მისი პატრონი ცხოვრობდა" - რაზე სწყდება გული თამაზ ელიზბარაშვილს
"ძაღლი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უყვარხართ", - ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ჩვენი ინტერვიუ კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ... "კვირის პალიტრის" სტუმარია ბიზნესმენი, ცხოველთა დამცველი თამაზ ელიზბარაშვილი:
- ბატონო თამაზ, ცხოველებს ბევრი ამოუცნობი თვისება აქვთ, რით აიხსნება, რომ კარგა ხნის წინ გაჩუქებული ძაღლი ათასობით კილომეტრს გაივლის და თავის ძველ პატრონს უბრუნდება?
- ძაღლს გენეტიკაში აქვს ერთი საოცარი თვისება: როცა ვინმეს პატრონად აღიარებს, მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი ერთგულია. სწორედ ამიტომ, როცა ძაღლს გააჩუქებენ, ის ყოველთვის ცდილობს ახალი ადგილიდან გაიპაროს და პატრონს დაუბრუნდეს. ამაში მას ნავიგაციის უნარი ეხმარება - კიდევ ერთი უცნაური თვისება, რომელიც ცხოველებს აქვთ: თვითმფრინავი რომ აფრინდება და მფრინავი ნავიგაციის პროგრამას ჩართავს, მერე ეს თვითმფრინავი თავისით მოძრაობს, შეუძლია ათასობით კილომეტრი გადაიფრინოს და დანიშნულების ადგილზე მივიდეს, ასევეა ძაღლიც - მას შეუძლია ასეულობით კილომეტრი გაიაროს და პატრონთან მივიდეს. ამ დროს მისი ტვინის უჯრედები უფრო აქტიურად მუშაობს, გზის გაგნებაში ყნოსვაც ხელს უწყობს და სხვა უნარებიც.
- მსგავსი ფაქტები თქვენს თავშესაფარშიც მომხდარა?
- რასაკვირველია.
ერთხელ აჭარიდან ჩამოყვანილი ძაღლი გაგვეპარა. თვე-ნახევარი გავიდა და მერე გავიგეთ, რომ ძაღლს ამხელა გზა ფეხით გაუვლია და ისევ ხელვაჩაურში ჩასულა, სოფელ კაპრეშუმში, სადაც მისი პატრონი ცხოვრობდა. არასოდეს დამავიწყდება ძაღლი, რომელიც თელეთიდან მოგვიყვანეს. მის პატრონს ლეკვობიდან ჰყავდა გაზრდილი, ცხადია, ძაღლი ძალიან დარდობდა და იმდენი შეძლო, რომ თავშესაფრიდან გაიპარა. ათი დღე იარა და თელეთში, თავის პატრონს მიაკითხა.
ამ კაცმა დამირეკა და მისაყვედურა: თქვენ მე ვინ გგონივართ, ეტყობა, ძაღლი მოიყვანეთ და ჩემს ჭიშკართან ჩამოსვითო. ისევ მოგვიყვანა და თავშესაფარში დატოვა. მეორედაც გაიპარა და ისევ თავის პატრონს დაუბრუნდა. იცით, რა მითხრა იმ კაცმა? - ახლა ამ ძაღლს თოფს ვესვრი და მოვკლავო... არ ვიცი, ასეთ ადამიანებზე რა უნდა ვთქვა!
იცით, გული რაზე მწყდება? - ევროპის ქვეყნებში ცხოველებთან მოქცევას და მათ სიყვარულს სკოლებში ასწავლიან, ჩვენთან კი პირიქით ხდება: ბავშვებს უნერგავენ, რომ ძაღლი ეშმაკის მოგონილია და რომ დაინახავ, ქვა უნდა ესროლო ან ჯოხი უნდა ჩაარტყა.
გული მწყდება, რომ ჩვენი მოსახლეობის ერთი ნაწილი სიყვარულის გარეშე ცხოვრობს, რომ საქართველოში ამდენი უგულო ადამიანია. სწორედ ამის გამოხატულებაა ძაღლის ჯაჭვით დაბმაც. ასეთი ძაღლები უპატრონოებზე არანაკლებ ცოდონი არიან! ძაღლს სახლში რომ მოიყვან, ის ხომ უკვე ოჯახის წევრია? ჩემი შვილი რომ გავიყვანო, ხეზე მივაბა და იქ დავტოვო, ნორმალური იქნება?
სამწუხაროდ, საქართველოში ბევრმა არ იცის, რა არის ცხოველების სიყვარული და მას როგორ უნდა მოექცე. აბა, როგორ ვერ უნდა მიხვდე, რომ დაბმული ძაღლი წამების და ტანჯვის მსხვერპლია. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ჯაჭვით დაბმული ძაღლი არსად მინახავს.
- თუმცა მედალს ორი მხარე აქვს: თითქმის ყველა ქუჩაზე ერთი ძაღლი მაინც წევს, რომელიც აგრესიულია, გამვლელს უყეფს და მანქანებს არ ატარებს, არსებობს ცოფის საფრთხეც, ამიტომ მათი ბევრს ეშინია.
- ძაღლს ქუჩაში რა უნდა. იცით, რამხელა სტრესს განიცდიან, წვიმაში, ქარში, თოვლსა და სიცივეში გარეთ რომ არიან? ზოგი ქვას ესვრის, ზოგი ჯოხს ურტყამს, ზოგი მანქანით ეჯახება... და რამხელა ტრაგედიაა, რომ ამ ყველაფერს ბავშვები უყურებენ, ბავშვის ფსიქიკა რა დღეში ვარდება, ხომ წარმოგიდგენიათ? საიდან ხვდებიან ისინი ქუჩაში, ციდან ხომ არ ცვივიან?! სწორედ ისეთი, უგულო და უსიყვარულო ადამიანების წყალობით ხვდებიან, რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობდით. ნაცვლად იმისა, სახელმწიფომ ძაღლის ქუჩაში გამოგდება აკრძალოს და სათანადო კანონი მიიღოს, ეს პრობლემა არც კი ადარდებთ.
ძაღლების ქუჩაში ყოფნა მარტო ადამიანებისთვის კი არ არის პრობლემა, ძაღლებისთვისაც. ყველა უნდა ხვდებოდეს, როგორ დანაშაულს სჩადის ცალკე ის, ვინც ცხოველს ქუჩაში ტოვებს, და ცალკე კანონმდებლები, რომლებიც არაფერს აკეთებენ, რომ ძაღლი ქუჩაში არ აღმოჩნდეს. საქართველოში ბავშვებს არ ასწავლიან, რომ ძაღლი საუკეთესო მეგობარია, რომ ადამიანი გიღალატებს, ძაღლი კი - არასოდეს.
- ბატონო თამაზ, ბევრს უკვირს, რატომ არიან ისინი აგრესიულები?
- სულ ცოტა ხნით წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა ოჯახმა გაგაგდოთ, ყველაფერი წაგართვეს და უფულოდ, უსახლკაროდ, ქუჩაში დაგტოვეს. თქვენზე არავინ ზრუნავს, ერთ ადამიანთან მიხვედით, ყვირილი დაიწყო და თავიდან მოგიშორათ, მეორემ ჯოხი მოგიქნიათ, მესამემ ქვა გესროლათ... ხასიათი არ შეგეცვლებათ და აგრესიული არ გახდებით?!
მე ძაღლებისა და მგლების გენეტიკური თავისებურებები დაწვრილებით მაქვს შესწავლილი შვეიცარიასა და ავსტრიაში, სადაც სპეციალური კურსები გავიარე. მსოფლიოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ასოცირებული წევრი ვარ და კარგად ვიცი, რომ ევროპაში ამ საკითხს სულ სხვაგვარად აგვარებენ.
- ხომ არ ჯობს თავშესაფრები გავხსნათ და მიუსაფარ ცხოველებს ასე მივხედოთ?
- ვერ დაგეთანხმებით: იცით, რამდენი მიუსაფარი ძაღლია საქართველოში? - აღწერა გავაკეთეთ და დაახლოებით 350 ათასი ძაღლი ცხოვრობს ქუჩაში. ამდენი ძაღლი თავშესაფარში რომ მოვათავსოთ, რამდენი თავშესაფარი უნდა აშენდეს? - ამიტომ ეს არარეალური გზაა.