სოფო ჯაფარიძე ლევან ხაბეიშვილს გამოესარჩლა - "ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება" - კვირის პალიტრა

სოფო ჯაფარიძე ლევან ხაბეიშვილს გამოესარჩლა - "ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება"

თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები. ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძის განცხადებით, ახლა, როცა ყველაზე მეტი მხარდაჭერა უნდა მობილიზდეს, ერთმანეთის წინააღმდეგ წასვლა და დისკრედიტაცია ყოვლად მიუღებელია.

“ჩვენი ყველას მიზანი, ვინც ამ ბრძოლაში ვართ, მგონია, რომ ერთია - რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რეჟიმი და ამ დროს იმ ადამიანების ლანძღვა, ვინც უშიშრად იბრძვის, მცდარიც რომ გეგონოს მისი გზა, უბრალოდ არასწორია. თუ არ ეთანხმები სხვისი ბრძოლის სტრატეგიას, ხელის შეშლას და მის დასუსტებას მაინც ნუ ეცდები.

ახლა, როცა ყველაზე მეტი მხარდაჭერა უნდა მობილიზდეს, ერთმანეთის წინააღმდეგ წასვლა და აქტიური მებრძოლის დისკრედიტაცია არის ყოვლად მიუღებელი. ამ ურთულეს ბრძოლაში საჯარო ლანძღვა კი არა, ერთმანეთის გვერდში დგომა გვჭირდება. ჩვენი ვალდებულებაა, ფოკუსი სწორად გვქონდეს გასწორებული. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ”, - წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გარკვეულ "რევოლუციურ სცენარებზე" განცხადებებს აკეთებს "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი. კერძოდ, ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში მან თქვა, რომ " 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი დედლაინი, როცა საქართველოს ასიათასობით მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ძალაუფლება დაიბრუნოს ხალხმა. ბიძინა ივანიშვილს დამხობის გარეშე, მისი ტაბლოთი ხელში, მისი სუს-ით, მისი შინაგან საქმეთა სამინისტროთი, ვერ მოვერევით".

მისი ეს განცხადებები მკაცრად გააკრიტიკეს "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.