შავი დღე კიევისთვის ანუ პუტინის ცინიკური პასუხი ტრამპის ათდღიან ულტიმატუმზე - კვირის პალიტრა

შავი დღე კიევისთვის ანუ პუტინის ცინიკური პასუხი ტრამპის ათდღიან ულტიმატუმზე

ორიოდე დღის წინ, როდესაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა კრემლის ბინადარს ათ დღემდე შეუმცირა ულტიმატუმის ვადა - ან შეაჩერებ ომს უკრაინაში, ან კიდევ მე ვიცი, რა სანქციებს დაგიწესებთო - ტრამპი სოციალურ ქსელში დიდ უკმაყოფილებას აფიქსირებდა იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინს არავითარი რეაქცია არ ჰქონია მის ამ „სერიოზულ“ დამუქრებაზე...

და, აი, 31 ივლისის გამთენიისას პუტინმა უპასუხა ტრამპს, ოღონდ არა ოფიციალური განცხადებით, არამედ... უკრაინის დედაქალაქის კიევის მორიგი დაუნდობელი დაბომბვით...

რუსეთის მიერ განხორციელებული კომბინირებული საჰაერო შეტევების (რომელშიც მონაწილეობდნენ 309 რუსული კამიკაძე-დრონი და „ისკანდერის“ 8 ფრთოსანი რაკეტა) შედეგად კიევის საცხოვრებელ უბნებში დაიღუპა 6 ადამიანი, 52 კი დაიჭრა/დაშავდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მართალია, მოახერხა 228 რუსული კამიკაძე-დრონისა და სამი ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება, მაგრამ 21 დრონი და ხუთი რაკეტა პირდაპირ მოხვდა კიევის უბნებში...

1-nan-1753950887.jpg
პუტინის ცინიკური პასუხი ტრამპისადმი - რუსული „ისკანდერით“ ჩამოშლილი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო უკრაინის დედაქალაქ კიევში...

ერთ-ერთი რუსული ფრთოსანი „ისკანდერის“ პირდაპირი მოხვედრის შედეგად კიევში საცხოვრებელი კორპუსის ორი სადარბაზო ჩამოიშალა და მაშველები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით მის ნანგრევებში გადარჩენილებისა და დაღუპულების ძებნას განაგრძნობენ...

ეს უკვე ტერორიც აღარაა, ეს უმაღლესი დონის ცინიზმია, რომელსაც კრემლი პუტინის თამადობით არა მარტო უკრაინის, არამედ - მთელი მსოფლიოს მიმართ ამჟღავნებს და მათ შორის - დასავლეთის იმ პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც რატომღაც თვლიან, რომ მათ კრემლის უხუცესი ბინადრის (რომელიც მეოთხედი საუკუნე ბირთვული სახელმწიფოს სათავეშია) შეშინება შეუძლიათ...

ამაზე ფეხი უკვე წაიტეხა აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელსაც ხელმეორედ გაპრეზიდენტობის შემდეგ ნახევარი წელი დასჭირდა თავის თავთან იმის ასაღიარებლად, რომ პუტინი მას უბრალოდ ათამაშებს და დრო გაჰყავს, რათა გააგრძელოს უკრაინის სრული დაპყრობა, შემდგომი სტრატგიული მიზნების განხორციელების დასაწყებად...

ასევე დაგაინტერესებთ: ახალი მიწისძვრები კამჩატკაზე და ვულკანის ამოფრქვევა-პუტინის ატომური წყალქვეშა ნავების ბაზაზე საგანგაშო სიტუაცია იქმნება...

ტრამპმა პუტინს ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა-რა მოხდება 8 აგვისტოს შემდეგ?

სკანდალი მოსკოვში - რუსებმა აღიარეს თალიბების ხელისუფლება, რომლის ნახევრად ოფიციალურ ჰიმნში „რუსულ საფლავებსა და თავის ქალებზე“ აღტაცებით მღერიან

პუტინს უკრაინელმა დრონებმა მშობლიურ ქალაქში მიაკითხეს - როგორ ჩაუშხამეს კრემლის ბინადარს დიდი ზეიმი

8 აგვისტოს, როდესაც ვადა გასდის ტრამპის მხრიდან ათ დღემდე შემცირებულ ულტიმატუმს, შეიძლება ბევრი არც არაფერი მოხდეს, თუნდაც აშშ-მა რუსეთს და მის პარტნიორ ქვეყნებს ყველაზე მკაცრი ეკონომიკური სანქციებიც რომ დაუწესოს, რადგან პუტინის რუსეთმა მართლაც კარგად ისწავლა დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლით თავისი მიზნების განხორციელება...

ამაში კი მთავარი დანაშაული, ძირითადად, ისევ დასავლელ პოლიტიკოსებსა და იმ ბიზნესმენებს მიუძღვით, რომლებიც დიდი მოგების სანაცვლოდ თავად უწყობენ ხელს, რომ რუსეთმა შემოვლითი გზებით მაინც შეისყიდოს ჩიპები თუ სხვა თანამედროვე დასავლური რადიოელექტრონული დეტალები, რომლებსაც შემდეგ უკრაინელები მათ აფეთქებულ სახლებში რუსული „ისკანდერებისა“ თუ „კინჟალების“ ფრაგმენტებში აღმოაჩენენ...

პუტინი უკან არ იხევს და არც დაიხევს, რადგან მას სურს, სანამ ცოცხალია, მოასწროს ახალი რუსეთის იმპერიის შექმნა და ამით შევიდეს არა მარტო რუსეთის, არამედ - მსოფლიო ისტორიაში.

ამიტომაც პუტინის არმია გააგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების ყოველღამისეული დაუნდობელი დაბომბვებით, რისი სრული აღკვეთა მარტო საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, უბრალოდ, ტექნიკურადაც კი შეუძლებელია.

2-nan-1753950887.jpg
უკრაინელი მაშველები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით ცდილობენ, აღმოაჩინონ ნანგრევებში მოყოლილები...

იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს უკრაინის ქალაქებზე რუსული დრონებისა და რაკეტების სისტემატური და მასიური შეტევები, ამისთვის ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის ბევრად უფრო გაძლიერების გარდა, საჭიროა შემტევი შეიარაღებით-ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, კამიკაძე-დრონებითა და საბრძოლო ავიაციით წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, იმ ადგილებში საიდანაც ხდება „შაჰიდ/გერანების“ კამიკაძე-დრონების, ასევე, „ისკანდერის“ აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვება და იმ აეროდრომებზე, საიდანაც „კინჟალის“ აერობალისტიკური და „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის ფრთოსანი რაკეტების გამშვები რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ფრინდებიან...

ეპიზოდურად უკრაინა ამას ახერხებს. გავიხსენოთ თუნდაც გახმაურებული სპეცოპერაცია „აბლაბუდა“ - ტრაილერებიდან აფრენილი მცირეგაბარიტიანი კამიკაძე-დრონებით ხუთ რუსულ აეროდრომზე ერთდროული შეტევის განხორციელება, ორ ათეულამდე რუსული სტრატეგიული და შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენების დაზიანება/აფეთქების წარმატებული შედეგით...

მაგრამ ეს საკმარისი არ გახლავთ. დასავლეთის მუდმივი ყოყმანი, არ გადასცეს უკრაინულ მხარეს შორსმოქმედი სარაკეტო შეიარაღება ან გადაცემის შემდეგ კიევს აუკრძალოს მისი რუსეთის ტერიტორიის ღრმა სიღრმეში გამოყენება, რა თქმა უნდა, ხელ-ფეხს უბორკავს უკრაინის გენშტაბს, სამაგიეროდ, რუსი აგრესორები კიდევ უფრო დაუსჯელად გრძნობენ თავს...

უკრაინული ქალაქების სისტემატური დაუნდობელი დაბომბვების პარალელურად, რუსეთის საოკუპაციო ძალები ახერხებენ მცირე ტემპებით, მაგრამ მუდმივ წინსვლას აღმოსავლეთ ფრონტზეც, რაც კიდევ ერთი უდიდესი საფრთხეა უკრაინის, როგორც სახელმწიფოს მომავლისთვის...