"განკითხვის დღის" იარაღი ერდოღანისთვის?! - საქართველოს მეზობელს შესაძლოა, დიდი და გამანადგურებელი "ჯოკერი" გაუჩნდეს - კვირის პალიტრა

"განკითხვის დღის" იარაღი ერდოღანისთვის?! - საქართველოს მეზობელს შესაძლოა, დიდი და გამანადგურებელი "ჯოკერი" გაუჩნდეს

ეკონომიკური კვლევების სტამბულის ცენტრმა- Istanbul Economics Research-მა, რომელიც პოლიტიკურ საკითხებზეც მუშაობს, თურქეთში გამოკითხვა ჩაატარა და რესპონდენტთა 71 %-დან მიიღო იმის დადებითი პასუხი, რომ თურქეთს საკუთარი ბირთვული იარაღი სჭირდება!

თურქეთის საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით-უნდა ჰქონდეს თუ არა თურქეთს საკუთარი ბირთვული შეიარაღება, ბოლო წლებია მომწიფდა და დაკონკრეტდა, რის თაობაზეც ამავე ბლოგში ჯერ კიდევ გასულ წელს ვწერდით, რომ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის გაუჩნდა ბირთვული ამბიციები და სურს თურქეთი „ბირთვული კლუბის“ სრულუფლებიან წევრად იხილოს რაც შეიძლება ახლო პერიოდშიო...

ოფიციალური ანკარას მომძლავრებულ ბირთვულ ამბიციებზე მეტყველებდა და მეტყველებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

პირველი- თურქეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა ძალზე დაჩქარებული ტემპებით განაგრძო ახლო და საშუალო სიშორის მოქმედების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების დაპროექტება/შექმნა/სერიული წარმოება.

რამდენიმე დღის წინ თურქეთში გამართულ საერთაშორისო საიარაღო გამოფენაზე IDEF-2025 -ზე წარმოდგენილი იქნა პირველი თურქული ბალისტიკური კომპლექსი „ტაიფუნი“,რომელიც რუსული აერობალისტიკური „ისკანდერისა“ და „კინჟალის“ კლასისაა და მასზე თეორიულად და პრაქტიკულადაც შეიძლება ბირთვული ქობინის დამონტაჟება და მისი გადატანა 500-დან 800 კმ სიშორეზე.

მეორე-პრეზიდენტმა ერდოღანმა ძალიან დიდი მონდომება გამოიჩინა იმისთვის, რომ რუსეთს თურქეთში 20 მლრდ დოლარის ღირებულების „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაეწყო,რომლის ოთხმა ატომურმა რეაქტორმა საერთო ჯამში 4 800 მეგავატი სიმძლავრის ენერგია უნდა გამოიმუშაოს.

მართალია, ატომური ელექტროსადგური განეკუთვნება „მშვიდობიანი ატომის“ პროგრამას, მაგრამ ატომურ და ბირთვულ ტექნოლოგიებს გაცნობილ თურქ სპეციალისტებს ძალიან აღარ უნდა გაუჭირდეთ საიარაღო ურან-235-თან თუ პლუტონიუმ-238-თან მუშაობაც...

მესამე-ზემოთხსენებული გამოკითხვისას, რესპონდენტთა 72%-ს არ სჯერა,რომ ნატო აამუშავებს თავისი წესდების მეხუთე პუნქტს კოლექტიური თავდაცვის შესახებ და თურქეთს,როგორც ალიანსის წევრ დაიცავს გარე საფრთხეებისგან.ამიტომაც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა დიდ ნაწილში იზრდება იმის განცდა,რომ თურქეთი ძირითადად თავის იმედზე უნდა იყოს,მათ შორის ბირთვული შეიარაღებით არსენალში.

მეოთხე-ისრაელ-ირანის 12 დღიანმა ომმა აჩვენა ის უპირატესობები და ნაკლოვანობები, რაც ამ ათწლეულებით სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ არამეზობელ ორ ქვეყანას აღმოაჩნდა.

მეხუთე თაობის F-35 საბრძოლო თვითმფრინავების მეოხებით ისრაელმა ათას კმ-ზე მეტად დაშორებული ირანის ცაში სრული ბატონობა მოიპოვა და დაუსჯელად ანადგურებდა სახმელეთო სამიზნეებს, თავის მხრივ ირანის ბალისტიკურმა რაკეტებმაც არაერთხელ შეაზანზარეს ისრაელის ქალაქები, ამ უკანასკნელის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად.

თურქეთს კი დღეს არც მეხუთე თაობის გამანადგურებლები ჰყავს (იმის გამო, რომ 2017 წელს ერდოღანმა პუტინისგან C-400 ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემები შეისყიდა, თავისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპმა თურქეთს დაუბლოკა მეხუთე თაობის F-35 -ების მიყიდვა) და არც ათას კმ-ზე და უფრო შორს მფრენი ბალისტიკური რაკეტები აქვს.

შესაბამისად, ანკარა შეეცდება ერთიც და მეორეც გააჩინოს თურქეთის არმიის არსენალში, მით უმეტეს, რომ სწორედ ისინი არიან ბირთვული იარაღის ძირითადი გადამტანები.

მეხუთე- ნეთანიაჰუ-ერდოღანის პირადი შუღლი გადაზრდილია ისრაელ-თურქეთის ძალიან სერიოზულ დაპირისპირებაში, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ ძალიან არ იჩენს თავს, მაგრამ ის ნამდვილად არსებობს,გინდ ღაზის სექტორთან და გინდაც სირიის მომავალთან დაკავშირებით.

ისრაელ გააჩნია ბირთვული იარაღი, მიუხედავად იმისა, რომ თელ-ავივს ეს არასოდეს უღიარებია ოფიციალურად, თუმცა ასევე ოფიციალურად არც არასოდეს უარყვია.

ანკარას კი არ აქვს ბირთვული შეირაღება, მაგრამ აქვს პრეზიდენტ ერდოღანის უდიდესი ოცნება-ამბიცია „ოსმალეთის ახალი იმპერიის“ შექმნისა, რაც 21-ე საუკუნეში ბირთვული იარაღის ფლობის გარეშე ვერ გამოვა...

მეექვსე- „ბირთვული კლუბის“ ერთ-ერთი ოფიციალური წევრი, პაკისტანი საუკეთესო ურთიერთობებში იმყოფება თურქეთთან და არ შეიძლება იმის გამორიცხვაც, რომ ისლამაბადმა ფარული თეორიული და პრაქტიკული ტექნიკური დახმარება გაუწიოს ანკარას ბირთვული ქობინების კონსტრუირებისას.

თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი-თურქეთის რესპუბლიკა 1979 წლიდან არის ბირთვული იარაღის არგავრცელების ხელშეკრულების მონაწილე და თუკი ის მართლაც მოინდომებს ბირთვული იარაღის შექმნას, გახდება ამ საერთაშორისო აქტის ღია დამრღვევი,აქედან გამომდინარე საპასუხო შედეგებით,მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში,რომელშიც თითქმის ყველა სტრატეგიული დონის ხელშეკრულება მოიშალა და აღარ მუშაობს, რა შეიძლება დაემუქროს თურქეთს თუკი მართლაც დაიწყო ბირთვულ იარაღზე მუშაობა?