ბერიას საიდუმლო წერილი სტალინს და დიდი ბელადის პასუხი თბილისს - როგორ მტკიცდებოდა სიკვდილის ციფრები - კვირის პალიტრა

ბერიას საიდუმლო წერილი სტალინს და დიდი ბელადის პასუხი თბილისს - როგორ მტკიცდებოდა სიკვდილის ციფრები

1990-იანი წლების დასაწყისში კა-გე-ბესა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საარქივო ფონდების ზოგიერთი საიდუმლო დოკუმენტი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, რაც ყოფილი პარტიული ფუნქციონერისა და „პერესტროიკის“ ერთ-ერთი ავტორის, ალექსანდრე იაკოვლევის დიდი დამსახურებაა.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის, შემდგომ კი - რუსეთის ფედერაციის არქივები სულ რაღაც ორი-სამი წელი იყო მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი, დღის სინათლე მრავალმა, მანამდე გულმოდგინედ დაფარულმა საიდუმლო დოკუმენტმა იხილა. ეს საარქივო მასალები, ძირითადად, 1918-1955 წლებს ეხებოდა. თუ საარქივო დოკუმენტების გვერდით საბჭოთა სპეცსამსახურების ვეტერანი ოფიცრების, ასევე, უცხოეთში გაქცეული საბჭოთა დაზვერვის თანამშრომლების (გიორგი აღაბეკოვის, ევგენი დუმბაძის, ვალტერ კრივიცკის, ალექსანდრე ორლოვის და სხვ.) მოგონებებსაც მოვიმარჯვებთ და ობიექტურად გავაანალიზებთ, სიმართლის დადგენასთან უფრო ახლოს აღმოვჩნდებით. მთავარია, რამდენიმე ისტორიულ წყაროს თუ საარქივო დოკუმენტის ანალიზს დავეყრდნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზოთ მკითხველს საკუთარი მოსაზრებები.

ჩვენი საუბარი კვლავ საქართველოს საგარეო დაზვერვის, რომელიც 1921-1991 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის ორგანული და განუყოფელი ნაწილი იყო, ისტორიის საკითხებს ეხება. დღეს 1931-1938 წლების პერიოდზე უნდა ვისაუბროთ.

ნებისმიერი ავტორიტარულ/დიქტატორული რეჟიმი სპეცსამსახურებზე „დგას“: მათ გარეშე შუძლებელია ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდება ან ათწლეულების მანძილზე შენარჩუნება. საბჭოთა კავშირი 70 წელსაც ვერ გაძლებდა და ადრევე გაქრებოდა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან, რომ არა მისი საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია: „ვჩკ-გპუ-ოგპუ-ნკვდ-მგბ-მვდ-კგბ“ - სახელწოდებები იცვლებოდა, პოლიტიკური ტერორი, ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ, გრძელდებოდა.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ისტორიაში არ არსებობდა დიქტატორი, რომელიც იოსებ სტალინის დარად იყენებდა სპეცსამსახურების შესაძლებლობებს. ჯაშუშობა, დეზინფორმაციის გავრცელება, კომპრომეტირება, ფარული მოსმენები და ბოლოს - მისთვის მიუღებელი პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაცია. ეს, ყველაფერი, საბჭოთა დიქტატორის პირადი ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ სტალინისთვის მიზნის მისაღწევად არ არსებობდა არც რაიმე სამართლებრივი ან მორალური დაბრკოლება. ცნობილია, რომ მის პოლიტიკურ ოპონენტებს სტალინის ჯალათები მოსკოვშიც უსწორდებოდნენ, პარიზშიც და მექსიკაშიც. როგორ ჰგავს ეს დღევანდელი რუსეთის მმართველის მოქმედებებს!

ასევე დაგაინტერესებთ: ქართველი საბჭოთა მზვერავების ტრაგიკული ბედი - როგორ ნადირობდა ლავრენტი ბერია ქართველ ემიგრანტებზე

"დააპატიმრეთ და სცემეთ": სატელეფონო ზარი სტალინისგან - დიდი ბელადის ქართული აგენტურა, ორგანიზაცია "კავკასია" და გერმანელები

ლავრენტი ბერიას სისხლიანი გზის დასაწყისი - როგორ მოკლეს სტალინის პირადი მტერი ნოე რამიშვილი?

სტალინის ქართული "დასვენება" ანუ ვინ გააგიჟა ბელადი?! - რა მოხდა ბორჯომში 1951 წლის ოქტომბერში?

საბჭოთა სპეცსამსახურების საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1918-1953 წლებში იოსებ სტალინი უშუალოდ მონაწილეობდა საბჭოთა საიდუმლო პოლიტიკური პოლიციისა და საგარეო დაზვერვის („ვჩკ-გპუ-ოგპუ-ნკვდ-მგბ“), როგორც საორგანიზაციო საკითხების, ასევე, ფუნქცია-მოვალეობებისა და ძირითადი ამოცანების განსაზღვრაში. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სტალინი უკვე 1922 წლიდან ერთპიროვნულად წყვეტდა საკადრო საკითხებსაც: ნიშნავდა და ათავისუფლებდა საბჭოთა სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს. „ დიდი ბელადისთვის“ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მათ ეროვნებას, მთავარი იყო, რომ მისი ბრძანება/დავალება/მინიშნებები შეესრულებინათ. ის ამ საკითხში ნამდვილი „ინტერნაციონალისტი“ იყო. სტალინის გარდაცვალებამდე საბჭოთა სპეცსამსახურებს ხელმძღვანელობდნენ და მის დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ: პოლონელები (ფელიქს ძერჟინსკი და ვიაჩესლავ მენჟინსკი), ებრაელი (ჰენრიხ იაგოდა), რუსები (ნიკოლაი ეჟოვი და ვიქტორ აბაკუმოვი ), უკრაინელი (სემიონ იგნატიევი), რუს-ქართველი (ვსევოლოდ მერკულოვი, რომლის დედა წინამძღვრიშვილი იყო) და ქართველი (ლავრენტი ბერია). ძველი ჩინური ანდაზაა: "არა აქვს მნიშვნელობა, რა ფერისაა კატა, მთავარია, თაგვი დაიჭიროსო", – „დიდი დიქტატორიც“ ამ პრინციპით მოქმედებდა!

picture4-1754027739.jpg

ძერჟინსკი და სტალინი, 1924 წლის ივნისი

1922 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალრი მდივნის თავდაპირველად - შედარებით უმნიშვნელო და ტექნიკურ-ადმინისტრაციულ პოსტზე (როგორც ლენინს წარმოედგინა) დანიშნულმა იოსებ სტალინმა შემდგომ მდგომარეობა იმით განიმტკიცა, რომ ჯერ პოლიტიკურად, ხოლო შემდეგ კი - ფიზიკურად გაანადგურა მოწინააღმდეგენი. 1922 წლის 24 დეკემბერს მძიმედ ავადმყოფი ლენინი ე.წ. ანდერძში წერდა: „ ამხანაგმა სტალინმა, გახდა რა გენერალური მდივანი, მოიპოვა დიდი გავლენა და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი ამ გავლენას სიფრთხილით გამოიყენებსო“. სტალინის მთავარი უპირატესობა ის იყო, რომ მან, სხვადასხვა ხერხებით შეძლო „მთავარი ჩეკისტის“, ფელიქს ძერჟინსკის მანიპულირება და მისი სტრუქტურა, რომელიც ოფიციალურად აღმასრულებელ ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, თანდათანობით მთლიანად პოლიტბიუროს დაუქვემდებარა. სწორედ პოლიტბიუროს სხდომებზე განიხილებოდა „ჩეკისტების“ მუშაობის შედეგები და კონკრეტულ დავალებებსაც უკვე პოლიტბიურო ამტკიცებდა. ამას ადასტურებს ქვემოთ მოტანილი საარქივო დოკუმენტი, რომელიც 1922 წლის 27 აპრილით თარიღდება:

„რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს დადგენილება

ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გპუ-ს საგანგებო უფლებამოსილებების შესახებ

1922 წლის 27 აპრილი

No4, პუნქტი 16 — გპუ-სთვის ადგილზე ბანდიტური ელემენტების პირდაპირ დახვრეტის უფლების მინიჭების შესახებ (ამხანაგ უნშლიხტის წინადადება).

მიეცეს გპუ-ს დანაშაულის ჩადენის დროს დაკავებული ბანდიტური ელემენტების (ანუ შეიარაღებული ძარცვის მონაწილეების) პირდაპირ, ადგილზე დახვრეტის უფლება“.

„რკინის ფელიქსის“ გარდაცვალების შემდეგ, რაც 1926 წლის 20 ივლისს მოხდა, სტალინი, პარტიული აპარატის საშუალებით, უკვე სრულად აკონტროლებდა საბჭოთა სპეცსამსახურებისა და არმიის ხელმძღვანელ კადრებს: ისინი პარტიული ხაზით ანგარიშვალდებულები იყვნენ პოლიტბიუროს (ფაქტობრივად, სტალინის) წინაშე! თუმცა იყო ერთი პრობლემა: სპეცსამსახურებისა და არმიის ქვედა რგოლებში ჯერ კიდევ რჩებოდნენ ლევ ტროცკისა და სტალინის სხვა მოწინააღმდეგეების ერთგული კადრები.

1926 წელს საბჭოთა კავშირში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად გაჩაღდა სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ბოლშევიკური ხელისუფლების ორ ფრთას შორის. ერთ მხარეს იყვნენ სტალინი, ბუხარინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი და სხვ., ხოლო მეორე ფრთაზე - "ძველი რევოლუციონერები": ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი და სხვ. იდგნენ. გამარჯვებულს რჩებოდა ყველაფერი, ხოლო დამარცხებულს ადრე თუ გვიან განადგურება ელოდა.

1926 წლის 1 ივნისს იოსებ სტალინი ტფილისში ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ საქართველოში ერთგული ხალხი შეერჩია და მოსკოვში, მნიშვნელოვან პოსტებზე გადაეყვანა. სამი თვის შემდეგ სტალინმა სერგო ორჯონიკიძე მოსკოვში გადაიყვანა და სახელმწიფო ("მუშურ-გლეხური") ინსპექციის სახალხო კომისრად დანიშნა, ხოლო მის მაგივრად პარტიის ერთ-ერთი უხუცესი წევრი, მამია ორახელაშვილი "აირჩიეს". ოთხი წლის შემდეგ კი ამიერკავკასიაში დიდი "საკადრო კარუსელი" დატრიალდა. ბოლშევიკური პარტიის პირველი მდივნები იყვნენ, შესაბამისად : ალექსანდრე კრინიცკი (ნოემბერი 1929-1930); ბესარიონ ლომინაძე ( 1930 წლის ნოემბერი - 1930 წლის დეკემბერი); ლავრენტი ქართველიშვილი ( 1930 წლის დეკემბერი - 1931 წლის 11 ნოემბერი) და კვლავ მამია ორახელაშვილი (1931 წლის 11 ნოემბერი - 1932 წლის 17 ოქტომბერი).

ამ ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებას უშუალოდ სტალინი იღებდა, თუმცა რეკომენდატორი, უმეტეს შემთხვევებში, სერგო ორჯონიკიძე იყო. "ბელადი" სერგოს უსმენდა, თუმცა კადრებს იმის მიხედვით არჩევდა, თუ ვინ იყო ადრე მისი პირადი- პოლიტიკური მტრების ( ტროცკის, ზინოვიევის, კამენევის, ბუხარინის, რიკოვის, ტომსკის და სხვ.) "გუნდის წევრი". ამიტომაც იყო, რომ ძალზე ბევრი ადამიანი დახვრიტეს, სტალინის მტრებთან მეგობრობის გამო.

"დიდი ტერორის" დროს სტალინი ხელმძღვანელობდა კარგად ცნობილი პრინციპით: "ჩემი მტრის მეგობარი, ჩემი მტერია". გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში სტალინი ცდილობდა, "ძველი ბოლშევიკები" ახალგაზრდა და ერთგული კადრებით ჩაენაცვლებინა. სტალინი ყურადღებით აკვირდებოდა ახალგაზრდა, პენსნეიანი "ამხანაგი ლავრენტის" საქმიანობას, რომელიც პირადად მას აწვდიდა „საინტერესო ინფორმაციას“.

picture3-1754027738.jpg

ოსტატი და შეგირდი

ამჟამად ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის შეხვდნენ სტალინი და ბერია პირველად ერთმანეთს, არ არსებობს. საინტერესოა ერთი დეტალი: გამოქვეყნებულია კრემლის კაბინეტში სტალინის მიერ სხვადასხვა პირების მიღების აღრიცხვის ჟურნალები, სადაც ბერიას გვარი პირველად 1932 წლის 9 ოქტომბერს ფიქსირდება. ბელადთან აუდიენცია ერთ საათს გაგრძელდა: ბერია სტალინის კაბინეტში 17:45 საათზე შევიდა და 18:45 საათზე გამოვიდა. სავარაუდოდ, ეს შეხვედრა ბერიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნას უკავშირდებოდა. ერთი კი დაზუსტებით შეიძლება ითქვას: დიდი დიქტატორი ბერიას ყველაზე საიდუმლო და რთულ დავალებებს ანდობდა.

საინტერესოა, კონკრეტულად რა დამსახურებისთვის დააწინაურა სტალინმა ბერია, რომელსაც პარტიული მუშაობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა და მის დანიშვნას საქართველოშიც და მოსკოვშიც ბევრი მოწინააღმდეგ ჰყავდა? ლავრენტის აქტივში ერთადერთი "პლუსი" ათ წლიანი "ჩეკისტური" მუშაობა იყო. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სტალინმა ბერიას ჯერ კიდევ 1922 წლიდან „დაადგა თვალი“. ახალგაზრდა ქართველი "ჩეკისტის" ავტორიტეტი ბელადის თვალში განსაკუთრებით 1924 წლის „აგვისტოს აჯანყების“ სისხლში ჩახშობის შემდეგ ამაღლდა. შემდგომ წლებშიც გამოიჩინა თავი ბერიამ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წინააღმდეგ ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებაში. ბერიასთვის უმნიშვნელოვანესი კი მაინც 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი ლიდერის, ნოე რამიშვილის მკვლელობის ორგანიზება იყო. ლავრენტიმ სტალინის თვალში გამოცდა "წარმატებით ჩააბარა" და მალევე, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, 1931 წლის ოქტომბერში საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი, ხოლო ზუსტად ერთი წლის შემდეგ - ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი ხდება.

ერთი კი დანამდვილებით ვიცით: ლავრენტი ერთგულად ასრულებდა "ბელადის" დავალებებს. სტალინს კი თავიდან მოსაცილებელი საბჭოთა კავშირშიც ბევრი ჰყავდა და ემიგრაციაშიც. 1921-1931 წლებში ლავრენტი ბერიას მონაწილეობით თუ მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული ოპერაციების უდიდესი უმრავლესობის შესახებ საარქივო დოკუმენტები ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია.

picture2-1754027738.jpg

თანდათანობით ბერია სტალინის აჩრდილად და მისი ბრძანება/მინიშნებების შემსრულებლად იქცა

ასე, რომ ახალგაზრდა ლ. ბერიას მონდომებამ - სტალინისთვის ერთგულება დაემტკიცებინა, შედეგი მალევე გამოიღო. 1931 წლის 19 აგვისტოს სტალინი, რომელიც შავ ზღვაზე ისვენებდა, მოსკოვში პოლიტბიუროს წევრ ლაზარ კაგანოვიჩს წერილს უგზავნის და ავალებს, რომ საქართველოში საამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაჩქარებისთვის საქმეში ჩართონ ამიერკავკასიის “ჩეკას” თავმჯდომარე ბერია. ეს იყო “ბელადის” მიერ ახალგაზრდა ბერიას “ჩეკადან” - პარტიულ-სამეურნეო სამუშაოზე დაწინაურების პირველი ეტაპი. იმავე წლის 31 ოქტომბერს მოსკოვში ჩატარებულ პოლიტბიუროს სხდომაზე ბერია ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მეორე მდივნად და იმავდროულად - საქართველოს ცკ-ის პირველ მდივნად დაამტკიცეს. ამის შემდეგ ლავრენტის შანსი მიეცა, უფრო ხშირად შეხვედროდა სტალინს: პირველ რიგში, შავ ზღვაზე დასვენების პერიოდში. ლავრენტი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდა. 1932 წლის 13 ივლისს ბერია კაგანოვიჩს აცნობებს: “ორჯერ ვიყავი ამხ. კობასთან და საშუალება მქონდა, დაწვრილებითი ინფორმაცია მიმეწოდებინა ჩვენი საქმეების შესახებ”. მალევე ბერიას აღზევების მომდევნო ეტაპი დაიწყო.

1932 წლის 12 აგვისტოს დასავენებლად მყოფი სტალინი კაგანოვიჩს წერს: “ბერია კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. კარგი ორგანიზატორი, საქმიანი, იმედის მომცემი მუშაკია... მიუხედავად იმისა, რომ ბერია არ არის ცკ-ას წევრი (ის კანდიდატიც კი არაა), მაინც მოგვიხდება მისი წარდგენა ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივნის პოსტზე”.

სტალინის გადაწყვეტილებით, 1932 წლის 17 ოქტომბერს ამიერკავკასიის ლიდერად ახალგაზრდა კომუნისტი, თუმცა უკვე გამოცდილი "ჩეკისტი" ლ. ბერია დაინიშნა. ის 1937 წლის 23 აპრილამდე სამი რესპუბლიკის (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) ბატონ-პატრონი იყო, ხოლო 1938 წლის 22 აგვისტომდე ლ. ბერია საქართველოში სტალინის თვალი, ყური და მახვილი იყო. ის პირადად ხელმძღვანელობდა რეპრესიებს და მაშინ ნკვდე- გპეუმ, მართლაც, რომ “სისხლიანი კალო” მოუწყო ხალხს. სწორედ ამ პერიოდზე მოდის საქართველოში სისხლიანი რეპრესიების პიკი. ლ. ბერია დაუნდობლად ანადგურებდა ყველას, ვის შესახებაც „დიდი ბელადი“ მისცემდა მითითებას. პარალელურად, ბერია იმათაც უშვებდა დახვრეტაზე, ვინც მისი კონკურენტი იყო ან შეიძლება მომავალში გამხდარიყო. იმ პერიოდში მიმდინარე დაუნდობელი რეპრესიების დამადასტურებელი მრავალი დოკუმენტი არსებობს. ორ მათგანს დღეს გაგაცნობთ.

1937 წლის 22 სექტემბერს საბჭოთა შინსახკომის ხელმძღვანელი, ნიკოლაი ეჟოვი შემდეგი შინაარსის სრულიად საიდუმლო დაშიფრულ დეპეშას გზავნის სტალინის სახელზე.

ოქმი . PB No. 54 გვ. 25

1937 წლის 24 სექტემბერი

კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივან

ამხანაგ სტალინს

ამხანაგი მიქოიანი ითხოვს, რომ სომხეთის ანტისაბჭოთა ელემენტებისგან გასაწმენდად დაშნაკებისა და სხვა ანტისაბჭოთა ელემენტების დამატებით 700 ადამიანის დახვრეტას. მე გთავაზობთ დამატებით 1500 ადამიანის დახვრეტას, ხოლო წინასწარ დამტკიცებული რიცხვით სულ 2000 ადამიანის.

სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისარი ეჟოვი

1937 წლის 22 სექტემბერი

დოკუმენტზე შემდეგი რეზოლუციებია: „თანახმა ვარ“, "ი. სტ.; მოლოტოვი, კაგანოვიჩი, კალინინი, ჩუბარი.

ნ. ეჟოვი 1940 წელს დახვრიტეს, არა რეპრესიებისთვის, არამედ, როგორც „უცხო ქვეყნების ჯაშუში“.

ანასტას მიქოიანი კი, რომელიც ორმოცი წლის მანძილზე (ლენინიდან მოყოლებული, ბრეჟნევამდე) იყო საბჭოთა პოლიტბიუროში, ოთხმოცს გადაცილებული, მშვიდად მიიცვალა მოსკოვში, 1978 წელს.

მეორე საარქივო დოკუმენტი კი საქართველოს ეხება.

picture1-1754027738.jpg

როგორც ვხედავთ, 1937 წლის 8 ივლისს ლ. ბერია სრულიად საიდუმლო დაშიფრულ დეპეშას გზავნის მოსკოვში, პირადად სტალინის სახელზე და “დიდ ბელადს” უპატაკებს: თქვენი დავალება შესრულებულია და: “...ანტისაბჭოთა ელემენტებთან საბრძოლველად სამეული შექმნილია შემდეგი შემადგენლობით: შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე რაფავა, საქართველოს რესპუბლიკის (ზუსტად ასეა, გასაკვირია, მაგრამ პოლიტბიუროსთვის გაგზავნილ ტექსტში გამორჩათ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჩაწერა? - ბ.ა.) პროკურორი ტალახაძე და რესპუბლიკის მილიციის უფროსი წერეთელი”.

სანამ ამ დოკუმენტის მეორე ნაწილზე გადავალთ, მკითხველს მინდა ვაცნობო, რომ ე.წ. სამეულები, როგორც არასასამართლო ორგანო, საბჭოთა კავშირის ოგპეუს წინადადებით შეიქმნა, 1929 წლის 29 ოქტომბერს: სასამართლოები ვეღარ აუდიოდნენ “ხალხის მტრების” გასამართლებას და “სამეულები” “წაეშველნენ”. 1937 წლის 5 ივლისს “სამეულებს” უფლება მიეცათ, სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოეტანათ.

“სამეულის” შემადგენლობაში შედიოდნენ:

1. შინსახკომის ხელმძღვანელი;

2. პროკურორი

3. პარტიული ხელმძღვანელი (რესპუბლიკის ცკ-ას პირველი ან მეორე მდივანი).

“სამეულის” პერსონალურ შემადგენლობას მოსკოვში, პოლიტბიუროს სხდომაზე ამტკიცებდნენ. იქვე განიხილავდნენ და ამტკიცებდნენ დასაჭერი და დასახვრეტი “ხალხის მტრების” საკონტროლო (ანუ სავარაუდო) ციფრებსაც. რეპრესიები ტარდებოდა ორი კატეგორიის მიხედვით: პირველი - დახვრეტა და მეორე - 8-10 წლით პატიმრობა ან გადასახლება.

როგორც ზემოთ მოყვანილ დოკუმენტში ჩანს, ბერიამ რატომღაც თავი აარიდა „სამეულში“ პარტიული ხელმძღვანელის კანდიდატურის დასახელებას (რაც უეჭველად წინდაწინ იქნებოდა სტალინთან შეთანხმებული) და დასახვრეტად ლიმიტი 1 419 კაცზე, ხოლო პატიმრობა-გადასახლებისთვის - 1 562 ადამიანზე მოითხოვა. ამავე დროს ბერია თავს იზღვევს და 2000-მდე ადამიანის რეპრესიის “მარაგს” იტოვებს. დოკუმენტს მარცხენა მაღალ კუთხეში აქვს წარწერა: “ეჟოვს”, რომელიც მაშინ საბჭოთა შინსახკომს ხელმძღვანელობდა. დოკუმენტის ფურცელზე კარგად იკითხება ლურჯი ფანქრით დაწერილი სტალინის რეზოლუცია: “დამტ.” სტ. თანახმა არიან და მკაცრი იერარქიული თანმიმდევრობთ მიხედვით დოკუმენტს ხელს აწერენ: მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი, კოსიორი, მიქოიანი. ეს თანმიმდევრობა კარგად აჩვენებს 1937 წლის ივლისისთვის არსებულ ძალთა გადანაწილებას საბჭოთა იმპერიაში.

რამდენიმე დღის შემდეგ მოსკოვიდან თბილისს აცნობეს: დაგიმტკიცდათ შემდეგი ციფრები: პირველი კატეგორია - 2000, მეორე კატეგორია - 3000. ლ. ბერიას სასწრაფოდ უნდა მოეძებნა დასახვრეტად დამატებით 571, ხოლო 8-10 წლით პატიმრობა/გადასახლებისთვის დამატებით - 1438 ადამიანი. „გეგმის“ შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავად მოხვდებოდა პირველ კატეგორიაში. მაშინ ან ჯალათი უნდა ყოფილიყავი , ან მსხვერპლი. თუმცა თავად ჯალათებიც მალე აღმოჩნდნენ პირველ კატეგორიაში. „ხალხთა ბელადი“ კი არ ცხრებოდა და ყოველ თვე (!) უზრდიდა რეპრესიების გეგმას („ლიმიტებს“) რესპუბლიკებსა და რეგიონებს.

( მერვე ნაწილის დასასრული)