ტრამპი ცოლის ჭკუაზე დადის?! - იღებს თუ არა უმშვენიერესი მელანია გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს?
ბრიტანული გაზეთი „ინდეფენდენტი“ (The Independent) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ტრამპის ყველაზე სანდო მრჩევლები? იგი უყურებს ტელევიზორს და ზოგჯერ მელანიასაც უსმენს“ (ავტორი - ენდრიუ ფაინბერგი). „პრეზიდენტის პოლიტიკაში ღაზასთან და უკრაინასთან მიმართებით მომხდარი მკვეთრი ცვლილებები შეიძლება აიხსნას იმ ფაქტების გავლენით, რომ იგი უყურებს ტელევიზორს და უსმენს თავის ცოლს - მელანიას“, - ნათქვამია სტატიაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
აშშ-ის პრეზიდენტის სამსახურშია სადაზვერვო მონაცემებისა და ინფორმაციის მომპოვებელი უდიდესი უწყებები, რომლებსაც შეუძლიათ, ისარგებლონ ქვეყნის ტექნოლოგიური და დიპლომატიური ძლიერებით და პრეზიდენტს ყველაზე ახალი და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ თემაზე.
პრეზიდენტს შეუძლია, მოითხოვოს თანამგზავრული ფოტოსურათები, რომლებზეც მსოფლიოს, პრაქტიკულად, ნებისმიერი ადგილის საოცარი დეტალებია ასახული. მას ასევე შეუძლია მოითხოვოს ის სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მიღებულია საერთაშორისო ტელესაკომუნიკაციო ქსელებზე წარმოებული დაკვირვებით ან მზვერავ-ჯაშუშთა შეტყობინებების საფუძველზე, რომლებიც ისეთ ადგილებზე იმყოფებიან, სადაც ამერიკელთა უმრავლესობა ყოფნას ვერ გაბედავდა და არც მოესურვებოდათ.
მაგრამ რამდენადაც დონალდ ტრამპმა თავისი პოზიცია შეცვალა, ორი მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური საკითხის - ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კრიზისისა და უკრაინის მიმართ, მას რჩევა არ უკითხავს არც თავისი თანამზრახველებისათვის ადმინისტრაციაში და, საერთოდ, არც არავისათვის.
პრეზიდენტს აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისაკენ უბიძგა ორმა მთავარმა ფაქტორმა: პირველი - ტელეეკრანებზე ნაჩვენებმა ნგრევამ და დიდმა დანაკარგებმა, რომელიც ღაზაშიც ხდება და უკრაინაშიც და მეორე - ყველაზე ახლო, მაგრამ არაოფიციალური მრჩევლის - საკუთარი ცოლის, აშშ-ის პირველი ლედის მელანიას თვალსაზრისმა.
(...)
„პრეზიდენტი მეოჯახე კაცია. იგი მშობელია, მას შვილიშვილები ჰყავს... როცა იგი ტელევიზიით ყოველდღიურად უყურებს ნგრევას, საშინელებებს, პატარა ბავშვების სიკვდილს, ეს ყველაფერი მასზეც იმავენაირად მოქმედებს, როგორც ნებისმიერ ამერიკელზე. პრეზიდენტსაც აქვს გრძნობები, გული და ემოციები“, - უთხრა „ინდეფენდენტს“ თეთრი სახლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ანონიმურობის დაცვით.
ასევე დაგაინტერესებთ: "სიკვდილი მიწისქვეშეთიდან": რეპორტაჟი ამერიკული საიდუმლო ობიექტიდან, საიდანაც მსოფლიოს განადგურება შეიძლება - რა მოხდება 2026 წლის თებერვალში?!
"როგორ იყენებს დონალდ ტრამპი „სიგიჟის თეორიას“ მსოფლიოს შესაცვლელად" - რას წერს BBC?
უკრაინასთან და ისრაელთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს ხშირად ერთი ფაქტორი განსაზღვრავს: დონალდ ტრამპი ხშირად აღიარებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას მისი ცოლის, მელანიას (ეროვნებით სლოვენიელი ქალის) პოზიცია ახდენს.
როცა პრეზიდენტმა პენტაგონს უკრაინისადმი სამხედრო დახმარების განახლება უბრძანა, მან მოტივად ცოლთან საუბარი დაასახელა: „მივედი სახლში და პირველ ლედის ვეუბნები - „დღეს ვლადიმერს ველაპარაკე და ძალიან კარგი საუბარი გამოგვივიდა“. „მართლა? - მპასუხობს ცოლი, - აი, სწორედ ახლა დაიბომბა უკრაინის კიდევ ერთი ქალაქი“.
გასულ სამშაბათს კი დონალდ ტრამპმა თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ცოლი ღაზას სექტორში შექმნილ სიტუაციას „საშინელს“ უწოდებს: „ისიც იმავე ვიდეოკადრებს და სურათებს ხედავს ტელეეკრანზე, როგორსაც თქვენ და ჩვენ, ყველა... და მე ვფიქრობ, რომ ვერავინ გულცივი ვერ დარჩება იმ კადრების ხილვით, როცა ბავშვები იღუპებიან“.
მეგან მობსმა, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური დესპანის - კიტ კელოგის ქალიშვილმა, „ინდეფენდენტს“ უთხრა, რომ დონალდ ტრამპი მელანიას რჩევებს აფასებს და ითვალისწინებს. „მათ ძალიან ღია ურთიერთობები აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ მისის ტრამპი ქმრისთვის ერთ-ერთ უახლოეს მრჩეველს წარმოადგენს“, - ამბობს იგი.
ყოფილი მოდელის გავლენა აშშ-ის პრეზიდენტზე შეიძლება მოულოდნელიც იყოს, თუ გავითვალისწინებთ ერთ გარემოებას: იმ ქალების უმრავლესობისაგან განსხვავებით, რომელიც პირველი ლედის მოვალეობას ასრულებდნენ, მისის მელანია ტრამპი თავისი საქმიანობისათვის ყველაზე მეტ დროს ნიუ-იორკში ატარებს, სადაც მისი ვაჟი, [19 წლის] ბერონ ტრამპი, უნივერსიტეტში სწავლობს.
რასაკვირველია, თეთრი სახლი კომენტარს არ აკეთებს იმაზე, თუ როგორია პირველი ლედის სამუშაო გრაფიკი ან სად და რატომ იმყოფება იგი, მაგრამ წყარომ, რომელიც პრეზიდენტთან ახლოსაა, გვითხრა, რომ სადაც უნდა იყოს პირველი ლედი, ამა თუ იმ დღეს [მას ყოველთვის კავშირი აქვს თავის მეუღლესთან], მისი გავლენის შეუფასებლობა შეცდომა იქნებოდა.
მოამზადა სიმონ კილაძემ