იმიტირებული "დიდი ოქტომბრის რევოლუცია"?! - "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი დამაარსებლის სკანდალური განცხადება: "ისეთი მეტსახელები,  როგორიც არის „ანიტა“ ან - კვირის პალიტრა

იმიტირებული "დიდი ოქტომბრის რევოლუცია"?! - "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი დამაარსებლის სკანდალური განცხადება: "ისეთი მეტსახელები,  როგორიც არის „ანიტა“ ან „ფაქიზო“, სააკაშვილის დროს დამკვიდრდა

რევოლუციური განწყობები თუ რეალობისგან მოწყვეტილი ფსონი? - ამ კითხვას აჩენს იმ ოპოზიციური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერების ინიციატივა, რომლებიც 4 ოქტომბერს „ისტორიული გამარჯვების დღედ“ აცხადებენ და მოქალაქეებს ქუჩაში იბარებენ. „დღის წესრიგში დგას არა უბრალოდ არჩევნების ბოიკოტი ან პროტესტი, არამედ - ივანიშვილის ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობა“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.

პარალელურად, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ეროვნული კრების გამართვას აანონსებს. „4 ოქტომბერს, დღის 16:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს“ - აცხადებს მსოფლიო ბანი.

ამ ამბავში ყველაზე უცნაურია, რომ ლევან ხაბეიშვილის პარტიის ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ რევოლუციის თარიღი წინსწრებად არ ანონსდება, ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს - საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა სრულიად გაუმართლებელია. ეს პასუხისმგებლობაა, რაც „დასავლეთში უკიდურესად ნეგატიურად აღიქმება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ანალიტიკოსი, მირიან მირიანაშვილი საკუთარ ვერსიებს გვთავაზობს:

- 4 ოქტომბერს ივანიშვილის დამარცხების რესურსები უბრალოდ არ ჩანს, ეს არის ფაქტი. სურვილებისა და შესაძლებლობების ერთმანეთში არევა, ზოგადად, ქართულ პოლიტიკას მუდმივად ახასიათებს. დღევანდელი ოპოზიციას რესურსული დეფიციტი აქვს. ვერც 4 ოქტომბერს შეხვდებიან ისინი მოწინააღმდეგეს მასშტაბური რესურსებით. შესაბამისად, მე არ მჯერა იმის, რასაც ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე აცხადებენ.

- რა არის ოპოზიციის მთავარი პრობლემა, რატომ ვერ ახერხებს რესურსების მობილიზებას?

- ქართული ოპოზიციის ფუნდამენტური ხარვეზი გარეძალებთან პოლიტიკური კომუნიკაციის არარსებობაშია. ისინი ან ვერ ახერხებენ, ან უბრალოდ არ ცდილობენ გავლენიან საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებთან სისტემურ ურთიერთობას. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი პოლიტიკურ პროცესს პრიმიტიულად უყურებს - თითქოს ყველაფერი არჩევნებზეა დამოკიდებული. რეალურად, თანამედროვე პოლიტიკაში არჩევნებში წარმატებას აღწევს მხოლოდ ის ძალა, რომელსაც საერთაშორისო პოლიტიკუმის მხარდაჭერა აქვს

ანუ სერიოზული კომუნიკაციის გავლენიანი გადაწყვეტილების მიმღები პირების გარეშე ეს ბრძოლა გამარჯვებით ვერ დასრულდება. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი დღეს ყველაზე ძლიერ მოთამაშეებად ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სენატორი ლინდსი გრემი არიან. მსოფლიოში ბევრი სხვა გავლენიანი ადამიანია, მაგრამ მხოლოდ ამ ორ ადამიანს შეუძლია სახელმწიფოებრივი ცვლილებების ორგანიზება. მათ ხელშია ბერკეტები, რომლებიც ცვლის სახელმწიფოს პოლიტიკურ რეალობას.

- ფიქრობთ, ასეთ შესაძლებლობებს რუსეთში ვერ ფლობენ?

- რუსეთსაც ბევრი შეუძლია, ერდოღანსაც დიდი გავლენა აქვს რეგიონში, მაგრამ მათ შესაძლებლობებს ვერ შეედრება ის, რაც რუბიოს და გრემს აქვთ. სხვა მოთამაშეებზე საერთოდ საუბარიც ზედმეტია. დასკვნა: თუ ასეთ მასშტაბურ და გადამწყვეტ ბრძოლაში შენ არ გაქვს ამერიკის ამ დონის ფიგურებთან მტკიცე და ვალდებულებითი კომუნიკაცია, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური სურვილების საკითხი - ეს არის შესაძლებლობების გამათანაბრებელი პრაგმატიზმი. როგორი „სამამულო ბრძოლაც“ არ უნდა იყოს გამოცხადებული, თუ მოწინააღმდეგის შესაძლებლობებთან რამდენიმე დონით მაინც გათანაბრებული არ ხარ, მაშინ გამარჯვებაზე საუბარი ილუზიაა.

- ასეთი კომუნიკაციები არც „ქართულ ოცნებას“ აქვს...

- დიახ, მაგრამ ქართულ ოცნებას სხვა ტიპის რესურსები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ გათავხედებულია და ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ოპოზიციის შინაარსობრივ დეფიციტს ხედავს. ივანიშვილი საპირწონეს ვერ ხედავს და ხშირად, ტრადიციული ფორმულით რომ ვთქვათ, „დაუკრეფავში გადადის“, მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მისი მოქმედებები ჩვენთვის მიუღებელია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის უნარებში ეჭვი შეგვეპაროს...

ასევე დაგაინტერესებთ: ხაბეიშვილის "რევოლუცია", პაატა ბურჭულაძის "მშვიდობიანი დამხობის გეგმა" და შეშფოთებული ოპოზიცია - "ამ განცხადებებით მოგებული რჩება მხოლოდ ხელისუფლება"

"მე გადავწყვეტ, ვის ავახიო ფული და მერე ვის დავურიგო": ჩვენ ვნახეთ, რა მოუტანა ამ პრინციპმა ქვეყანას" - რატომ მიიჩნევს ირაკლი მელაშვილი, რომ "ნაცმოძრაობამ" ჭკუა ვერ ისწავლა?!

რა გეგმას სთავაზობს გია ხუხაშვილი ოპოზიციას?! - "საარჩევნო უბანთან­ 500 კაცი რომ დადგება, როგორ­ გაბედავენ ძველი ბიჭებითა და ნარკუშებით გაყალბებას, ამასაც ვნახავთ"

საქართველოს საგარეო პოლიტიკა გადაყვანილია დაუფარავი ლოდინის რეჟიმში - ველოდებით, როდის ჩამოყალიბდება გარერეალობა, სადაც გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ნათელი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს არ უნდა მოქმედება მანამ, სანამ ყველაფერი არ გამოიკვეთება ანუ რისკზე ვერ მიდის. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით სიტუაციის შეფასებას - ეს მარტივია, რადგან ძალთა ბალანსი მკაფიოდაა წარმოსახვადი და ამას არც განსაკუთრებული უნარები სჭირდება.

- დღეს ოპოზიციურ ველზე არა მხოლოდ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ - შიდადაპირისპირებაც შესამჩნევია, მათ შორის - „ნაციონალურ მოძრაობაში“.

- ამ თემაზე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, უკვე დადგა მომენტი, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. დავიწყებ ხაბეიშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ის სუსის თანამშრომელია და ზედმეტსახელად „ანიტას“ ეძახიან. უშიშროებაში ისეთი სახის სასაცილო ზედმეტსახელები, როგორიც არის „ანიტა“, „ფაქიზო“, „პონჩიკა“ და სხვა. სწორედ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დამკვიდრდა, მაშინ, როცა უწყებაში უამრავი დილეტანტი მივიდა.

მანამდე, განსაკუთრებით ედუარდ შევარდნაძის დროს, ზედმეტსახელები რეგლამენტირებული იყო და სერიოზულ სტანდარტებს ექვემდებარებოდა. თუ ხაბეიშვილი ნამდვილად ამ ზედმეტსახელის მატარებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სწორედ სააკაშვილის მმართველობის პერიოდშია "დავერბოვკებული". ამიტომ, თუკი თინა ბოკუჩავა რამეს ამბობს, ბოლომდე უნდა თქვას სიმართლე. ნახევრად ნათქვამი მხოლოდ ახალ კითხვებს აჩენს. ჩვენ უკვე გამოვიარეთ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როცა ადამიანების მიმართ ყველაზე გავრცელებული ბრალდება იყო სუკ-ის თანამშრომლობა. ასე რომ, თუ ბოკუჩავა მეტ სიცხადეს არ შეიტანს ამ განცხადებაში, დარჩება განცდა, რომ მხოლოდ შიდაპარტიული დაპირისპირებაა, რაც მთელ ამბავს არასერიოზულ შთაბეჭდილებას უტოვებს.

მე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და ამ პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი, ერთ რამეს დანამდვილებით გეტყვით: როგორც ყოფილი მეუღლის, ასევე ყოფილი პარტიის მხრიდან ჩემთან ხშირად მოდის ინფორმაცია, თუმცა თავად უკვე აღარ მაქვს ამისადმი არც ინტერესი და არც მოტივაცია. იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ჩემს ხელთ არის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების რეალური შესაძლებლობა აღარ აქვს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ პარტიამ ვერ ააწყო მუდმივი, სისტემური კომუნიკაცია გავლენიან საერთაშორისო ძალებთან. საგარეო კონტურებზე მუშაობა ოპოზიციური პარტიებისთვის სტანდარტიზებული პრაქტიკაა მთელ დემოკრატიულ მსოფლიოში - განსაკუთრებით ევროპაში. ჩვენც გვინდა, თითქოს ევროპული ტიპის პარტია ვიყოთ, მაგრამ დღეს ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს იმგვარი პოლიტიკური იერსახე, რომელიც ამ სტანდარტს აკმაყოფილებს. ამიტომაც პარტია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ - ვერც გარეველზე ვერ აფიქსირებს საკუთარ გავლენას. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც აღარ შეიძლება მისი განხილვა სერიოზულ ოპოზიციურ ძალად, არც შიგნით და არც გარეთ.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)