კრემლის „სასიკვდილო რეკორდი“ და ახალი საშიში იარაღი "გერან 3" - როგორ მოიგერიებენ უკრაინელები რეაქტიულ დრონებს?!
31 ივლისის გამთენიისას, რუსული კამიკაძე-დრონებისა და „ისკანდერის“ ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით უკრაინის დედაქალაქის კიევის დაუნდობელ დაბომბვაზე ამ ბლოგში უკვე ვწერდით გუშინდელ სტატიაში „შავი დღე კიევისთვის ანუ პუტინის ცინიკური პასუხი ტრამპის ათდღიან ულტიმატუმზე“, თუმცა მაშინ ინფორმაცია მხოლოდ 6 დაღუპულსა და 52 დაჭრილზე იყო...განვლილ ერთ დღეში, რუსული „ისკანდერის“ ფრთოსანი რაკეტის მიერ აფეთქებული საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლილი სადარბაზოს ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ იმდენი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლის ცხედარი ამოიყვანეს, რომ დაღუპულთა საერთო რაოდენობამ...31-ს მიაღწია (რომელთა შორის სამი ბავშვია) და შეიძლება ეს არც იყოს საბოლოო რიცხვი...
გასაგები ხდება თუ რატომ გამოაცხადა ისედაც ამ საშინელ ომში მყოფმა უკრაინამ გლოვის დღე - ასეთი დიდი მსხვერპლი ერთ შენობაზე მოხვედრილ რუსულ რაკეტას აქამდე არ გამოუწვევია...
მშვიდობიან ქალაქში, რომელიც ასეული კმ-ითაა დაშორებული ფრონტის ხაზიდან და მის საცხოვრებელ კორპუსებს მიზანმიმართულად როდესაც ხვდება რაკეტები, ეს არის როგორც სამხედრო დანაშაული, ასევე ატარებს გენოციდის ნიშნებს, მიმართულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინასწარგანზრახულად განადგურების მიზნით, მაგრამ ვინ ან როგორ მოსთხოვს პასუხს პუტინის რუსეთს?
პუტინის აგრესორმა რუსეთმა „სასიკვდილო მსოფლიო რეკორდი“ დაამყარა, როდესაც გასულ, ივლისის თვეში 6 297 ერთეული „შაჰიდის“, „გერანისა“ და „გერბერას“ ტიპის დრონი გაუშვა უკრაინის მიმართულებით!
მართალია ,უკრაინის საჰაერო თავდაცვამ შესძლო მათგან 3 558-ის ჩამოგდება და 2 023-ის განეიტრალება რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით (ნაწილი რუსული დრონებისა იმიტატორები გახლდნენ, უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემის გადასატვირთვად და თავად დაენარცხნენ მიწას საწვავის მარაგის ამოწურვის შემდეგ), მაგრამ 716 კამიკაძე-დრონი მაინც დაეცა მიზანს და აფეთქდა და ეს მიზნები ხშირად სწორედ საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრები თუ საავადმყოფოები იყო და არა სამხედრო ობიექტები...
ასევე 31 ივლისს რუსეთმა უფრო ინტენსიურად დაიწყო რეაქტიული „შაჰიდების“ გამოყენებაც...
მისი ისტორია შემდეგია - უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ირანმა რუსეთს Shahed-136 ტიპის კამიკაძე-დრონების პარტიების მიყიდვა დაიწყო (მის ბაზაზე რუსებმა აითვისეს Герань-2 ტიპის კოპირებული კამიკაძე-დრონების სერიული წარმოება) , რომლებსაც შიდაწვის ძრავა და საჰაერო ხრახნი ეყენათ, შესაბამისად 180 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს ვერ ავითარებდნენ და უკრაინულმა მობილურმა საზენიტო ჯგუფებმა მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევების ჯერებით მათი მასიურად ჩამოგდების პროცესი კარგად დახვეწეს...
2023 წელს ირანმა პირველად გამოაჩინა Shahed-238 ტიპის მოდერნიზებული კამიკაძე-დრონი, რომელსაც უკვე ტურბორეაქტიული ძრავა ეყენა და შესაბამისად მისი მაქსიმალური სიჩქარე 600 კმ/სთ-მდე გაიზარდა, რითაც ის ერთგვარ იაფასიან ფრთოსან რაკეტას დაემსგავსა.
ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპმა პუტინს ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა-რა მოხდება 8 აგვისტოს შემდეგ?
პუტინს უკრაინელმა დრონებმა მშობლიურ ქალაქში მიაკითხეს - როგორ ჩაუშხამეს კრემლის ბინადარს დიდი ზეიმი
შესაბამისად, ამ სიჩქარით მფრენი საჰაერო ობიექტის ჩამოგდება ტყვიამფრქვევებიდან გახსნილი ცეცხლით თითქმის შეუძლებელი გახდა, მით უმეტეს,რომ რეაქტიულ „შაჰიდს“ 9 კმ მაქსიმალურ სიმაღლეზეც შეუძლია ფრენა.
რუსეთმა რეაქტიული Shahed-238 -იც დააკოპირა Герань-3-ის სახელით და ეტყობა ახლა იწყებს მათ მასიურ გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ.
თუკი უკრაინულ მობილურ საზენიტო ჯგუფებს ტყვიამფრქვევებიდან გახსნილი ცეცხლით აღარ შეეძლებათ სამჯერ უფრო სწრაფად მფრენი რეაქტიული „შაჰიდ/გერანების“ ჩამოგდება , მაშინ სად არის გამოსავალი?
ბრძოლის ველზე დაბრუნდება „იგლას“, „სტინგერისა“ თუ „პერუნის“ ტიპის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც ნაკლებეფექტიანები იყვნენ შიდაწვისძრავიანი „ჰაჰიდ/გერანების“ წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან შიდაწვის ძრავა მუშაობისას შედარებით ნაკლებ სითბურ გამოსხივებას გამოყოფს და მისი „ჩაჭერა“ ინფრაწითელი დამიზნების სისტემით აღჭურვილ „იგლებსა“ და „სტინგერებს“ უჭირდათ.
მაგრამ,რეაქტიულძრავიანი ახალი „შაჰიდ/გერანები“ ძრავის საქშენიდან თითქმის იმავე სიმხურვალეს გამოყოფონ, როგორც რუსული ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც არაერთი ჩამოუგდიათ „სტინგერებით“ უკრაინელ მეზენიტეებს და შესაბამისად „გერან-3“-ებსაც იგივე ბედი ელოდებათ...
თუმცა, აქაც არის ორი მნიშვნელოვანი ნიუანსი -თუკი „გერან-3“-ები 4 კმ სიმაღლეზე მაღლა იფრენენ, მათ ვერც გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპექსებიდან მისწვდებიან და უკრაინელ მეზენიტეებს მოუწევთ უფრო ძლიერი და შესაბამისად ძვირი საზენიტო რაკეტების გამოყენება და მეორეც -ტყვიამფრქვევებისგან განსხვავებით, უკრაინელ მეზენიტეებს „სტინგერებისა“ და „იგლების“ რაკეტების რაოდენობა შეზღუდული აქვთ (რომ აღარაფერი ვთქვათ „ნასამსა“ თუ „ირის-ტ“-ზე), რუსი აგრესორები კი პირიქით,ყოველთვე „სასიკვდილო რეკორდს“ ამყარებენ და ზრდიან უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული კამიკაძე-დრონების რიცხვს...