ქართულ პოლიგონზე გადაბრუნებულ ავტომობილში დაშავებული ორი ამერიკელი სამხედრო გადარჩა, ლიეტუვაში კი... - კვირის პალიტრა

ქართულ პოლიგონზე გადაბრუნებულ ავტომობილში დაშავებული ორი ამერიკელი სამხედრო გადარჩა, ლიეტუვაში კი...

„ნორიოს საწვრთნელ არეალში, მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) მიმდინარეობის დროს ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, გადაბრუნდა ავტომობილი. ამ დროისთვის, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. თავის დაზღვევის მიზნით უტარდებათ კვლევები", - განაცხადეს 1 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროში.

მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ ერთი კვირაა რაც მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა სამხედრო პოლიგონებზე და მის ფარგლებში სწავლებაში ჩართული ამერიკული მანქანები ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან ბორნით შემოვიდა, ფოთის პორტში გადმოიტვირთა და სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში განლაგდა. ამერიკული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილ ჯავშანმანქანებთან ერთად, სენაკიდან ვაზიანში თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გავლით ჩავიდა.

2-swavleba-1754075720.png

წლევანდელ სწავლებაზე ამერიკელებმა ასეთი მაღალმობილური მანქანებიც ჩამოიყვანეს, რომლებიც სპეცდანიშნულების ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი და მათ არათუ შეჯავშნა, კარებიც კი არ აქვთ-შემთხვევით სწორედ ასეთი მანქანა,ხომ არ გადაბრუნდა,რასაც ორი ამერიკელი სამხედროს დაშავება მოჰყვა?

ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი დაკომპლექტებული იყო ამერიკული მაღალმობილური, მრავალმიზნობრივი ჯავშანმანქანებით „ჰამვებით“და საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანმანქანებით - ქართული წარმოების „დიდგორი“ და „კობრა“.

რამდენიმე წლის წინ,ასევე „მტკიცე სულის“ მრავალეროვნული სწავლების დროს ამ სტატიის ავტორსაც მოუწია ფოთის პორტში ბორანიდან ჩამოტვირთული ამერიკული ჯავშანმანქანების „სტრაიკერების“ კონვოით სენაკიდან ქუთაისამდე „გასეირნება“-80 კმ/სთ-მდე სიჩქარით მქროლავ „სტრაიკერზე“ ზემოდან შემომჯდარს საკმაო შთაბეჭდილებები დამიტოვა და გამახსენა 1992-93 წლები,როდესაც ცხინვალში(სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში) და აფხაზეთში საბჭოთა „ბე-ტე-ერ“-ებზე „ამხედრებულები“ რომ დავქროდით...

3swavleba-1754075747.jpg

შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა M88 Hercules-ი, რომლის მსგავსიც ლიეტუვას პოლიგონზე ჭაობში ჩაიძირა და ოთხი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა...

საბედნიეროდ ის კონვოიც, რომელშიც თავად ვიმყოფებოდი და წლევანდელი კონვოიც, სენაკიდან ვაზიანამდე მშვიდობინად ჩამოვიდა, მაგრამ...

მაგრამ,ინციდენტი, როგორც ხედავთ მაინც მოხდა და თანაც უშუალოდ ნორიოს პოლიგონზე, რისგანაც სამწუხაროდ დაზღვეული არავინაა, რადგან საველე სამხედრო სწავლებების დროს ასეთი რამეები ხდება.

ჩვენ კიდევ გაგვიმართლა და ორივე დაშავებული ამერიკელი სამხედრო, იმედია მალე სრულად გამოჯანმრთელდება, მაგრამ არ გაუმართლათ ლიეტუვაში ჩატარებულ წვრთნებში მონაწილე პენტაგონის წარმომადგენლებს...

2025 წლის მარტის ბოლოს ლიეტუვაში პაბრადეს პოლიგონზე მიმდინარე საერთაშორისო სწავლების დროს ჭაობიან ადგილას მოხვდა და ჩაიძირა აშშ-ის მე-3 ქვეითი დივიზიის 1-ლი ბრიგადის შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა M88 Hercules-ი,რასაც მის შიგ მსხდარი ოთხი ამერიკელი სამხედროს დაღუპვა მოჰყვა.

4swavleba-1754075770.png
ლიეტუველებს ჭაობის ნაწილობრივ ამოშრობა დასჭირდატ 63 ტონიანი „ჰერკულესის“ დიდი წვალებით ამოსათრევად...

„ჰერკულესის“ მოძებნას ჭაობში გარკვეული დრო მოუნდნენ,თუმცა მის ჭაობიდან ამოყვანას კი დღეები დასჭირდა, რადგან „აბრამსის“ ტანკის ბაზაზე დამზადებული „ჰერკულესი“ 63 ტონაზე მეტს იწონიდა და მის ამოსათრევად ჭაობის ნაწილობრივ დაშრობაც კი მოუწიათ.

უბედური შემთხვევები სამწუხაროდ ქართულ პოლიგონებზეც მომხდარა, გავიხსენოთ თუნდაც 1990-იან წლებში ყულევის საზღვაო პოლიგონზე სადესანტო კატარღიდან ნაპირზე დესანტის გადასხმისას ტრაგიკულად დაღუპული ორი ქართველი ჯარისკაცი...

საბჭოთა პერიოდში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებების დაგეგმვისას თავიდანვე ითვალისწინებდნენ, რომ უბედური შემთხვევების შედეგად სწავლების ბოლოს რამდენი პროცენტი დაღუპული და დაშვებული შეიძლება ჰყოლოდათ.

ეს რა თქმა უნდა არასწორია და სწავლების დაგეგმვისას და მისი ჩატარების პერიოდშიც უსაფრთხოების ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული,რომ ეს არ მოხდეს, თუმცა ამისგან დაზღვეული არავინაა-დღესაც თვალწინ მიდგას ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორის გაფითრებული სახე, როდესაც კრწანისის სასწავლო ცენტრში, ავღანეთში გასაგზავნი მორიგი ქართული კონტინგენტის მომზადებისას მრავალტონიანმა შეჯავშნულმა „ემრაპმა“ სანტიმეტრებში დაამუხრუჭა ჩაცუცქული ქართველი კაპრალების გვერდით...