"გალაკტიონს თვალები უბრწყინავდა. გადამეხვია, მაკოცა, საწერ მაგიდას მიუჯდა, ორიოდე წუთში კი ექსპრომტად შეთხზული ლექსი გამომიწოდა და მითხრა..." - ერთი ლ - კვირის პალიტრა

"გალაკტიონს თვალები უბრწყინავდა. გადამეხვია, მაკოცა, საწერ მაგიდას მიუჯდა, ორიოდე წუთში კი ექსპრომტად შეთხზული ლექსი გამომიწოდა და მითხრა..." - ერთი ლექსის ამბავი

კომპოზიტორ ლევან მიზანდარის ბავშვობის ერთი მოგონება გაგრძელდა მაშინ, როცა ხელოვნების სასახლეში რამდენიმე ქართველი კომპოზიტორის არქივზე მუშაობდა. ამბავი ეხება დიმიტრი არაყიშვილისა და გალაკტიონის შეხვედრას და პოეტის კომპოზიტორისადმი მიძღვნილ ლექსს.

- ბავშვობაში ერთი საოცარი წიგნი მქონდა, სახელწოდებით ,,მუსიკის სამყარო“, რომლის ავტორი ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე პავლე ხუჭუა გახლდათ. ეს წიგნი მოგვითხრობდა მუსიკის წარმოშობისა და განვითარების ისტორიაზე, საორკესტრო ინსტრუმენტებზე, მუსიკალურ მიმართულებებსა და კომპოზიტორთა სახალისო თავგადასავლებზე. ალბათ, ამ წიგნმაც განაპირობა ის, რომ დღეს ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს ვუკითხავ სალექციო კურსს - ,,მუსიკა და სამყარო“.

ამ წიგნში ერთი ამბავი ეწერა, რომელიც დიდობაში ჩემი სამეცნიერო საქმიანობის ნაწილად იქცა.

დიმიტრი არაყიშვილის მოგონებიდან:

"ერთხელ, საღამოთი, გალაკტიონი მესტუმრა. ძალზე აღელვებული მეჩვენა. სდუმდა ან მოკლედ პასუხობდა შეკითხვებზე. მთხოვა, რამე დამეკრა. მივუჯექი როიალს და ვუკრავდი ჩემს რომანსებს, ხალხურ სიმღერებს, ნაწყვეტებს ჩემი ოპერიდან "თქმულება შოთა რუსთაველზე". გალაკტიონი უხმოდ მისმენდა. ცოტას რომ შევისვენებდი, მთხოვდა, კიდევ რამე დაუკარიო. შუაღამემ მოაწია, დავიღალე და დაკვრა შევწყვიტე.

შევხედე გალაკტიონს და განვცვიფრდი:

მხიარულად გამოიყურებოდა, თვალები უბრწყინავდა. გადამეხვია, მაკოცა, საწერ მაგიდას მიუჯდა, ორიოდე წუთში კი ექსპრომტად შეთხზული ლექსი გამომიწოდა და მითხრა:

"ჩემო დიმიტრი, ეს საღამო ჩემთვის დაუვიწყარია!"

საჩქაროდ გამომემშვიდობა და წავიდა.

მე გალაკტიონის პოეზიის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მისი ეს ექსპრომტი ჩემთვის უძვირფასესი საჩუქარია:

მსგავსი რამ მე არ მსმენია!

ეს ხმაა მზისა და ჩრდილის,

მასში ხმოვანებს გენია,

გენია არაყიშვილის!

იგი სულია ივერთა

სიმშვენიერის შიშველის,

ბრძოლისა და სიყვარულის

ხმათა მათ გაუთიშველის!

მადლობა, დიდი მადლობა

ქართულმა ხმებმა მიშველეს!

გალაკტიონ ტაბიძე

1949 წ. 12 ნოემბერი, საღამოს 9 საათი".

galaktionis-leksi-1754142062.jpg

2014-2018 წლებში ვმუშაობდი საქართველოს ხელოვნების სასახლეში, სადაც დავამუშავე ქართველი კომპოზიტორების - ალოიზ მიზანდარის, დიმიტრი არაყიშვილის, ვიქტორ დოლიძის, ოთარ თაქთაქიშვილის, დავით თორაძისა და ნუგზარ ვაწაძის პირადი არქივები. ქართველი კომპოზიტორის, დიმიტრი არაყიშვილის (1873-1953) არქივი საკმაოდ დიდია. 73 ყუთში ინახება შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი 2213 საქმე, კომპოზიტორის მთელი განვლილი ცხოვრება.

არქივი ასახავს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებას, ცარიზმის, დამოუკიდებელი საქართველოს, გასაბჭოების, მეორე მსოფლიო ომისა თუ შემდგომ პერიოდს, სადაც ნათლად ჩანს ხელოვანის ხვედრი, წარმატება თუ გაჭირვება.

არქივის დამუშავებისას სრული ერთი წელი წარსულში ვიცხოვრე.

ერთხელაც, კვლევა-ძიებისას წავაწყდი ჩემთვის ნაცნობ, გალაკტიონის ლექსის ხელნაწერს, რომელიც ბავშვობიდან ზეპირად ვიცოდი. ძალიან გამიხარდა, მაგრამ ავტორის ხელმოწერა და ერთი სტრიქონი აკლდა, თანმიმდევრობაც დარღვეული იყო.

"მსგავსი რამ მე არ მსმენია.

ქართულმა ხმებმა მიშველეს,

და კვლავ ხმოვანებს გენია -

გენია არაყიშვილის.

იგი სულია ივერთა

სიმშვენიერის შიშველის,

ბრძოლისა და სიყვარულის

ხმათა მათ გაუთიშველის,

მადლობა, დიდი მადლობა"

leksis-samushao-varianti-1754142081.jpg

საკუთარ თავზე ვერ ავიღე პასუხისმგებლობა, მეთქვა, რომ ჩემ წინ გალაკტიონის ხელნაწერის სამუშაო ვარიანტია-მეთქი... არაყიშვილების ოჯახს დავუკავშირდი და ვთხოვე, სახლში ლექსის დედანი მოეძებნათ. სამწუხაროდ, ვერ ნახეს...

მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და უეცრად, დიდი მაესტროს შვილიშვილებმა ერთ-ერთ წიგნში აღმოაჩინეს გალაკტიონის ხელნაწერი ლექსი, რომელიც სხვა პირად ნივთებთან ერთად (მათ შორისაა კომპოზიტორის როიალი და ავეჯი, ხელნაწერები, სხვადასხვა დროს გამოცემული ნაწარმოებები, წერილები, ფოტოები, ავტოგრაფიანი წიგნები, ნახატები და სხვ.) საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს გადასცეს.

2023 წლის 16 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა. საღამოზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა მაესტრო ელდარ გეწაძესთან ერთად შეასრულეს დიმიტრი არაყიშვილის რომანსები, გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა კი მუსიკოს დავით შუღლიაშვილის მონაწილეობით - საგალობლები და ხალხური სიმღერები, რომლებიც თავის დროზე დიმიტრი არაყიშვილმა ჩაწერა.

საგამოფენო ვიტრინაში გამოფენილ ლექსს რომ დავხედე, მივხვდი, რომ არაყიშვილის პირად საარქივო ფონდში დაცული ლექსი ნამდვილად გალაკტიონის ხელნაწერის სამუშაო ვარიანტი იყო. სრული დასტურისთვის ფოტო გადავიღე და ვთხოვე ჩემს მეგობარს, ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდის მცველ თამარ მაისურაძეს შეედარებინა ხელნაწერები. ვარაუდი გამართლდა! ეროვნული ბიბლიოთეკის გარდა, ხელოვნების სასახლესაც შეემატა დიდი მგოსნის კიდევ ერთი ავტოგრაფი.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)