"სააკაშვილის დროს, როდესაც ბიზნესებს აშანტაჟებდნენ, ის ამ ამბავს გადაურჩა და ტაძრის განახლებისთვის ბევრი იშრომა. მადლიერების ნიშნად ჯაჭვის ერთი რგოლი მივეცი, თუმცა შემდეგ კვლავ მონასტერში დააბრუნა"
თბილისის შემოსასვლელთან, ავჭალის მხარეს, მთის წვერზე პატარა ტაძარი დგას. მთას პეტრეს მთა ეწოდება, ტაძარი კი პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის სახელობისაა. ტაძარში პეტრე მოციქულის ჯაჭვის ასლი ინახება, რომელიც, ლოცვის თანხლებით, რომში დაცულ ორიგინალ ჯაჭვს შეეხო. აქვეა დაცული პეტრე მოციქულის წმინდა ნაწილი და დედა ღვთისმშობლის იშვიათი ხატი, ტაძრის შორიახლოს კი მაკურნებელი თვისებებით ცნობილი „ჯაჭვის წყარო“ მოედინება.
მონასტრისკენ მიმავალ ვიწრო და გრძელ გზას მომლოცველები ყოველდღიურად მიუყვებიან. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა 29 იანვარს, პეტრეს ჯაჭვთა თაყვანისცემის დღეს, და 12 ივლისს - პეტრეპავლობის დღესასწაულზე, როდესაც სიწმინდე ლუსკუმიდან გამოაქვთ და მასთან მიახლება ყველას შეუძლია. გადმოცემით, საპყრობილეში ჯაჭვებით შებორკილ თავმოციქულს თავად უფლის ანგელოზმა ახსნა ჯაჭვი და უვნებლად გამოიყვანა ციხიდან. მონასტერში დაცული ჯაჭვის ასლი სწორედ ამ უდიდეს სასწაულს უკავშირდება და მორწმუნეებისთვის განსაკუთრებული თაყვანისცემის საგანია.
მამა რაფაელი (ბერიტაშვილი), მონასტრის წინამძღვარი:
- წლების წინ ხმა გავრცელდა, თითქოს ჩვენს ტაძარში პეტრე მოციქულის ორიგინალი ჯაჭვის რგოლები ინახებოდა. სინამდვილეში, ვატიკანიდან მამა გიორგი რაზმაძემ ორი რგოლი ჩამოიტანა, რომელზეც ერთხანს ეკიდა პეტრე მოციქულის ჯაჭვი, რომელიც ჩვენს მონასტერში არ ინახებოდა. ამ მითმა ბევრი დააბნია, ამიტომ სიმბოლურად ამოვიტანე ჯაჭვი, რათა ხალხს მოელოცა. მისი სიმძიმეც განზრახ გავთვალე, რათა ხალხს არასწორი წარმოდგენა არ გასჩენოდა და ტაძრის გარშემო ტარება არ დაეწყოთ.
მამა გიორგი რაზმაძე: - ვატიკანთან გვქონდა მოლაპარაკება, მაგრამ ჯერვატიკანიდან მერიაში გაგვგზავნეს, მერიამ - ისევ ვატიკანში, მერე მოხდა ჩვენთვის სასიხარულო ამბავი: ტაძრის ერთმა მცველმა, სადაც პეტრე მოციქულის ჯაჭვები ინახება, ლუსკუმა გაგვიხსნა და სიწმინდესთან შეხების უფლება მოგვცა. მას ავუხსენით, რომ საქართველოშიც გვაქვს პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის ძველი ტაძარი და თუ შესაძლებელი იქნებოდა, სულ მცირე ნაწილი მაინც გამოეტანებინათ ჩვენთვის. მან მართლაც მოგვცა ჯაჭვის ორი რგოლი, რომელსაც, ალბათ, საუკუნეების განმავლობაში ეჭირა პეტრე მოციქულის ჯაჭვები. ერთი რგოლი ახლა პანტანასას მონასტერში ინახება.
- მეორე რგოლი ერთ ახალგაზრდას პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის მონასტერში დაუბრუნებია. მასთან როგორ აღმოჩნდა ეს რგოლი?
- ტაძრის აღდგენის დროს ჩვენთან ახალგაზრდა კაცი მოვიდა, სახელად პეტრე. სააკაშვილის დროს, როდესაც ბიზნესებს აშანტაჟებდნენ, ის ამ ამბავს გადაურჩა და მადლიერების ნიშნად ტაძრის განახლებისთვის ბევრი იშრომა. მე კი, მადლიერების ნიშნად ჯაჭვის ერთი რგოლი მივეცი, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ მონასტერში დააბრუნა.
მამა რაფაელი:
- რომში უწმინდესის კურთხევით წავედით. მოვილოცეთ წმინდა პეტრეს ტაძარი, სადაც ორიგინალი ჯაჭვები ინახება. ჩვენი სურვილი იყო, საქართველოდან ჯაჭვის ასლი ჩაგვეტანა, ორიგინალზე დაგვედო, პარაკლისი გადაგვეხადა და საქართველოში დაგვებრუნებინა. თავიდან უარი გვითხრეს, ვატიკანი სიწმინდეს მკაცრად აკონტროლებს, ლუსკუმა წლებია არ გახსნილაო. მაგრამ მოხდა სასწაული: ჯაჭვები გაგვიხსნეს, ჩვენი ჩატანილი ასლი ორიგინალზე დავადეთ და პარაკლისიც გადავიხადეთ. მანამდე ჯაჭვით იერუსალიმი მოვილოცეთ - ის ადგილი, სადაც პეტრე მოციქული იყო შებორკილი და ანგელოზმა გაათავისუფლა.
თუ ადამიანი მძიმე განსაცდელშია ან განსაკუთრებული სიყვარული და სასოება აქვს პეტრე მოციქულის მიმართ, შეუძლია მოვიდეს და სიწმინდე მოილოცოს.
ჯვრის მონასტრის მთას ადრე ქვემო ზადენისა და ჯაჭვთა მთას ეძახდნენ, მონასტრის მოპირდაპირედ, მთის ფერდობზე დღესაც არის ნასოფლარი, სახელად ჯაჭვი, სადაც მოედინება ჯაჭვის წყარო. როგორც ერთმა მოძღვარმა ამიხსნა, სავარაუდოდ, ეს სახელები უკავშირდება პეტრე მოციქულის ჯაჭვისგან სასწაულებრივ გათავისუფლებას, რომელიც 29 იანვარს მოხდა. ეს დღე ჩვენთვის ყოველთვის დიდი დღესასწაული იყო, უამრავი ხალხი მოდიოდა, მაგრამ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ პეტრე მოციქულობას ვზეიმობდით.
- დედაღვთისას საკვირველმოქმედ ხატზეც გვიამბეთ...
- იშვიათი ხატია, სლავური ფერწერის ნიმუში. ღვთისმშობელს გვერდით წმინდა დიდმოწამე პარასკევა უდგას. ხატი სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლიდან მოხვდა ჩვენს მონასტერში. ის წლების განმავლობაში ინახებოდა ერთ ოჯახში. სოფლის მოსახლეობა რასაც შეევედრებოდა - გვალვის დროს წვიმას, შვილიერებას, განკურნებას - დედაღვთისას ხატი უსრულებდა! კომუნისტების დროსაც, როცა ოჯახი შესაძლოა რელიგიისგან შორს იყო, ხატი გულმოდგინედ ჰქონდათ შენახული.
საბოლოოდ, ოჯახის მემკვიდრემ, რომელიც უცხოეთში სამუშაოდ მიდიოდა, ხატი ჩვენს მონასტერს შესწირა. ვკითხე კიდეც, ასეთი სიწმინდე გაქვს, შეევედრე, რატომ გადაწყვიტე უცხოეთში წასვლა-მეთქი, მან კი მიპასუხა: მონასტერშია მისი ადგილი, აქ უფრო საიმედოდ იქნებაო. დედაღვთისამ ჩვენს მონასტერში ინება დავანება. ის საკურთხეველშია დაბრძანებული. საჭიროების შემთხვევაში მომლოცველებისთვის გამოვაბრძანებთ ხოლმე.
- მამაო, რაიმე განსაკუთრებულ ამბავს ხომ არ გაიხსენებთ?
- ჩვენი ტაძარი ხალხში „საავადმყოფოს“ სახელით იყო ცნობილი. როდესაც მედიცინის კანონებით ადამიანის განკურნების იმედი აღარ არსებობდა, ექიმები ურჩევდნენ ავადმყოფს პეტრე მოციქულის ტაძრისთვის მიეპყროთ მზერა და განკურნებისთვის ელოცათ, იქნებ გიშველოსო. ტაძარი ხელისგულივით ჩანდა საავადმყოფოების ფანჯრებიდან. განკურნებული ადამიანები მადლიერების ნიშნად ტაძარში ამოდიოდნენ, ცხვრებს და მამლებს სწირავდნენ -– მამალი ხომ სიმბოლურად პეტრე მოციქულს უკავშირდება.
პატრიარქის კურთხევით, 2012 წელს გადმოვედი მონასტერში და საშინელი მდგომარეობა დამხვდა. მთელი ორი-სამი წლის განმავლობაში ყოველდღე მიწევდა ხალხისთვის ახსნა, რომ ტაძარი სიწმინდეა, სადაც რწმენაა მთავარი და არა გარეგნული მსახურება. მომლოცველები სანთლებს კედლებზე აკრავდნენ, ცხოველებს ეზოში კლავდნენ, რაც გარემოს აბინძურებდა. ამ მხრივ მდგომარეობა უკვე გამოსწორებულია, კურნების მადლი და სასწაულებრივი შეწევნა კი ადამიანებს დღემდე ეძლევათ. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა უშვილო წყვილებს შვილი შეეძინათ, ავადმყოფებს ჯანმრთელობა დაუბრუნდათ.
წაიკითხეთ სრულად - თავმოციქულის ჯაჭვის ასლი, ჯაჭვის წყარო და ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი