„საუბარი დამხობასა და გადატრიალებაზე უკიდურესად არასერიოზულია“
"4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის თარიღად გამოცხადება ნათელი ილუსტრაციაა იმისა, თუ რამდენად არასერიოზულად უდგება ზოგიერთი პოლიტიკოსი პოლიტიკურ პროცესს", - ამ განცხადებით გამოეხმაურა პოლიტიკის ანალიტიკოსი ვიქტორ ყიფიანი "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის "ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის" გეგმას. ანალიტიკოსი ასევე ეხმაურება, ოქტომბრისთვის დაანონსებული რევოლუციის, ასევე ოპოზიციურ ველზე არჩევნების საკითხზე შექმნილ აზრთა სხვადასხვაობას და ამბობს, რომ ნაცვლად პოზიციათა და რესურსების შეკავშირებისა, ოპოზიცია მთელ ენერგიას შიდა დაპირისპირებაში ხარჯავს. კითხვას, ექნება თუ არა ოპოზიციური ელექტორატის მხარდაჭერა ბურჭულაძისა და ხაბეიშვილის გეგმას, ვიქტორ ყიფიანი ამგვარად პასუხობს:
- ღრმად განცვიფრებული ვარ ამ იდეის გამო - საუბარი დამხობასა და გადატრიალებაზე უკიდურესად არასერიოზულია. ასეთი მოწოდებები შეიძლება ემოციურად მიმზიდველია, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ისინი უკვე კანონის ზღვარზე გადიან. ვიღაცისთვის შეიძლება კანონის ზღვარი პირობითი ცნებაა, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ბევრი კანონი თავად "ქართული ოცნების" პარტიულ ინტერესებზეა მორგებული, სამართლიანობა და კანონიერება კი ყოველთვის ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. მესამე რაიხშიც არსებობდა კანონმდებლობა, მაგრამ ნიურნბერგის პროცესმა ნათლად დაგვანახა, რომ ეს ყველაფერი უსამართლო და არაჰუმანური იყო. ამიტომ მხოლოდ კანონზე მითითება არ კმარა, მაგრამ დამხობისკენ მოწოდება ნებისმიერი, თუნდაც უსამართლო რეჟიმის პირობებში არასწორად მიმაჩნია. პოლიტიკის სახელით ასეთ პროვინციულ ყაიდაზე საუბარი ჩემთვის, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია. ასეთი გზით ვერ მოხდება არსებული სისტემის დემონტაჟი და ახალი, უკეთესი მოდელის აშენება. ძალიან მიკვირს დამხობის დაანონსება მათგან, ვისაც ქართულ პოლიტიკაში არაერთი წელი აქვთ გატარებული. მე მათგან უფრო გააზრებულ მოქმედებას მოველოდი. რაც შეეხება მხარდაჭერის რესურსს - დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი მოწოდებები ვერ მიიზიდავს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას. ჩემი პოზიცია არ ნიშნავს "ქართული ოცნების" არც გათეთრებას და არც მათი პოლიტიკის მხარდაჭერას, მაგრამ ბრძოლა მხოლოდ მიზნის დასახვაში არ გამოიხატება, მნიშვნელოვანია, რა მეთოდით სთავაზობ ბრძოლას საზოგადოებას.
- ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" ოქტომბერში გამარჯვებას გაიფორმებს და თუ ოპოზიცია ქუჩაში გამოსულ ხალხს ისევ შინ გაუშვებს, საპროტესტო მუხტი საბოლოოდ განელდება.
- საპროტესტო მუხტის მობილიზება ჯერ კიდევ შეიძლება უფრო ცივილიზებული ფორმით. ეს შეიძლება იყოს ან არჩევნებში მონაწილეობა, ან საყოველთაო მოწოდება ბოიკოტისკენ. მთავარი ერთიანი პოზიციაა: გადაწყვეტილება უნდა იყოს კონსოლიდირებული, რათა ოპოზიციური რესურსი არ გაიფანტოს და ამომრჩეველი არ დარჩეს დაბნეული. ორივე შემთხვევაში შესაძლებელია ხალხის მობილიზება. თუმცა ამ ორივე ვარიანტთან შედარებით, გადატრიალების ან დამხობის დეკლარირება, მისი პოპულარიზაცია და პროვოცირება მიუღებელია, ეს იქნება დაბრუნება წარსულში, რომლის გაკვეთილებიც, სამწუხაროდ, ბევრს ჯერაც არ გაუთავისებია. მინდა შევახსენო მკითხველს, რაოდენ ძვირად დაუჯდა საქართველოს 90-იანი წლების სახელმწიფო გადატრიალებისა და სამოქალაქო არეულობის მორევიდან ამოსვლა. რამდენი წელი დასჭირდა ქვეყანას ამ ჭრილობების მოსაშუშებლად. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ ნაიარევი დღესაც არ არის მოშუშებული. ამ მორევში დაბრუნება ან მსგავსი მოწოდებები პოლიტიკური ინფანტილიზმია და სახელმწიფოსადმი უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულება.
- ოპოზიციის ორივე მხარე უკვე თვეზე მეტია თავიანთ არგუმენტებს გვაცნობს - თქვენ რომელ მხარეს ხედავთ სწორ პოზიციას?
- პირადად ჩემთვის გაცილებით სწორი და გასაგებია არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე ბოიკოტი. სხვადასხვა გამოკითხვით, განსაკუთრებით თბილისში, შესაძლოა სხვა ქალაქებშიც, რეალურია პოზიტიური შედეგის მიღწევა - ოპოზიციის გამარჯვება. ეს სერიოზული ბონუსი იქნებოდა როგორც პარტიებისთვის, ასევე ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის. წარმატებული ადგილობრივი არჩევნები გახდებოდა მნიშვნელოვანი პლაცდარმი პროცესის ცენტრალურ დონეზე გადასატანად - იქნებოდა ეს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა თუ 2028 წლისთვის მზადება. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა, პრაქტიკულად, ამოგდებულია დღის წესრიგიდან.
- ზოგიერთი ანალიტიკოსის ვერსიით, ოპოზიციურ ბანაკებს შორის დაპირისპირება მხოლოდ ფორმალობაა, სინამდვილეში ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ. მაგალითად, რამაზ საყვარელიძის აზრით, არ არის გამორიცხული ეს სტრატეგია გულისხმობდეს ოპოზიციური წნეხის ორი მიმართულებით განხორციელებას: ინსტიტუციური ბრძოლით - ანუ პარლამენტში შესვლით და პარალელურად ქუჩიდან ზეწოლით. მისივე განმარტებით, ეს მოდელი კარგად ნაცნობია პოსტსაბჭოთა პოლიტიკაში, სადაც ქუჩა ხშირად გამოიყენება პოლიტიკური წონასწორობის შესარყევად.
- მე ასეთი სცენარის არც რეჟისურაში მიმიღია მონაწილეობა და არც დრამატურგიაში. თუ საუბარია იმაზე, რომ არჩევნებში გარკვეული ძალების მონაწილეობით და არჩევნების შესაძლო გაყალბების საფუძველზე შეიქმნება დამატებითი მუხტი ქუჩის აქციების გასაძლიერებლად, ამ მიდგომას გარკვეული ლოგიკა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა გასათვალისწინებელია, როგორი საარჩევნო გარემო გვაქვს დღეს და რა პირობებში ჩატარდება არჩევნებში. მთავარი საკითხი ის არის, რამდენად არსებობს პროცესის სრულფასოვნად მონიტორინგის შესაძლებლობა და გაყალბების შემთხვევაში ამის დოკუმენტურად დაფიქსირების მექანიზმი. ბოლოდროინდელი ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ შესაძლებლობებს. ამიტომ სიყალბის შედეგად მარცხი რამდენად შეიძლება საფუძვლიანად იქნეს გამოყენებული როგორც შიდა, ასევე საგარეო საინფორმაციო ომში, ამაზე მკაფიო პასუხი არა მაქვს. მით უმეტეს, როდესაც ბევრად გამოცდილ და ავტორიტეტულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრაქტიკა როგორც არჩევნებზე დაკვირვების, ასევე გაყალბებული შედეგების გაპროტესტების, დღეს თავად გამოხატავენ სკეპტიციზმს, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება ხელისუფლების მხილება არჩევნების არასამართლიანად ჩატარებაში.
- "ქართულ ოცნებას" ხელს აძლევს ოპოზიციის მონაწილეობა არჩევნებში?
- ის გარემოება, რომ ოპოზიციის ნაწილმა უკვე გამოხატა მონაწილეობისთვის მზადყოფნა, და ისიც, რომ ცალკეული, ოპოზიციად წოდებული პარტიები მზად არიან ამ პროცესში ჩაერთონ, ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" აძლევს საშუალებას ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს არჩევნები ინკლუზიურია. ეს იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ თუ არა მთლიანმა ოპოზიციურმა სპექტრმა, მისმა არცთუ უმნიშვნელო ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, ეს მდგომარეობა ნამდვილად ხელს აძლევს "ქართულ ოცნებას". ისინი არ რჩებიან არჩევნებში მარტო, ჰყავთ პირობითი კონკურენტები, მაგალითად, "ხალხის ძალა" და ნამდვილი კონკურენტები "ლელოსა" და გახარის პარტიის სახით, რაც სრულად ემთხვევა მათი დღის წესრიგის ინტერესებს. მათ ხელშია სახელისუფლებო რესურსი, ოპოზიციის დაბნეულობა-ფრაგმენტაცია და პლუს საარჩევნო პროცესის გაკონტროლების მექანიზმები - იქნება ეს საკანონმდებლო თუ არაფორმალური. ეს მოცემულობა ქმნის პირობებს, რომ ხელისუფლება იყოს სრულ კომფორტში და ჰქონდეს პოზიტიური მოლოდინი მიმდინარე პროცესებისგან.
- კახა კალაძის მესამე ჯერზე დედაქალაქის მერობის კანდიდატად წარდგენა რამდენად პოზიტიურ მოლოდინს შეიძლება ქმნიდეს თუნდაც "ქართული ოცნების" ამომრჩევლებში?
- საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვის წარადგენდა "ქართული ოცნება" დედაქალაქის მერობის კანდიდატად, რადგან ეს პარტია არ არის კლასიკური პოლიტიკური ორგანიზაცია. ის წარმოადგენს სხვადასხვა გავლენის ერთობლიობას - ნაწილობრივ პარტიულ, ნაწილობრივ სხვა ელემენტებზე დაფუძნებულს. ალბათ, სხვა კანდიდატის წარდგენა შეიძლებოდა აღქმულიყო როგორც ყალბი განახლების ცდა, რაც ტაქტიკურად გამართლებული ნაბიჯი იქნებოდა მათი ამომრჩევლის ნაწილთან. თუმცა მოჩვენებით სიახლეზეც კი უარი თქვეს და წარადგინეს კანდიდატი, რომლის შესახებაც ათასი მითქმა-მოთქმაა. უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ და კალაძეზე მეტს არაფერს ვიტყვი, მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის ტოქსიკური კანდიდატია. ეს კი გვიბიძგებს დავასკვნათ, რომ "ქართულ ოცნებაში" არ არსებობს თუნდაც მოჩვენებითი განახლების სურვილი. მათ სჯერათ, რომ გზა, რომელიც განვლეს, მათ შორის კალაძის მერობის პერიოდში, სწორი იყო. მიუხედავად ათასგვარი საეჭვო ინფორმაციისა, მათ ეს ან არ აღელვებთ, ან განზრახ უგულებელყოფენ.
- საბოლოოდ, მაინც რისი მოლოდინი გაქვთ 4 ოქტომბერს და მის შემდეგ?
- წამიერად დავფიქრდი, ხომ არ შევალამაზო სათქმელი-მეთქი, მაგრამ გულწრფელად გიპასუხებთ - განსაკუთრებულს არაფერს არ ველოდები. ალბათ, 4 ოქტომბერს "ოცნება" გამარჯვებას გამოაცხადებს და არც ბოიკოტის შედეგებს ველოდები... რაც შეეხება შემდეგს - ქვეყანაში თუ მის გარეთ არსებული მოცემულობა პოზიტიურ მოლოდინის საფუძველს არ მაძლევს. თუმცა როგორც ჩვენი, ასევე სხვა ქვეყნების ისტორიაც გვიჩვენებს, რომ ხშირად სწორედ ასეთი მოჩვენებითი უმოძრაობა მოულოდნელი ცვლილებებისთვის წინა პირობას ქმნის. 4 ან 5 ოქტომბერს შეიძლება მართლაც განსაკუთრებული არაფერი მოხდეს, მაგრამ ამან არ უნდა შეუქმნას ილუზია ამ სისტემის ავტორებს, რომ ყველაფერი სამუდამოდ ასე დარჩება. პირიქით, სწორედ ასეთმა ვითარებამ შეიძლება განაპირობოს ისეთი ცვლილებები, რომელთა მასშტაბი ახლა წარმოსადგენადაც რთულია.
რაც შეეხება დაკავებულებს, პირველ რიგში ვიტყოდი მზია ამაღლობელზე - მისი საქმე აზიანებს ხელისუფლებას და თუ ის პატიმრობაში დარჩა, პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება. ის უნდა გაათავისუფლონ და ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ კომპრომისისთვის და დიალოგისთვის კარი არ დახურულა.
ხათუნა ბახტურიძე