„ოცნებას“ დასავლეთში ლეგიტიმაცია არჩევნების გამო კი არა, იმიტომ არა აქვს, რომ კურსი იცვალა...“
ოპოზიცია აქამდე თუ ბოიკოტისტებად და არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებად იყოფოდა, ახლა ბოიკოტისტებიც გაიყვნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხაბეიშვილ-ბურჭულაძის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებული ტელეფონით არჩევნები და ამით "ოცნების" ჩამოშლა ბოკუჩავას ფრთამ გააკრიტიკა. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი და რა შედეგით დასრულდეს, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ვესაუბრებით.

- არაერთხელ მომხდარა, რომ კონკრეტულ თარიღებზე იქმნება რაღაც მოლოდინი და მერე დგება იმედგაცრუება... რომ ვიძახოთ, დაემხობა, დაემხობაო, არ დაემხობა, იმიტომ, რომ ვისაც გვინახავს, როგორ ხდება ხელისუფლების შეცვლა, ასე ვთქვათ, რევოლუციური თუ არარევოლუციური დამხობის გზით, ვიცით, ამას რა სჭირდება. ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ ამის ძალა უნდა გქონდეს. ძალოვან სტრუქტურებში, როგორც მინიმუმ, უნდა იყვნენ ან ნეიტრალურები, ან რაღაც ნაწილი მაინც შენს მხარეს. თუ ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს, მთავრობის ქუჩიდან შეცვლა გამორიცხულია. ზვიად გამსახურდიას მთავრობა დაემხო იმიტომ, რომ მეორე მხარეს მეტი იარაღი ჰქონდა. იარაღს მაშინ რუსეთის სამხედრო შტაბი ანაწილებდა და აღმოჩნდა, რომ პუტჩისტებს მისცეს... მეორედ, 2003 წელს, ხალხი უჭერდა მხარს რევოლუციონერებს და პლუს ძალოვანი სტრუქტურების დიდი ნაწილიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმხანად ორი უმდიდრესი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი და ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდნენ ოპოზიციას: ივანიშვილი - "ნაცმოძრაობას", პატარკაციშვილი - "ახალ მემარჯვენეებსა" და ჟვანიას. ასე რომ, უნდა გქონდეს ბევრი ფული და ძალა. სხვათა შორის, ფულიც არ უშველიდა, ძალოვანი სტრუქტურები რომ არ ყოფილიყვნენ ოპოზიციის მხარეს. თავად შევესწარი, როდესაც სააკაშვილი შევარდნაძეს სესიაზე შეუვარდა, მაშინვე კი არ გამოუცხადებია, დამთავრდაო, ჯერ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ამას მოჰყვა ის, რომ ჯერ თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ თქვა, რომ ჯარი არ მიიღებდა მონაწილეობას დაპირისპირებაში. ერთ-ერთი ყველაზე ელიტური დავით გულუას სახელობის სპეცრაზმიდან წარმომადგენელი მოვიდა მიტინგზე - ხელისუფლება თავს თუ დაგესხმებათ, ჩვენ დაგიცავთო. წარმოიდგინეთ, ახლა სპეცრაზმი ანუ გდდ რომ გადმოვიდეს ხაბეიშვილის მხარეს, მაშინ მართლაც შეიძლება გამოუვიდეს ამ მთავრობის დამხობა, მაგრამ გადავა მის მხარეს?! ამ ვითარებაში იმედის გაღვივება, რომ უახლოეს ხანში რაღაც გარღვევა მოხდება, ფუჭი მოლოდინია...
პაატა ბურჭულაძის სამოქალაქო პოზიციას ვაფასებ, მაგრამ, ის ვერ ერკვევა პოლიტიკაში. ძალიან არასერიოზულია მისი წინადადება. როგორც ჩანს, არავინ ეუბნება, რომ ცდება, ან ეუბნებიან და თავად ჯიუტობს. მეორე საკითხია ის, თუ რატომ გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ, ვიდრე იმან, რომ ოპოზიციური ძალების კონსოლიდირება მოხდეს თბილისის მერობის არჩევნებზე. როცა არჩევნების დრო მოვა, ეს იქნება მთავარი ამბავი. ცხადია, იმაზეც იქნება დამოკიდებული, ოპოზიციიდან კანდიდატად ვის წამოაყენებენ. ჩემთვის ისეთი ცხადი იყო, რომ თბილისის მერის არჩევნები უნდა გამხდარიყო ანტისახელისუფლებო განწყობების მთავარი ფაქტორი, რომ როდესაც ამის წინააღმდეგ დაიწყეს გალაშქრება, შოკის ეფექტი ჰქონდა, ამას როგორ ვერ ხედავენ-მეთქი. მით უმეტეს, რომ ეს დაიწყეს არა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც შესაძლოა საკუთარი თავი ვერ დაინახეს პროცესში, არამედ იმათ, ვისაც, წესით, თავი პროცესში უნდა დაენახათ - სამოქალაქო აქტივისტებმა ჩათვალეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მათი პროტესტის საწინააღმდეგოა. დაიჯერეს, რომ თუ ასე გამიჯნულად იქნებიან, ხელისუფლებას დასავლეთში ლეგიტიმაცია არ ექნება. ის, რომ "ოცნებას" დასავლეთში ლეგიტიმაცია არა აქვს, არა იმიტომ, არჩევნები როგორ ჩატარდა, არამედ იმიტომ, რომ კურსი იცვალა და მთავარ მტრად დასავლეთი გამოაცხადა. კი, რუსთაველზე დგომას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ამით დაანახეს ევროპას, რომ აქ ხალხი რაღაცას არ ეგუება, მაგრამ მარტო ამის ხარჯზე არ ხდება ეს ყველაფერი. ამის კარგად გააზრება იყო საჭირო პროცესების სწორად წარმართვისთვის, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა და ამ რადიკალურმა განწყობებმა წარმოქმნა განცდა, აქ ჩვენ მაგრად უნდა ვიდგეთ, სანქციები წამოვა, "ოცნება" ჩამოიშლება და ბიძინა გაიქცევაო. ამ რეალობაში თვითმმართველობის არჩევნებში კონსოლიდაციაზე ლაპარაკი მათთვის სრულიად სხვა სიბრტყეში გადასვლაა. ამ ხალხს გაუჭირდა რადიკალური ემოციური განწყობებიდან გამოსვლა.

დღევანდელი ვითარება 2010 წელს მაგონებს. მაშინაც თვითმმართველობის არჩევნები იყო, მაშინაც ოპოზიციის ნაწილმა გამოაცხადა ბოიკოტი. გუბაზ სანიკიძე მაშინაც ბოიკოტს აცხადებდა, ოღონდ მაშინ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ და მაშინაც იმავეს ამბობდნენ ბოიკოტისტები, ამით ლეგიტიმაციას აძლევ ხელისუფლებას, ვერ მოუგებ, არჩევნებს მაინც გააყალბებსო. ჩვენი მერობის კანდიდატი ალასანია იყო და როგორი ცუდი კამპანია ჩავატარეთ, ეს ცალკე საკითხია. სოზარ სუბარი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გვყავდა, გზაში გაგვექცა და ბოიკოტისტებს შეუერთდა. ასეა თუ ისე, მაშინ დავინახეთ, რომ ბოიკოტმა ნაყოფი ვერ გამოიღო, ოპოზიციამ წააგო და იმ ბოიკოტისტებმაც ვერაფერი მოიგეს. პრინციპში, რომ არ გამოჩენილიყო ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური ველი მოსწორებული იყო. თან არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ოპოზიცია საკმაოდ ძლიერი იყო.
დღეს სულ სხვა სიტუაციაა, ქვეყნის გარეთ დამოკიდებულება აბსოლუტურად განსხვავებულია. სააკაშვილის ხელისუფლებას არ უყურებდნენ როგორც მტერს, ამათ კი თვითონ ჩაიყენეს თავი მტრის პოზიციაში, თვითონ გამოაცხადეს, თქვენი მტრები ვართო. ისიც გავიხსენოთ, რომ მაშინ 2010 წლის ბოიკოტი თუ დანარჩენი ყველაფერი მოჰყვა 2009 წლის საკნების აქციებს, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და ასევე არაფრით დამთავრდა. ასე რომ, რადიკალიზმს რომ ირჩევ, მერე იქიდან გამოსვლა ძალიან ძნელია, მანევრირების სივრცეს არ იტოვებ. მერე, 2011-ში, გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და რაც მოხდა, ვიცით. აქ ვინ ან რა გამოჩნდება, არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ერთ მშვენიერ დღეს აქაც აყირავდეს ყველაფერი.
- დღეს ბოიკოტისტებიც გაიყვნენ ბანაკებად. ვგულისხმობ "ნაცმოძრაობაში" ხაბეიშვილი-ბოკუჩავას მომხრეების დაპირისპირებას. ამან როგორ შეიძLლება წარმართოს პროცესები?
- რუსთაველზე პროტესტში მონაწილე ხალხს რომ ჰკითხო, ხაბეიშვილი უფრო ესიმპათიურებათ, ვიდრე ისინი, ვინც ხაბეიშვილი-ბურჭულაძე გააკრიტიკა, იმიტომ, რომ ხაბეიშვილის განცხადებები მათ რადიკალიზმს უფრო შეესაბამება. რა უფროა ხელისუფლებისთვის სასარგებლო, წინასწარ გამოაცხადო არჩევნებში არ ვმონაწილეობო, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი კანდიდატებით წარადგინო სიები? ეს ხომ მარტივი კითხვაა და ამაზე უნდა დაფიქრდე, მაგრამ ისეთი რადიკალიზმისკენ წაიყვანეს სიტუაცია, რაც უფრო აბსურდულ რამეს იტყვის ვინმე, მის მხარეს იქნებიან. თუ თბილისის მერის არჩევნები ისე წავიდა, რომ ხელისუფლებამ მოიგო დიდი უპირატესობით და ხალხმა არ მიიღო მონაწილეობა, ხაბეიშვილი-ბურჭულაძის დაძახილზე კაციშვილი არ გამოვა. თუ პირიქით მოხდა, ანუ ოპოზიციამ წარმატებას მიაღწია, მაშინ შესაძლოა ხაბეიშვილის მოწოდებაზე ბევრიც კი გამოვიდეს. ოპოზიციის კანდიდატი რაც უფრო წარმატებული იქნება, ხალხს მით მეტი მოტივაცია მიეცემა, რევოლუციურ პროცესებში ჩაერთოს, თანაც, თუ გაყალბებაც აშკარა იქნება. თუ წყნარად ჩატარდა, "ოცნებას" არაფრის გაყალბება არ დასჭირდა და მშვიდად დაიწერა 80%, ხალხი რევოლუციისთვის, რა თქმა უნდა, არ გამოვა.
ნაპოლეონს ჰქონდა ასეთი გამოთქმა, ჩავებათ ბრძოლაში და მერე ვნახოთო. რაც თავი მახსოვს, სულ ეს პრინციპი აქვს ქართულ პოლიტიკას...
რუსა მაჩაიძე