„შესაძლოა ხელისუფლებას ჩარევაც არ დასჭირდეს, ისე იმუშაოს ოპოზიციის ნაწილმა, რომ გაშარჟდეს“
მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ "4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ" და საზოგადოებას 4 ოქტომბერს 16:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს: "ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას... 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ასე რომ, 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე, საქართველო, ბრძოლა ბოლომდე!" მის ამ ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობის" ხაბეიშვილის ფრთის მხარდაჭერაც აქვს, მაგრამ ბევრი კითხვა არსებობს, როგორც მის მიერ დაანონსებულ ამ პროცესზე, ასევე საზოგადოებისა და დანარჩენი ოპოზიციის ჩართულობა-არჩართულობაზე, განსაკუთრებით კი იმაზე, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, რაზეც პოლიტიკის ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ვესაუბრეთ.
- რაც ახლა ხდება, ამას წინასაარჩევნო პროცესი არ ჰქვია. უნდა არსებობდეს შეჯიბრობითობის პრინციპი - არჩევნების მთელი არსიც ეს არის. გარდა ამისა, ლიდერები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდნენ, პატიმრები არიან. ბოიკოტისტებისა და არჩევნებში მონაწილეთა ეს ერთობლიობა აჩვენებს, რომ ხელისუფლება კონკურენციის მიღმა, მონოპოლიურ რეჟიმშია. ამიტომაც ამას ვერ დავარქმევ წინასაარჩევნო პროცესს. უბრალოდ, არჩევნები პროცედურულად იქნება შემდგარი, სავარაუდოდ, იქნება რიტუალური და გათვლადი შედეგით.
რაც შეეხება ბურჭულაძის ინიციატივას, მე მსგავსი შემთხვევების შეფასებებისას ყოველთვის ვაკვირდები, თუ როგორია საზოგადოებრივი პულსაცია და მეორე მხრივ, ლიდერები რამდენად ავტორიტეტულები არიან. კიდევ ბევრი კომპონენტია ამის გასაზომად, მაგრამ ეს მინიმალურია შეფასების გასაკეთებლად. დღეს, თუ რაღაც დამატებითი ფაქტორი არ გაჩნდა, არ არის ხალხში ისეთი ემოციური მდგომარეობა, რასაც შეიძლება მოჰყვეს აქტიური მოქმედება. მეორე მხრივ, ბუნებრივია კითხვა, ეს ლიდერები რამდენად აკმაყოფილებენ პირობებს, რომ მათ ხალხი გაჰყვეს, იმიტომ, რომ ასეთი სცენარები მასობრივ მოქმედებასთან არის დაკავშირებული. ეს არ არის მცირე ჯგუფების სამოქმედო სივრცე. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ბურჭულაძის და ხაბეიშვილის რეალიზაცია ხალხში იმ დონეზეა, რომ ისინი წინამძღოლებად მიიღონ. თუმცა თუ ისინი შექმნიან რაღაც ემოციას, მუხტს, შესაძლოა ეს ადამიანებს შორის რამდენადმე გავრცელდეს და ხელი შეუწყოს საზოგადოების უფრო გააქტიურებას. ეს თეორიული შესაძლებლობა არის. მეორე მხრივ, თუ ეს არ მოხერხდა და სათანადო სარეპუტაციო მუშაობაც არ გასწიეს, არა მგონია, ამას დადებითი შედეგი ჰქონდეს. ოღონდ ეს ყველაფერი სულ თეორიული კლასტებია, რადგან ამ წუთისთვის შესაბამისი მოცემულობა ნამდვილად არა გვაქვს.
სავარაუდოდ, გათვლაა ერთ რამეზე - თუკი იქნება მნიშვნელოვანი აქტიურობა, ამან შეიძლება შექმნას გარკვეული სურათი. მაგალითად, როდესაც რუსთაველი ხალხით იყო გავსებული, ეს მეტყველებდა მოსახლეობის დამოკიდებულებებზე. ამიტომაც, თუ თანამონაწილეობის ხარისხი მაღალი იქნება, შეიძლება ამან გარკვეული სურათი შექმნას. არ ვიცი, როგორ გაივლიან ამ ბეწვის ხიდს, მაგრამ, თუ ამას შემდეგ მოჰყვება, პირობითად, ალტერნატიული ხელისუფლების შეთავაზება, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან დიდ რისკებს შეიცავს, უპირველესად აღქმისა და გაშარჟების თვალსაზრისით, ამას უნდა მოჰყვეს ის, რომ გაჩნდეს ძალაუფლების ალტერნატივა, რასაც მხარდაჭერა მოჰყვება და რაღაც ერთობლიობა ჩამოყალიბდება. ესეც თეორიული პლასტია და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებში შედის, მაგრამ რისკ-ფაქტორია ის, თუ რამდენად მოცულობითი იქნება ეს ყველაფერი. მაგალითად, ორიოდე ათასმა კაცმა რომ მიიღოს მონაწილეობა, ეს არაფერს მოგვცემს. საჭიროა დიდი მხარდაჭერა, რომ ამან არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ლეგიტიმაცია შეიძინოს. ჩვენთან ხომ ძალაუფლებას პოლიტიკური ლეგიტიმაცია არა აქვს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში - "ოცნებამ" სამართლებრივად გაიფორმა ძალაუფლება, მაგრამ პოლიტიკური არა აქვს. საერთაშორისო ასპარეზზეც სამართლებრივად შერეული მდგომარეობაა - ხან თვლიან და ხან არა, თან აღიარებენ და თან არა, მაგრამ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ ანიჭებენ. დღეს საერთაშორისო ურთიერთობებში "ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად არ გააჩნია ლეგიტიმაცია. ამიტომ ეს სიცარიელე რომ შეივსოს, შეიძლება გაჩნდეს შანსი, რომ შეიქმნას პოლიტიკურად ლეგიტიმური ჯგუფი ამ პარალელური არჩევნებით. თუ ეს მოხერხდება, შესაძლოა ამ ყველაფერს სიცოცხლისუნარიანობა ჰქონდეს. მანამდე კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს ოპოზიციაში განხეთქილება და შესაძლოა ხელისუფლებას ჩარევაც არ დასჭირდეს, ისე იმუშაოს ოპოზიციის ნაწილმა, რომ გაშარჟდეს.
- ხაბეიშვილს "ნაცმოძრაობის" მეორე ფრთა დაუპირისპირდა, ბურჭულაძეს არა აქვს პოლიტიკური მხარდაჭერა. ოპოზიციის საერთო მხარდაჭერის რა შანსია და რაც მთავარია, საზოგადოების ისე გაერთიანების, რომ შედეგი ჰქონდეს?
- ოპოზიციის შანსებს ძალიან დაბალ ქულას დავუწერდი. პირველი - ოპოზიციამ ვერ მიიღო მხარდაჭერა. ოპოზიციის რეპუტაცია, ნდობა თუ არ შემცირდა, არ გაზრდილა. ოპოზიციას ირჩევენ არა პერსონალური და პოლიტიკური მოტივით, არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ. პრინციპში, ჩვენ წინა არჩევნებზეც სწორედ ამასთან გვქონდა საქმე - ადამიანები ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ცდილობდნენ გაენაწილებინათ ხმები რომელიღაც პოლიტიკურ ჯგუფებზე და არა პერსონალური ერთგულებით. პროტესტის ერთ მხარეს დგანან ოპოზიციური პარტიები და მონაწილეები და იქაც კი არა აქვთ გაზრდილი რეპუტაციული მაჩვენებლები. შესაბამისად, თუ პოლიტიკოსებმა ვერ მოახერხეს სხვა პოლიტიკოსების ჩართვა, გამოდის, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში გვაქვს ერთდროულად უძრაობაც და ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობაც. ერთ მხარეს არის ზურაბიშვილის პლატფორმა, მეორეს მხარეს - ამ ინიციატივის პლატფორმა, მესამე მხარეს - არჩევნებში მონაწილეთა პლატფორმა და კიდევ მეოთხე - ბოიკოტის პლატფორმა.
ოპოზიცია მეტისმეტად დაშლილია, რაც ძალზე ნეგატიურ გავლენას ახდენს საზოგადოების ნდობაზე, ხალხს უფრო დეზორიენტირებულს ხდის. ხშირად ის განცდაც მაქვს, რომ პოლიტიკოსები ხშირად რაღაც ინიციატივას უფრო იმიტომ წამოაყენებენ ხოლმე, რომ მერე თქვან, აი, თქვენ არ გამომყევით და ამიტომ არაფერი გამოვიდაო. თვითდამკვიდრებისთვის მოქმედებენ და არა პოლიტიკური შედეგებისთვის. ამ შემთხვევაშიც იგივე პრობლემაა. ეს ოთხივე პლატფორმა თუ განზომილება, ასე დავარქვათ, ისევ მხოლოდ საგარეო ფაქტორების იმედზე არიან, მაგრამ ესეც არ მოქმედებს და ხელისუფლებას დღითი დღე უძლიერდება ძალაუფლების ხარისხი.
- პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ მას რუსთაველზე მდგომი საზოგადოება უჭერს მხარს...
- მე შეკითხვას საწინააღმდეგო კუთხით დავსვამ - შესაძლოა ბატონი პაატა თვლიდეს, რომ მას მხარს უჭერენ, მაგრამ დემონსტრანტებს რომ ვკითხოთ, ისინი თუ ხედავენ თავიანთ პოლიტიკურ განზომილებაში პაატა ბურჭულაძეს? ეს არის საკვანძო საკითხი, რადგან შესაძლოა ვიღაცის გვერდით იდგნენ აქციაზე, მაგრამ ეს საკმარისი პირობა არ არის. თუ ჩატარდება გამოკითხვა, ისინი საკუთარ პოლიტიკურ განზომილებად ხედავენ თუ არა პაატა ბურჭულაძეს, შედეგები გაგვცემს ამაზე პასუხს...
- სატელეფონო არჩევნებს რომ თავი დავანებოთ, თავად ეს პროცესი რამდენად შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს, ერთი მხრივ, ბოიკოტისტებისთვის და მეორე მხრივ, იმ ოპოზიციისთვის, ვინც არჩევნებში მონაწილეობს.
- ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ თავად ოპოზიცურ სივრცეში არ არის შიდადემოკრატიული დამოკიდებულება. იძულებითი ერთობა ყოველთვის ეკლექტიკურია და დადებითი შედეგები არასოდეს მოუტანია. თუკი ბუნებითი ერთობა არ არსებობს, მაშინ უნდა იყოს ჯანმრთელი შეჯიბრობითობა. როდესაც ესეც არ არის, უკვე გვაქვს იძულებითი მონოლითურობისკენ მოწოდება. ერთი მეორეს ავალდებულებს, მისი პოზიცია გაიზიაროს, მეორე - მესამეს და ა.შ. ამიტომ ეს მეტ რისკს იმით ქმნის, რომ ერთმანეთის დისკრედიტაციის რეჟიმში გადადიან და შეჯიბრობითობის ამოსავალი წერტილი ხდება არა საკუთარი უპირატესობის დამტკიცება, არამედ სხვისი დისკრედიტაცია. რისკია ისიც, რომ ნებისმიერი მცირე მარცხიც კი ხელისუფლებისთვის მსუყე ლუკმაა პროპაგანდისთვის. ოპოზიციის ნაწილისთვისაც რომელიღაც ერთის მარცხი, დანარჩენებისთვის მსუყე ლუკმაა, რაც თავისთავად ზრდის ნეგატიური უკუეფექტის შესაძლებლობას.
- როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?
- მე დიდი მოლოდინი არა მაქვს, გარდა იმისა, რომ ვხედავ, დღითი დღე როგორ ძლიერდება და მკვიდრდება ჩვენ თვალწინ ტოტალიტარული სახელმწიფო. როგორი უხარისხოა მასთან ჩვენი ბრძოლა და უფრო ფორმაზეა ორიენტირებული, რომ ჩვენი სისუსტით უფრო ვაძლიერებთ ტოტალიტარიზმის დამკვიდრებას. ჩვენ არ ვცდილობთ ადამიანების დარწმუნებას, მხარდაჭერისთვის მოტივაციის შექმნას. მეტიც, წინააღმდეგობის მხარეები ცდილობენ იძულების რეჟიმში ერთმანეთზე ზემოქმედებას. ამიტომაც შემოდგომისთვის შეიძლება იყოს ფრაგმენტული წინააღმდეგობა, რომელიც ხელისუფლებამ ისედაც უკვე პრაქტიკულ ამოცანად მიიღო. კი, რაღაცაში მარცხდება, თუნდაც პრესტიჟი ელახება, მეორე მხრივ, ძალაუფლების კონცენტრაცია უფრო და უფრო ძლიერდება. ამიტომ, თუ ასევე გაგრძელდა და მხოლოდ დემონსტრაციული წინააღმდეგობის ახალი ვარიაციები გაჩნდა, ვფიქრობ, ამას დიდი ეფექტი არ ექნება. ამავე დროს, თვითმმართველობის არჩევნები ისეთი თემაა, რომელსაც ამგვარ პოლიტიკურ ტონალობას მოსახლეობა მაინცდამაინც არ ანიჭებს. მოსახლეობა თავისთვის ცხოვრობს, ძალაუფლება თავისთვის და წინააღმდეგობის ნაწილიც, მგონი, უკვე თავისთვის.
- რამ შეიძლება ისინი გააერთიანოს?
- აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური ფილოსოფია უნდა გაჩნდეს, რომლისთვისაც მზად დღეს არავინ არის, არც ჩვენი მოქალაქეები, რათა 30-წლიანი ადამიანური მტრობა პოლიტიკურ განზომილებაში გადავიდეს. ჩვენ ხომ სინამდვილეში პოლიტიკური ბრძოლა არა გვაქვს, ჩვენ გვაქვს ადამიანური ბრძოლა ძალაუფლებისთვის. პოლიტიკის კლასი უნდა ამაღლდეს, რომ წინააღმდეგობა პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნას. ან ეს ყველაფერი საბოლოოდ უნდა დასამარდეს, დაინგრეს, კიდევ უფრო უარეს ჭაობში აღმოვჩნდეთ, რომ მერე დაიწყოს კათარზისის პროცესი, რაც მაინცდამიანც სასურველად არ მიმაჩნია, მაგრამ სხვა პერსპექტივას ვერ ვხედავ.
რუსა მაჩაიძე