იმიტირებული „დიდი ოქტომბრის რევოლუცია“ ანუ რა ხდება ბოლოს და ბოლოს?!
საქართველოში ეს პერმანენტული პოლიტიკური კრიზისები ნაკლებად იქნებოდა, ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია რომ ჰყავდეს. უფრო ზუსტად, ძლიერი პარტიები. ასეთ შემთხვევაში, მმართველ პარტიას (ვინც არ უნდა იყოს ის) ეცოდინებოდა, რომ ნებისმიერი ფეხის გადაბრუნების შემთხვევაში, ამით ისარგებლებდა მისი ოპონენტი. თუმცა რომელ ძლიერ პარტიებზეა ლაპარაკი, როდესაც უყურებ, რომ ოპოზიციაში თითქოსდა შეგნებულად მიმდინარეობს თვითდაზიანების პროცესი და საბოლოოდ ვიღებთ ისეთ აჯაფსანდალს, რომ ზოგჯერ არაფრის გარკვევაც კი არ გინდა ადამიანს.
ბოლო დრომდე ოპოზიცია ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ერთ მხარეს იყვნენ "ლელო" და გახარიას პარტია, რომლებიც მონაწილეობას აპირებენ არჩევნებში, მეორე მხარეს კი 8 პარტია ანუ ბოიკოტისტები, რომლებიც აქტიურ წინააღმდეგობაზე საუბრობდნენ, თუმცა ვერ აკონკრეტებდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო ეს. უკაცრავად, იყო "მესამე ძალაც" - სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ისევ უნდოდა "ქართული ქარტიის" გარშემო ოპოზიციის გაერთიანება, და აცხადებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობაც აბსურდია და აქტიური ბოიკოტიც. თუმცა ზურაბიშვილის გეგმაც ბუნდოვანი იყო - დასავლეთის ზეწოლის მითური ლოდინი, რასაც უნდა მოჰყვეს "ხელისუფლების ჩამოშლა". ზურაბიშვილის გეგმა ბოიკოტისტებმა ცალ ყურში შეუშვეს და მეორიდან გამოუშვეს. როგორც ჩანს, ეს მეხუთე პრეზიდენტს ეწყინა და პასიურ პოზიციაში გადავიდა - აქა-იქ თუ გამოკრთება ხოლმე სოქსელში განცხადებებით.
თუმცა შემდეგ ასპარეზზე გამოჩნდა გიორგი ვაშაძე. მან ციხიდან გამოგზავნა ახალი გეგმა, რომელიც დაახლოებით ასეთია: ბოიკოტისტები ერთიანდებიან ერთიანი "ბრენდითა" და სახელით, სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით. "ნაცმოძრაობამ" ეს გეგმა სასაცილოდ აიგდო. შემდეგ ვაშაძემ მეორე წერილი გამოგზავნა - არიქა, ხალხო, გავერთიანდეთ, დრო არ იცდისო, და პასუხად ისევ დუმილი მიიღო. მერე უკვე "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში ამ გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, თუმცა კვლავ არსაიდან ხმა, არსით ძახილი. ვაშაძის პარალელურად, გაერთიანების შესახებ წერილებით "ბომბავდა" ბოიკოტისტებს ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძეც, მაგრამ... ე.ი. ბოიკოტისტებს არც ვაშაძის გეგმა მოსწონთ და არც ზურაბიშვილის. არადა, ინტერვიუებში ათი სიტყვიდან თხუთმეტს "ერთიანობას" ახსენებენ. ვფიქრობთ, ძაღლის თავი "ნაცმოძრაობაშია" დამარხული. ამ პარტიის სულიერ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს ვერ წარმოუდგენია, რომ ოპოზიციის უფროსი მის გარდა, სხვა შეიძლება იყოს. ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება სხვა მთავარი მოთხოვნა იყოს, გარდა მოთხოვნისა - "თავისუფლება მიშას". "თუ მე არ ვიქნები, წყალსაც წაუღია ყველაფერი" - აი, ეს არის სააკაშვილის პოლიტიკური პრინციპი, რასაც ერთგულად მიჰყვება "ნაცმოძრაობა". სხვა პარტიებს (ბოიკოტისტებს), რომელთა დიდი ნაწილი სწორედ "ნაცმოძრაობიდან" წამოსული ხალხია, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ერთობა შეიძლება შედგეს "ნაცმოძრაობის" გარეშე და რაც არ უნდა აკრიტიკონ სააკაშვილი, მის ნიშნებსა და მინიშნებებს ელოდებიან.
ზოგიერთი ამბობს, სალომე ზურაბიშვილს ფული არა აქვს, თორემ ოპოზიციას თავის გარშემო გააერთიანებდაო. არ არის ასე - მამუკა ხაზარაძეს ფული აქვს და ის ცდილობდა ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში ოპოზიციის გაერთიანებას "ალტერნატიული პარლამენტის" იდეით (დარწმუნებული ვარ, არც ფინანსებს დაზოგავდა), თუმცა... ქართულ პოლიტიკაში ფულზე ძვირფასი ზოგჯერ უფროსობის სურვილი და პირადი ამბიციებია.
თქვენი მონა-მორჩილი, რა თქმა უნდა, ოპოზიციას არც გაერთიანებისკენ მოუწოდებს და არც რაიმე რეცეპტს სთავაზობს. უბრალოდ, საკვირველია, რომ ვერ ერთიანდებიან და მაინც ამ თემაზე საუბრობენ, წყლის ნაყვა კი არც ერთ სფეროს არ უხდება და პირველ რიგში, პოლიტიკას.

ვინ ვის და როგორ "ამხობს"?!
სააკაშვილი, სანამ საქართველოში შემოიპარებოდა, ყოველ არჩევნებზე და ისეც, "უქმე დღეებშიც", რევოლუციურ სცენარებზე ოცნებობდა და ტელეეთერებში ახმოვანებდა - ხან ბარიკადები უნდოდა, ხან წინააღმდეგობის რაზმები და ხან სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება. ჩანს, ეს ესტაფეტა სააკაშვილისგან ლევან ხაბეიშვილმა და პაატა ბურჭულაძემ გადმოიბარეს.
"ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი იყო პირველი, რომელმაც თქვა, 4 ოქტომბერს არის ბუნებრივი დედლაინი, ასიათასობით კაცი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ივანიშვილს დამხობის გარეშე ვერ მოვერევითო, შემდეგ კი ტელეეთერებში ამას მუდმივად იმეორებდა. და... მკვახე პასუხი მიიღო თავისივე პარტიის თავმჯდომარისგან, თინა ბოკუჩავასგან, რომელმაც თქვა, რომ წინსწრებად რევოლუციური თარიღების დაანონსება უპასუხისმგებლობაა. ელენე ხოშტარიამ (რომელსაც რადიკალიზმს ნამდვილად ვერ "დავუწუნებთ") კი პირდაპირ განაცხადა: "ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ, ამ დროს იქნება რევოლუციაო, უბრალოდ, კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან "ქოცი", ან სუს-ია". თუმცა ხოშტარია ივნისის ბოლოს, როდესაც პარლამენტთან შიმშილობა გამოაცხადა, ამბობდა, რევოლუცია და ამათი ქუჩაში დამხობა ერთადერთი გზააო. შემდეგ, როგორც ჩანს, მიხვდა, თუ რას მოიტანდა ასეთი განცხადებები და შიმშილობაც შეწყვიტა, რევოლუციურ სცენარებზეც მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით აღარ საუბრობს... თავი დავანებოთ ხოშტარიას - ოპოზიციურად განწყობილმა ექსპერტებმა პირდაპირ მოუწოდეს "ნაცმოძრაობას", გააჩუმონ ხაბეიშვილი. თუმცა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ჩერდება, ოღონდ ახლა ამბობს, "მშვიდობიან დამხობას" ვგულისხმობდიო.
"დამხობამ" ადგილი მყარად დაიმკვიდრა პაატა ბურჭულაძის ლექსიკაშიც. მან 4 ოქტომბერი "ივანიშვილის მშვიდობიანად დამხობის" დღედ გამოაცხადა და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე 16:00 საათზე დაიბარა. თუმცა შემდეგ ტელეეთერში განმარტა, თუ რას გულისხმობდა. თურმე ბურჭულაძის მომხრეები 4 ოქტომბერს 16:00 საათზე შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე და... აირჩევენ ალტერნატიულ მთავრობას (ალბათ, ტელეფონებით). შემდეგ თურმე არჩეულები 20 სექტემბერს ჩავლენ ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის მინისტერიალი იგეგმება და ევროპელებს ეტყვიან, ჩვენ ვართ საქართველოს ნამდვილი მთავრობაო. ბურჭულაძეს არ უთქვამს, რა მოხდება მერე, თუმცა, სავარაუდოდ, "ოცნება" ევროპაში ჩასულ ამ ალტერნატიულ მთავრობას რომ დაინახავს, შეშინდება და თავის სავარძლებს გადაულოცავს.
საქართველოში, რომელსაც სამოქალაქო ომი აქვს გამოვლილი, დამხობასა და ძალისმიერ სცენარებზე საუბარი დიდი უპასუხისმგებლობაა. ეს დააფრთხობს იმ ხალხს, რომელსაც შეიძლება არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი, თუ რას ნიშნავს ხელისუფლების დამხობის შემდეგ გამეფებული ქაოსი და ბანდიტიზმი.
მეორეც - ასეთი განცხადებებით, ხაბეიშვილი და ბურჭულაძე არასერიოზულობის ელფერს სძენენ ბოიკოტისტებს და "საბავშვო ბაღად" აქცევენ. პარალელურად კი შიდაპარტიულ და შიდაოპოზიციურ დაპირისპირებების კერებს აღვივებენ, რაც ოპოზიციისთვის კონტრპროდუქტიულია - თითქოსდა განგებ ყველაფერს აკეთებენ, რომ ბოიკოტისტებმა რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა დაკარგონ. არასერიოზულ და მარგინალიზაციის გზაზე დამდგარ პოლიტიკურ ძალებს არავინ გაჰყვება არც ქუჩაში, არც სტადიონსა და არც ექსკურსიაზე. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ან ნიჰილიზმში ჩავარდება, ან გადაერთვება "ლელოსა" და გახარიას პარტიაზე... ჩვენ ადრე ვწერდით, რომ 4 ოქტომბერს შეიძლება მოვლენები ასე განვითარდეს: ბოიკოტისტები ამომრჩეველს წაართმევენ "ლელოსა" და გახარიას, თავის მხრივ, ხაზარაძისა და გახარიას პარტიების მონაწილეობა არჩევნებში ყოველგვარ ეფექტს დაუკარგავს ბოიკოტს. დღეს კი შეგვიძლია ცოტა განსხვავებულ სცენარზე ვისაუბროთ, თუ, რა თქმა უნდა, ხაბეიშვილი და ბურჭულაძე არ გაჩერდნენ.
ხაბეიშვილი ათასობით კაცის ქუჩაში გამომყვანი არ არის და თუ 4 ოქტომბერს ვინც გამოვა, იმათი მხარდაჭერით რამე გაბედა ("მშვიდობიანი დამხობა" აბსურდია), ხელისუფლება ამას აღკვეთს და კიდევ ათეულობით ადამიანი წავა ციხეში... რაც მთავარია, "ოცნება" ბრიუსელსაც და ვაშინგტონსაც დღეში ათჯერ შეახსენებს, რომ ოპოზიცია (რა თქმა უნდა, ყველას ერთ ქვაბში მოხარშავენ, მიუხედავად იმისა, იზიარებენ თუ არა ხაბეიშვილის იდეებს. ჩანს, რომ ბოიკოტისტებში ხაბეიშვილი უმცირესობაშია) მას სახელმწიფო გადატრიალებას უწყობდა. როგორ ფიქრობთ, დასავლეთი ძალისმიერ მეთოდებს მხარს დაუჭერს? რა თქმა უნდა, არა. შესაბამისად, ბოიკოტისტები დაკარგავენ დასავლეთის მხარდაჭერას. ასე მოხდება შიდა ასპარეზზეც, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას არანაირი გადამხობა-გადმომხობა არ სურს.
და თუ პარალელურად პაატა ბურჭულაძემ რესპუბლიკის მოედანზე "მთავრობა" აირჩია და შემდეგ "მთავრობის" სხდომებიც გამართა, ეს იქნება ბოლო ლურსმანი ბოიკოტისტებისთვის. საბოლოოდ, ასე მოხდება - ეს 8 პარტია მხარდამჭერებსაც დაკარგავს, სერიოზულობასაც და საბოლოოდ მარგინალიზაციის გზას დაადგება.
საინტერესოა, მოვლენების განვითარების ასეთ სცენარებზე არ ფიქრობენ თავად ხაბეიშვილი და ბურჭულაძე თუ მართლა არაადეკვატური წარმოდგენები აქვთ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე?! ვერ გეტყვით... თუმცა თქვენი მონა-მორჩილი ოპოზიციონერი რომ იყოს, აუცილებლად შევეცდებოდი იმის დადგენას, ვინ ვის წისქვილზე და რატომ ასხამს წყალს და შეუგნებლად ხდება ეს თუ შეგნებულად.
აქვე ვიტყვით - თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ 4 ოქტომბერს რაიმე უბედურება მოხდება და ეს სიტუაციას ააფეთქებს, ის ქართველი საზოგადოების უპირველესი მტერია. იმედია, ასეთი აზრები არავის აწუხებს.
P.S. ხაბეიშვილმა და ბურჭულაძემ ისეთი მდგომარეობა შექმნეს ბოიკოტისტების ფლანგზე, რომ "ლელოსა" და გახარიას უჩნდებათ კარგი შანსი, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველს მოუწოდონ, არჩევნებში ჩაებან და არა რაღაც უცნაურ პროცესებში. მაგრამ მათაც მერობის ისეთი კანდიდატი უნდა წარადგინონ, ოპოზიციური ამომრჩეველი დარწმუნდეს, რომ პროცესში მონაწილეობას აზრი აქვს. თუმცა, ჯერჯერობით, ასეთი ინფორმაცია ვრცელდება - "ლელოს" სურს თბილისის მერად კენჭი ალეკო ელისაშვილმა იყაროს, გახარიას პარტია კი წინააღმდეგია. იქნება ელისაშვილი მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის "მურმანის ეკალი"?! ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, ქართულ პოლიტიკაში საკვირველი უკვე აღარაფერია.
გიორგი კვიტაშვილი