შეუძლია თუ არა არასრულწლოვანს მშობლის თანხმობის გარეშე მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლა?! - იურისტის რჩევები
ამჯერად შეკითხვებს უპასუხებს სისხლის სამართლის საქმეების, ასევე სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა.
გამარჯობა. უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე ცენტრისგან ცნობის მიღება ნიშნავს თუ არა, რომ იმ დაწესებულებაში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი? ან რა შეიძლება გახდეს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის მიზეზი?
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ახდენს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას და საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას. ნამდვილობის დადასტურება გულისხმობს, გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. შესაბამისად, ცენტრის მიერ უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულების აღიარების შესახებ გაცემული ცნობა ერთ-ერთი დადებითი, თუმცა არასრული წინა პირობაა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის. უარის თქმის მიზეზს რაც შეეხება, მიზეზი შეიძლება გახდეს გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დოკუმენტის ნამდვილობა; კვალიფიკაციისა და საფეხურის შესაბამისობა საქართველოს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან, ან სწავლის ფორმა.
დავკარგე მართვის მოწმობა, შემიძლია თუ არა აღვადგინო ძველი საბუთი. ხომ არ მომიწევს ხელახლა გამოცდის ჩაბარება?
- დაკარგული მართვის მოწმობის აღსადგენად გამოცდის ხელახლა ჩაბარება არ მოგიწევთ. აღსადგენად მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
აუცილებელია თუ არა უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისას? არის თუ არა შესაძლებელი მეწარმემ გამოიყენოს უკვე რეგისტრირებული სუბიექტის საფირმო სახელწოდება?
- თუ გაცხადებულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე დაინტერესებული პირია, იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის დამატებითი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მისამართზე ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისთვის მესაკუთრის თანხმობის ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. სხვა შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით სავალდებულოდ უნდა წარედგინოს უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა, ან უძრავი ნივთით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სათანადო ფორმით შედგენილი დოკუმენტი. რაც შეეხება სახელის გამოყენებას, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია მეწარმის საფირმო სახელწოდებაში საქართველოში რეგისტრირებული სხვა იურიდიული პირის სახელწოდების იდენტური ან მიმსგავსებული ფორმულირების გამოყენება, ამ პირის თანხმობის გარეშე. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე მოიპოვებს შესაბამისი პირის თანხმობას, შესაძლებელია უკვე რეგისტრირებული სუბიექტის სახელწოდების ან ამ სახელწოდების მიმსგავსებული ფორმულირების მის მიერ გამოყენება.
ახლობელს აქვს ფსიქიკური პრობლემები, იმყოფებოდა კლინიკაშიც და ახლა არის სახლში, ძმამ რომ მოიპოვოს მხარდამჭერის სტატუსი, ვის უნდა მიმართოს - სოციალური მომსახურების სააგენტოს თუ სასამართლოს?
- პირი მხარდაჭერის მიმღებად შეიძლება ცნობილ იქნეს, თუ მას აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი, ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ განცხადება სასამართლოში შედის და განცხადება შეიძლება შეიტანოს თავად ამ პირმა, მისმა ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ისარგებლოს ადვოკატის უფასო მომსახურებით, დაესწროს სასამართლო პროცესებს და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მას არ შეუძლია სასამართლო პროცესზე დასწრება, შეუძლია კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით მოითხოვოს სასამართლო პროცესში ჩართვა, ან ჰყავდეს მისთვის სასურველი მხარდამჭერი, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. სამოქალაქო სამართალწარმოებაში პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა ერთადერთი საკითხია, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო დაცვას, ანუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი, მიუხედავად მისი გადახდისუუნარობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა.
შესაძლებელია თუ არა ადამიანისთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა?
- დიახ, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას და ეს ხდება სასამართლოს მიერ. ასეთ დროს უნდა მიმართოთ სასამართლოს და სასამართლომ უნდა დაადგინოს გარემოება, რომელიც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველს წარმოადგენს. არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ან თუ ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ ეს გარემოებანი დადასტურდება სასამართლოს მიერ, მაშინ ის გამოცხადდება უღირს მემკვიდრედ. აქვე დავამატებ - შვილების კანონით მემკვიდრეებად ვერ იქნებიან მშობლები, რომლებსაც ჩამოერთმევათ მშობლის უფლება. კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან აგრეთვე ის პირები, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი და თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლო წესით. პირი, რომელიც მხილებულია იმ მოქმედებათა ჩადენაში, რომლებიც მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას იწვევს, ამის მიუხედავად დაიშვება მემკვიდრედ, თუ მამკვიდრებელი აპატიებს მას და თავის ამ გადაწყვეტილებას აშკარა ფორმით გამოხატავს ანდერძში. პატიების უკან წაღება არ დაიშვება. აქვე განვმარტავ, სამკვიდრო ქონების გადასვლა მემკვიდრეებზე არ ხდება ავტომატურ რეჟიმში და სამკვიდროს მისაღებად აუცილებელია მემკვიდრეებმა განახორციელონ გარკვეული მოქმედებები. მემკვიდრე, რომელსაც სამკვიდროს მიღების ინტერესი აქვს, ვალდებულია მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს მიღების თაობაზე მიმართოს ნოტარიუსს, ან ფაქტობრივად შეუდგეს სამკვიდროს ფლობას. ეს იქნება მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი თუ მოძრავი ქონება. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება ხდება არა მხოლოდ აქტივის ფარგლებში, არამედ ვალდებულების ნაწილშიც, რაც ნიშნავს, რომ მემკვიდრეს ქონებასთან ერთად შესაძლოა ვალდებულებებიც გადაეცეს. შესაბამისად, ვიდრე მემკვიდრე მიიღებს სამკვიდროს, აუცილებელია გაირკვეს, ჰქონდა თუ არა რაიმე სახის ვალდებულებები მამკვიდრებელს სიკვდილის დროისათვის, ვინაიდან შესაძლებელია მიღებული აქტივი იყოს იმაზე გაცილებით დაბალი ღირებულებების, ვიდრე შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა და აზრი დაეკარგოს მემკვიდრეობის მიღებას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მამკვიდრებლის ვალებზე მემკვიდრე მხოლოდ იმ მოცულობითაა პასუხისმგებელი, რა ფარგლებშიც მან მიიღო აქტივი. მაგალითად, თუ მემკვიდრემ მიიღო 5.000 ლარის ქონება, ის პასუხისმგებელი იქნება მამკვიდრებლის ვალებზე მხოლოდ ამ თანხის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ მამკვიდრებელს შესაძლოა გაცილებით მეტი ვალდებულება ჰქონდეს შესასრულებელი. თუ ანდერძი არ არსებობს, მამკვიდრებლის ქონების განაწილება ხდება კანონით მემკვიდრეებზე, იმ რიგითობის მიხედვით, რაც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილი პირის მშობლები, მეუღლე, შვილები და ასევე გარდაცვლილის შვილიშვილები თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, შესაბამისად, თუ ჩვენ სახეზე გვყავს აღნიშნული პირები, მათზე თანაბარ წილად მოხდება მამკვიდრების ქონების გადასვლა და ყველა მემკვიდრე ისარგებლებს თანაბარი წილის უფლებით. თუ, ვთქვათ, არსებობს ანდერძი და მამკვიდრებელმა მხოლოდ ერთ შვილს მიანიჭა ქონებაზე უფლება, პირველი რიგის მემკვიდრეებს მაინც ეკუთვნით სავალდებულო წილი ანდერძის მიუხედავად... სავალდებულო წილი კი არის იმ წილის ნახევარი, რომელსაც პირველი რიგის მიმეკვიდრე მიიღებდა, მამკვიდრებელს ანდერძი რომ არ შეედგინა. სამკვიდროს მიღებისთვის დაწესებულია ორი ალტერნატიული პირობა: პირველი - ნოტარიუსისთვის სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადებით მიმართვა და მეორე - სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება. სამკვიდროს მისაღებად ორივე პირობის შესრულება ერთდროულად სავალდებულო არ არის და ერთ-ერთი პირობის შესრულება საკმარისია, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო მიღებულად ჩაეთვალოს, თუმცა არც ერთის დაუცველობამ შესაძლოა მემკვიდრეს სამკვიდროს მიღების უფლება დაუკარგოს. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გაგრძელდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსთვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რაც ასევე იწვევს მემკვიდრეობის უფლების დაკარგვას და ეს პროცესი შეუქცევადია. თუ მამკვიდრებელს არცერთი რიგის მემკვიდრე არ ჰყავს, მისი ქონება რჩება სახელმწიფოს.
- ვარ 17 წლის, მინდა მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლა. ამისთვის აუცილებელია თუ არა მშობლის მიყვანა? სოციალურად დაუცველებზე მოქმედებს თუ არა რაიმე სახის შეღავათი საფასურის გადახდის დროს.
- თუ თქვენ ხართ 17 წლის არასრულწლოვანი, მართვის მოწმობის გამოცდაზე დასაშვებად მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წარდგენაც საკმარისია. რაც შეეხება მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე დაწესებულ შეღავათებს, საფასურის 50%-ის გადახდისაგან გათავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირი, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით 70 000 ან 70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველადი დაშვებისას, ხოლო მისი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, საგამოცდო მოედანზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი რაოდენობითა და წესით დაშვების შემთხვევაში; პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად, პირველადი დაშვების შემთხვევაში, თუ პირმა თეორიულ გამოცდაზე პირველადი დაშვებისას წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა და ამავე პირმა პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი პირველივე ჯერზე წარმატებით ჩააბარა.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები