„მაშინდელი პარტიული მუშაკები ჩუმად მიდიოდნენ პატრიარქთან და ლოცულობდნენ“
"მახსენდება ის დღე, როცა მოხდა ჩემი ბერად აღკვეცა. მაშინ სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი, 24 წლისა ვიყავი. ეს იყო აღდგომის წინა დღეები, ვნების შვიდეული. ჩამოვედი თბილისში და შევედი უწმინდეს და უნეტარეს მელქისედეკ მესამესთან. მან მომიწყო გამოცდა და დიდხანს მარწმუნებდა, რომ აჯობებს ოჯახი შექმნაო. ალბათ, რაღაც სისუსტეს ხედავდა ჩემში. მე მტკიცედ მოვახსენე მას, რომ უკვე გადაწყვეტილი მაქვს ეს საკითხი და არ ვმერყეობ არჩევანში... და როცა ნახა პატრიარქმა ეს ურყევი ნებისყოფა, მეუფე ზინობს წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში მისცა ნება და ლოცვა-კურთხევა, ჩემი ბერად აღკვეცა აღესრულებინა. მოუთმენლად ველოდი ამ დღეს. ვნების შვიდეულის სამშაბათს აღმკვეცეს და სამწუხარო ის იყო, რომ არც ერთი ქართველი არ ესწრებოდა ამ რიტუალს. სულ დაშლილი იყო ყველაფერი და არავინ იცოდა, რა ხდებოდა ეკლესიაში... დიდი მღელვარებით ველოდებოდი, რა სახელს დამარქმევდა მეუფე ზინობი და უეცრად მომესმა: აღიკვეცება მონა ღვთისა ილია... მე მერქვა ერეკლე, ირაკლი და შევკრთი, ისე შეჩვეული ვიყავი ჩემს სახელს და უცებ - ილია! ეს იყო რაღაც საოცარი გამოცდა ჩემთვის. აღკვეცის შემდეგ შევედით მეუფის ოთახში და მეგონა, რომ ტაძარში დამტოვებდნენ, მაგრამ გამომიძახეს და მითხრეს: შეგიძლია სახლში წახვიდეო. ჩვენს ოჯახს არ ჰქონდა ბინა თბილისში და მივედი ჩვენს ნათესავთან. მან რომ დამინახა, გაოცდა - ეს რა ჩაგიცვამსო?! არაფერი ესმოდა შესამოსელის, თუმცა ისე მორწმუნე ადამიანი კი იყო. და... აი ასე დაიწყო ჩემი ბერობა".
(ამონარიდი უწმინდესის მოგონებებიდან).
ალბათ, ყველა ქართველისთვის ბედნიერებაა ილია II-ის პატრიარქობის პერიოდში ცხოვრება. ჩვენს უწმინდესზე უამრავი საოცარი ისტორია მომისმენია, დღეს კი კიდევ ბევრი რამ გავიგე ჩვენს პატრიარქზე გამორჩეული ადამიანისგან - ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის იღუმენ დედა ელისაბედისგან (ზედგენიძე) და მინდა თქვენც გაგიზიაროთ... 2 აგვისტოს მისი უწმინდესობის ანგელოზის დღე აღინიშნა. ჩვენი გაზეთი ულოცავს მას ამ საოცარ დღეს და უსურვებს დღეგრძელობას, კიდევ დიდხანს ჩვენ გვერდით ყოფნას...
- დედაო, როდის გაიცანით უწმინდესი?
- მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი მრევლი, მაგრამ როგორც ბევრი ქართველი, მეც დავდიოდი ტაძარში, სანთელს ვანთებდი... იმ პერიოდში ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში ვმუშაობდი განყოფილების გამგედ. ერთხელ ფრანგები ჩამოვიდნენ და ტაძრების დასათვალიერებლად წავიყვანე, შევიყვანე სიონის ტაძარშიც. მაშინ მისი უწმინდესობა ძველ საპატრიარქოში ცხოვრობდა და დავინახეთ, კიბეზე რომ ჩამოდიოდა. სტუმრებმა მკითხეს, ვინ არისო? რომ ვუპასუხე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია-მეთქი, მომიტრიალდნენ და აღფრთოვანებით მითხრეს, - რა ბედნიერები ხართ, ასეთი ნათელი ადამიანი რომ გყავთ გვერდით, ამ ქვეყანას არასოდეს არაფერი გაუჭირდება, გადაარჩენს ღმერთიო! ისინი მორწმუნე კათოლიკეები იყვნენ და მორიდებით მთხოვეს, შეიძლება, დაგვლოცოსო? რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით მიიღო მისმა უწმინდესობამ, დალოცა და დაასაჩუქრა. ისეთი ბედნიერები წავიდნენ, როცა მიკავშირდებიან, ამდენი წლის შემდეგაც იხსენებენ იმ დღეს, როცა ჩვენს პატრიარქს შეხვდნენ...
გავიდა დრო... ისე მოხდა, 90-იან წლებში სამთავროს დედათა მონასტერში მივედი, საიდანაც დაიწყო ჩემი ურთიერთობა მის უწმინდესობასთან. პატრიარქმა დააწესა "ორშაბათები" - ამ დღეს მასთან ვიკრიბებოდით ხოლმე. ყველას გვახსოვს, მაშინ რა პერიოდიც იდგა საქართველოშIი - დანგრეული ეკლესიები, ფაქტობრივად, განადგურებული იყო ყველაფერი. დედათა მონასტერში 7 მოხუცი დედაო და რამდენიმე მორჩილი გოგონა ცხოვრობდნენ. ჩვენი წმინდა მამა გაბრიელიც იქ ცხოვრობდა და სულ გვანუგეშებდა, გვერდიდან არ გვშორდებოდა... თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან გამიჭირდა, ახალმისულებს წარმოდგენაც არ გვქონდა, რა იყო მონასტრული ცხოვრება...
მისი უწმინდესობა "ორშაბათებზე" თავისთან გვმასპინძლობდა და ყველაფერი საუკეთესო გამოჰქონდა. ეს იყო სულიერი და ხორციელი ტრაპეზი. მთელი კვირა გვყოფნიდა, რომ მისი მოძღვრებით გვეცხოვრა. სულ გვიმეორებდა, - არასდროს არ გაგიჭირდებათ, თუ ილოცებთ და იშრომებთ ერთდროულადო. მართლაც ასეა, როდესაც სულიერ და ხორციელ საქმიანობას შეათანხმებ, ცუდი ფიქრებისთვის დრო აღარ გრჩება. აი, ასე გადაგვატანინა ის მძიმე წლები ჩვენმა პატრიარქმა.
მაშინ მონასტრის შენობის ნახევარი ჯერ კიდევ სამშობიაროს ეკუთვნოდა, და რომ გამოვდიოდით მცხეთაში, ცილს გვწამებდნენ, იქ დედაოები მშობიარობენო და რაღაც საზიზღრობებს ლაპარაკობდნენ... შემდეგ მოხდა ისე, რომ მთლიანად დაგვიბრუნეს მონასტერი. დაიწყო მისი აღდგენა, რაც უწმინდესის ღვაწლი და ღვთის სასწაულია.

- როგორც ვიცი, მისი უწმინდესობის პირველი სასულიერო ნაბიჯები ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარს უკავშირდება...
- დიახ. ის ბერად იკურთხა სწორედ ამ ტაძარში მეუფე ზინობის მიერ, რომელსაც ძალიან უყვარდა ჩვენი პატრიარქი. ორმხრივი იყო ეს სიყვარული. დღესაც, როდესაც პატრიარქთან მივდივარ, სანთლებს მატანს მეუფე ზინობთან და მამა ვიტალისთან - დამინთეთო... უწმინდესმა ალექსადრე ნეველის ხატი გამოგვიგზავნა, რომელიც თავისი ხელით შეამკო და შესწირა ტაძარს. ეს ხატი მართლა სასწაულთმოქმედია - რთულ დროს, როდესაც ვევედრებით, მაშინვე გვეხმარება...
ძალიან მალევე, მისი უწმინდესობის კურთხევით, აქ გაიხსნა უპოვრებისთვის სასადილო, სადაც უკვე წლებია ყოველდღე 100-მდე ადამიანი მოდის. პანდემიის დროსაც კი არ შეგვიჩერებია\ - მოდიოდნენ და შინ ვატანდით საკვებს...
- დედაო, მამა გაბრიელი ახსენეთ და არ შეიძლება არ გავიხსენოთ მისი დამოკიდებულება უწმინდესის მიმართ...
- მამა გაბრიელს ძალიან უყვარდა უწმინდესი. არა მარტო უყვარდა, განსაკუთრებული რიდი და კრძალვა ჰქონდა. წინასწარ გრძნობდა რომ მობრძანდებოდა და გამოგვიცხადებდა ხოლმე: აი, დღეს კარგი ტრაპეზი გაამზადეთ, კათალიკოსი მობრძანდება, კათალიკოსი!”ვფიქრობდით, ახლა საიდან მოიტანა ეს მამაომ? არ გავიდოდა 15-20 წუთი და პატრიარქი შემობრძანდებოდა მონასტრის ეზოში. მახსოვს, ერთხელ კელიაში შევედი მამა გაბრიელთან და ძალიან ტიროდა. რა გატირებთ მამა გაბრიელ-მეთქი, შევწუხდი.”როგორი მძიმეა კათალიკოსის ჯვარი და როგორ გაუმწარებენ მას ცხოვრებასო... ისიც კი იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დროს მტერი გაუჩნდებოდა და მართლაც ახდა მისი ნათქვამი... თუმცა იმასაც აყოლებდა, ღვთის ძალით ყველაფერს გაუძლებს და ვინც კი მას განიკითხავს, თავზე აგიზგიზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრისო.
გასაოცარი იცით რა არის? უწმინდესს როგორი ცოდვილი ადამიანიც უნდა შეხვედროდა, ისეთი სიყვარულით მიიღებდა, რომ ის ბოროტიც კი უცებ სხვანაირი ხდებოდა, ავიწყდებოდა განრისხება, შურისძიება თუ სხვა მანკიერებები...

ერთხელ უწმინდესი სეირნობდა ახალი საპატრიარქოს რეზიდენციაში და მეც იმ მომენტში იქ აღმოვჩნდი. უცბად ეზოში უწმინდესს მათხოვარი ბავშვები შეხვდნენ და დავინახე, როგორ წამოიყვანა თავისთან. ბერებს დაუძახა, დაბანეთ, მიხედეთ, ასაუზმეთო. თან თვითონაც მიიღო ამაში მონაწილეობა. მერე ახალი ტანისამოსით შემოსა და მშობლებს დაურეკა: თქვენი შვილები ჩემთან არიან, მოდით, წაიყვანეთ, მაგრამ ნურასოდეს ამათხოვრებთ, შრომა ასწავლეთო.”შემდეგ დასაჩუქრებული გაუშვა ისინი. ვიცი, უწმინდესმა გააგრძელა ურთიერთობა მათთან და ყოველთვიურად ეხმარებოდა ამ ოჯახებს. კიდევ იცით რა მახსენდება? მაშინდელი პარტიული მუშაკები მასთან ჩუმად რომ მოდიოდნენ და ლოცულობდნენ. ყველა პატივს სცემდა უწმინდესს.
- დედაო, შეუძლებელია არ გავიხსენოთ აფხაზეთის ის მძიმე დღეები, რომლებიც გამოვიარეთ ყველამ, განსაკუთრებით კი თქვენ, რადგან მაშინ იქ იყავით...
- იმ ავადსახსენებელი ომის გახსენება ახლაც ძალიან მიჭირს. მისმა უწმინდესობამ გვაკურთხა და მე, მეუფე დანიელი და რამდენიმე სასულიერო პირი გაგვიშვა აფხაზეთში. უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. გვამებს ვაგროვებდით და ვმარხავდით როგორც შეგვეძლო, რომ ცხოველს არ წაებილწა. მისი უწმინდესობა პირდაპირ ხაზზე იყო სოხუმში და ყოველდღე გვირეკავდა, გვასწავლიდა, რა უნდა გაგვეკეთებინა, როგორ გაგვეძლო ამ განსაცდელისთვის.
მახსოვს, 17 მარტი იყო. ისე მოხდა, დედები შუაგულ ომში სულ მარტოდ აღმოვჩნდით. ისეთ საშინელ დაბომბვაში მოყევით, გარშემო ყველაფერი ფეთქდებოდა. ირგვლივ გვამები ეყარა - ხელი, ფეხი, ნაწილები... დავიწყეთ ამ გვამების აწყობა და როგორც შეგვეძლო, დავკრძალეთ...
მოგვიანებით, როცა ტაძარში მივბრუნდით, ისე ცუდად ვიყავით, არ ვიცოდით, გავაგრძელებდით თუ არა ცხოვრებას. უმძიმესი დღეები გავიარეთ, ძალიან ცუდად ვიყავით და ამ დროს ჩვენთან გაჩნდა მამა ეფრემი, რომელიც მისი უწმინდესობის კურთხევით გამოეშურა. მოგვიტანა უზარმაზარი ნობათი - უწმინდესის ხელით ჩალაგებული ყველანაირი ხილი, თაფლი, ულამაზესი ყვავილების გვირგვინი წარწერით: "ნუ გეშინიათ, უფალი თქვენთან არის!" ეს იმხელა ნუგეში იყო, თითქოს ფრთები გამოგვასხეს. იმ დღიდან ყველა განსაცდელის ჟამს ეს გვახსენდებოდა და ისე გადაგვქონდა ის დღეები...

- პირადი ისტორიებიც არაერთი გექნებოდათ დედაო?
- ერთხელ დიდი განსაცდელი შემხვდა. არ ვიცი, როგორ გაიგო უწმინდესმა, დამირეკა და მეუბნება: დედა ელისაბედ, იცოდეთ, მტრების მიმართაც კი განსაკუთრებით მოწყალე იყავით. მოწყალე იყავით მათ მიმართ, ვინც თქვენ არ გწყალობთ. მე სულ ასე ვიქცევი და იცით როგორი მოწყალე იქნება ღმერთი თქვენ მიმართ?
ამის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა ეს არის სიბრძნე და დღემდე ვცდილობ, ასე ვიცხოვრო...
- დედაო, ომის შემდეგ ხომ ბოდბეში წამოხვედით?
- დიახ. ძალიან მძიმე იყო ჭუბერით გადმოსვლა. გზაში დაიწყო თოვა. საკენიდან ჭუბერამდე 56 კილომეტრია და ორი დღე-ღამე მოვდიოდით. ვჩერდებოდით თოვლშIი, წყალში, წვიმაში... სულ ალპური ზონაა. ავდიოდით მთებზე და ვფიქრობდით, აი, ახლა დამთავრდება ეს მთა, აი, ახლა და იქით იქნება უკვე ჭუბერი, მაგრამ... ისე დავიღალე და გავტყდი სულიერად, რომ რამდენჯერმე მინდოდა ჯგუფს ჩამოვრჩენოდი, დავრჩენილიყავი და გავყინულიყავი. აღარ შემეძლო სიარული. ამ დროს მღვდელმთავარი თავის კვერთხს ფეხებზე გვიკაკუნებდა, რომ წამოვმდგარიყავით, თუ დაეცემოდი და მალევე არ ადგებოდი, იყინებოდი. გზაზე უამრავი ადამიანი გაიყინა... მახსოვს, რამხელა სიხარული იყო, როდესაც წყალს მივაგენით. წყალი ასეთი გემრიელი და ტკბილი არასდროს მომჩვენებია. როგორც იქნა, ჩამოვედით ჭუბერში. დედა თეოდორამ და დედა აღათიამ გადაწყვიტეს ჯარისკაცების დახმარებით თბილისში წასვლა - ჩვენ მაინც გავაგებინებთ, რომ ცოცხლები ვართო. ამ დროს ყველანარი კავშირი გაწყვეტილი იყო. დავრჩით მე, დედა თამარი, დედა ელენე და მღვდელმთავარი. ბოლომდე იქ დავრჩით. ჩვენთან იყო მამა მიქაელი (შიო მღვიმის მონასტრის წინამძღვარი) და მამუკა (ახლა უკვე მეუფე ისაია). საველე სამზარეულოში შემოდიოდა ჰუმანიტარული დახმარება, რომლებსაც მონაზვნები ვანაწილებდით. იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც დედამ თავისი ორი წლის ბავშვი გათელა, პურის გულისთვის…ბავშვი ფეხებში შეუვარდა და ამ დროს დედა იმდენად შოკირებული იყო, ისეთ აფექტურ მდგომარეობაში, რომ ზედ გადაურა... ის ბავშვი გარდაიცვალა...…ჭუბერი იყო ჯოჯოხეთის გაგრძელება დედამიწაზე.
ოქტომბრის დასაწყისში, როცა ლტოლვილებმა ჭუბერი დატოვეს, ჩვენც წამოვედით და ჩამოვედით პატრიარქთან. უწმინდესმა ცოტა ხანს გაგვიშვა მარტყოფის დედათა მონასტერში, ამოვისუნთქეთ ორი დღე და შემდეგ გაგვამწესა ბოდბეში.
თითქმის ერთი წლის განმავლობაში ღამე ვერ ვიძინებდი, მჯდომარეს Yთუ ჩამეძინებოდა, სულ ბომბების ხმა მესმოდა ყურში.
ჩვენთვის დედა ქეთევანმა გაამზადა კელიები, მაგრამ პატრიარქმა თქვა, დედები წავლენ ბოდბეშიო. ეს მაშინ პატრიარქისგან დიდი ნაბიჯი იყო.
- რას გულისხმობთ?
- მაშინ ახალი გადმოცემული გახლდათ ის ტერიტორია მონასტრისთვის და იქ ჯერ კიდევ მუზეუმი იყო. დაგხვდა რამდენიმე რუსი მოხუცი დედაო, რომლებიც სენაკებში ცხოვრობდნენ. ჩვენ რომ ჩავედით, მუზეუმის ექსპონატებზე გვეძინა. ეს იყო პატრიარქის ბრძნული გადაწყვეტილება. ჩვენ რომ სამთავროში მივსულიყავით, ყველა მოგვეფერებოდა, გაგვიფრთხილდებოდნენ, ჩვენ ისევ იმ ტრაგედიაზე ვიფიქრებდით და შეიძლება მართლა გავგიჟებულიყავით, აქ კი დრო არ გვჩებოდა ამაზე ფიქრისთვის. დაგვხდა ძალიან ბევრი სამუშაო. ისე დაემთხვა, მოვიდა ძალიან დიდი თოვლი, იმხელა, რომ ვერავინ ჩამოდიოდა და ვერც გვეხმარებოდა.
საკვები არ გვქონდა. იქ დატოვებული იყო ღორებისთვის ხორბალი. ჩავდიოდით წყაროზე და კასრებით ამოგვქონდა წყალი, მერე ამ ხორბალს ვალბობდით და მეორე დღეს ვჭამდით. ამასობაში თოვლიც შეწყდა და ერთ დღესაც 11 ხატიდან წამოვიდა მირონი, აი, ასეთი სასწაული მოხდა - დიდი გაჭირვებისა და განსაცდელის შემდეგ მოვიდა დიდი ნუგეში უფლისგან. როგორც კი ხატებიდან დაიწყო მირონმა დენა, ზუსტად ერთ საათში მობრძანდა მისი უწმინდესობა...
ვხედავთ, ჯერ მამა დავით და კონსტანტინე ჭინჭარაულები შემოვიდნენ ოთახში და უცებ მათ უკან ვხედავთ უწმინდესს. ისე გაგვიხარდა, გავქანდით, რა ვქნათ, არ ვიცით, ვფიქრობთ, რით გავუსმასპინძლდეთ, არაფერი არ გაგვაჩნია. გაგვახსენდა, რომ დათესილი გვქონდა კარტოფილი, რომელიც ჯერ ძალიან პატარა იყო. უცებ ამოვყარეთ და ახლოს ვინც იყო სამეზობლოში, გავუცვალეთ პომიდორში, ზოგსაც ყველში (იმ დროს მოსახლეობა საშინელი ურწმუნო იყო), გავამზადეთ კარტოფილის ხინკლებიც. ამასობაში პატრიარქმა მოილოცა ყველა ხატი, პარაკლისი გადაიხადა, ილოცა, იგალობა... ჩვენ ტრაპეზი გავამზადეთ და დავპატიჟეთ. წასვლისას დიდი სიყვარულით დაგვლოცა და როცა წაბრძანდა, მერე მღვდელმთავრებისთვის უთქვამს, ეს რა ტრაპეზი გამიშალეს დედებმა, ცხოვრებაში იმის გემო არ დამავიწყდებაო... “
- მის მზრუნველობაზე არაერთი ამბავი მომისმენია, თქვენ რას გაიხსენებდით?
- როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო, ჩვენც მორიგეობით დავიწყეთ ღამის თენება საპატრიარქოში. საპატრიარქოს მანქანები გარეთ ვერ გამოდიოდნენ, რადგან საშინელი თავდასხმები იყო... მე ჩემი მანქანით მიმქონდა წერილები ზვიად გამსახურდიასთან... თხოვნა, რომ ომი შეეწყვიტათ, მიმქონდა ხან ტელევიზიაში, ხან მთავრობასთან...
იმ პერიოდში მოგვეცა კურთხევა, რომ განუწყვეტლივი ლოცვები აღგვევლინა. რა თქმა უნდა, უწმინდესი თვითონაც ლოცულობდა და მერე რომ ხედავდა, უკვე ძალები გველეოდა, კელიიდან გამობრძანდებოდა ხოლმე, დღემდე არ ვიცი საიდან მოჰქონდა, დიდი კალათით გამოჰქონდა შოკოლადები. ვისაც რა უყვარდა, ზუსტად ის. მე განსაკუთრებით "დათუნია" მიყვარდა და მუჭით მაწოდებდა, დედაო, ძალები მოიკრიბეო.”იყო შემთხვევა, სამთავროში დარჩენილა. შუაღამისას სეფისკვერებს ვაცხობდით წირვისთვის, ადგებოდა უწმინდესი და თვითონ იწყებდა ცომის ზელვას: ამას დიდი ძალა სჭირდება, თქვენ სუსტები ხართო! “
- დედაო, შეგიძლიათ ჩვენი გაზეთით მიულოცოთ უწმინდესს ანგელოზის დღე!
- დიდი სიყვარულით მივულოცავ! ძალიან ვწუხვარ, რომ ის ტკივილი, რომელიც მას მიაყენეს, განიცადა და სათანადოდ დაფასება ვერ მიიღო... ეს არის ადამიანი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა და ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ მის ეპოქაში ვცხოვრობთ. მინდა ვუთხრა, რომ ძალიან, ძალიან გვიყვარს და მე ვფიქრობ, რომ ვინც ტკივილს აყენებს, მათაც ძალიან უყვართ, უბრალოდ არ იციან, რას სჩადიან!
რუსუდან შაიშმელაშვილი