"აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთთან მისასვლელი გზა არ უნდა დავკარგოთ" - კვირის პალიტრა

"აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთთან მისასვლელი გზა არ უნდა დავკარგოთ"

აფხაზეთიდან დევნილი კარლო­ კიკორია ცნობილი მცენარეთმცოდნე გახლავთ. მეცნიერი, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს: მთელ საქართველოში პატრონობს და კურნავს დაავადებულ მცენარეებს. ბოლო ერთი კვირაა ამ საქმეს უკვე აფხაზეთშიც მიხედა და ამისთვის გალი, სოხუმი და ოჩამჩირე მოიარა.…როგორ ხვდებოდნენ აფხაზები, ამაზე თავად მოგვითხრობს.

- ბატონო კარლო, ცნობილი მეცნიერი, მცენარეთა ბიოლოგიური სასუქის, "ბიოაგროს" შემქმნელია. თუმცა აფხაზეთში მსგავსი მიზნებით შესვლის აღსაკვეთად ბევრი ბარიერია.

- არ არსებობს ძალა, რომელიც სამუდამოდ ჩაკლავს ისეთ ძლიერ ფესვებს, როგორზეც ჩვენი აფხაზებთან ურთიერთობა დგას. თუ სისხლს ერთმანეთი ახსოვს და ერთმანეთი სჭირდება, ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს. ეს ომი რომ არ უნდა დაწყებულიყო, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. თუმცა, დღესაც ცოცხლები არიან ის აფხაზები, რომლებიც წინასწარ ფარულად ეთათბირებოდნენ ქართულ მხარეს, პროვოკაცია მზადდება და ეს ომი არ უნდა დავუშვათო. სამწუხაროდ, არ გამოვიდა, ბოროტებამ მაინც გაიმარჯვა. ახლა ჯობს მხოლოდ სიკეთეზე ვილაპარაკოთ და არა სიმწარეზე. ჩვენს ურთიერთობაზე ჩაფიქრება უკვე აფხაზებმაც დაიწყეს.

პირველად შვიდი წლის წინ გადავედი აფხაზეთში ნათესავის დაკრძალვაზე. მომეჩვენა, რომ ამ დღეს ჩვენ შორის უფსკრული არც მე გამახსენდა და არც მათ. ტრადიციული სუფრის თამადა იმ დღეს მე ვიყავი და ბევრი გადანახული ცრემლიანი სიტყვაც ამოვიღეთ გულიდან. ვერ აღვწერ როგორი მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ათეული წლებია ჩუმად, მთელი ენერგიით შრომობს ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდის გასამთელებლად.

უზარმაზარი სტრესების ფონზე, რაც საქართველოს არ ელევა, ეს ხალხი ჯიუტად­ აკეთებს ერთსა და იმავე საქმეს, რათა ომისაგან წიწილებივით დაფანტულმა ჩვენ და აფხაზებმა ერთმანეთი კვლავ ვიპოვოთ. ყველაფერი მათი ენერგიის და გულის გავლით გადის:A აფხაზების სამედიცინო მომსახურება იქნება თუ სხვა პრობლემები. აქ ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ რამდენიმეზე მაინც ვიტყვი: ქუთაისში ცხოვრობს დიდებული ქართველი კაცი, ალუ გამახარია, რომელთანაც დახმარებისთვის მიდის ყველა აფხაზი, ვინც საქართველოში აუცილებელ საჭიროებაზე გადმოდის. ეს კაცი ყველაფერს აკეთებს ამ ხალხის ხელის გასაწოდებლად. ამ ხალხმა წლების განმავლობაში იმხელა საქმე გააკეთა, მათ თავად აფხაზები დაიცავენ, თანაც არსებობს ძალიან ძლიერი ორგანიზაცია "მშვიდობიანი კავკასია", რომელშიც ალუ გამახარია მუშაობს, და ზურგს ის უმაგრებს. ზუგდიდელი იოსებ გერგედავაც მუდამ აფხაზეთსა და საქართველოს შორის გზაზეა, რათა ჩვენი ურთიერთობა გამოასწოროს. აი, ამ ორი ადამიანის მონდომებით მოვიარე აფხაზეთი. აფხაზებმა ბატონმა ალუს სთხოვეს საქართველოდან ვინმემ ბიოლოგიური სასუქის გამოცდილება გაგვიზიაროსო. ბატონმა იოსებმა კი ენგურის ხიდზე გადამაცილა და უკან დაბრუნდა.

- წარმომიდგენია, რას განიცდიდით, როდესაც სოხუმში, ოჩამჩირეში ან სხვაგან დადიოდით. რას განიცდიდნენ თავად აფხაზები, რომლებიც გიყვებოდნენ, როგორ უნადგურებთ მოსავალს გვალვა, წვიმა ან ქარი? როგორ მოიარეთ ის ადგილები, სადაც დაიბადეთ.

- სოფელ გუდავაში დავიბადე. სამწუხაროდ, ის ადგილები ბოლომდე ვერ მოვიარე, 300 მეტრი დამრჩა ჩემს ნასახლარამდე რომ მივსულიყავი. ჩემს სოფელში, სადაც 1000 კომლი ცხოვრობდა, ათასივე­ სახლი გადამწვარია და მის ადგილზე, ომიდან 35 წლის შემდეგ უზარმაზარი ტყეა ამოსული. მხოლოდ სტადიონამდე, ჩემი სახლიდან 300 მეტრის მოშორებით მივაღწიეთ და უკან დავბრუნდით. ჩემი მასპინძელი დიმიტრი შვარბა, დამპირდა, ისევ რომ ჩამოხვალ, ტყე გაკაფული დაგხვდება და შენს ნასახლარზე აუცილებლად აგიყვანო. ეს ძალიან კარგი ახალგაზრდა სოფელ ზემო ბარღების მეურნეობის ხელმძღვანელია. აფხაზეთში ჩემი ყოფნის დროს არ მომშორებია.

- ცნობილი სოფელია.

- დიახ, ცნობილი სოფელია, სადაც რიგითი აფხაზებს მოსავლის ბედი აფიქ­რებთ, ცდილობენ ჯანმრთელი მოსავალი მოიყვანონ. მომავალში ჩვენგან ბიოლოგიური სასუქის პარტია აფხაზეთში გაიგზავნება ქველმოქმედებითა და აფხაზური ეტიკეტით. ამას ერთ-ერთი ქართული კომპანია დააფინანსებს. მადლობა ღმერთს, აფხაზეთისთვის ქველმოქმედების აუცილებლობა ბევრ ქართველს ესმის.

- თუმცა ზოგჯერ ისიც გამიგონია, ზომაზე მეტ ქველმოქმედებას ვეწევით, ისინი კი უმადურობით გვპასუხობენო.

- ომი და მას მიდევნებული სიკვდილი ჩვენ კიდევ ბევრი რამის სწორად გაგებაში შეგვიშლის ხელს. იმასაც ვფიქრობ, რომ რაც ასეთი ურთიერთობისათვის გაკეთდა, აფხაზეთს უკვე ეტყობა. სოხუმში არავინ დაგიპირისპირდებათ, ქართულად რატომ ლაპარაკობო. თუ ენა ესმით, პირიქით, ყურადღებით მოგისმენენ. სამწუხაროდ, ახალგაზრდებს ქართული არ ესმით. სოხუმის კაფეში ჩვენი აჭარული ხაჭაპურის მსგავსი მოგვიტანეს, რომელსაც ისინი "ნავს", რუსულად "ლოდოჩკას" ეძახიან. ერთმა გოგონამ დაგვიცხო და რომ შევხედე, იმდენად­ შორს იყო აჭარულისგან, გულმა არ მომითმინა და ცომის ამოხვევა ვასწავლე. სხვათა შორის, ისიც ვუთხარი, არავითარი "ლოდოჩკა" ეს არ არის, აჭარული ხაჭაპურია­ და ასე რომ უწოდოთ, ბევრად სწორი იქნება-მეთქი. ისე ყურადღებით მომისმინა, ვფიქრობ, რაღაცას აუცილებლად გაითვალისწინებს.

სოხუმში უნივერსიტეტის რექტორს რომან დვარს შევხვდი, ძალიან თბილად მიმიღოთ. ოდესღაც სოხუმში მცენარეთა დაცვის ლაბორატორიაში ერთად ვმუშაობდით. ის ახლაც მცენარეთა დაცვის საქმეს ხელმძღვანელობს და ჩვენი საურთიერთობო ენა ადვილი აღმოჩნდა - სტიქიებმა, მცენარეთა დაავადებებმა და მავნებლებმა არ იციან საზღვარი, ეს საერთო სატკივარია. აფხაზეთშიც ბზის უმეტესობა გახმა, აფხაზეთსაც შეესია ფაროსანა.

- რამე საერთო კეთდება ამასთან საბრძოლველად?

- რა თქმა უნდა. ნერგებიც იგზავნება.­ ამჯერად პავლოვნიას ნერგები გვთხოვეს და ამასაც გავგზავნით. სხვათა შორის, აფხაზეთში არსებობს იქაურ მიწაზე ნახარები უძველესი აფხაზური ვაზის ჯიშები, რომლებიც თავის დროზე ერთმა კარგმა ქართველმა კაცმა, ვაჟა გოცირიძემ შეისწავლა და აღადგინა. უნდოდა ამ ჯიშების მეურნეობაც გაეკეთებინა, მაგრამ ომმა აღარ დააცალა. ეს კაცი ომმაც ვერ Eგააჩერა,­ საგურამოში განაგრძო შრომა და 2006 წელს 16 აღორძინებული აფხაზური ჯიში გაგზავნა აფხაზეთში. მერე თავადაც ჩავიდა. კარდაკარ იარა და ამ ჯიშების მნიშვნელობას უხსნიდა ხალხს: ავასირხმა, ხაფშირა, აშკიკიჟი, ბევრი სხვა უძველესი აფხაზური ჯიშია, რომლებიდანაც ბევრს ვეღარ ახარებენ.…თუმცა არის ხალხი, რომელიც აფხაზეთში ქართულ ვაზს დიდი რუდუნებით უვლის. სოფელ კვიტოულში ალხაზ ჯინჯოლიასთან ვიყავი. ალხაზი ჩემი ძმის ძმადნაფიცია და ეს ძმობა ომის შემდეგ შედგა. ალხაზი მაგ დროს თბილისში ჩამოვიდა და ჩემი ძმის სასტუმროში გაათია ღამე. ისაუბრეს, ერთმანეთის გულს გაუგეს და ძმებად გაიფიცნენ. ალხაზიმ ომის დროს პატარა ქართველი გოგონა შეიფარა და გადაარჩინა. ახლა ის გოგო საბურთალოზე სოხუმის უნივერსიტეტის თანამშრომელია. ალხაზი აფხაზურ ჯიშებთან ერთად ოჩამჩირეში ცოლიკაურს ისე უვლის, გულს მალამოდ ედება. ქართული საწნახელიც ისევე უდგას მარანში, როგორც მის წინაპრებს.

ერთმანეთთან მისასვლელი გზა არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ ამ ურთიერთობაში ერთადერთი გზა გვაქვს - შერიგება.