„ძალიან ნაღვლიან ისტორიას გიყვებით, მაგრამ ნამდვილს...“ - სასაზღვრო სოფლების ტრაგედია: "მიხა პაპა მოკვდა და მასთან ერთად, სოფელიც მოკვდა" - კვირის პალიტრა

„ძალიან ნაღვლიან ისტორიას გიყვებით, მაგრამ ნამდვილს...“ - სასაზღვრო სოფლების ტრაგედია: "მიხა პაპა მოკვდა და მასთან ერთად, სოფელიც მოკვდა"

გასულ წლის ოქტომბერში არხოტის ხეობაში, სოფელ ჭიმღაში, მარტოკაცმა კარი გამოკეტა და მკაცრ პირობებში მშობლიურ ხეობაში 44-წლიან ცხოვრებას წერტილი დაუსვა. წასვლის წინ ვესაუბრე პოეტ გიგლა ოჩიაურს, სასაზღვრო სოფელს წლების განმავლობაში რომ იცავდა, და სევდიანად ამბობდა, ჩემს ჭიმღას ვერაფერი გავუკეთე და აქედან გულნაკლული მივდივარო... გამოხდა რამდენიმე თვე, გულმა ისევ მთაში გაუწია და დაცლილი სოფლისკენ გრძელ გზას დაადგა. "უცებ მოიფიქრებ კაცი და აქედან წახვალ, მაგრამ რაღაც არ გამოგყვება, ბევრი რამ აქეთ დაგრჩება, ნახევარი კაცი წახვალ სამშობლოდან. თურმე თუ წახვალ, ზერელედ წახვალ, სიზმრებში სულ აქ ვიყავ, ბარში მარტო ხორცი იყო ჩემი, ამიტომ როგორც კი მთაზე გადმოსასვლელი გაიხსნა, დავიძარ, ისევ ჩამოვაკითხე აქაურობას. უპატრონო, მოწყენილი და აბალახებული დამხვდა არემარე, აღარც ბილიკი, არც არაფერი... წყალს, ქარსა და თოვლს სულ გაუტიალებია და ჩამოუნგრევია ყველაფერი, თითქოს ეშმაკი დაჰპატრონებიაო ყველაფერს. ხომ არ გვინახავს ეშმაკი თვალით, მაგრამ, ალბათ, მისი კვალი ასეთია, რაც აქ დამხვდა", - მეუბნება და ვინ იცის, უკვე მერამდენედ მიამბობს კაცისა და სოფლის სატკივარზე:

- დუშეთში გამოვიზამთრე, მლაშეში... ამოველ და ჩემი განუყრელი ძაღლები წამოვიყვანე, ფუტკრებს მოვაკითხე, სკები მაქვს. დათვი შემოგვეჩვია და ის აფუჭებს სკებს, ზოგი გადარჩა, 20-მდე ოჯახი მყავს. ჩემი ასაკის კაცი უსაქმოდ ვერ გაჩერდება, ფუტკრებიც ფუსფუსებენ, მეც ვფუსფუსებ. კაცს რამდენი პრობლემა გაქვს, იქით სამშობლოს უბედობა, ღალატი და გაუტანლობა და ამ ფუტკრებთან რომ დადგები, ამაზე აღარ ფიქრობ, მშრომელები არიან, მიდიან, მოდიან, გამოვლენ, გამოგხედავენ, კარგები არიან, მართლა ღვთისები. გავამრავლებდი, მაგრამ აქედან თაფლი რით წავიღო, ბაზარიც არ არის...

45 წელი რომ იცხოვრებ და აქ დაბერდები, ადვილად წასვლა-წამოსვლა აღარ გამოვა თურმე. როგორ შეიძლება ამდენი წელი დაბადების ადგილზე შენი ნებით იცხოვრო, შენს იქით ქართული მიწა აღარ იყოს (ხუთიოდე კილომეტრში რუსეთია), წახვიდე ბარში და არხეინად დაჯდე. მლაშეში (დუშეთის რაიონში, იქ გადაასახლეს ჩვენი ხალხი, 30 ოჯახი) მაქვს დედ-მამის საფლავი და ამდენი წელი იქაც კი არ გავსულვარ, აქაურობაზე უფრო ვდარდობდი. აქ სამი სოფელია - ამღაში ერთი, ახიელში კი 2 მარტოხელა მოხუცი კაცი ცხოვრობს. ვდარდობდი, ზამთარში რამე არ მოსვლოდათ, ინტერნეტი აქ არაა, რომ ამბავი გამეგო, მთებზე ანძები დგას, ხან ქარი დაარტყამს, ხან მეხი მოხვდება და აქაურობა გათიშულია. ათენგენობას შევხვდით სოფლის დარაჯები - მე, გოჩა ჯაბუშანური, შიო ოჩიაური და ზეზვა წიკლაური, უძლებენ ბერიკაცები...

ხევსურეთის 15 სოფელშია დარჩენილი თითო კაცი, ბარისახოს ირგვლივ სოფლებში.­ გსმენიათ, ალბათ, მიხა პაპა (არაბული), ერთი კაცი რომ იყო მისახში და გარდაიცვალა. ერთი კაცის სიკვდილს გადაიტანს ქვეყანა, მაგრამ მასთან ერთად სოფელიც რომ მოკვდება, ეს უკვე დიდი ტრაგედიაა. კარგი იქნებოდა, ექიმების ჯგუფი რომ ჩამოყალიბებულიყო. რამდენი პატრიოტი ექიმია, უანგაროდ რომ დაეხმარება­ სოფლებს, გადაადგილების საშუალება რომ ჰქონოდათ, ჩამოივლიდნენ ადა­მიანებს (მაგალითად, ფშავში 30 კაცი ცხოვრობს და ოციც –ხევსურეთში), რა არის იმათი შემოვლა, გამოკვლევები­ რომ ჩაუტარო, წნევა გაუზომო, იოდი, ბინტი და გამაყუჩებელი დაუტოვო, ელემენტარული ყურადღება გამოიჩინო 3, თუნდაც 5 წელში ერთხელ, ის კაციც ხომ არ მოკვდება, სოფელს რომ ამაგრებს და თავისთავად, სოფელიც ხომ გადარჩება?

ხელისუფლებას ხალხზე რომ ეფიქრა, ვიღაცას მოუნდებოდა აქ ცხოვრების გაგრძელება. სააკაშვილის დროს 2.000 ლარი თუ იყო დახმარება, ახლა ეს დახმარება 10.000 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ მაინც გარბის ხალხი. რატომ გარბიან თუ იცით? იმიტომ, რომ ის ფული ხალხამდე არ მიდის, თვითონ მიაქვთ ჯიბეში. სოფელი ხახაბო ხომ გსმენიათ, იქ ერთი ოჯახია, შუქს ითხოვს,­ მაგრამ იმ კაცის და სოფლის დასახმარებლად გამოყოფილი ფული უკან ბრუნდება, რადგან სოფლის პროგრამაში უწერიათ, რომ თანხა საქანელას ან მოსაცდელის აშენებას უნდა მოხმარდეს, თან იმ კაცმა უნდა დადგას, თავისი ხელით უნდა გააკეთოს. იმ კაცს ის საქანელა ან მოსაცდელი რაში სჭირდება? ის ამბობს, შუქი არა მაქვსო, ამათ კი საქანელაო. არადა, უფლება არა გაქვს, პროგრამა შეცვალო. თუმცა მე გამიმართლა, მეც მეწერა მოსაცდელი, მაგრამ ქარის გენერატორი მომცეს... სოფლებს არავისგან არაფერი სიკეთე არ ახსოვს. არავინ კითხულობს, ცოცხლები ვართ თუ არა, აკი გითხარით, მიხა პაპა მოკვდა და მასთან ერთად სოფელიც მოკვდა-მეთქი. ასე დაემართებათ დანარჩენ სოფლებსაც...

სოფელი ავ-კარგის სასწორია და ქვეყნის საძირკველი, ის არის სახე ქვეყნისა. რამდენადაც სოფელი ძლიერია, იმდენად ძლიერია სახელმწიფოც. ქვეყანას ფესვი თუ არა აქვს, მტერი ჰკრავს წიხლს, თუ ქარიშხალი წამოუვლის, მიამტვრ-მოამტვრევს ყველაფერს. სოფელს აბა, ვინ უყურებს, ვის აინტერესებს?! სამანქანო გზის გაკეთება სამ სოფელში - ჭიმღაში, ამღასა და ახიელში 8-9 წლის წინ დაიწყო, ჩემამდე მაინც არ მოსულა. სახლიდან 30 მეტრში გზა შავად გათხრილია, ზუსტად 3 დღეში გააკეთეს, მაგრამ მანქანა ვერა, მარტო ტრაქტორი დადის. 10 წელია გზა კეთდება, 30-40 მილიონამდე დაიხარჯა, ყოველდღე იყოფა ეს ფული და, ალბათ, ბოლო ლუკმაა, ამასაც­ წაიღებენ და მორჩა. ჯერ იყო და, ვითომ ჰესი "აშენდა", მილები არ შეცვლილა,­ გამსახურდიას დროინდელი მილები მიწაში დარჩა.

განა ის დავიჯერეთ, მილიონებს მოგვცემდნენ ან საწარმოები აშენდებოდა? სოფლის შინაარსი უნდა იცოდე, პროგრამა უნდა გქონდეს, აქ რომ დასახლდეს ახალგაზრდობა, რა ეკუთვნის და რა მიეცემა აქ დასახლებულ წყვილს, აქ დაბადებულ ბავშვს თუ პენსიონერს. ხომ უნდა მოიზიდო, რომ მოვიდეს?

ზეპირად რომ ლაპარაკობ მილიონებზე, ვინ დაგიჯერებს. არ გვჯერა, არა. რაღა უცხოეთში გაიქცეს ახალგაზრდობა და იქ გააჩინონ შვილები, სოფელში მოიზიდე, იქ წავიდნენ, იქ იშრომონ, იქ გადაუხადონ და შეუქმნან პირობები. პენსიონერი აქედან რომ წამოვიდეს, მარშრუტკამდე უნდა იაროს. მარშრუტკა მარტო შატილში დადის, მიღმახევში - არა. ხახაბოდან რომ წამოვიდეს კაცი, 5-6 კილომეტრი უნდა იაროს გზაზე, ან ვიღაცას უნდა გამოჰყვეს. წარმოიდგინეთ, თოვლია, წვიმაა, უამინდობა და თბილისამდე რომ ჩამოვიდეს, 30 ლარი უნდა გადაიხადოს ტრანსპორტში, მერე ექიმთან ჯავშანი, ისევ უკან დაბრუნდეს და პენსიაზე მომატებული 35 ლარი ექიმამდე მისვლაშიც არა, ერთგზობაზე ჰყოფნის, უკანაც ხომ უნდა დაბრუნდეს?

ხელისუფალნი თვითონ რომ 7.000 ლარს იმატებენ, პენსიონერს 35 ლარს აძლევენ სასაზღვრო სოფელში, რომლის იქით საქართველო აღარ არის. რამდენზე უნდა გაამრავლო 35, რომ 7.000 მიიღო? კიდევ 200 თვე უნდა იცოცხლოს პენსიონერმა, 7.000 რომ გამოუვიდეს.

ეკონომიკა ვისთვის იზრდება, იმ გაქსუებუ­ლი პარლამენტარებისთვის, თორემ იმ ადამიანებისთვის არა, საზღვარს რომ იცავენ.­ 20-მდე ხევსური პენსიონერი ვიცი, ჯანმრთელობა ხელს რომ უწყობდათ და უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ. თუკი თავისი ფულით ექიმთან ვერ მივიდა, თავისი მოყვანილი პროდუქტი ბაზრამდე ვერ მიიტანა, აბა, რა უნდა ქნას? სოფლიდან ბაზრამდე ვერ მიუწვდება ხელი იმიტომ,­ რომ ერთ მარშრუტკას უნდა მოერგოს, უკან გამოჰყვეს და 2 საათში რას მოასწრებს, რას გაყიდის? ადგა ეს ხალხი და წავიდა.

ადრე, როცა სავსე იყო სოფლები, 400-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა ბარისახოს სკოლა-ინტერნატში, ახლა 22 ბავშვია, ისიც მესაზღვრეების და მასწავლებლის შვილები. ვინც დოვლათს ქმნიდნენ ხევსურეთში, მესაქონლეები და მეურნეები, ის გლეხი ხალხი აღარ არსებობს, გადაიხვეწნენ. რატომ გაიქცა ხალხი, აქ რომ სახელმწიფოს პირობები შეექმნა, წავიდოდნენ?

ვიღაცამ სოფლების დასახმარებელი პროგრამა უნდა შექმნას, ინდივიდუალურად უნდა შეისწავლონ, რომელ სოფელს რა უჭირს, ამას კარდაკარ ჩამოვლა უნდა. ეს გუბერნატორები და გამგებლები მარტო არჩევნების წინ მოვლენ, ვინც სოფლად დარჩენილია, იმათ კალოშებს­ აულოკავენ და მერე მათ თვალს ვეღარ მოჰკრავ. საოქტომბროდაც ამოვლენ, გეტყვიან, მშვიდობა ხომ გაქვთო და, ხმა მოგვეცითო.

ოჯახურ სიწმინდეზე რომ ლაპარაკობენ, ამით ხალხს შეურაცხყოფას აყენებენ, იმასაც ვერ იგებენ, სად არიან და ვის ელაპარაკებიან... რა ვიცი, აბა, ახლა გადარჩენაზეა საუბარი, როგორმე თითო კაცი რომ გადარჩეს, სოფელი რომ არ მოკვდეს. კაციც და სოფელიც ღვთის ანაბარაა დარჩენილი, რაც დიდ გმირობასთან, გაუტეხლობასა და სიმამაცესთან ასოცირდება.

ზამთარი მოვა და გამოიკეტება ეს საწყალი­ სოფლები... სოფელი თუ არ გაახალგაზრდავდა, ახალი სისხლი თუ არ გადაესხა,­ მოკვდება... ხეს თუ ამონაყარი არა აქვს, ხმება და კვდება. რაღაც დაინტერესება უნდათ ახალგაზრდებს. ყოველდღიურად ვისმენთ, ვიღაცამ მილიონები იშოვა, ვიღაცამ რაღაც მოიპარა, ვიღაცას წილი აქვს მისატანიო... ზუსტად ასე იყო იმ 90-იან წლებში, სხვა კი არაფერი, ფულებს აწერდნენ და იყო გადანაწილება. ასე არ გამოვა, ვიღაცამ ხომ უნდა გააკეთოს საქმე, ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო კაცმა არ იცის რისთვისაა. რომელიმე ქართველ ფერმერს იცავს? ვისაც პატრონი­ ჰყავს, თუგინდ ქათმის სკლინტი აჭამოს, იმას პატრონი ჰყავს. უპატრონო ფერმერმა, თუნდაც მევენახემ, ვინც ხნავს და თესავს, იმას ისიც ვერ უნაზღაურდება, რასაც ხარჯავს. მარტო ჩვენ კი არა ვართ მიტოვებული, სხვაც ბევრია ხევსურეთში, ფშავსა­ თუ რაჭა-ლეჩხუმში. მარტო იმაში არიან მარჯვენი, თურქულ, ჩინურ და ირანულ პროდუქტს რომ შემოზიდავენ. სახელმწიფომ ყველა სოფელი კატეგორიებად უნდა ჩამოწეროს და სტრატეგიული სოფლები, რომლებიც საზღვარზეა, სხვა კატეგორიაში უნდა მოხვდეს. პროგრამა შეიქმნას, მათ, ვინც აქ წამოვა ხომ ეკუთვნის დახმარება, სოფელი თუ მოკვდა, საზღვარიც ხომ მოკვდება? მესაზღვრეები 2-3 თვით მოდიან და მერე მიდიან. ახლა ვინმე ახალგაზრდა ოჯახმა თუ გადაწყვიტა დასახლება, მას ყურადღება არ უნდა? სიტყვიერად და ზერელედ კი არა, ეს გაწერილი და გათვლილი უნდა იყოს, კანონი უნდა შეიქმნას, რომელსაც გვერდს ვერ აუვლიან, თორემ სადღეგრძელოსავით უთხრა, დაჰპირდე და მერე არაფერი გააკეთო, არ გამოვა. ასე ქვეყანა არ აშენდება. მოკლედ, ძალიან ნაღვლიან ისტორიას გიყვებით, მაგრამ ნამდვილს...

არ ვიცი, აქ დავრჩები თუ არა, ამ ზამთარს ტყეში როგორ ვიარო? სამანქანო გზა ჯერ არ მოსულა და ქვევიდან ისევ ზურგით ვეზიდები სარჩო-საბადებელს. ყოველ წელს მპირდებიან, მოვლენ, შუქს გაგიკეთებენო, ხან რას იმიზეზებენ, ხან რას.... განა გაყვანილობა არ არის, მაგრამ გადამწვარია კაბელი. 2019 წელს ვითომ ჰესი რომ ააშენეს, მილიონები დაიხარჯა, სადენი მიწაში ჩადეს, დენი გამოუშვეს და დაიწვა. 200-კილოვატიანი ჰესის ნაცვლად, 17-კილოვატიანი გააკეთეს, იმიტომ, რომ ძველი მილები გაჭედილია და წყალი არ გადის, მარტო სადენია და დენი არ მოდის, გამოუშვებენ და დაიწვება, არ ჰყოფნის, ელექტროენერგიას ვერ გამოიმუშავებს. ის ფული წაიღეს და წავიდნენ. პატრონი არ არის, მაგრამ

სადმე ერთი თეთრი თუ გამოჩნდა, ათასი კაცი გამოჩნდება, როგორც ძერა წიწილას, ისე დაეცემიან დოლარებს, წამღები არის, მაგრამ ხალხისთვის არავინაა.

გამგეობაში მაინც იყოს ისეთი, ვისაც ღირსება და წონა ექნება. თავისით ვერავინ ვერაფერს წყვეტს, ამას დანანებით ვამბობ, ნიშნის მოგებით კი არა... ადრე, თვეში ერთხელ მაინც გვემსახურებოდა ვერტმფრენი, ჰუმანიტარული დახმარება მოჰქონდა ხალხისთვის, იყო ამბულატორია, სკოლა და ბიბლიოთეკა, გვყავდა ექთანი, ფოსტალიონიც კი. წელიწადში 8 თვე ჩაკეტილი ვართ და თვეში ერთხელ მესაზღვრეების ერთი ვერტმფრენი დაფრინავს.

ოდესმე იქნებ ხელისუფლებამ მოუსწროს საქართველოს სოფლებს, მეტი არაფერი მინდა. არჩევნების წელია და იქნებ ვიღაცამ მოგვაკითხოს, იქნებ ცოტა ეშველოს არხოტს და ჩვენს ყოფას, აღარ წავიდე აქედან...