"მინდა ვიყო ადამიანი, რომელსაც გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანება შეეძლება"
"სულ ვცდილობ, საქმეს კეთილსინდისიერად ვემსახურო, გამოვადგე ადამიანებს, ჩემს ქვეყანას", - ამბობს ანსამბლ "რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი. რა არის თავისუფლება, რა როლი შეასრულა სიმღერამ მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, რის გამო იღებს საყვედურებს და რა ვერ ისწავლა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- 1984 წლის 7 ივლისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- მუსიკოსი. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია.
- ჩემზე ამბობენ...
- მიშო კარგი მომღერალიაო, მაგრამ მე ამ ნაწილში ძალიან თვითკრიტიკული ვარ. როცა ჩემს ხმას დიდი მომღერლების ტემბრს ამსგავსებენ, მეუხერხულება. როდესაც ამბობენ, კარგი ადამიანიაო, ეს ფაქტი მახარებს. მიყვარს მეგობრებთან ურთიერთობა, ვარ კომუნიკაბელური, თავმდაბალი, მძიმე ხასიათი არა მაქვს.
- ჩემი პირველი წარმატება...
- იყო 1994 წელს, როდესაც ერთ-ერთ თეატრალურ ფესტივალზე, სადაც გოგი თოდაძის ხელმძღვანელობით პატარა უფლისწულის როლს ვასრულებდი, გრან-პრი ავიღე. ძალიან გამიხარდა, გაუხარდათ ჩემს მეგობრებს, უფროსებს, თუმცა იმ ასაკში მომხდარის ბოლომდე აღქმა მაინც გამიჭირდა. ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილე ვიყავი.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- მშობლებს, ძმას, რომლისგანაც სიმღერა ვისწავლე - ლევანი "მართვეში" მღეროდა, მე პატარა ვიყავი, მაგრამ ამ სიმღერებს ვიმახსოვრებდი. ჩემს წარმატებაში უდიდესია ბებიის წვლილი, მან მიმიყვანა სიმღერაზე, რომ არა ის, შეიძლებოდა ამ საქმეს პროფესიულად არც გავყოლოდი. უდიდესი წვლილი მიუძღვის დეიდაჩემს, რომელიც სულ მხარში მედგა. დღეს უმნიშვნელოვანესია ხელშეწყობა, რომელიც ჩემი მეუღლისა და შვილებისგან მაქვს. ჩემი ურთულესი რეჟიმის ატანა ძალიან ბევრი ადამიანისთვის შეიძლება გამაღიზიანებელიც ყოფილიყო, მაგრამ მეუღლე ამ ყველაფერს მედგრად იტანს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- მყავს ძალიან კარგი ოჯახი, ვემსახურები საქმეს, რომელიც ცხოვრების მთავარი აზრია და ამას მეგობრებთან ერთად ვაკეთებ.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ჩემი ქვეყნის კულტურა. ამ კულტურით მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობ, სანამ სიტყვას ვიტყვი და დავილაპარაკებ, მიწევს საზოგადოებას ჩემი სამშობლო მუსიკით გავაცნო.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- მეგობრებთან ურთიერთობის, მათ გარეშე არ შემიძლია.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- დიპლომატია. კარგია, როცა დიპლომატიურად შეგიძლია კრიტიკული მომენტების მოგვარება. შენი ნაბიჯები სხვა მხარეს არ უნდა აზიანებდეს. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, დიპლომატიის და ურთიერთობების საუცხოოდ მცოდნე იყო... გამიხარდება, ამ მხრივ მას ოდნავ მაინც თუ მივემსგავსები.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- შეიძლება რაღაც მომენტში ფეთქებადი ხასიათი გამოვავლინო. ეს მეც მაზიანებს და ჩემ გვერდით მყოფებსაც, რაზეც მერე ძალიან ვნერვიულობ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- და ახლაც ვსწავლობ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე, როდესაც "მართვეს" ხელმძღვანელი გავხდი. გაცნობიერებული მქონდა, რომ ანზორ ერქომაიშვილის ნაკვალევს ღირსეულად უნდა გავყოლოდი. ახლა ასმაგი პასუხისმგებლობა მაკისრია, ანსამბლ "რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ და ყოველ ნაბიჯზე ვფიქრობ, პატარა შეცდომები, რომელიც მანამდე მქონდა დაშვებული, წინ დავიყენო და ვეცადო, აღარ გავიმეორო.
- პატიება შემიძლია...
- ყოველთვის, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყოფილა გამონაკლისი შემთხვევებიც.
- მაგალითად?
- მეგონა, ვაპატიე, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იმ ფაქტის გახსენებამ ისევ გამაბრაზა, მივხვდი, თურმე ვერ მიპატიებია. ვცდილობ, მშვიდად შევხედო ამ ყველაფერს და არ ავყვე სხვა ადამიანების შეფასებებს, რაც უფრო მეტად გამაბრაზებს. ყველაფერზე წინ ადამიანობას ვაყენებ.
- ვიბნევი...
- არ ვიბნევი. ჩემმა პროფესიამ მობილიზება მასწავლა. ამ საქმეში მარტო ხომ არ ვარ, გვერდით არიან მეგობრები და სცენაზე ერთმანეთს ვავსებთ. შეიძლება ვიღაცას წამიერი შეფერხება ჰქონდეს, შენ უნდა იტვირთო, რომ ეს შესამჩნევი არ გახდეს, ამას კი მობილიზება სჭირდება.
- პროფესია ახდენს გავლენას ადამიანების ხასიათზე, ქართულმა სიმღერამ თქვენზე რა გავლენა მოახდინა?
- ბავშვობაში ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი, მერე ჩემს ცხოვრებაში საგალობლები შემოვიდა. გალობისას, გარდა იმისა, რომ უფალს ელაპარაკები, შენს სულში სიმშვიდე ბუნებრივად შემოდის. მთლიანობაში კი ეს ყველაფერი უდიდესი გავლენის მომხდენია. არ გადაუხვევ ადამიანურ მიდგომებს, ხარ შემწყნარებელი, იცი, ბოდიშიც სიყვარულით უნდა მოიხადო, ფეხი თუ გადაგიბრუნდება ან წაგებისკენ მიდიხარ, ამასაც ღირსეულად უნდა შეხვდე. მუსიკას ეს თვისება აქვს, თუმცა აქვს რთული ემოციური მხარეც და ამ ემოციების მართვაც უნდა შეგეძლოს...

- თქვენ შესახებ მსმენია, ეს ბიჭი ქართულ სიმღერას ჰგავსო...
- ხანდახან ჰამლეტ გონაშვილს მადარებენ და როცა ამ სიტყვებს ვისმენ, სულ მრცხვენია. ჩემი ნამღერით, დამოკიდებულებებით, არსებობით, ვინმეს სიამოვნებას თუ ვანიჭებ, ეს ბედნიერებაა. სულ ვცდილობ, საქმეს კეთილსინდისიერად ვემსახურო, გამოვადგე ადამიანებს, ჩემს ქვეყანას.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ადამიანი, რომელსაც დაპირისპირებული და ერთმანეთზე განაწყენებული ადამიანების შერიგების ძალა ექნება. გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანება შეეძლება. ამ ნაბიჯს სიამოვნებით გადავდგამდი.
- სიყვარული ეს...
- არის ჩემი მეუღლე და შვილები. ბანალურ შედარებებს არ გავაკეთებ.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ბაღში დავდიოდი. ხან მას ვუყვარდი და მე არ მიყვარდა, ხან მე მიყვარდა, მას არ ვუყვარდი... დღეს კარგი მეგობრები ვართ.
- თქვენი და ანას (ანა ფანჩულიძე) სიყვარულის ამბავი....
- ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანთან სიმღერამ შემახვედრა. მან მოისმინა ჩემი ნამღერი და მოეწონა. სამების საკათედრო ტაძარი ახალი გახსნილი იყო, სადაც მეგობრებთან ერთად ვგალობდი და იქ გავიცანი. მერე როგორც ხდება ხოლმე, მასთან შეხვედრის სურვილი გამიჩნდა, ჩემი დისკი მივუტანე და ასე დაიწყო...
- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობამ. ეს სულ სხვა ემოციის მატარებელია და დღე არ გავა, ამ განსაკუთრებით კარგი ხასიათის მოსაპოვებლად მათთან ურთიერთობა არ მქონდეს. რა თქმა უნდა, მოგზაურობაც დადებითი ემოციების მომგვრელია.
- მაკვირვებს...
- ადამიანებს ვუხსნი რეალურ სიტუაციას, იმის იქით არაფერი სხვა არ განიხილება, მაგრამ ვიღაც ან სპეციალურად ან უგუნურობით ვერ ხვდება, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა თეთრზე ვერ იტყვი, რომ შავია. ეს ყველაფერი გაკვირვებასთან ერთად მაღიზიანებს კიდეც.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- უნებისყოფობაა. მინდა ვივარჯიშო, მაგრამ... არადა, ლამის ყოველ საღამოს ამას ვგეგმავ.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- დადე ტელეფონი, დაგველაპარაკეო. მობილურ ტელეფონს დიდი დოზით მოვიხმარ, საქმისთვის მჭირდება. ძალიან ცუდია, როცა მიხვალ სტუმრად, მიუჯდები სუფრას და მაინც ტელეფონის ხელში აღება გიწევს. სხვებისთვის ზოგჯერ გაუგებარია, იმ წუთში რამდენად საქმეს ვაკეთებ.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- მოტოციკლის ტარება, ეს ალბათ, უფრო შიშის გამოა, თუმცა რის მეშინია, ეგეც ვერ გავიგე.
- ვიტყუები, როცა...
- გამოუვალი სიტუაციაა და ვხვდები, ტყუილმა შეიძლება ვინმე გადაარჩინოს...
- თავისუფლება...
- საკუთარ თავზე, ქცევაზე, სიტყვაზე, მიდგომაზე, ქმედებაზე უდიდესი კონტროლია. თავისუფლებას პირდაპირი გაგება არ უყვარს. თავისუფლება არ არის, ყველაფერი ისე აკეთო, რაც შენ გინდა. ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერი თქვან და გააკეთონ, ვერ ვურთიერთობ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში ქართული კულტურის კერას შევქმნიდი და დავაფინანსებდი. ქართულ კულტურას ვაზიარებდი და ვასწავლიდი იმ ადამიანებს, ვისაც ამის სურვილი ექნებოდა. ძალიან ბევრს ვიმოგზაურებდი.
- მენატრება...
- ბავშვობა, განსაკუთრებით ის წლები, რომელიც ბაღში გავატარე...
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- მუსიკას ვუსმენ, განსაკუთრებით - საგალობლებს.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- როცა სცენაზე დგახარ და მღერი ქართულ ხალხურ სიმღერას, სულ გახსოვდეს, შენ მიღმა შენი ქვეყანა და მისი გამორჩეული შვილები დგანან, რომლებმაც ეს დიდი კულტურა შექმნეს და განავითარეს. დღემდე სცენაზე ამ დარიგებით გავდივარ, რომელიც თავის დროზე ჩემი პედაგოგებისგან მოვისმინე.
- დაბოლოს გეტყვით...
- დიდი მადლობა თქვენ, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. რომელიმე თქვენგანი ამ პასუხებში რაიმე სასარგებლოს თუ ნახავთ, ძალიან გამიხარდება. ყველას სიკეთე და სიხარული გქონდეთ!
თამუნა კვინიკაძე