„მჯერა, რომ ჩემი ღრმა სიყვარული ბუნებისადმი და სამყაროსთან ერთიანობის განცდა ბაბუისგან მოდის“ - კვირის პალიტრა

„მჯერა, რომ ჩემი ღრმა სიყვარული ბუნებისადმი და სამყაროსთან ერთიანობის განცდა ბაბუისგან მოდის“

მეოცე საუკუნის უდიდესი კლასიკოსი, ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ერნესტ ჰემინგუეი ქართველებისთვის ერთ-ერთი საყვარელი მწერალია. ჰემინგუეისა და მისი ოჯახის მიმართ მსოფლიო მედიის ინტერესი არ ნელდება. დღეს ჰემინგუეის ოჯახის თვალსაჩინო წარმომადგენელია მისი შვილიშვილი მერიელ ჰემინგუეი, რომელიც საზოგადოებამ როგორც მოდელი და მსახიობი ისე გაიცნო. ის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორია და დაინტერესებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებით. სწორედ ამას მიუძღვნა პოდკასტი, რომელიც პოპულარულია მსოფლიოში. მან დააარსა "მერიელ ჰემინგუეის ფონდი", რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ადამიანებს ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის რთულ გზაზე. ასევე ავტორია არაერთი წიგნისა ჯანსაღი ცხოვრების, ფსიქიკური კეთილდღეობისა და თავის მოვლის შესახებ, მათ შორის¬2015 წელს გამოსცა მემუარული ხასიათის წიგნი. მერიელ ჰემინგუეი თავის ცხოვრებაზე, ოჯახსა და პროფესიაზე "კვირის პალიტრის" მკითხველს მოუთხრობს.

- ბავშვობიდან (როგორც იცით, ბაბუა ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა, 1961 წელს - იმავე წელს დავიბადე, რაც უცნაური დამთხვევაა) ჩემი ყველაზე ადრეული­ და საყვარელი მოგონებები ბუნებასთან არის დაკავშირებული, რომელიც ყოველთვის იყო ჩემი უდიდესი გატაცება. ბავშვობიდანვე დიდ სიხარულს მანიჭებდა ველოსიპედით ქალაქში რამდენიმე მილის გავლა, კლდეზე ცოცვა და ნაკადულებსა და მდინარეებში ბანაობა. ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო გავატარე უახლოეს მეგობართან ერთად, როდესაც აიდაჰოში ცხენებს ვაჭენებდით (რედ: აიდაჰოს შტატში, ქალაქ კეტჩუმში მდებარე სახლში ერნესტ ჰემინგუეიმ თავისი ცხოვრების ბოლო წლები გაატარა და 1961 წელს სწორედ ამ სახლში­ დაასრულა სიცოცხლე). ვფიქრობ, სიმშვიდე ბუნებაში ვპოვე, რადგან სახლში რაღაცები არეული იყო. მყავს ჩემზე ბევრად უფროსი დები - მარგომ სმა ადრეულ ასაკში დაიწყო, ჩემი უფროსი და კი ფსიქიკურ დაავადებას ებრძოდა, რისი გაგებაც ჩემს ოჯახს უჭირდა. ჩემი მშობლებიც ძალიან ბევრს სვამდნენ, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ გადატვირთულნი იყვნენ ქალიშვილების აღზრდის სირთულეებით, რომლებსაც ბოლომდე ვერ უგებდნენ.

ბაბუას გავლენა ჩემზე უზარმაზარია. ჩვენი გენეტიკა, გენეალოგია და მემკვიდრეობა ხომ მუდამ ჩვენთანაა. მჯერა, რომ ჩემი ღრმა სიყვარული ბუნებისადმი და სამყაროსთან ერთიანობის განცდა, ძირითადად, მისი ხედვებიდან მოდის. ის, რასაც წერდა ურთიერთობებზე, ბუნებასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, ღრმად არის გამჯდარი ჩემში. მიუხედავად იმისა, რომ თავს აქტიურ გარემოს დამცველს ვერ ვუწოდებ,­ მჯერა, რომ ჩვენი პლანეტა განსაკუთრებულია. ბაბუამ და მამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩემში ამ გრძნობის გასაღვივებლად... ჩემი წიგნი "მზე გამოვიდა" ჩემი ოჯახის გამოცდილებიდან შეიქმნა, რომელსაც სიღრმისეული შეხება­ ჰქონდა ფსიქიკურ ავადმყოფობასთან. დიდი ხნის განმავლობაში მეშინოდა, რომ მეც ისეთივე­ გავხდებოდი, როგორიც ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ. რამდენადაც მიყვარდნენ ისინი, იმდენად მაშინებდა იმავე გზის გავლა. ამ შიშის გასა­ზიარებლად გადავიღე დოკუმენტური ფილმიც ღუნნინგ ფრომ ჩრაზყ, რომლის თანაპროდიუსერი ოპრა უინფრია. წლების განმავლობაში ვუმეორებდი საკუთარ თავს: არასდროს დავლევ ალკოჰოლს, ამას ან იმას არ გავაკეთებ-მეთქი, რადგან მეშინოდა, რომ ერთ დილას ისეთივე ბრძოლაში გავიღვიძებდი, როგორიც ჩემს ოჯახს ჰქონდა. ჩემი ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლად იქცა - მუდმივი ძიება პასუხების, ექიმების, გზების...

სინამდვილეში, ეს წიგნი არის იმის ანალიზი, თუ როგორ განსაზღვრავს ჩვენი პირადი ისტორია ჩვენს გადაწყვეტილებებს - ხშირად ისე, რომ ვერც ვაცნობიერებთ ამას, სანამ არ გავჩერდებით და არ გადავხედავთ საკუთარ წარსულს. მხოლოდ ორმოცი წლის შემდეგ გავაცნობიერე ერთი მნიშვნელოვანი რამ: შეუძლებელია შიშისგან გაქცევა. საჭიროა მისკენ შებრუნება, მისთვის თვალებში ჩახედვა და შერიგება. და როცა ერთხელ მოჰყვები საკუთარ ისტორიას, მას აღარ აქვს ძალა შენზე; ის, უბრალოდ, ამბად გადაიქცევა. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ამბის საჯაროდ გაზიარება. არა აქვს მნიშვნელობა, ჰემინგუეი ხარ, კენედი თუ ჩვეულებრივი ადამიანი, ყველას გვაქვს ისტორია და როდესაც მას ვყვებით, ვამცირებთ მის გავლენას ჩვენზე.

img-3996-1754250667.jpg

დღეს, როცა უკვე 60 წელს გადავაბიჯე, შემიძლია ცხადად დავინახო იმ გადაწყვეტილებების მიზეზები, რომლებიც წარსულში მივიღე. ბავშვობის ტრავმები აღარ განსაზღვრავენ ჩემს ქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დავუპირისპირდი.

ვფიქრობ, იმ ასაკს მივაღწიე, როცა ყველა როლის თამაში აღარ შემეფერება. წლების განმავლობაში ვფლობდი საავტორო უფლებებს ბაბუას მემუარებზე "განუყრელი დღესასწაული". ამჟამად ვმუშაობ სერიებზე, რომლებიც ბაბუას ცხოვრების ადრეულ წლებს ეხება. შეიძლება ითქვას, სერიები მის მწერლად ჩამოყალიბების ამბავს ჰყვება. იმ დროს ის ჯერ კიდევ უცნობი იყო. სწორედ ეს პროცესია ყოველთვის მომხიბვლელი - რა უბიძგებს ადამიანს გახდეს ის, ვინც საბოლოოდ არის?

ვფიქრობ, როგორც ყველა მწერალი, ბაბუაც საკუთარ თავს ყველა პერსონაჟში ნაწილობრივ ასახავდა. "აღმოხდების მზეში" მისი პიროვნების ერთ ასპექტს ჯეიკი გამოხატავს, რომანში "მშვიდობით, იარაღო" მას ვხედავთ როგორც ახალგაზრდა კაცს, რომელიც ომს განიცდის. ასე რომ, ყოველი პერსონაჟი მისივე ნაწილია.

სერიები ასევე მოიცავს ბაბუას ცხოვრებას კუბაში, სადაც დაახლოებით 30 წლის განმავლობაში პერიოდულად ჩადიოდა და რჩებოდა კიდეც, რაც ასაკში შევიდა და თავის აღსასრულს მიუახლოვდა. ასევე იქნება ჩემი და ჩემი დების ისტორია - სერიების სათაურია "დები ჰემინგუეები" და მოიცავს გასული საუკუნის 60-70-იან და 80-იან წლებს. თუმცა საბოლოოდ სერიალი ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება.