"სიცხის კრიზისი" საქართველოში: "თბილისს აუცილებლად სჭირდება სიცხის მართვის გეგმა" - პაატა იმნაძის რჩევები: როგორ გადავურჩეთ აუტანელ ხვატს
რას უკავშირდება ცხელი ზაფხული საქართველოში? - ამ თემაზე სასაუბროდ გარემოსდაცვითი შეფასების ექსპერტს მამუკა გვილავას მივმართეთ.
- წელს ნამდვილად ძლიერი სიცხეა. მაღალი ტემპერატურა უკვე 10 დღეზე მეტია გრძელდება და პროგნოზით შემდეგი 7-10 დღის განმავლობაშიც ასეთივე ამინდის მოლოდინი აქვთ. მონაცემები გადავამოწმე ერთ-ერთ ამერიკულ პორტალზე, რომელიც ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩლიმატე ჩენტრალ (https://csi.climatecentral.org) - მათ შემუშავებული აქვთ ე.წ. კლიმატის წანაცვლების (ცვლილების) ინდექსი, რომელიც გამოიანგარიშებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კლიმატური პირობების წანაცვლებას. ეს ახალი დარგია, სულ 10-15 წლის, რომელიც სპეციალური მიკუთვნების (ატრიბუციის) მეთოდით გამოთვლილ ამინდს კლიმატთან აკავშირებს.
ამინდი და კლიმატი ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ. ამინდი არის ის, რასაც განვიცდით ამ მომენტში, მაგრამ კლიმატის ცვლილება 20-25 წლის განმავლობაში სხვადასხვა ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრის ცვლილებებს ეფუძნება, რაც მოიცავს საშუალო ტემპერატურას, მაქსიმალურ ტემპერატურას, მინიმალურ ტემპერატურას, საშუალო ნალექიანობას და ა.შ.
რომ არ ყოფილიყო ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება, არ გვექნებოდა ასეთი ინტენსიური ტემპერატურა ამდენი დღის განმავლობაში.
დღევანდელი მრავალწლიანი საშუალო ტემპერატურა ჩვენს ტერიტორიაზე 29,2 გრადუსია, ამჟამად გვაქვს 35-36 გრადუსი.
- ზღვაში რამდენით არის გაზრდილი?
- წყლის ტემპერატურა განსხვავებული მეთოდით იზომება. ზღვის ტემპერატურა პორტალის რუკის მიხედვით (ავიღოთ ბათუმთან), 28 გრადუსია, 2.1-ით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ იქნებოდა. ამ დროს საშუალოდ 25,9 გრადუსი იყო ხოლმე. ეს კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული. თბილისი და ტენიანობა ვის გაუგონია, მაგრამ მომატებულია ტენიანობაც.
- რატომ?
- მაღალი ტემპერატურა უფრო მეტად აორთქლებს ნიადაგიდან და მცენარეებიდან ტენს, რომელიც გადადის ჰაერში, ატმოსფეროში. წვიმა კარგა ხანია არ ყოფილა და, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ იქნება, მაგრამ რომ მოვა, ატმოსფეროში ასული ეს დიდი რაოდენობით წყალი ერთდროულად ჩამოგვექცევა თავზე. გაგახსენებთ, ათიოდე დღის წინ როგორი ტროპიკულის მსგავსი წვიმა იყო. თბილისში ოდესმე ყოფილა ამ ტიპის წვიმა?! რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი ტენი ადის ატმოსფეროში და შემდეგ ერთბაშად მოდის თქეში წვიმა.
ბოლო 15 წლის განმავლობაში, ტემპერატურამ რეკორდი დაამყარა. შარშან 1,5 გრადუსით აღემატებოდა მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა ისტორიულს. ამერიკაში ტრამპისგან უკვე მოითხოვენ, რომ შეწყვიტოს NASA-სა და NOAA-ს ბულინგი, მაგალითად, ცნობილი მეცნიერის, ჩალზ კილინგის საქმის გამგრძელებლების. კილინგმა პირველმა წამოიწყო გაზომვები გასული საუკუნის 50-იან წლებში და დაადგინა ატმოსფეროს ქვედა ფენებში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მკვეთრი ზრდა, გამოწვეული ემისიებით, ძირითადად, ავტომანქანის გამონაბოლქვებით, რაც დღეს უკვე 50%-ით არის გაზრდილი და დედამიწაზე სათბურის ეფექტს იწვევს. ამას ადასტურებს კილინგის მრუდი, ტრამპი კი აპირებს NOAA-სთვის დაფინანსების შემცირებას და ჰავაიზე იმ ლაბორატორიას დახურვას, სადაც დაიწყო ამ პარამეტრის გაზომვა - ვგულისხმობ ჩO2-ის კონცენტრაციას ატმოსფეროში. ეს იქნება დანაშაული მთელი მსოფლიოს წინაშე. ეს მონაცემები უწყვეტად უნდა გვქონდეს, რათა ვიცოდეთ, რამდენად მწვავეა პრობლემა და შევეცადოთ შეძლებისდაგვარად გამოვასწოროთ, თუმცა ეს ვერ მოხერხდება ერთ-ორ დღეში. აუცილებელია შემუშავდეს ე.წ. სიცხის მართვის გეგმები. როგორ გგონიათ, თბილისს აქვს სიცხეების მართვის გეგმა?
- არა მგონია...
- ჰოდა, მოვთხოვოთ ახალ მერს.
როგორ მოვიქცეთ სიცხეში
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე:
- თუ აუცილებელი საქმე არა გვაქვს, ნუ გავალთ მზეზე, სასურველია ჩრდილი მოვძებნოთ. ისიც გვახსოვდეს, რომ მზით დამწვრობა შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც. ტანსაცმელი უნდა გვეცვას ღია ფერის და ჰაერგამტარი, ნატურალური ქსოვილის, თავზე უნდა გვეხუროს ქუდი და გვეკეთოს მზის სათვალე. სასურველია გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც კანზე უნდა წაისვათ მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე და ყოველ 2 საათში განვიახლოთ. ვსვათ ბევრი სითხე, ოღონდ არა ალკოჰოლი, არა კოფეინის შემცველი და არა ტკბილი. კარგია ნატურალური ან მინერალური წყალი. წყალი ზრდასრულმა ადამიანმა 2 ლიტრამდე უნდა დალიოს, თუმცა მნიშვნელოვანია იმ დროს, ვიდრე მოგწყურდებათ. ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებები აქვს, ხშირად უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია, თუ რამდენი და როდის დალიოს წყალი. ჭამეთ მაქსიმალურად მსუბუქად, ცოტა და ბევრჯერ, და არა ერთხელ და ბევრი. მოერიდეთ კრემიან და მაიონეზიან საჭმელს. საკვები შეინახეთ მაცივარში. სახლში ნორმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად ჯობს დღისით მზის მხარეს ფანჯრები და დარაბები დავხუროთ, სქელი ფარდები ჩამოვაფაროთ, ღამით - პირიქით, გავაღოთ, რათა სახლი მაქსიმალურად განიავდეს. კარგია, ოთახებში სველი პირსახოცის ჩამოკიდება, რაც სივრცეს აგრილებს. ხშირად მიიღეთ შხაპი. ვისაც შინ კონდიციონერი არა აქვს, გამოიყენეთ საზოგადოებრივი ადგილები, აფთიაქები, მაღაზიები, მოლები, სადაც კონდიცირებული ჰაერია.