მეცნიერების აპოკალიფსური პროგნოზი: "ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას გაანადგურებს, ტრაგედიის ალბათობა 95%-ია" - The Times - კვირის პალიტრა

მეცნიერების აპოკალიფსური პროგნოზი: "ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას გაანადგურებს, ტრაგედიის ალბათობა 95%-ია" - The Times

კაცობრიობის დაღუპვის საფრთხე ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზეზით პლანეტარული მასშტაბის რისკს წარმოადგენს“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის - „ტაიმსის“ (The Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ექსპერტების პროგნოზი: ხელოვნური ინტელექტის განვითარება კაცობრიობას გადაშენებას უქადის“ (ავტორი - ლეიტონ ვუდჰაუსი). „პერსპექტიული ტრაგედიის ალბათობა 95%-ს აღწევს. გონიერი ხელოვნური ინტელექტისთვის ადამიანი პირდაპირი კონკურენტი გახდება და მათთვის ცოცხალი ბიოლოგიური, მოაზროვნე ორგანიზმის ამოწყვეტა ძნელი არ იქნება“, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

სან-ფრანცისკოში, კომპანია OpenAI-ის ოფისის წინ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებით არის დაკავებული, 30-მდე ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. ყველას აცვია მაისური წარწერით „Stop AI“ („შეჩერდეს ხელოვნური ინტელექტი - Artificial Intelligence), ერთ-ერთი კი რობოტივით არის გამოწყობილი. გამვლელ-გამომვლელები უყურებენ, მხრებს იჩეჩავენ და თავიანთ საქმეზე მიდიან.

მაგრამ თუ საპროტესტო აქციების მონაწილეები ოდნავ მაინც მართლები არიან თავიანთ რწმენაში, მაშინ პლანეტის თითოეული ადამიანი მათი მხარდამჭერი უნდა იყოს. მოძრაობა „Stop AI“-ის აქტივისტები აცხადებენ, რომ თუ ჩვენ ამჟამინდელი ტემპებით გავაგრძელებთ ხელოვნური ინტელექტის დღეისათვის არსებული ტექნოლოგიების განვითარებას, მაშინ კაცობრიობა დასაღუპავად, გადაშენებისათვის არის განწირული.

აქტივისტებს ეთანხმებიან მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები, რომელთა რაოდენობა თანდათან იზრდება. მათ კარგად იციან სიტუაცია, რადგანაც ამ სფეროში მუშაობენ: მაგალითად, ჯეფრი ჰინტონი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში; ჯოშუა ბენჯიო, კანადელი მათემატიკოსი, ტიურინგის პრემიის ლაურეატი და სხვები. ამას წინათ მათი ხელმოწერებით გავრცელდა მიმართვა, რომელშიც ნათქვამია: „არ შეიძლება, დავუშვათ კაცობრიობის გადაშენება ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონზე. ეს ამოცანა ჩვენი გლობალური პრიორიტეტი უნდა გახდეს. ჩვენ ხელოვნური ინტელექტის საფრთხე ისევე სერიოზულად უნდა შევაფასოთ, როგორც სხვა პლანეტარული მასშტაბის რისკები ფასდება - პანდემიისა და ბირთვული ომის საფრთხეები“.

თუ როგორ განხორციელდება საფრთხეების რეალიზება, ექსპერტები ბევრ ვარიანტს ასახელებენ. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, „ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემას შეუძლია ბიოლოგიური იარაღის შეუმჩნევლად გავრცელება მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში, რის შედეგადაც ვირუსი მთელ მსოფლიოს სწრაფად მოიცავს. ზეგონიერი რობოტებისათვის ადამიანი პირდაპირ კონკურენტს წარმოადგენს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ანტაგონისტურად იქნება განწყობილი ადამიანის მიმართ და მათი უპირველესი ამოცანა კაცობრიობის ამოწყვეტა იქნება“.

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპი ცოლის ჭკუაზე დადის?! - იღებს თუ არა უმშვენიერესი მელანია გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს?

"სიკვდილი მიწისქვეშეთიდან": რეპორტაჟი ამერიკული საიდუმლო ობიექტიდან, საიდანაც მსოფლიოს განადგურება შეიძლება - რა მოხდება 2026 წლის თებერვალში?!

"მსოფლიო დაინგრევა, უკრაინა დაიშლება, ხელოვნური ინტელექტი უბედურებას მოიტანს, ამინდი კატასტროფული იქნება" - რას წერს ბრაზილიელი წინასწარმეტყველი, რომელსაც „ცოცხალი ნოსტრადამუსი“ შეარქვეს.

ხელოვნური ინტელექტის კვლევის ინსტიტუტის პრეზიდენტის - ნეიტ სოარესის თქმით, „ჩვენი ანუ ადამიანთა გადაშენების საფრთხე ხელოვნური ინტელექტის მიზეზით, როგორც მინიმუმი, 95%-ს შეადგენს იმ შემთხვევაში, თუ მისი განვითარების დღევანდელი ტემპები გაგრძელდება“. მეცნიერმა დღევანდელი სიტუაცია შეადარა იმ ავტომობილს, რომელიც მაღალი სიჩქარით მიჰქრის უფსკრულისაკენ. „არ ვამბობ, რომ მისი შეჩერება არ შეგვიძლია. უბრალოდ, დღეს რისკს ვერ ვამჩნევთ, ხვალ კი გვიან იქნება“.

გზა გადაშენებისაკენ

ამჟამად ხელოვნური ინტელექტი თავისი განვითარების მხოლოდ საწყის სტადიაზე იმყოფება. ჩვენ ყველა ვსარგებლობთ მისი ტექნოლოგიებით, როცა, ვთქვათ, რომელიმე ვიწრო მიმართულების კოგნიტიური ამოცანის გადაჭრა გვინდა - მაგალითად, მონაცემების დახარისხება ან ელექტრონული ფოსტის ავტომოპასუხის ფრაზა... ეს საკმაოდ მარტივი ოპერაციებია, მაგრამ უახლოეს ხანში სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს: ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური დონე ადამიანის გონების დონეს მიაღწევს. როგორც კი ეს რეალური გახდება, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები შეზღუდული აღარ იქნება... არის საკმაოდ არგუმენტირებული მოსაზრება, რომ გაიზრდება უმუშევრობა, მაგრამ ეს „ყველაზე რბილ საფრთხეს“ წარმოადგენს.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მქონე რობოტებს („ორგანიზმებს“) უფრო მეტი უპირატესობა ექნებათ, ვიდრე - ცოცხალ ბიოლოგიურ ორგანიზმს ანუ ადამიანს. მათ არ სჭირდებათ დასვენება, ძილი და საკვების მიღება; მათ არ სჭირდებათ სწავლა და განათლება წლების განმავლობაში; მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი ინფორმაციის მოცულობა ხელოვნური ინტელექტის მომავალ თაობებს გადასცენ - ასლების სახით.

განვითარების ფინალური სტადია იქნება ხელოვნური სუპერინტელექტის შექმნა. მას ექნება იმის გაკეთები უნარი, რაზედაც კაცობრიობა ვერც კი იოცნებებდა: კიბოს მკურნალობა, ცივი ბირთვული სინთეზის ათვისება და მოგზაურობა შორეული ვარსკვლავებისკენ. შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები ციფრულ ღმერთებად გადაიქცევიან.

დიახ, ეს სცენარი ბევრს უტოპიურად შეიძლება მოეჩვენოს - მათ ჰგონიათ, რომ ადამიანი ყოველთვის გააკონტროლებს მის მიერ შექმნილ ტექნოლოგიურ ორგანიზმს, მაგრამ პრაქტიკულად უმაღლესი დონის ხელოვნური ინტელექტის სრული გაკონტროლება არარეალური იქნება. მიზეზი მარტივია: ადამიანს არ ეცოდინება ზუსტად მისი ყოველი ნაბიჯი. დავუშვათ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვუბრძანოთ ხელოვნურ ინტელექტს ამა თუ იმ მოქმედების შეწყვეტა, მაგრამ ადამიანის ტვინს არ შეუძლია თვალი ადევნოს ინტელექტის გადაწყვეტილებების პროცესს. ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ციფრულ სისტემებს უკვე შეუძლიათ ადამიანის მოტყუება, რასაც ისინი ხშირად აკეთებენ კიდეც. ბევრი პროცესი ისეთია, რასაც ადამიანის გონება უკვე ვეღარ წვდება. შეიძლება ადამიანმა შექმნას ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპიუტერი, მაგრამ შიგნით რა ხდება, ჩვენ ვერ გავიგებთ. ადრე თუ გვიან ჩვენთვის მათი ტექნოლოგიური ენაც გაუგებარი გახდება.

ამგვარი პროცესის სიმპტომები უკვე არის: ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილმა გენერაციულმა ჩატ-ბოტმა Grok-მა ამას წინათ მსოფლიო გააკვირვა თავისი ანტისემიტური პოსტებით და ადოლფ ჰიტლერის ქება-დიდებით. ახლახან ე.წ. ჭკვიანი თანაშემწის ერთი შეხედვით სასიამოვნო რჩევამ კინაღამ ცხოვრება დაუნგრია „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტს...

„ჰორიზონტზე უკვე საფრთხის აჩრდილი გამოჩნდა", - ამბობს ნეიტ სოარესი, - "თუ ჩატ-ბოტები უფრო ჭკვიანები გახდებიან, შედეგები არცთუ სახარბიელო იქნება ადამიანისათვის“.

კაცობრიობა ნაგავსაყრელზე?

არიან მეცნიერები, რომლებიც ნეიტ სოარესს ცალკეულ საკითხებში არ ეთანხმებიან, მაგალითად, ჰოლი ელმორი, კომპანია PauseAI-ის გენერალური დირექტორი, ამბობს, რომ 95%-იანი ალბათობა გადაჭარბებულია - საფრთხის კოეფიციენტი მხოლოდ 15-20% შეიძლება იყოს, თუმცა იგი იმავდროულად მაინც თვლის, რომ ადამიანები ტოტალურად რომც არ ამოწყდნენ, ხელოვნური ინტელექტი დროთა განმავლობაში ჩვენს ცხოვრებას კი არ გააუმჯობესებს, არამედ - გააუარესებს.

„სტატიაში, რომელიც აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტის და ანალიტიკური ცენტრის თანამშრომლებმა ერთობლივად დაწერეს, პროგნიზირებულია ადამიანის ჩანაცვლება მაღალტექნოლოგიური მანქანებით: „წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ყველა ადამიანი უკვე ფაქტობრივად ნაგავსაყრელზე ცხოვრობს", - ამბობს კვლევითი ჯგუფის AI Impacts-ის თანაპრეზიდენტი კატია გრეისი, - "ჩვენ არ გვექნებოდა არანაირი პოლიტიკური ან ეკონომიკური ბერკეტები, ხელისუფლება, ვერ გავიგებთ, რა ხდება ჩვენს ირგვლივ... ეს პროცესი ძალიან სწრაფად მიდის, ჩვენ კი მის გაცნობიერებას ვერ ვასწრებთ“.

ჰოლი ელმორი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შემუშავება უნდა შეჩერდეს, სანამ ყველა რისკები გათვალიწინებული არ იქნება. ამისათვის საჭირო გახდება გარკვეული საერთაშორისო ხელშეკრულების დადება. ასევე, აუცილებელია სპეციალური კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დანერგვას შეზღუდავს.

პოლიტიკოსები კი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. ივნისში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ კვლევები ხელოვნური ინტელექტის სფეროში რეგულირებული აღარ იქნება ანუ კერძო კომპანიებს ამ მხრივ სრული თავისუფლება ექნებათ. მარკ ცუკერბერგმა ამას წინათ განაცხადა, რომ „ზეგონიერი რობოტის სილუეტი უკვე ჰორიზონტზე მოჩანს“. მისი შექმნის პროცესის დასაჩქარებლად მედიამაგნატი აქტიურად იზიდავს თავის კომპანიაში OpenAI-ის საუკეთესო სპეციალიტებს და მათ პრემიების სახით 100 მილიონ დოლარს ჰპირდება.

ზოგიერთი მკვლევრისთვის ხელოვნური ინტელექტის შექმნის იდეა ცხოვრების მიზანი გახდა, მათთვის ის უკვე ერთგვარი რელიგიის როლს ასრულებს. ნეიროქსელების მომხრე ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ამას წინათ სრულიად სერიოზულად განაცხადა, რომ იგი „არასოდეს მოკვდება - იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტი მის ცნობიერებას უკვდავს გახდის“.

ასეთი ადამიანებისათვის ხელოვნურ ინტელექტზე უარის თქმა მარადიულ სიცოცხლეზე უარს ნიშნავს: „ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თავიანთ პირად სამოთხეს მოიპოვებენ“, -ამბობს ჰოლი ელმორი. ნუთუ დადგება ის დრო, როცა იმ მეცნიერებს ყურადღებას არ მიაქცევენ, რომლებიც გვაფრთხილებენ - ჯოჯოხეთი ახლოვდებაო?!

წყარო