"თბილისის შტურმი", რომელიც არ შედგა - დავიცავდით თუ არა საქართველოს დედაქალაქს, 2008 წლის აგვისტოში პუტინის ჯარებს შეტევა რომ დაეწყოთ?!
2025 წლის 8 აგვისტოს 17 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან. მაშინაც, 2008 წლის 8 აგვისტოს, პარასკევი იყო და მას შემდეგ 6203 დღე გავიდა, რამაც უფრო გააძლიერა რუსული ოკუპაცია საქართველოს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე, მაგრამ რა მოხდებოდა, აგვისტოს ომის დროს რომ საბრძოლო მოქმედებები 12 აგვისტოსთვის არ შეჩერებულიყო და აგრესორი ქვეყნის საოკუპაციო არმიას საქართველოს დედაქალაქ თბილისზე დაეწყო შეტევა მისი აღების მიზნით?
აგვისტოს ომმა ისე ელვისებურად ჩაიარა, რომ ქართველმა საზოგადოებამ ვერც მოასწრო ამ ყველაფრის გაცნობიერება - მართალია, რუსული დაბომბვების სიმწარე იწვნია შიდა ქართლის მოსახლეობამ, მაგრამ თბილისელებისთვის ეს მაინც უცხო დარჩა. ღამით მხოლოდ რუსული საბრძოლო თვითმფრინავების რეაქტიული ძრავების გუგუნი თუ აგდებდათ პანიკაში, მაგრამ რა ელოდა ჩვენს უძველეს დედაქალაქს, მტერს მისი იერიშით აღება რომ დაეწყო?
ამის წარმოდგენაც კი გზარავს, როდესაც ყოველდღე ხედავ ვიდეოკადრებს, თუ რას დაამსგავსეს ერთ დროს აყვავებული უკრაინული სოფლები და ქალაქები რუსმა აგრესორებმა - თითოეული უკრაინული დასახლებული პუნქტის აღებას, რასაც პუტინი ცინიკურად "გათავისუფლებას" უწოდებს, რუსი ოკუპანტები მრავალდღიანი ან სულაც რამდენიმეთვიანი სისტემატური საარტილერიო და საავიაციო დაბომბვების შემდეგ ახერხებენ და იპყრობენ მიწასთან თითქმის ბოლომდე გასწორებულ უკრაინულ ქალაქებს, სადაც მხოლოდ დამწვარ-დანგრეული საცხოვრებელი კორპუსების ჩონჩხებიღაა დარჩენილი.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსი ოკუპანტების ურიცხვი ჯავშანტექნიკის შემოტევებისგან საქართველოს დედაქალაქის დაცვა შეუსრულებელი მისია იქნებოდა უკანდახეული და ნაწილობრივ დეზორგანიზებული ქართული არმიისა და პანიკაში ჩავარდნილი საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის
ელოდა თუ არა ეს საფრთხე ჩვენს თბილისს 17 წლის წინ და შეეძლო თუ არა ცხინვალის მისადგომებიდან უკანდახეულ ქართულ ჯარს მისი დაცვა ან პანიკაში ჩავარდნილ მაშინდელ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დედაქალაქის თავდაცვის უზრუნველყოფა?
აგვისტოს ომის შეჩერებიდან რამდენიმე დღეში გენშტაბის მაღალჩინოსან ოფიცრებთან ერთად მომიწია ქართული არმიის რამდენიმე თავდაცვით პოზიციაზე ყოფნამ მტკვარი-არაგვის შენაკადთან, მცხეთის მიდამოებში და ჯვრის მონასტრის ზემოთ, სადაც ქართველ არტილერისტებს თვითმავალი საარტილერიო დანადგარების "დანების" ბატარეის საცეცხლე პოზიცია ჰქონდათ მოწყობილი, მანამდე კი ბრძოლაგამოვლილი და დაცხრილული ქართული ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების ის დანაყოფი მოვინახულე, რომელიც აღაიანთან, "სიდედრის ენასთან" გზაზე, ხეების ძირას იყვნენ შეფარებულნი.
ასევე დაგაინტერესებთ: ქართულ პოლიგონზე გადაბრუნებულ ავტომობილში დაშავებული ორი ამერიკელი სამხედრო გადარჩა, ლიეტუვაში კი...
შავი დღე კიევისთვის ანუ პუტინის ცინიკური პასუხი ტრამპის ათდღიან ულტიმატუმზე
ეს და სხვა პოზიციები განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ თუკი რუსეთის საოკუპაციო ძალების ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა, რომლებიც იგოეთთან იყო შეჩერებული, ჯერ მცხეთისკენ და შემდეგ თბილისისკენ დაიძვრებოდნენ, რათა მათთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.
აი, რას დაამსგავსეს რუსმა ოკუპანტებმა მორიგი დაპყრობილი უკრაინული ქალაქი ბახმუტი. უკეთესი დღე არც ჩვენს დედაქალაქს ელოდა, აგვისტოს ომი რომ გაგრძელებულიყო და მტერს თბილისის აღება ეცადა
ერთ "მოძველებულ" საიდუმლოებასაც "გავთქვამთ" - იგოეთთან, სადაც რუსი ოკუპანტები დაბანაკდნენ, ქართველ მენაღმე-ინჟინრებს წინასწარ ჰქონდათ დანაღმული გზის ეს მონაკვეთი, სადაც ჩადებული იყო 800 კგ-მდე ტროტილი და მისი დისტანციურად ამოქმედების შემთხვევაში მტრის ამ დანაყოფს ძალიან დიდი მსხვერპლი ექნებოდა, მაგრამ მოლაპარაკებების თანახმად საბრძოლო მოქმედებები უკვე შეჩერებული იყო და ეს აფეთქება ომის განახლებას გამოიწვევდა. ასე რომ, რუსი ტანკისტები რამდენიმე კვირა იგოეთთან 800 კგ ტროტილის თავზე ისე იდგნენ, რომ ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ.
იგოეთიდან თბილისამდე საავტომობილო გზის სიგრძე 55 კმ-ს შეადგენს და მის გადასალახად რუსულ ტანკებს თუ რა დრო დასჭირდებოდათ, ეს დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, რამდენად ეფექტიანად იმოქმედებდა ქართული არმიის თავდაცვითი ზღუდეები და რამდენად ზუსტი გადამღობი ცეცხლით დაეხმარებოდა მათ ქართული არტილერია, მათ შორის ჯვრის მონასტრის ზემოთ განთავსებული "დანების" ბატარეა. მოახერხებდნენ თუ არა ქართველი მენაღმეები საგურამოსთან მტკვარზე გადებული და წინასწარ დანაღმული საავტომობილო ხიდის აფეთქებას და ა.შ. თუმცა რუსი ოკუპანტების შემოტევა მარტო ჩრდილო-დასავლეთიდან როდი იყო მოსალოდნელი, სამხრეთიდან, სადახლო-მარნეულის მხრიდანაც იყო ამის დიდი საფრთხე, რისთვისაც სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვართან უკვე თავმოყრილი იყვნენ სომხეთის გიუმრიში დისლოცირებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან გამოყვანილი 50 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა და პირადი შემადგენლობა, რომლებიც მოსკოვიდან მხოლოდ ბრძანებას ელოდნენ სომხეთიდან საქართველოში შემოსაჭრელად.
თბილისზე შემოტევის წინ რუსი ოკუპანტები აუცილებლად ჩაატარებდნენ რამდენიმედღიან საარტილერიო და საავიაციო საცეცხლე მომზადებას როგორც ქალაქის შემოსასვლელებში, ისე უშუალოდ თბილისის უბნებში ქართული არმიის ყველა სავარაუდო საცეცხლე წერტილების გასანადგურებლად, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა საცხოვრებელი კორპუსების ნგრევა (განსაკუთრებით თბილისის დასავლეთ შემოსავლელში დიდი დიღმის, დიღმის მასივის, გლდანის, მუხიანის, თემქის დასახლებებში) და დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, როგორც დღეს მორიგი უკრაინული ქალაქის აღებისას ხდება.
ამისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი ჰქონდათ "გრადისა" და "ურაგანის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და 152 მმ კალიბრის შორსმსროლელი საარტილერიო დანადგარები, ხოლო რუსული საფრონტო ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები 12 აგვისტოდან უშიშრად დაფრინავდნენ ქართულ ცაში, რადგან საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემა თითქმის "დაბრმავებული" იყო მისი რამდენიმე რადიოლოკატორის აფეთქების შემდეგ და მხოლოდ "გრომისა" და "იგლის" გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით თუ შეეძლოთ ქართველ მეზენიტეებს ინდივიდუალურად ებრძოლათ დაბლა მფრენი რუსული შვეულმფრენებისა და მოიერიშე თვითმფრინავების შემოტევების ხელის შესაშლელად.
ცხინვალიდან უკანდახეული და მსხვერპლგანცდილი ქართული არმია შუაზე გაყოფილი (მისმა ნაწილმა თბილისისკენ დაიხია, ნაწილმა კი დასავლეთისკენ, ბორჯომის ხეობას შეაფარა თავი) და ნაწილობრივ დემორალიზებული გახლდათ, თუმცა მასზე მეტად პანიკაში იყვნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები. თავად თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბშიც უდიდესი ქაოსი იყო (გავიხსენოთ თუნდაც თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის შენობებიდან ევაკუაცია) და, ფაქტობრივად, არც არსებობდა იმის შანსი, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქართულ არმიას თავის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად მოეხერხებინა რუსი ოკუპანტების შემოტევების შეჩერება ჯერ კიდევ თბილისის მისადგომებამდე.
მაგრამ რა მოხდებოდა, თუკი მტერი მაინც შემოაღწევდა საქართველოს დედაქალაქში და თბილისის ქუჩებში შეტაკებები დაიწყებოდა?
სამწუხაროდ, თბილისს მწარედ ახსოვს 1991 წლის დეკემბერ-1992-ის იანვრის ძმათამკვლელი შეტაკებები ქალაქის ცენტრალურ უბანში, მაგრამ ის, რაც მაშინ ხდებოდა რუსთაველის პროსპექტზე, მონაგონი იქნებოდა, თუკი რუსული ტანკებისა და ჯავშანმანქანების ურიცხვი რაოდენობა შემოესეოდა დედაქალაქის ქუჩებსა და მოედნებს.
შეიძლება ვინმე შემოგვედაოს - 1994 წლის 31 დეკემბერს რუსეთმა ასევე სცადა ჩეჩნეთში გროზნოს აღება და ნახეთ, რა მოუვიდათ, როგორ აფეთქებდნენ ჩეჩნები რუსულ ტანკებსო.
დიახ, აფეთქებდნენ, მაგრამ რას დაემსგავსა და როგორ დაინგრა, განადგურდა გროზნო, ჩემი თვალით ვნახე და ღმერთმა დაიფაროს ამისგან თბილისიც და სხვა ქართული ქალაქებიც.