დიდი ისტერიკა რუსეთში ანუ რატომ ჩაიკმინდა ხმა "ალკონავტმა" მედვედევმა?! - არიქა, ტრამპს შავ ზღვაში წყალქვეშა ნავები შემოჰყავს - კვირის პალიტრა

დიდი ისტერიკა რუსეთში ანუ რატომ ჩაიკმინდა ხმა "ალკონავტმა" მედვედევმა?! - არიქა, ტრამპს შავ ზღვაში წყალქვეშა ნავები შემოჰყავს

კრემლის „ბირთვული შანტაჟი“, არახალი თემაა, რომელსაც მოსკოვიდან დრო და დრო ინიცირებენ დასავლეთის დასაშინებლად...

და ეს კრემლს, სამწუხაროდ არაერთხელ გამოსვლია, მათ შორის 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც უკრაინელებმა წარმატებული სწრაფი კონტრიერიშებით გაყარეს რუსი დამპყრობლები ხარკოვისა და ხერსონის მიმართულებებიდან აღმოსავლეთით და კიდევ უფრო შეეძლოთ თავიანთი წარმატების განმტკიცება, რომ არა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციიდან წამოსული მკაცრი მითითებები - სასწრაფოდ შეწყვიტეთ კონტრშეტევები, პუტინი უკრაინაში ტაქტიკური ბირთული იარაღის გამოყენებით დაიმუქრაო...

1-tra-1754295640.jpg
ტრამპმა საპასუხო „ბირთვული შანტაჟით“, კრემლი ორი ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავის რუსეთის სანაპიროებთან „მიჩოჩებით დააშინა...

თუ რატომ ვერ და არ გამოიყენებს რუსეთი ტაქტიკურ და მითუმეტეს სტრატეგიული დანიშნულების ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ეს ცალკე და ძალიან საინტერესო თემაა, რომელსაც ამ ბლოგის ერთგულ მკითხველს მალე შევთავაზებთ, მაგრამ რაც შეეხება რუსულ „ბირთვულ შანტაჟს“, ის ახალი ძალით გაჩაღდა რამდენიმე დღის წინ და საინტერესო გაგრძელებაც ჰქონდა...

პუტინმა თავის რუპორად ამჯერადაც მედვედევი, რუსეთის ექს-პრეზიდენტი (რომლის ფორმალური მმართველობის დროს,2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს დაესხა თავს) და ამჟამად კი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის (ეს პოსტი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს აქვს შეთავსებული) პირველ მოადგილე გამოიყენა და მისი პირით დასავლეთს ისევ რუსული „ბირთვული ხელკეტის“ მოღერებით დაემუქრა...

ექს-პრეზიდენტი მედვედევი დასავლეთშიც (რუსეთში მით უმეტეს) ცნობილია, როგორც ვეტერანი „ალკონავტი“ ანუ ალკოჰოლზე სერიოზულად დამოკიდებული პიროვნება და მისი პერიოდული დამუქრებები სოციალური ქსელების გამოყენებით, საეჭვოდ ემთხვევა მის მიერ ალკოჰოლური სასმელების მორიგ „დეგუსტაციებს“, რის გამოც დასავლელი პოლიტიკოსები მედვედევს და მის განცხადებებს, მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთის უსაფრთხოების სისტემაში თეორიულად საკმაოდ მაღალი პოსტი უკავია, ნაკლებადსერიოზულად აღიქვამენ და ხშირად პასუხის ღირსადაც კი აგდებენ...

თუმცა, ასე ხდებოდა ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, ტრამპმა კი, რომელიც მედვედევის არ იყოს, სოციალური ქსელების ხშირი სტუმარია, არ დაიზარა მედვედევი და მთლიანად რუსეთი ,საპასუხოდ დაეშინებინა - რუსეთის არშემდგარი პრეზიდენტის (სწორედ ასე მოიხსენია ტრამპმა მედვედევი) მხრიდან მორიგი ბირთვული დაშინების საპასუხოდ, ორ ამერიკულ ატომურ წყალქვეშა ნავს ვაგზავნი რუსეთთან ახლო რეგიონებში საბრძოლო მორიგეობაზეო...

„ორი ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავის“ თემამ რუსეთში ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია და აშშ-ს ბირთვული ომის დაწყების სურვილიც კი დააბრალეს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე „ბირთვულ ხელკეტს“ მთელ მსოფლიოს სისტემატურად, სწორედ კრემლიდან უღერდნენ...

არადა, სინამდვილეში ტრამპმაც ისეთივე „ბირთვული შანტაჟი“ გამოიყენა, რაც კრემლს ახასიათებდა და შეიძლება ეჭვიც გამოვთქვათ, რომ პუტინმა „ალკონავტ“ მედვედევის ენით „წამოიკიდა“ ტრამპი „ბირთვულ თამაშებში“ ჩასათრევად...

საქმე ის არის, რომ აშშ-ს, ისევე როგორ რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ატომური წყალქვეშა ნავების საბრძოლო მორიგეობის რაიონები, საიდანაც მათ შეუძლიათ გაუშვან ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები, წინასწარაა განსაზღვრული და ეს რაიონები სულაც არ არის ახლოს მოწინააღმდეგე ქვეყნების სანაპიროებთან, რადგან ამერიკულ ატომურძრავიან „ოჰაიოს“ 59 ტონიანი და 14 ბირთვული ქობინით აღჭურვილი „ტრაიდენტის“ 20 ბალისტიკური რაკეტის გაშვება 11 ათას კმ-ზე შეუძლია, ისევე, როგორც რუსული „ბორეიდან“ სტარტაღებული 37 ტონიანი და ათ ბირთვულ ქობინიანი 16 ერთეული „ბულავა“ 9 ათას კმ-ზე შორს მიფრინავს...

2-tra-1754295762.jpg
ატომური წყალქვეშა ნავიდან გაშვებულ ამ ამერიკულ ბირთვულქობინიან „ტრაიდენტს“, ისევე როგორც რუსულ „ბულავას“, მოწინააღმდეგის ტერიტორიების სიღრმემდე მიღწევა 9-11 ათასი კმ-ის სიშორიდანაც შეუძლიათ...

დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ოკეანეებისა და ზღვების თითქმის ყველა რაიონიდან შეიძლება ასეთი შორმფრენი ბალისტიკური რაკეტების გაშვება ატომური წყალქვეშა ნავებიდან, ისე,რომ მათ მოწინააღმდეგის (რუსეთისა ან აშშ-ს) ტერიტორიების სიღრმეშიც კი მიაღწიონ.

ასევე დაგაინტერესეთ: კრემლის „სასიკვდილო რეკორდი“ და ახალი საშიში იარაღი "გერან 3" - როგორ მოიგერიებენ უკრაინელები რეაქტიულ დრონებს?!

სკანდალი მოსკოვში - რუსებმა აღიარეს თალიბების ხელისუფლება, რომლის ნახევრად ოფიციალურ ჰიმნში „რუსულ საფლავებსა და თავის ქალებზე“ აღტაცებით მღერიან

პუტინს უკრაინელმა დრონებმა მშობლიურ ქალაქში მიაკითხეს - როგორ ჩაუშხამეს კრემლის ბინადარს დიდი ზეიმი

გეოპოლიტიკური "მიწისძვრა" ფრანგულად - მაკრონის სკანდალური გადაწყვეტილება, რომელმაც, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს

უფრო მეტიც, ატომურ წყალქვეშა ნავებიდან საკონტინენტშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების ზალპად გაშვება შესაძლებელია წყალზედა მდგომარეობაშიც, როდესაც ისინი...თავისივე საზღვაო ბაზებში ნავმისადგომებთან არიან მიბმულნი...

ასე რომ, ტრამპს სულაც არ დასჭირდებოდა საკონტინეტშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ორი ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავის „მიჩოჩება“ მაინდამაინც რუსეთის რომელიმე სანაპიროსთან, ესეც „ბირთვული თამაშების“ ერთ-ერთი სახეა, ოღონდ უკვე ამერიკის მხრიდან პასუხის სახით კრემლის მუდმივ „ბირთვულ შანტაჟზე“, რის შემდეგაც, სხვათა შორის „ხმა ჩაიკმინდა“ კრემლის ცნობილმა „ალკონავტმა“ და მედვედევის პასუხი ტრამპის „ორ ატომურ წყალქვეშა ნავზე“ რაღაც არ ჩანს...

სამაგიეროდ,რუსულმა პროპაგანდამ აიტაცა, თურქულ მასმედიაში ერთი ადგილობრივი სამხედრო ექსპერტის სხვათა შორის გამონათქვამი იმის შესახებ, რომ ტრამპს ერდოღანისგან სპეციალური ნებვართვის აღება მოუწევს, თუკი იმ „ორი ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავის“...შავ ზღვაში, რუსეთის სანაპიროსთან შემოყვანას მოინდომებსო...

1936 წელს,მონტროს კონვენციის დადებისას, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების შემოსვლასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ არ არსებობდა ატომური იარაღი და მით უმეტეს ატომურძრავიანი წყალქვეშა ნავები და გასაგებია, რომ ეს მუხლი ვერ ჩაიწერებოდა ამ კონვენციაში.

მაგრამ, ჯერ კიდევ „ცივი ომის“ დროს, როდესაც ნატოს წევრი თურქეთი დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გავლით შავ ზღვაში უპრობლემოდ ატარებდა ჩრდილოატალანტიკური ალიანსის სამხედრო ხომალდებს და მათ შორის ამერიკულებსაც, შავ ზღვაში არადროს შემოსულა ატომურძრავიანი, არც წყალზედა და არც წყალქვეშა სამხედრო ხომალდი, ისევე,როგორც არც საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტს ჰყოლია შეიარაღებაში ატომურძრავიანი წყალქვეშა ნავები.

შავ ზღვას გაუმართლა ამ მხრივ, თუნდაც იმავე ხმელთაშუა ზღვასთან მიმართებაში, თუმცა სამხედრო ხომალდები, გინდ ნატოსა და გინდაც საბჭოთა კავშირის მხრიდან, ხშირად დაცურავდნენ შავ ზღვაში, როდესაც ბორტზე ჰქონდათ ბირთვულქობინიანი ტორპედოები და რაკეტები („ცივი ომის“ დროს სავარაუდოდ, ინციდენტიც მოხდა, როდესაც საბჭოთა სამხედროებმა შავ ზღვაში ბირთვული ქობინი დაკარგეს).

არ არის გამორიცხული, რომ დღესაც, უკრაინულ საზღვაო კამიკაძე-დრონების თავდასხმებს გადარჩენილ და ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზაში „შეყუჟულ“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კორვეტებსა და დიზელსძრავიან წყალქვეშა ნავებზე განთავსებული იყოს ბირთვული ქობინით აღჭურვილი „კალიბრის “ტიპის ფრთოსანი რაკეტები - იყო იმის საშიშროებაც, რომ 2022 წლის 13 აპრილს უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაზიანებულ და შემდგომ ჩაძირულ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ბორტზე ხომ არ იყო ტორპედოებისა და რაკეტებისთვის განკუთვნილი ბირთვული ქობინები?

3-tra-1754295710.png
ყვითელი რგოლითაა შემოხაზული რუსეთის კამჩატკაზე, ვილიუჩინსკის ატომური წყალქვეშა ნავების სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ცუნამის შედეგად დაზიანებული და ნაწილობრივ მოწყვეტილი ერთ-ერთი ნავმისადგომი...

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი მართალია გამოირჩევა თავისი არაპროგნოზირებით,მ აგრამ იმედია თვით ტრამპსაც კი არ მოუვა აზრად, შავ ზღვაში ატომური წყალქვეშა ნავების შემოყვანის მცდელობა...

რუსეთისა და აშშ-ს „ბირთვული თამაშები“, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დაძაბულობას არ ანელებს, თუმცა, იმის შიშიც, რომ მათი ეს „ბირთვული პოლემიკა“ შეიძლება მაინდამინც რეალურ ბირთვულ დაპირიპირებაში გადაიზარდოს,გაზვიადებულია...

P.S. რადგან ატომური წყალქვეშა ნავების თემას შევეხეთ, უნდა დავუბრუნდეთ ამავე ბლოგის 30 ივლისის სტატიას „ახალი მიწისძვრები კამჩატკაზე და ვულკანის ამოფრქვევა-პუტინის ატომური წყალქვეშა ნავების ბაზაზე საგანგაშო სიტუაცია იქმნება...“, რომელშიც ვწერდით, რომ-„კამჩატკის ნახევარკუნძული საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული კრემლის „ჩაუძირავ ფორპოსტს“ წარმოადგენს წყნარ ოკეანეში, იაპონიისა და აშშ-ის სამხედრო ფლოტების წინააღმდეგ, რისთვისაც კამჩატკაზე, ვილიუჩინსკის დახურული ქალაქის სანაპიროზე მოწყობილია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წყნარი ოკეანის ფლოტის მთავარი საზღვაო ბაზა... ატომური წყალქვეშა ნავებისთვის...ამ საზღვაო ბაზის ნავსაყუდელებთან ბაზირებს რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ატომური წყალქვეშა ნავების ორი დივიზია და თუკი მე-10 დივიზიის შეიარაღებაში ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი 885М «Ясень-М»-ის პროექტის მრავალფუნქციური წყალქვეშა ნავებია, 25-ე დივიზიის არსენალში სტრატეგიული დანიშნულების 955 «Борей» პროექტის წყალქვეშა ნავები იმყოფებიან.

თითოეულ ასეთ რუსულ წყალქვეშა ნავზე ატომური რეაქტორია დამონტაჟებული, გარდა ამისა, მათ შეიარაღებაში არსებული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო ნაწილებში დაყენებულია ბირთვული ქობინები და თუკი მიწისძვრებისა და ცუნამის შემდეგ ამ ნავმისადგომებს უზარმაზარი ტალღები დაატყდება თავს, ძალიან გაიზრდება ატომური კატასტროფის რისკიც და ბევრად უფრო საშინელ ფორმებში, ვიდრე ეს ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე მოხდა...

რუსეთის ხელისუფლება დუმს იმის თაობაზე, რაიმე პრობლემა ხომ არ შექმნა 30 ივლისის გამთენიისას და დღის მიწურულს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრებმა ვილიუჩინსკის ატომური წყალქვეშა ნავების სამხედრო-საზღაო ბაზაზე.

დასავლეთის სადაზვერვო თანამგზავრებს კი 31 ივლისის დილას ექნებათ დეტალური ფოტოები რუსული ატომური წყალქვეშა ნავების ნავმისადგომების მდგომარეობაზე კამჩატკაზე…“

და ასეთი თანამგზავრული ფოტოც (ოღონდ,ჯერ-ჯერობით, არცთუ მაღალი ხარისხის) დაიდო, რომელზეც ყვითელი რგოლითაა შემოხაზული კამჩატკაზე, ვილიუჩინსკის ატომური წყალქვეშა ნავების სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ცუნამის შედეგად დაზიანებული და ნაწილობრივ მოწყვეტილი ერთ-ერთი ნავმისადგომი...