ბომჟი ქართული სიტყვა გახდა - ბინდი უსახლკაროთა ქალაქის ფანჯრებში - კვირის პალიტრა

ბომჟი ქართული სიტყვა გახდა - ბინდი უსახლკაროთა ქალაქის ფანჯრებში

ბომჟი! ეს სიტყვა, საბჭოთა კავშირის დროინდელი აბრევიატურა, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ჯერაც უცნაურ შეგრძნებებს აღძრავს, თუმცა მან უკვე შეიცვალა დატვირთვა ჩვენს ყოველდღიურობაში. ბომჟის ცნების შინაარსი გაფართოვდა და თუ ადრე უქონელთან ერთად, ჭუჭყიან-დაუბანელ-დაუვარცხნელ, ლოთ, უსაქმურ ადამიანს აღნიშნავდა, ახლა ბომჟებად უკვე იმ ათასობით უსახლკაროსაც მოიხსენიებენ, რომლებმაც საცხოვრებელი დაკარგეს და თავიანთი ხელით შეჭედილ ფიცრულებში, ჯიხურებში, სადარბაზოებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ვაგონებში ცხოვრობენ.

არავინ იფიქროს, საცხოვრებლის დაკარგვა მხოლოდ ჩავლილი ავად სახსენებელი წლების შედეგი იყოს. ეს უბედურება განუყრელად თან სდევს ჩვენს "აყვავებულ" ეკონომიკასაც. ამის მიზეზი კი გადაუხდელი საბანკო კრედიტები, გაკოტრებული სამშენებლო კომპანიები, მძიმე დაავადებების სამკურნალოდ გაყიდული სახლ-კარი, სტიქიური მოვლენები და ა.შ. გახლავთ. სახელმწიფო კი ამ პრობლემებში ჩარევას ისევ უცხოელ შოუმენებზე ფულის დახარჯვას ამჯობინებს. ამის გამო ჩვენს ქალაქებში და მათ შორის, დედაქალაქში, სადაც ნამდვილად სტიქიური სამშენებლო ბუმია (განსაკუთრებით, გასართობი ობიექტების), ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეხვდეთ სახელდახელოდ შეჭედილ, ცელოფნებით გადახურულ დაბრეცილ ნაგებობებს, სადაც ხალხი ბავშვებიანადაც კი ცხოვრობს. იმაზე ნუ ვიკამათებთ, რომ ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებაც ისევე მიედინება, როგორც მათი, ვისაც ღმერთმა ჭერის ფლობის ბედნიერება მისცა. ამიტომაც, სულაც არ გამკვირვებია, როცა ვაკის საშინლად უსახურ ბარაკში (ყოფილი მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე) ორმა ქალბატონმა სკამიც მომიტანა, ჭიქა ცივი წყალიც და იქვე დაწყობილი წიგნებიც მაჩვენა, - ხანდახან ვკითხულობთო. ჩემი გაოცება იმან გამოიწვია, როცა ცელოფნის ჭერზე მითხრეს, - მთელი ზამთარი ამ ჭერქვეშ გავატარეთ, თუ ცელოფანი გაიხეოდა, რომ არ დავსველებულიყავით, ზემოდანაც ცელოფნებს ვაფარებდითო! გასული ზამთარი ხომ მეტად მკაცრი იყო!

ამ ორი უბედურის ისტორია კი ისევე აეწყო, როგორც მათი მსგავსი სხვა უჭერო ბომჟებისა, რომლებსაც, ვეჭვობ, სანამ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ იქცევა ქვეყნად, ჭერი არც არასოდეს ექნებათ.

ყოფილი ბუღალტრის, მაყვალა ალადაშვილის ქმარი ავადმყოფობამ იმსხვერპლა, - მეუღლის სამკურნალოდ თბილისში ბინა 2000 წელს გაყიდა, მაგრამ მეუღლე მაინც ვერ გადაარჩინა. თავად კი, უბინაოდ დარჩენილი, საავადმყოფოს მორგში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მიცვალებულებთან ყოფნამ მხოლოდ იმიტომ არ მოუწია, რომ მორგი სხვა ტერიტორიაზე გადაიტანეს. მაყვალას ერთადერთი ქალიშვილი დეიდამ ანუ მაყვალას დამ შეიფარა და ახლა მას დედის უბედური ბარაკის გახსენებისაც კი რცხვენია. მაგრამ უბედურება ამით არ დამთავრებულა, - შარშან ზამთარში ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მშენებლობამ მაყვალა ალადაშვილის საცხოვრებელი მორგიც მიწასთან გაასწორა. ატირებული მაყვალა ამ გზის მშენებლებს ისე შეეცოდათ, რაღაც ფიცრული შეუჭედეს და თუ რამე გააჩნდა, ისიც იქ გადმოუზიდეს. ასე გაუჩნდა ყოფილ ბუღალტერს ახალი თავშესაფარი, სადაც ალბათ ადამიანის ოთხფეხა მეგობარიც ვერ გაძლებს. სამაგიეროდ, ეს უსახური "ქმნილება" საცხოვრებლად არ დაუწუნიათ მაია გედევანიშვილსა და მის შვილებს. მაყვალა ალადაშვილმა ხელგაწვდილი, სიცივისგან აცახცახებული ჩვილბავშვიანი ქალი ქუჩაში იპოვა:

- საშინელი ყინვა იყო, ამ უბედურს კი ჩვილი ბავშვი ეჭირა ხელში და მათხოვრობდა. ბავშვს რომ დავხედე, ტუჩები გალურჯებული ჰქონდა, ალბათ სციოდა კიდეც, მაგრამ ჯანმრთელსაც არ ჰგავდა. რა სჭირს-მეთქი, მაიას რომ ვკითხე, მითხრა, - გულის მანკი აქვსო. ვუთხარი, ქუჩაში ხომ უარესად გახდება, შინ წაიყვანე-მეთქი. სად წავიყვანო, სახლი არ მაქვს, ქმარმა გამომაგდო, ბინა არც ჩემს მშობლებს აქვთ, ამის გარდა კიდევ ორი შვილი მყავს, რამე ხომ უნდა ვაჭამოო... შემეცოდა და მორგში წამოვიყვანე. მერე ის ავადმყოფი ბავშვიც მოუკვდა... - ამთავრებს ლაპარაკს მაყვალა. მაიას კი ცრემლები ერევა, ის მართლაც არ უნდა ეკუთვნოდეს იმ კატეგორიას, რომლისთვისაც სულ ერთია, სად იცხოვრებს, მაგრამ თუ ცხოვრებამ მეტი არაფერი გაიმეტა მისთვის, ან კი რა უნდა იღონოს?

ისე, როგორ არავინ გაგაჩნია ამქვეყნად, რომ ასეთი საშინელი ცხოვრებისთვის განწირული აღმოჩნდი-მეთქი, ვკითხე მაიას, მანაც მიპასუხა, რომ გამაჩნდეს, აქ ხომ აღარ ვიქნებოდიო? მერე ვკითხე, - მთელ ცხოვრებას ამ ფიცრულში ხომ არ გაატარებ, იქნებ რამე მოგეფიქრებინა, მაგალითად, ახლა რაიონებში ბევრია მიტოვებული სახლი, რომლის პატრონები ცდილობენ, შიგ ისეთი წესიერი ადამიანი შეასახლონ, რომელიც სახლს მოუვლის. იქნებ ასეთი სახლი იპოვო, რომ შენმა შვილებმა მაინც ადამიანურად იცხოვრონ, თორემ ისინიც მუდამ შენსავით უბედური იქნებიან, - ვუთხარი მაიას და ალბათ გული ვატკინე. მაგრამ მისმა პასუხმა კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ბომჟის "საერთო-ზოგადსაკაცობრიო" ცნებისთვის ადამიანები ძალიან ადვილად გაწირა.

- სიხარულით წავალ, მაგრამ განა ვინმეს ვჭირდებით?!...

...პრინციპში, მართალია!

(სპეციალურად საიტისთვის)