ჯიუტი და ყროყინა „მკურნალების“ ფერმა სააკაძეში
ადამიანისთვის სახედრის რძის სარგებლიანობის დამტკიცებას წლები დასჭირდა. ძნელი იყო, მაგრამ წინააღმდეგობებს არ შეეპუა და დღეს მისი სახედრების ფერმა დიდი წარმადობით გამოირჩევა. თემურ ლომიძე არტისტია, სამხატვრო აკადემია მონუმენტური ქანდაკების განხრით აქვს დამთავრებული. ხელოვნებისთვის არ უღალატია, ამ მიმართულებითაც მუშაობს, უბრალოდ, წლების წინ გადაწყვიტა, პარალელურად სახედრების ფერმაც შეექმნა.
თემურ ლომიძე:
- სახედრების ბიზნესი 2016 წელს დავიწყეთ, მაგრამ მერე მე და პარტნიორი ვერ შევთანხმდით, 2017 წლის ბოლოს ცალკე ფერმა დავაარსე და მუშაობა დამოუკიდებლად დავიწყე - სოფელ სააკაძეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის თემში.
- თამამი ნაბიჯი იყო იმ დროს საქართველოში სახედრის ფერმის შექმნა. რატომ იყავით დარწმუნებული, რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდოდა?
- როცა დავიწყე, მაშინ საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთში და თითქმის სერბეთშიც ეს ბიზნესი უკვე არსებობდა. ჩემ შემდეგ დაიწყეს უკრაინაში, რუსეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში ამ საქმის შესახებ არაფერი იცოდნენ. თავიდან ჩვენს პროდუქტს ხალხს ვჩუქნიდი, მაგრამ არავის არაფერი უნდოდა, მლანძღავდნენ, რას გვთავაზობო. სხვათა შორის, დღეს ნაკლებად, მაგრამ მაინც არიან ისეთები, ვისაც სახედრის რძეზე ცუდი წარმოდგენა აქვთ. არადა, ამ რძეზე მსოფლიოში ძვირად ღირებული სახის კანის მოვლის საშუალებები მზადდება.

ჩემი 8-წლიანი გამოცდილებით გეტყვით, რომ უნიკალურ რაღაცასთან გვაქვს საქმე - სასწაულმოქმედი წამალია. ასეთი რამ თუ არსებობდა, არც მეგონა.
- დიდხანს მუშაობდით ფერმის აწყობაზე?
- კი, მაგრამ შედეგმა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივიღეთ, მოლოდინს გადააჭარბა.
სახედრის რძით ათასობით ადამიანია კმაყოფილი. ისეთი წარმადობა გვაქვს, რომ წელიწადში 2,5-3 ტონა რძე იყიდება. 2000 პაციენტი მაინც მოდის და წამლად ყიდულობენ.
- თქვენი სახედრის რძე როდის დაარეგისტრირეთ საკვებ პროდუქტად?
- 2017 წლის ბოლოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაკეთდა ანალიზი და დავარეგისტრირეთ. მერე იტალიურიდან ერთ-ერთი დისერტაცია გადმოვთარგმნე, სადაც ნამდვილად დამტკიცებულია, რომ ეს პროდუქტი 97%-ით დედის რძესაა მისადაგებული და გამორიცხულია ვინმეს უკუჩვენება მისცეს. რეგისტრაციის შემდეგ დაიწყო მისი წამლად მოხმარება. ბავშვებმა დაძლიეს ბრონქიტი, ბრონქული ასთმა საწყის ეტაპზე, ცრუკრუპი, ხველა, ყივანახველა, - დაავადებების ჩამონათვალი ამოუწურავია. აძლიერებს იმუნურ სისტემას.

- პედიატრებისგან მხარდაჭერილია?
- პირველი ექიმი, ვინც გვერდით თავიდანვე დაგვიდგა, ვიტალი ხარაშვილი იყო, ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ინფექციონისტი.
პირველ ოთხ წელიწადს რძე არ იყიდებოდა, ამხელა ფერმას შენახვა უნდოდა, მაგრამ მაინც არ ვთმობდი, რადგან ვხედავდი, რომ ევროპაში ამ პროდუქტს დიდად სწყალობდნენ. ვგრძნობდი, ეს დრო აქაც მოვიდოდა. მერე სახედრის რძისგან ხუთი სახის სხვადასხვა საპონი, კრემები, კანის მოვლის საშუალებები დავამზადეთ.
- რა ღირს 1 ლიტრი სახედრის რძე?
- 60 ლარით დავიწყეთ და დღეს 100 ლარია... გერმანიაში 2018 წელს ამ საკითხზე არაფერი იცოდნენ, დღეს კი იქ სახედრის რძე 200 ევრო ღირს. მერე სერბები ყველის გამოყვანა-გამოშვებაზე გადავიდნენ - ვირის რძეს 30%-ს თხის რძეს ურევენ და ყველი ასე ამოჰყავთ. მე მხოლოდ ვირის რძეზე ამოვიყვანე.

- რით იკვებებიან თქვენი სახედრები?
- სუფთა თივით. ამათი ბაგაში დაბმა არ შეიძლება, დაისტრესებიან. ესენი ოჯახებად ცხოვრობენ, მონოგამიურები არიან. მაქვს სადგომი, სადაც ზამთარში იკვებებიან, მაგრამ დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა იმოძრაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩლიქები ცუდად ეზრდებათ და შემდეგ მოჭრა სჭირდებათ. ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე საძოვრებზე არის ბალახი ძირტკბილა, რომელსაც თხრიან და ჭამენ. ესენი მღეჭავები არიან, არა მცოხნელები. მათ ადამიანის მსგავსი კუჭი აქვთ. დღე-ღამეში 3,5 კილოგრამი თივა და სუფთა წყალი სჭირდებათ. ზამთარში ზოგჯერ საკვებ დანამატად ქერს ვაძლევთ. სხვათა შორის, უსუფთავესი ცხოველია.
- მათ წველაზეც ვისაუბროთ.
- ცური ორი ძუძუთი აქვს, როგორც თხას, იწველება 200-300, მაქსიმუმ - 400 გრამს და ყოველ მეორე დღეს. სახედრის ყოველდღე მოწველა არ შეიძლება, რადგან ჩოჩორს რძე დააკლდება და მოკვდება. თუ ჩოჩორი მოკვდა, მეორე დღეს დედა რძეს გაიშრობს. სახედარს ბაქტერიები არა აქვს, მის რძეს არც სტერილიზაცია სჭირდება და არც მოდუღება. მაცივარში 1-2°C-ზე შვიდი დღის განმავლობაში ნედლად ინახება და ამ პერიოდის განმავლობაში ნედლადვე მიიღება. თუ დიდხანს გვინდა შენახვა, -18°C-დან -23°C-მდე იყინება. სულ 140 სახედარი მყავს, მაგრამ აქედან 40 იწველება.
წელიწადში ათი კაცი მაინც მირეკავს და მეუბნება, რომ სურს სახედრების ფერმა გააკეთოს. უნდათ ამ საქმეში, სიტყვაზე, ერთი თეთრი ჩადონ და ხვალვე ორი ამოიღონ. ასე არ ხდება.
- სახედარს სიჯიუტე მართლაც ახასიათებს?
- მთელი ცხოვრება ტვირთს, საპალნეს ატარებს, - უკეთილშობილესი ცხოველია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თავის რძით დაამტკიცა და ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ მისი რძე საუკეთესოა. მას უკუჩვენება არა აქვს, თუ გინდა ყოველდღე დალიე ნახევარი ლიტრი.
მაშინ ყროყინებს და ჯიუტობს, თუ საშიშროებას ხედავს, ან დაღლილია, ან საკვები, ძალა აღარ აქვს, წყალი უნდა...

- რა ღირს სახედარი?
- სახედარი ჩოჩრით 350-დან 500 ლარამდეა... ჰო, კიდევ უყვარს ნაცარი, ამიტომ რამდენიმე ადგილას კოცონი უნდა დაანთო, რომ მერე იმ ნაცარში ჩაწვეს. ეს მისი "აბაზანაა", რეალურად კი მათი ბანაობა გამორიცხულია, წყალს არავითარ შემთხვევაში არ დაისხამენ, ჩლიქებსაც არ დაისველებენ. ერთადერთი დაავადება, რითიც კვდებიან, ფილტვების ანთებაა. თუ წვიმა მოვიდა და ქარმა დაუბერა, აუცილებლად წამოვლენ და სადგომში დადგებიან. რაც შეეხება კბილების "გამოხეხვას," ამისთვის აუცილებლად მორები უნდა დაყარო, ნაძვის მორები უყვართ, რასაც ხრავენ და იქვე ყრიან, კბილებს ასე იწმენდენ. ვინაიდან სახედარი მღეჭავია, მას კბილის გასუფთავება სჭირდება. თუ რამე არ მოეწონა, მწარე კბენა იცის. თუ, ვთქვათ, მოატყუებ, მაგალითად, პურს მიუტან და არ მისცემ, გიკბენს. უყვარს პური, სტაფილო, შაქარი და თუ ხასიათზე არ არის, შაქრის მიწოდებისას შეიძლება შენი თითიც მიაყოლოს.
საპონი შტატებში გაგვქონდა, ბოლო ორი წელიწადია აღარ დაგვიმზადებია, რადგან რძის გასაღების ბაზარმა მოიმატა და შევწყვიტეთ. მხოლოდ სახედრის რძის წარმოებასა და მის გაყიდვაზე ვართ გადასული. თუ შეკვეთა იქნება, მაშინ დავამზადებთ, ასევეა ყველზეც...
- ფერმაში რამდენი კაცია დასაქმებული?
- ორი მწყემსია, ერთი მწველავი, ერთიც მომვლელი, არის ზედამხედველი - ორი ოჯახია და მე და ჩემი მეუღლე. ხანდახან როცა მჭირდება, ხალხს ვიმატებთ... სახედარს 12-თვიანი მაკეობა აქვს და ყოველ წელს ერთ ნაშიერს შობს. ძალიან მზრუნველი მშობელია. მოწველის წინაღამეს მათ ვაცალკევებთ, მაგრამ ჩოჩრები დედას აუცილებლად უნდა ხედავდნენ. როდესაც ვწველით, გამორიცხულია, დედამ რძე ბოლომდე მოგცეს, ჩოჩორს აუცილებლად დაუტოვებს. სახედარს არც ბრუცელოზი, არც ჯილეხი, არც თურქული არ ხვდება, მათ ტკიპებზე, მკბენარებზე ვწამლავთ, მაგრამ თუ სადმე ცოფი დაფიქსირდა, მთელი ჯოგი ცოფზე უნდა აიცრას.
- რა მოგიტანათ ამ საქმემ?
- მადლიერი ადამიანები... გორიდან დამირეკა ქალმა, შენ შვილიშვილი გადამირჩინეო. ჩემს მომხმარებლებს პაციენტებს ვეძახი. რომ გითხრათ, ამ საქმემ დიდი ფული მაშოვნინა-მეთქი, არა, მაგრამ ამ ყველაფერს სიამოვნება ახლავს. ცხოვრების სტილი, მსოფლმხედველობა, დამოკიდებულება შემეცვალა ჯერ ცხოველებთან, მერე ადამიანებთან. მედიცინასთანაც დამაახლოვა. ადამიანმა იმ საქმის თუ არ დაიჯერა, რასაც აკეთებს, არაფერი გამოვა.