სისხლიანი ორდენები: სტალინ-ბერიას ოპერაცია "ემიგრაციის გახრწნა" - ქართველი "ჩეკისტები" ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1922 წლის ზაფხულისათვის საქართველოს სსრ საგანგებო კომისიას (“ჩეკას”) საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში 20-მდე, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში - 15-მდე ოფიციალურად რეგისტრირებული აგენტი ჰყავდა. ჩემი აზრით, აგენტურული აპარატის ეს რიცხოვნობა ზუსტად არ ასახავს ამ პოლიტიკურ პარტიებში „ჩეკა+გეპეუს“ შეღწევის მასშტაბებს. 1921 წლის მარტიდან მოყოლებული, ბევრმა პარტიის წევრმა დატოვა საქართველო და უცხოეთს (თავდაპირველად - თურქეთს, შემდეგ კი - ევროპის სხვადასხვა ქვეყანას) შეაფარა თავი. მათ რიგებში „ბოლშევიკების“ აგენტურაც აუცილებლად რომ იქნებოდა, ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს. ლეგალური და არალეგალური ემიგრაცია 1922 წელსაც გაგრძელდა. მათაც შეჰყვა „ჩეკა-გეპეუს“ აგენტურა. 1923 წელს, როდესაც ზემოთ მითითებულმა პარტიებმა „თვითლიკვიდაცია“ გამოაცხადეს, საქართველოს „ჩეკამ“ აგენტურის ნაწილი ემიგრაციაში მიავლინა, ხოლო მეორე ნაწილი - საქართველოში დატოვა, ვითომდა, „არალეგალური პარტიული მუშაობისთვის“. ისინი ერთგვარი „სატყუარის“ ფუნქციას ასრულებდნენ, როგორც საქართველოში მცხოვრები ანტისაბჭოთა განწყობის პატრიოტების, ასევე, საზღვარგარეთიდან ფარულად შემოსული ემიგრანტების გამოსავლენად და დასაკავებლად.
ეს რეალობა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც გასული საუკუნის 20-80-იანი წლების ქართულ ემიგრაციაში მიმდინარე პოლიტიკური და პიროვნული დაპირისპირების მიზეზებს ვეძებთ. საბჭოთა (მათ შორის, საქართველოს სსრ) დაზვერვა მცდელობას არ აკლებდა, რომ ქართული ემიგრაცია არ დაწყნარებულ/გაერთიანებულიყო და დედის მაძებარი ფუტკრის სკასავით მუდმივად „ეზუზუნა“. სწორედ ამის შედეგი იყო ცნობილი ქართველი ემიგრანტების: ნოე ცინცაძისა და ნოე ჟორდანიას სიძის, ლევან ფაღავას, ასევე, ნოე ცინცაძისა და გრიგოლ ერაძის, მამია ბერიშვილისა და ვიქტორ ხომერიკის, თუნდაც ახლო ნათესავების: მამია ბერიშვილისა და აკაკი რამიშვილის დაპირისპირება 1950-1980-იან წლებში.
საბჭოთა სპეცსამსახურებში მიღებული იყო შემდეგი ოპერატიული ტერმინი: „разложение эмиграции“ („ემიგრაციის გახრწნა“), რაც ვფიქრობ, ზუსტად ასახავდა მათ საბოლოო მიზანს. მინდა მკითხველმა ნათლად წარმოიდგინოს, რომ ეს იყო ერთიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ათწლეულების მანძილზე, ფაქტობრივად, საბჭოთა იმპერიის დაშლის დღემდე მოქმედებდა. „ცენტრმა“ საქართველოს სსრ საგარეო დაზვერვას უმთავრეს ფუნქციად სწორედ ამ ოპერაციაში მონაწილეობა განუსაზღვრა, რაც მეტ-ნაკლები ავტონომიურობით 1921-1991 წლებში ხორციელდებოდა.
ემიგრაციის დაშლისა და ემიგრაციის ლიდერების კომპრომეტირების მიზნით, საქართველოს სუკ-ს, საბჭოთა კავშირის სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) დავალებით, შემუშავებული ჰქონდა „აგენტურულ-ოპერატიული, სპეციალური და სხვა ღონისძიებების გეგმა“, რომელიც გულისხმობდა:
- ემიგრაციის ლიდერების კომპრომეტირებას ევროპის ქვეყნების მთავრობებისა და სპეცსამსახურების წინაშე;
- ემიგრაციაში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრების პიროვნული, კუთხური და პარტიული ნიშნით ურთიერთდაპირისპირების გზით, ქართული ემიგრაციის დაშლა-დაქუცმაცებას („გახრწნას“);
– ემიგრაციის ლიდერთა შორის უნდობლობის დათესვით ემიგრაციის საქმიანობის დეზორგანიზაციას;
– სხვადასხვა მეთოდებითა და ხერხებით ემიგრაციის ცალკეული ლიდერების აქტიურობის შემცირებასა და მათ განეიტრალებას და სხვ.
ასევე დაგაინტერესებთ: ბერიას საიდუმლო წერილი სტალინს და დიდი ბელადის პასუხი თბილისს - როგორ მტკიცდებოდა სიკვდილის ციფრები
ქართველი საბჭოთა მზვერავების ტრაგიკული ბედი - როგორ ნადირობდა ლავრენტი ბერია ქართველ ემიგრანტებზე
ლავრენტი ბერიას სისხლიანი გზის დასაწყისი - როგორ მოკლეს სტალინის პირადი მტერი ნოე რამიშვილი?
აღსანიშნავია, რომ ამგვარი, გარკვეულწილად, ტრაფარეტული, „გეგმა“ დამუშავებული ჰქონდათ საბჭოთა კავშირში შემავალ სხვა მოკავშირე რესპუბლიკების უშიშროების კომიტეტებსაც. ისინი ყოველი წლის ბოლოს წარუდგენდნენ საკავშირო სუკ-ის შესაბამის დანაყოფს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს, სადაც განსაკუთრებული ადგილი "ანტისაბჭოთა ემიგრაციის" საწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულებას ეთმობოდა, შედეგების მიხედვით კი „ ჩეკისტებს“ სამსახურს უფასებდნენ (რაც გულისხმობდა: დაჯილდოებას, დაწინაურებას, ვადამდე წოდების მინიჭებას ან პირიქით - საყვედურს). ამიტომ ქართველი „ჩეკისტებიც“ ცდილობდნენ, თავი გამოეჩინათ ქართული ემიგრაციის დაშლისა და ემიგრაციის ლიდერების კომპრომეტირების საქმეში, რაც „ღირსეულად“ შეასრულეს.
სუკ-ი, "ანტისაბჭოთა ემიგრაციის" ლიდერების კომპრომეტირების მიზნით, უცხოეთში მყოფი აგენტების საშუალებით, ადგენდა ემიგრაციის ლიდერების პირადი ცხოვრებისა და საქმიანი მოღვაწეობის ამსახველ ფაქტებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა: ფინანსურ პრობლემებს, შესაძლო კანონდარღვევებსა და ინტიმურ ცხოვრებას. „საინტერესო მასალის“ აღმოჩენის შემთხვევაში, რესპუბლიკის სუკ-ი, საკავშირო საგარეო დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმების შემდეგ, ამზადებდა და ბეჭდავდა მაკომპრომეტირებელი ფაქტების ამსახველ სტატიებს, ფურცლებს, წერილებს და ანონიმურად უგზავნიდა ემიგრანტებს, მათ ორგანიზაციებს, ასევე, იმ ქვეყნის მასმედიას.
ემიგრაციის ლიდერების კომპრომეტირებისთვის რესპუბლიკის სუკ-ი, სსრკ-ის საგარეო დაზვერვის რეზიდენტურებთან შეთანხმებით, ქმნიდა ვითომდა, უცხოეთში მოქმედ პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და გაზეთებს. მათ იყენებდნენ ანტისაბჭოთა ემიგრანტული ორგანიზაციებისა და ემიგრაციის ცალკეულ ლიდერთა საწინააღმდეგო სტატიებისა და პუბლიკაციების გასავრცელებლად. სუკ-ის მუშაობის ერთ-ერთი ფორმა იყო ემიგრაციის ლიდერების კორესპონდენციების ხელში ჩაგდება (მოპარვა, შეგზავნილი აგენტურის საშუალებით კორესპონდენციის ასლის გადაღება და ა. შ.). სუკ-ი, ასევე, ფართოდ იყენებდა ემიგრაციის ლიდერთა კომპრომეტირებას, მათი, როგორც... „საბჭოთა აგენტების" დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების გავრცელებით. ამ ღონისძიებების შედეგად ქართული ემიგრაციის ლიდერებს შორის უნდობლობა და ურთიერთეჭვიანობა ღვივდებოდა. ემიგრაციის ლიდერებზე ზემოქმედების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა სამშობლოში დარჩენილ მათ ნათესავებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რის შედეგადაც ბევრი ემიგრანტი იძულებული გახდა, საბჭოთა სპეცსამსახურების დავალებები შეესრულებინა.
ანტისაბჭოთა ემიგრაციის რიგებში დეზორგანიზაციის შეტანის მიზნით, სუკ-ი ატარებდა ეგრეთ წოდებულ „სპეციალურ ღონისძიებებს": არბევდა ემიგრაციის კუთვნილ შენობებს, უნადგურებდა ქონებას, იტაცებდა მათი ოფისებიდან სეიფებს, არქივებსა და კართოტეკებს და ა.შ. სუკ-ის მუშაობის ძირითად ფორმად მაინც რჩებოდა ემიგრანტთა შორის აგენტურის გადაბირება და შეგზავნა, რომელთა მთავარი ამოცანა პოლიტიკური ემიგრაციის დეზორგანიზაცია, ლიდერების კომპრომეტირება და მათ შორის დაპირისპირების გაღვივება იყო.
საბჭოთა სპეცსამსახურების „სპეციალური აქციების“ ერთ-ერთი ფორმა პატრიოტი ემიგრანტების ლიკვიდაცია, მოტაცება, დაშინება და დაშანტაჟებაც გახლდათ. ამიტომაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართული ემიგრაციის ბევრი წარმომადგენელი იძულებული იყო, ევროპიდან აშშ-სა და სამხრეთ ამერიკაში გადასახლებულიყო.

კონსტანტინე ცინცაძე
საბჭოთა სპეცსამსახურები ემიგრაციის ლიდერების გასანეიტრალებლად აქტიურად ცდილობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების თვალში ემიგრანტთა კომპრომეტირებას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთში გაგზავნილი სტალინ-ბერიას აგენტურა ამ ქვეყნის ხელისუფლებას ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობის არგუმენტით, მათთვის მიუღებელი ქართველი პატრიოტი ემიგრანტების დასჯას ან მოსკოვისთვის გადაცემას ითხოვდა. შემდგომ წლებშიც საქართველოს სსრ სუკ-ი ადგენდა პატრიოტი ემიგრანტების მიზნობრივი კომპრომეტირების გეგმებს, რომლებსაც შემდეგ საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელობასთან ათანხმებდნენ. გეგმების შესრულებაში პირდაპირ იყვნენ ჩართული საბჭოთა დაზვერვის საზღვარგარეთის რეზიდენტურები, რომლებიც უშუალოდ ასრულებდნენ ამ ღონისძიებებს.
ქართული ემიგრაციის დასაშლელად აქტიურად გამოიყენებოდა ემიგრანტების პირადი არქივები და მათი კორესპონდენციები. ქართული ემიგრაციის ლიდერები, რომელთაც ემოციები ნამდვილად არ აკლდათ, ხშირად პირად საუბრებში და წერილებში საკმაოდ დამამცირებლად მოიხსენიებდნენ ემიგრაციის სხვა ლიდერებს. ამ წერილების ხელში ჩაგდება და ტირაჟირება საბჭოთა დაზვერვის მნიშვნელოვანი ამოცანა იყო. ემიგრანტთა რიგებში არსებული აგენტებისა და „სანდო პირების" გამოყენება ხდებოდა ემიგრანტთა შორის ფინანსური პრობლემებისა და ადამიანური სისუსტეების მქონე პირების გამოსავლენად და მათ ბიოგრაფიაში არსებული უცნობი ფაქტების „ამოსაქექადაც". ქართული ემიგრაციის დასაშლელად სუკ-ი წარმატებით იყენებდა საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტების მონანიებისა და დანაშაულის აღიარების შემცველ პუბლიკაციებს. მაგალითად, ამგვარი სტატიები დაიბეჭდა: 1927 წელს კ. სულაქველიძის, 1954 წლის დეკემბერში გენერალ შალვა მაღლაკელიძის, 1961 წლის მაისში შალვა ბერიშვილის, ასევე, ლეო პატარიძის ხელმოწერით. ამ პუბლიკაციებმა ქართულ ემიგრაციაში ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა წარმოშვა, რამაც ემიგრაციის კიდევ უფრო დაქსაქსვა გამოიწვია.
ემიგრანტთა ლიდერების კომპრომეტირებას ემსახურებოდა დოკუმენტური ფილმების, წიგნებისა და ბროშურების მომზადება და სხვადასხვა არხით უცხოეთში გავრცელება. ამ ღონისძიებებში „თავდავიწყებით“ მონაწილეობდნენ ქართველი საბჭოთა „ჟურნალისტები“, „მეცნიერები“ და „მწერლები“.
ყოველი წლის ბოლოს რესპუბლიკის სუკ-ის პირველი განყოფილება (დაზვერვა) ამზადებდა ჩატარებული ოპერატიული მუშაობის ანგარიშს, რომელსაც საქართველოს სუკ-ის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა და „ცენტრში" გზავნიდა. დოკუმენტში ხაზგასმული იყო ანტისაბჭოთა ემიგრაციის წინააღმდეგ პირველი განყოფილების „შემტევი ტაქტიკა" (უშიშროების სისტემაში მაშინ მიღებული და პოპულარული ტერმინი).

ეპიფანე კვანტალიანი
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა სპეცსამსახურების მონდომებამ, სამწუხაროდ, ნაყოფი გამოიღო. თავად განსაჯეთ: 1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან 1991 წლამდე ქართული ემიგრაციის ანტისაბჭოთა განწყობა მხოლოდ რადიო „თავისუფლების“ ან „ამერიკის ხმის“ ქართულენოვან გადაცემებში გაშუქებით შემოიფარგლებოდა. უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, ბალტიისპირეთისა და სომხეთის ემიგრანტული ორგანიზაციები გაცილებით ორგანიზებულად და აქტიურად ებრძოდნენ საბჭოთა რეჟიმს. ზემოთ აღნიშნულ საბჭოთა სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის მეთოდებს დღესაც იყენებენ რუსეთის სპეცსამსახურები. სწორედ ამიტომაა საჭირო საქართველოს სსრ სუკ-ის ისტორიული მნიშვნელობის არქივების გონივრული გასაჯაროება, რათა საზოგადოებამ გაიგოს საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკა. ეს პროცესი აუცილებელი წინაპირობა უნდა გახდეს რეალური ლუსტრაციის დასაწყებად. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა (უპირველესად, ლიეტუვამ) რამდენიმე წლის წინ დაიწყეს სუკ-ის არქივებიდან სკანირებული დოკუმენტების ინტერნეტში განთავსება, რაც ახლაც გრძელდება. ვფიქრობ საწყის ეტაპზე ეს ყველაზე გონივრული (თუმცა ჩვენთვის უკვე ძალზე დაგვიანებული) გადაწყვეტილება იქნება.
ქართული ემიგრაციის წინააღმდეგ სპეცოპერაციებში მონაწილეობდნენ, როგორც „შტატიანი ჩეკისტები“, ასევე, აგენტურული აპარატი. ვფიქრობ, რომ მათი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება 1924 წლის ”აგვისტოს აჯანყების” პროვოცირება და ფარული კონტროლით წარმართვა იყო. ასი წლის წინანდელ მოვლენებს დღეს ემოციების გარეშე უნდა შევხედოთ და ფაქტების ობიექტური ანალიზის შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები. დაინტერესებული მკითხველი იმ მოვლენების შესახებ უფრო დაწვრილებით 2022 წლის თებერვლის დასაწყისში ჩვენს ბლოგში დაბეჭდილი მასალებიდან შეიტყობს. ახლა კი ერთ საინტერესო ფაქტზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო.
”აგვისტოს აჯანყების” სისხლში ჩახშობის შემდეგ იმ ქართველ „ბობოლა ჩეკისტებს“, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი, „მთავარი ჩეკისტის“, ფელიქს ძერჟინსკის ბრძანებით, საბჭოთა უშიშროების ორგანოების უმაღლესი უწყებრივი წოდება ( “საპატიო ჩეკისტი ”, შემდგომ პერიოდში იწოდებოდა: „სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი“) მიანიჭეს და შესაბამისი სამკერდე ნიშნები გადასცეს, რაც საბჭოთა უშიშროების სისტემაში ძალზე მნიშვნელოვან აღიარებად ითვლებოდა. 1923 წლის ივლისში დაწესებული ეს წოდება, 1991 წლის ბოლომდე სულ შვიდ ათასზე ოდნავ მეტ პირს მიენიჭა, რაც საბჭოთა იმპერიისთვის სულაც არ არის დიდი ციფრი.

ამ სამკერდე ნიშნებზე ბევრი ქართველი „ჩეკისტი“ ისე ოცნებობდა, რომ ძილშიც კი ესიზმრებოდა
#1 “საპატიო ჩეკისტის” წოდება და სამკერდე ნიშანი თავად „ჩეკა-გპეუს“ თავმჯდომარეს ფელიქს ძერჟინსკის ერგო, #2 - მის მოადგილე იაკობ პეტერს, #3 - ლენინის დაცვის უფროს ა. ბელენკის და ა.შ.

ტიტე ლორთქიფანიძე ; დავით კილაძე
“აგვისტოს აჯანყების” ჩახშობის სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის 1925 წლის დასაწყისში ქართველი ჩეკისტების ხელმძღვანელობის ერთმა ჯგუფმა: საქართველოს ჩეკას მეორე თავმჯდომარემ კონსტანტინე ცინცაძემ (1888-1937), მისმა შემცვლელმა, საქართველოს პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე ეპიფანე კვანტალიანმა (1889-1937), თავის მოადგილეებთან: ტიტე ლორთქიფანიძესა (1896-1937) და დავით კილაძესთან (1885-1937) ერთად, “საპატიო ჩეკისტის” წოდებები და სამკერდე ნიშნები მიიღეს. ეპიფანე კვანტალიანის კიდევ ერთი მოადგილე - ლავრენტი ბერია, რომელსაც “აგვისტოს აჯანყების” ჩახშობაში არანაკლები “წვლილი მიუძღოდა”, მაშინ, რატომღაც, ამ წოდების გარეშე დატოვეს და მხოლოდ 1932 წელს მიანიჭეს ლ. ბერიას ეს წოდება. ის კი წყენას არასდროს ივიწყებდა. ეს მაშინ გამოჩნდა, როდესაც ძალაუფლება საკუთარ ხელში ჩაიგდო. ლ. ბერიას დაუნდობელი ბუნება მაშინ გაცხადდა, როდესაც ეს ახალგაზრდა კაცი "პატარა დიქტატორად" იქცა. მაშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უდიდესი პატივმოყვარეობა დიდ ძალაუფლებასთან ერთად საზოგადოებისთვის დამღუპველია. ლ.ბერიამ სწორედ მაშინ გაუხსენა ყველას ძველი დამცირება და წყენა, ზურგსუკან დაცინვები და მოსკოვში დასმენები. ის არაფერს ივიწყებდა.
1937 წლის შემოდგომის დაწყებისთანავე თბილისში პარტიული აქტივის კრება გაიმართა, სადაც ბერიამ მოღუშული სახით ამცნო დაბნეულ და გარინდულ პარტიის წევრებს: საქართველოს „ენკავედემ“ კონტრრევოლუციონერების, ტერორისტებისა და ჯაშუშების დიდი შეთქმულება გახსნა, საქართველოს ბოლშევიკური პარტიის ბელადების წინააღმდეგ (ალბათ, თავის თავს გულისხმობდა - ბ.ა.) და ყველა მისი მონაწილე განადგურებული იქნება. „შეთქმულების“ მონაწილენი უშიშროების ორგანოებშიც „აღმოჩნდნენო“, - დაამატა მაშინ საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირმა. დახედეთ ამ ქართველი "ჩეკისტების” გარდაცვალების თარიღებს და თქვენც დარწმუნდებით. კონსტანტინე ცინცაძე კი, რომელიც სტალინის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 20-იანი წლების დასაწყისიდან გამოდიოდა, 1928 წელს დააპატიმრეს და რუსეთში, გადასახლებაში გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც ლ. ბერიას აქტიური მონაწილეობის შესახებ სტალინისთვის კარგად იყო ცნობილი. დანარჩენი „საპატიო ჩეკისტებიც“ საბჭოთა დიქტატორის ნებართვით დახვრიტეს.
( მეცხრე ნაწილის დასასრული)