კოშმარი ევროპისთვის: ნადირაძის „სამთავიანი“„პიონერის“ აჩრდილი ისევ ემუქრება ბებერ კონტინენტს - რა პასუხს გასცემს ტრამპი პუტინის შანტაჟს?!
პუტინი ნადირაძის „პიონერების“ „ რეინკარნაციით“ ევროპას „ბირთვულ ხელკეტს“ მოუღერებს...
„სიტუაცია ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკული წარმოების საშუალო რადიუსის რაკეტების ფაქტობრივი განლაგებისკენ ვითარდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მსგავსი იარაღის განლაგებაზე ცალმხრივი მორატორიუმის შენარჩუნების პირობები გაქრა. საპასუხო ზომების კონკრეტულ პარამეტრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ამერიკული და სხვა დასავლური საშუალო რადიუსის რაკეტების განლაგების მასშტაბების, ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის ზოგადი განვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებს“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში და ამით, ფაქტობრივად, საბოლოოდ ასამარებენ 38 წლის წინ დადებულ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას, რომელმაც მაშინ ევროპას მოუხსნა ბირთვული თავდასხმების მუდმივი შიში...
1992 წლის გაზაფხულიდან, როდესაც ამ სტატიის ავტორი თავის, სამხედრო ჟურნალისტის მოღვაწეობას იწყებდა, ყოველკვირეულ გაზეთ „7 დღეში“ ამ თემას - "საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" ხელშეკრულების განხილვას, რომელიც მაშინ „ახალი ხილი“ გახლდათ, სტატიების მთელი სერია მიუძღვნა... თუმცა მაშინ, 90-იანი წლების უშუქო და ომში მყოფ საქართველოში, ნაკლებად თუ ვინმეს აინტერესებდა სადღაც შორს, ევროპაში, ვინ ვის რა ზომის რაკეტას დაუმიზნებდა...
სამწუხაროდ, ეს თემა კვლავ აქტუალური ხდება 21-ე საუკუნის მეოთხედის მიწურვისას, რადგან მსოფლიო და, პირველ რიგში, ევროპა უკვე დაბრუნებულია მეორე „ცივ ომში“, არანაკლები დაძაბულობაა შექმნილი, ვიდრე პირველი „ცივი ომის“ 80-იან წლებში...
ყველაფერი კი ასე იწყებოდა...
მართალია, სტრატეგიული დანიშნულების საკონტინენტთაშორისო ბირთვულქობინიანი რაკეტები მოსკოვსა და ვაშინგტონს ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან ჰქონდათ ერთმანეთისკენ მიმართული, მაგრამ მცირე და საშუალო რადიუსის ბირთვულქობინიანი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების განლაგებამ, ევროპის ტერიტორიაზე, ყველაფერი უკიდურესად გაართულა.
სიმართლე ითქვას, ევროპაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 1977 წლიდან საბჭოთა კავშირმა ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზე ალექსანდრე ნადირაძის "პიონერის" 300-მდე თვითმავალი სარაკეტო დანადგარი განათავსა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ალექსანდრე ნადირაძეს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა კავშირის მაშინდელ თავდაცვის მინისტრ დიმიტრი უსტინოვთან, რამაც "პიონერების" სერიული წარმოება დააჩქარა.
ნატო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ნადირაძის საშუალო სიშორის "პიონერის" რაკეტას მაქსიმალურ, 5 ათას კმ-ზე 150 კილოტონა სიმძლავრის სამი თერმობირთვული ქობინი გადაჰქონდა, რაც ნიშნავდა, რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში განლაგებული საბჭოთა სამხედრო ბაზებიდან გაშვებული "პიონერები" მთელ ევროპას "დაფარავდნენ". ამასთან, "პიონერების" სარაკეტო დანადგარები მობილური იყო და მათი აღმოჩენა-განადგურება ძალზე ძნელი გახლდათ.
"პიონერების" საპასუხოდ მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ევროპაში ამერიკული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა "პერშინგ-2"-ები გადაისროლა.
ამჯერად არასახარბიელო სიტუაციაში კრემლის ბინადრები აღმოჩნდნენ, რადგან ამერიკულ "პერშინგს" გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 10-12 წუთი სჭირდებოდა 80-კილოტონიანი ბირთვული ქობინის მოსკოვის ცენტრამდე "მისატანად".
პენტაგონმა დასავლეთ ევროპაში სახმელეთო ბაზირების "ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტებიც განათავსა. მართალია, მათი ფრენის სიჩქარე დიდად ჩამოუვარდებოდა ბალისტიკური რაკეტისას, სამაგიეროდ, ბირთვულქობინიანი "ტომაჰავკი" დედამიწის რელიეფის მიყოლებით, ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა და საბჭოთა რადიოლოკატორებს ძალიან გაუჭირდებოდათ მათი დროული აღმოჩენა.
საჰაერო-ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას რამდენიმე წუთი სჭირდება მოწინააღმდეგის სტარტაღებული რაკეტების რადიოლოკატორებით აღმოჩენის, მათი ფრენის ტრაექტორიის დადგენისა და მართვის პუნქტში საპასუხო მოქმედებისთვის (იქნება ეს ანტირაკეტების გაშვება თუ საპასუხო სარაკეტო ზალპი), თუმცა დროის სიმცირე ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, რათა, მაგალითად, კრემლის მიწისქვეშა ბირთვულსაწინააღმდეგო ბუნკერში მოასწრონ თავის შეფარება.
ასევე დაგაინტერესებთ: დიდი ისტერიკა რუსეთში ანუ რატომ ჩაიკმინდა ხმა "ალკონავტმა" მედვედევმა?! - არიქა, ტრამპს შავ ზღვაში წყალქვეშა ნავები შემოჰყავს
შავი დღე კიევისთვის ანუ პუტინის ცინიკური პასუხი ტრამპის ათდღიან ულტიმატუმზე
ეს პრობლემა აქტუალური იყო ჯერ კიდევ პირველი "ცივი ომის" დროს, როდესაც ამერიკულ საკონტინენტთაშორისო რაკეტებს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან მოსკოვამდე მისაღწევად 25-30 წუთი სჭირდებოდათ. ნახევარი საათი საკმარისი იყო, რომ თვით მოფახფახებული ბრეჟნევიც კი მიწისქვეშა ბუნკერში დაემალათ, მაგრამ სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც დასავლეთ ევროპაში ამერიკელებმა "პერშინგები" განათავსეს, რომლებსაც 12 წუთიც ჰყოფნიდათ, მაგალითად, ფრანკფურტის მიდამოებიდან კრემლამდე დაუპატიჟებლად "სტუმრობისთვის".
ამის შედეგად წაგებული ისევ საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა, რადგან ნადირაძის "პიონერები" აღმოსავლეთ გერმანიიდან 5 ათასი კმ-ის რადიუსში კი "ფარავდნენ" თითქმის მთელ ევროპას, მაგრამ ვერ წვდებოდნენ ოკეანისგაღმელ აშშ-ს, სამაგიეროდ, დასავლეთ ევროპიდან სტარტაღებულ ამერიკულ "პერშინგს" ბირთვული ქობინის კრემლამდე "მიტანა" 12 წუთში შეეძლო.
სწორედ ეს გარემოება გახდა უმთავრესი მიზეზი, რომ საბჭოთა კავშირი აშშ-ის ევროპიდან საშუალო და მცირე რადიუსის (500-დან 5 500-მდე კმ ფრენის სიშორის) სახმელეთო სტარტის რაკეტების გატანასა და სრულ ლიკვიდაციაზე დათანხმდა.
პირველი "ცივი ომის" პერიოდში დაპირისპირება მნიშვნელოვნად შემცირდა 1987 წელს, როდესაც ვაშინგტონში 8 დეკემბერს აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტებმა - რონალდ რეიგანმა და მიხაილ გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს "საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის" ხელშეკრულებას.
ეს ხელშეკრულება 1988 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და სამ წელში, 1991 წლის ივნისამდე, საბჭოთა კავშირმა გაანადგურა 1 846, ხოლო აშშ-მა - 846 ერთეული საშუალო (1 000-დან 5 500 კმ) და მცირე (500-დან 1 000 კმ) სიშორის მოქმედების რაკეტა.
თუკი ამერიკელებს მოუწიათ ევროპიდან საერთოდ გაეტანათ და გაენადგურებინათ "პერშინგ-2"-ის ტიპის ყველა ბალისტიკური და სახმელეთო სტარტის "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტა, საბჭოთა მხრიდან ლიკვიდირებული რაკეტების უმეტესობა ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძის შექმნილი მობილური "პიონერები" იყო.
მას შემდეგ ევროპა სამი ათეული წლის განმავლობაში ბირთვულ საფრთხეზე აღარ ფიქრობდა, სანამ 2019 წელს მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკული მხარე ოფიციალურად არ გამოიყვანა "საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის" ხელშეკრულებიდან, რის მიზეზადაც დასახელდა, რომ რუსეთმა ფარულად შექმნა და გამოცადა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს "ისკანდერის" ახალი ფრთოსანი რაკეტა, რომლის ფრენის სიშორე აღემატებოდა 500 კმ-ს და, შესაბამისად, არღვევდა ზემოხსენებული ხელშეკრულების პარამეტრებს.
ამერიკული დაზვერვის ინფორმაცია რეალობას შეესაბამებოდა, რაც დადასტურდა მას შემდეგ, როდესაც რუსეთმა მართლაც გამოცადა 500 კმ-ზე შორს მფრენი "ისკანდერის" ახალი რაკეტები, მაგრამ აშშ-ის ამ ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შემდეგ კრემლს ხელ-ფეხი გაეხსნა ევროპისკენ, ახალი საშუალო სიშორის რაკეტების დასამიზნებლად.
"საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" ხელშეკრულებას წყალი 2007 წლიდან შეუდგა, როდესაც რუსეთმა აშშ-ს ბრალი დასდო მისი დარღვევის მცდელობაში, თუკი თეთრი სახლი ევროპაში ისეთ ანტისარაკეტო სისტემებს განათავსებდა, რომელთა უნივერსალური ვერტიკალური გასაშვები კონტეინერებიდან შესაძლებელი იყო როგორც "სტანდარდის" ტიპის ანტირაკეტების, ისე - "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების სტარტი - 2 500 კმ-მდე მფრენი სახმელეთო ბაზირების "ტომაჰავკების" ფრთოსანი რაკეტების განთავსებას ევროპაში კი ეს ხელშეკრულება კრძალავდა.
თავის მხრივ, აშშ-მა არანაკლები პრეტენზია წაუყენა კრემლს - 2008-2011 წლებში რუსეთი ფარულად ცდიდა "ისკანდერის" ტიპის სარაკეტო დანადგარიდან ახალ ფრთოსან რაკეტებს, რომელთა ფრენის მაქსიმალური სიშორე დიდად აღემატებოდა 500 კმ-იან ზღვარს, რაც არღვევდა ნაკლები სიშორის რაკეტებზე აკრძალვას.
2019 წლის თებერვალში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, იმის გამო, რომ რუსეთის მხარე სისტემატურად არღვევს ამ ხელშეკრულებას და ფარულად აგრძელებს აკრძალული რაკეტების შექმნასა და გამოცდას, აშშ იწყებს "საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" ხელშეკრულებიდან გამოსვლის პროცედურასო, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვა პრეზიდენტ პუტინის საპასუხო რეაქციაც, რუსეთიც შეაჩერებს ამ ხელშეკრულების შემდგომ შესრულებასო. მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა და ხელფეხგახსნილი რუსეთიცა და აშშ-ც დაჩქარებული ტემპით ახორციელებენ 500-დან 5 500 კმ-მდე მფრენი ახალი სარაკეტო სისტემების გამოცდის პროგრამებს.
2024 წლის 21 ნოემბერს რუსეთმა ასტრახანის "კაპუსტინ-იარის" პოლიგონიდან უკრაინის დნიპრომდე ბალისტიკური რაკეტა РС-26 Рубеж-ი 800 კმ მანძილზე გაუშვა, რაც მიუთითებს, რომ РС-26 Рубеж-ის დაპროექტება-გამოცდით რუსეთი უკვე 2006-2018 წლებში ფარულად არღვევდა ჯერ კიდევ მოქმედ "საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" ხელშეკრულებას და ამერიკულ მხარეს ატყუებდა - 5 ათას კმ-ზე შორს მფრენი და, შესაბამისად, საკონტინენტთაშორისო რაკეტების კლასში მიკუთვნებული РС-26 Рубеж-ის საფარქვეშ ქმნიდა საშუალო სიშორის კლასის ბალისტიკურ რაკეტასაც, რომელსაც შეეძლებოდა ბევრად ახლო მანძილზეც, იმავე 800 კმ-შიც, მიეტანა ბირთვული ქობინები.
ასე რომ, ექსპერიმენტული რუსული ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი РС-26 Рубеж-ი, რომელიც პუტინმა Орешник-ად გადანათლა, მიეკუთვნება როგორც საკონტინენტთაშორისო, ისე - საშუალო სიშორის რაკეტების კლასს, რადგან შეუძლია ბირთვული და კონვენციური ქობინების გადატანა 800-დან 6 ათას კმ-ზე უფრო შორ მანძილზე, რაც არც არის გასაკვირი, რადგან მისი წინამორბედის, ალექსანდრე ნადირაძის "პიონერის" ფრენის მანძილის დიაპაზონი 600-დან 5 500 კმ-მდე გახლდათ (ეტყობა, ამიტომაც განისაზღვრა რეიგან-გორბაჩოვის 1988 წლის ხელშეკრულებაში სწორედ 5 500 კმ, როგორც საშუალო და საკონტინენტთაშორისო რაკეტების კლასებს შორის გამყოფი ზღვარი).
ისე კი, გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 1985 წელს, ნადირაძემ გამოსცადა "პიონერის" მესამე მოდიფიკაცია, რომელსაც 50 კილოტონა სიმძლავრის ბირთვული ქობინი 7 400 კმ მაქსიმალურ მანძილზე უნდა გადაეტანა - დიდი ალბათობით, დღევანდელი რუსული РС-26 Рубеж-ი სწორედ ალექსანდრე ნადირაძის იმდროინდელი "პიონერის" მესამე მოდიფიკაციის გაუმჯობესებული ვარიანტი შეიძლება იყოს.
"საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" ხელშეკრულების საბოლოო დარღვევის შემდეგ მოსალოდნელია, რომ აშშ-მა ევროპაში, მათ შორის - გერმანიაშიც განათავსოს Typhon-ის სახმელეთო მობილური დანადგარები, რომლებიდანაც Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვება 1,8 ათას კმ-მდე, ხოლო მრავალდანიშნულების SM-6 ტიპის რაკეტებისა კი 500 კმ-ზე შორს არის შესაძლებელი.
თავის მხრივ, თუკი პუტინმა ნადირაძისეული „პიონერების“ „რეინკარნაციული“ ვარიანტი - РС-26 Рубеж-ები, იგივე Орешник-ები ბელარუსის ტერიტორიაზე შეიტანა, ისინი 5-6 ათასის კმ-ის რადიუსში თავისუფლად მიწვდებიან ევროპის ნებისმიერ წერტილს...
მანამდე კი, 8 აგვისტოს, როდესაც იწურება ტრამპის მიერ პუტინისადმი მიცემული ულტიმატუმის დრო და მოსალოდნელია, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა ბოლოსდაბოლოს გაბედოს რუსეთზე ახალი სანქციების დაწესება, უკრაინაში ომის შეუჩერებლის გამო, ასევე მოსალოდნელია, რომ კრემლის ბინადარმა მეორედ გაუშვას Орешник-ი უკრაინის რომელიმე ქალაქის მიმართულებით, რაზეც შეიძლება მიუთითებდეს რუსეთის ასტრახანის "კაპუსტინ-იარის" პოლიგონის რაიონის არეალში საჰაერო სივრცის წინასწარ ჩაკეტვის შესახებ მოსკოვის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია...