ტრამპის კავკასიური "გასროლა": ამას რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა - მიიღებს თუ არა "დიდი დონალდი" ნობელის მშვიდობის პრემიას?! - კვირის პალიტრა

ტრამპის კავკასიური "გასროლა": ამას რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა - მიიღებს თუ არა "დიდი დონალდი" ნობელის მშვიდობის პრემიას?!

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 6 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „აშშ-ის პრეზიდენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის უმასპინძლებს“ (ავტორი - ნატალი ელისონი). „დონალდ ტრამპი ყოველთვის ამაყობდა მოლაპარაკების დროს თავისი შუამავლობის უნარით და ამისათვის მისი კანდიდატურა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა ნობელის პრემიაზეც წარადგინა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს თეთრ სახლში სახლში, სავარაუდოდ, პარასკევს მიიღებს: აშშ-ის მეთაური ცდილობს, სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიზნით, შუამავლის როლი შეასრულოს ორ ქვეყანას შორის, რომლებსაც ერთმანეთთან მრავალწლიანი კონფლიქტი აქვთ.

ეს შეხვედრა, რომელიც „ვაშინგტონ პოსტს“ თეთრი სახლის ორმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა, წარმოადგენს პრეზიდენტის იმ ძალისხმევის მორიგ მაგალითს, რომლებიც ომებისა და კონფლიქტების შეწყვეტით არის ნაკარნახევი და რომელიც, რა თქმა უნდა, პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს.

თეთრი სახლის იმ თანამშრომლებიდან, რომლებმაც ანონიმურობის დაცვით ისაუბრეს დაგეგმილი ღონისძიების ირგვლივ, ერთ-ერთმა თქვა, რომ შესაძლოა, პარასკევს, დონალდ ტრამპთან ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის შეხვედრის დროს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დადება გამოცხადდეს.

ორი კავკასიური სახელმწიფოს ლიდერი გასულ თვეში ერთმანეთს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების დროს შეხვდნენ. მართალია, რაიმე რეზოლუცია მიღებული არ ყოფილა, მაგრამ ჯერ კიდევ იმ დროს ვრცელდებოდა ხმები, რომ უკვე მომზადებულია სამშვიდობო შეთანხმების წინასწარი ვარიანტი.

ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ერთმანეთს თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ტერიტორიების გამო ედავებოდა და რამდენიმე ომიც ჰქონდათ მას შემდეგ, რაც კონფლიქტის პირველ ეტაპზე მთიანი ყარაბაღის რეგიონი სომხეთმა დაიქვემდებარა. ასეთი იყო სიტუაცია მანამ, სანამ 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის არმიის შეტევის შედეგად ბაქომ მთიან ყარაბაღზე კონტროლი არ დაიბრუნა. ათასობით ეთნიკურმა სომეხმა, რომლებიც მთიან ყარაბაღში ცხოვრობდნენ, თავს გაქცევით უშველეს და ლტოლვილებად იქცნენ.

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპი ცოლის ჭკუაზე დადის?! - იღებს თუ არა უმშვენიერესი მელანია გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს?

პუტინის სამი მთავარი გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა დამოუკიდებლობას დაკარგავს და მსოფლიო წესრიგი საბოლოოდ დაემხობა

სკანდალური სტატია: "პუტინის ჯაშუშებმა ბრიტანელი საზოგადოების ყველა ფენაში შეაღწიეს" - როგორ ცდილობს კრემლის ბინადარი ბრიტანეთის შიგნიდან ჩამოშლას

ვიქტორ ორბანის განსაცდელი: მტრად ქცეული მეგობრის ამბავი - ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც შესაძლოა, უნგრეთში ორბანის ეპოქა დაასრულოს?

პრეზიდენტად არჩევის წინ, 2024 წლის ოქტომბერში, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ ყოველთვის დაიცავდა „დევნილ ქრისტიანებს“ და მკაცრად გააკრიტიკა თავისი მეტოქე, პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატოული პარტიიდან - კამალა ჰარისი, რომელსაც, დონალდ ტრამპის თქმით, „არაფერი გაუკეთებია მაშინ, როცა საშინელ მდგომარეობაში მყოფი სომეხი ქრისტიანები - 120 ათასზე მეტი - იძულებულნი გახდნენ, მშობლიური ადგილებიდან გაქცეულიყვნენ“. იმავე პოსტში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ძალისხმევა მიმართული იქნება ძალადობისა და ეთნიკური წმენდების შესაჩერებლად: „ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის“.

ივნისში, დონალდ ტრამპის შუამავლობით, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში საზეიმოდ იქნა ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულება აფრიკის სახელმწიფოებს - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის.

„მოკლე დროის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ მშვიდობის დამყარებას ინდოეთსა და პაკისტანს, ისრაელსა და ირანს, კონგოსა და რუანდას შორის, აგრეთვე, ძალისხმევას არ ვაკლებთ მშვიდობის აღდგენას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში“, - თქვა დონალდ ტრამპმა ივნისში, ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის დროს.

მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტის კანდიდატურა ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა. ისინი ამ ტაქტიკით ორი მიზნის მიღწევას ცდილობდნენ - ერთი მხრივ, დონალდ ტრამპის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკის აღნიშვნას, მეორე მხრივ - მისი კეთილგანწყობის მოპოვებას.

კამბოჯის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ გასულ კვირაში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დონალდ ტრამპს ნობელის პრემიის მოსაპოვებლად წარადგენს. უფრო ადრე, ივლისში, იგივე განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ხოლო ივნისში - პაკისტანის მთავრობამ - იმ დამსახურებისათვის, რომელიც დონალდ ტრამპს ინდოეთ-პაკისტანის ამასწინანდელი (მაისის) კონფლიქტის შეწყვეტაში მიუძღვის

ნობელის მშვიდობის პრემიის გადაცემა მიმდინარე წლის დეკემბერში არის დაგეგმილი.

წყარო