პუტინის ჯარების დიდი საზაფხულო შეტევა ჩაიშალა?! - რა ხდება უკრაინის ფრონტზე: გადავა თუ არა ზელენსკის არმია მასშტაბურ კონტრშეტევაზე
დონალდ ტრამპმა უკრაინასთან შეთანხმების დასადებად რუსეთს 10 დღე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაცრი სანქციებითა და დაპირებული ტარიფების შემოღებით ემუქრება. ტრამპი დარწმუნებული არ არის, რომ ეს მოსკოვზე გავლენას მოახდენს, რადგან, მისი თქმით, "პუტინს აშკარად სურს ომი გაგრძელდეს"... მანამდე ტრამპმა პირობა დადო, რომ 100%-იან ტარიფებს დააწესებდა რუსეთის ექსპორტზე აშშ-ში, ასევე იმ ქვეყნების პროდუქციის ექსპორტზე, რომლებსაც სავაჭრო კავშირები აქვთ რუსეთთან. ასეთ შემთხვევაში შეზღუდვები შესაძლოა სხვა ქვეყნებთან ერთად ჩინეთს, ევროკავშირის ქვეყნებს, ინდოეთსა და თურქეთს შეეხოს.
რა შედეგს მოიტანს ტრამპის ეკონომიკური სანქციები, ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:
- ტრამპს შეუძლია სამი სხვადასხვა გზით მიუდგეს რუსეთს: 1. ეკონომიკური სანქციები და სატარიფო ომი არა მხოლოდ რუსეთთან, მის მოკავშირე ქვეყნებთანაც. აშშ-მა ისინი უნდა აიძულოს, რუსეთთან ენერგოვაჭრობა შეწყვიტონ. თუ არ შეწყვეტენ, მოუწევთ ამერიკასთან ეკონომიკური ომი; 2. უკრაინის სამხედრო დახმარება, ოღონდ არა ნაწილ-ნაწილ და ცოტ-ცოტა, არამედ დიდი რაოდენობით შეიარაღების სწრაფად გადაცემა. ეს ლოჯისტიკურად რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია. 3. შეიძლება პირიქით მოხდეს - ტრამპი პროცესებისგან მაქსიმალურად დისტანცირდეს, ან დიპლომატიურ საუბრებზე გადაერთოს, ახალი ვადები დაასახელოს, ან ხელი ჩაიქნიოს და თქვას, არაფერი გამოვაო, და გაგრძელდეს ლიმიტირებული დახმარება, რომელსაც ევროპა ანაცვლებს, ან შეიძლება მომავალში ჩაანაცვლოს ამერიკა.
ტრამპი ან მთლიანად ჩაერთვება ამ პროცესში, ან საერთოდ ჩაეხსნება. შეიძლება ვიხილოთ ისეთი კარდინალური ნაბიჯები, როგორიცაა უზარმაზარი ოდენობის ფულისა და იარაღის მიწოდება, ან დაუწესოს უზარმაზარი სანქციები რუსეთს. მეორე - ქვეყნებზე სანქციები იქნება ბევრად დიდი, თუკი ტრამპი რუსეთის გამო მსოფლიო ეკონომიკას და ეკონომიკურ აქტივობებს დაუპირისპირდება.
ეს ნიშნავს, რომ ბოლომდე გაჰყვება ამ კონფლიქტს, ვინაიდან ეს არის სანავთობო და ენერგეტიკული ომი რუსეთის წინააღმდეგ. იარაღის მიწოდება მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ეკონომიკური მასშტაბი უფრო დიდი გამოდის.
- ამბობენ, რომ ტრამპის პოპულარობა უკრაინის თემის გამო დაბლა იწევს და ამიტომ გადმოსწია თარიღი რუსეთისთვის. ის ჩქარობს, ვინაიდან ახლოვდება კონგრესში არჩევნები (2026 წლის შემოდგომაზე) და შედეგი სჭირდება.
- ტრამპს ხელშესახები წარმატება არ ჰქონია. ირანის საკითხი მეტწილად მოგვარებულია. ირანმა მოკლე ვადაში რომ შექმნას ბირთვული იარაღი, ნაკლები შანსია. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფაა. მსოფლიო მედიაში იმაზე მიდის საუბარი, როგორ მოგვარდეს ეს საკითხი, რომ მოსახლეობაც გადარჩეს, "ჰამასიც" არ გამოვიდეს გამარჯვებული და საბოლოოდ დაბალანსდეს პროცესი. უკრაინის კონფლიქტი საერთაშორისო მასშტაბისაა, ის ეხება ყველასა და ყველაფერს. შესაბამისად, მისი ვერმოგვარება ნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ვერ გაიმარჯვა. შესაძლოა ეს კონფლიქტი მასაც ისევე მძიმე მემკვიდრეობად დააწვეს, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციას დააწვება სამუდამოდ. ამიტომ აქ ტრამპის პერსონალური მოტივაციის საკითხიცაა. მეორეც ტრამპს თავის ქვეყანაშიც არა აქვს კარგი სიტუაცია, მას მძიმედ აწევს ე.წ. ეფშტაინის ფაილების საკითხი. გენპროკურორს ეუბნებიან, გამოაქვეყნოს ფაილები, ის კი ამბობს, რომ ეფშტაინის სია არ არსებობს. ამერიკაში ამაზე დიდი კამათია ტრამპის წინააღმდეგ...
ასევე დაგაინტერესებთ: კოშმარი ევროპისთვის: ნადირაძის „სამთავიანი“„პიონერის“ აჩრდილი ისევ ემუქრება ბებერ კონტინენტს - რა პასუხს გასცემს ტრამპი პუტინის შანტაჟს?!
შავი დღე კიევისთვის ანუ პუტინის ცინიკური პასუხი ტრამპის ათდღიან ულტიმატუმზე
- რა სიტუაციაა ამჟამად ფრონტზე? როგორც აღმოჩნდა, ზაფხულის გრანდიოზული შეტევა ჩაიშალა, განსაკუთრებით სუმის ოლქში ჩავარდა ეს გეგმა. ახლა შეტევის სამიზნე დონეცკია და რას მიაღწევს რუსეთი მანდ?
- აგვისტო წინ არის. დიახ, სუმის ოლქში შეტევა წარუმატებელი იყო, რუსეთი ახლა უკან იხევს, მან სამი აღებული სოფელი დაკარგა. თითოეული სოფლის დაკარგვა რუსეთის კილომეტრით უკან დახევას ნიშნავს. რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ელიტებში სუმის ოლქზე დიდი კამპანია იყო, მის აღებაში დარწმუნებული იყვნენ, უცნაური განცხადებები კეთდებოდა, მაგრამ გეგმა ჩაიშალა. რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქზე, ჩრდილოეთის მიმართულებით მას მცირე, დაახლოებით 2-3 კმ-იანი წინსვლა აქვს. დღესდღეობით ხელშესახები არაფერი აუღია, თუმცა შეტევით ოპერაციებს აწარმოებს. დონეცკის ოლქში არის ორი მიმართულება: ერთია ბახმუტთან, ჩასივ-იარის მიმართულება, რომელსაც რუსეთი ლამის 2 წელია უტევს (უშუალოდ ჩასივ-იარის ქუჩებში ბრძოლა 1 წელია მიმდინარეობს, ბახმუტთან ბრძოლები კი 2 წელია მიდის). ჩასივ-იარში რუსეთს რამდენიმე მიკრორაიონი დარჩა ასაღები, ქუჩა-ქუჩა ბრძოლები წელიწადია მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ მინიმალურია წინსვლა. ამ პატარა დასახლებისთვის რამხელა ბრძოლა მიმდინარეობდა და რამხელა დანაკარგებით. მეორე ქალაქი, რომელიც დონეცკის სამხრეთით მდებარეობს (ცენტრალური დონეცკის რაიონია), გახლავთ პოკროვსკი. მასში შეღწევა დივერსიულმა ჯგუფებმა მოახერხეს და უკრაინელებმა ისინიც გაანადგურეს. რუსები დღეს მის აღებას კი არა, წელიწადი და 2 კვირაა ქალაქში მასობრივ შეღწევასაც ვერ ახერხებენ. 2024 წლის 18 ივლისს, როცა პოკროვსკის რაიონზე შეტევა და მისი რკალისებური გარემოცვა დაიწყო, პატარა რაღაცები შეიცვალა, მაგრამ რუსებმა შიგნით ვერ შეაღწიეს. რუსებს მარტო ამ კონკრეტულ მიმართულებაზე მობილიზებული ჰყავთ დაახლოებით 200 ათასი სამხედრო. პოკროვსკი მარტო ქალაქი არ არის, იქ რამდენიმე შედარებით დიდი დასახლებაა, რომლებშიც უკრაინელთა სამხედრო პოზიციები იყო და მისი აღება რუსეთმა მოახერხა. ეს მიანიშნებს, თუ რამდენად ნელია რუსების შეტევა და რამდენად დიდი მსხვერპლის ფასად. რუსეთი ახლა ატარებს მასშტაბურ მობილიზაციას. ცნობილი ამბავია, რომ რუსეთს ძალიან უჭირს კონტრაქტორები, კონტრაქტის დამდები ხალხის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ციხეებიდანაც ძალიან ცოტას გამოყვანა შეუძლიათ და ახლა, ძირითადად, ასაკოვანი ხალხის, ასევე ძალიან ახალგაზრდების მობილიზაცია გაიზარდა. 160 ათასი კაცის გადასროლა მიმდინარეობს არა სრულიად ახალ ფრონტზე, არამედ იმ ფრონტის ხაზებზე, სადაც მათ შორის პოკროვსკის მიმართულებაა, რათა მასზე ზეწოლა გაზარდონ
. რუსეთს ძალიან სურს პოკროვსკის მალე აღება, სანამ ზაფხული გავა. ამას ცოცხალ მასას უწყვეტად სწირავს. ზოგიერთი შეტევა 8 საათს გრძელდება, ტალღებად მოდიან ჯგუფები და ამ ტერიტორიაზე ძალიან რთული საბრძოლო ვითარებაა. კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც რუსებმა სცადეს გააქტიურება, ოღონდ, წარუმატებლად, სივერსკია (ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებს შორის მდებარე ტერიტორია). თუმცა ძალიან დიდი მსხვერპლი აქვთ და შესაბამისად, ეს შეტევაც წარმატებული არ ყოფილა.
ასე რომ, ფრონტის ხაზზე დიდი გარღვევები, გადაადგილებები, წინსვლა არ არის. ფრონტის ხაზი მასშტაბურად არ იცვლება. ამასთან, ორივე მხარეს მსხვერპლი ძალიან დიდია. ტრამპმაც აღნიშნა, რომ რუსებს დიდი დანაკარგი აქვთ (პრეზიდენტს აქვს საიდუმლო გრიფები, ყოველ დილით მისდის უშიშროების მხრიდან). მან მილიონი დაასახელა. ეს მხოლოდ დაღუპულს არ ნიშნავს, ნაწილი დაჭრილია, ნაწილი ტყვე, გაქცეული, დეზერტირი... რუსეთი ჩქარობს, რადგან მას ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩინეთთან ურთიერთობს და მისგან ფულს იღებს, სამხედრო ეკონომიკა აქვს. მოსახლეობის ნაწილი ქვეყნიდან გაიქცა, ვინც უმუშევარია, ნაწილი ფრონტზეა. თითქოს ისე ჩანს, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ასე არაა. რუსეთმა იცის, რომ ტრამპი პროგნოზირებადი არ გახდება და უკეთესად აზროვნებას არ დაიწყებს. თანაც ზამთარი მოდის და რაც უფრო სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას, მით უკეთესი.
- უკრაინელებისგან რას უნდა ველოდოთ? ვნახეთ აეროფლოტზე შეტევა, პერიოდულად რუსული ოლქების დაბომბვა და სხვა. კიდევ რა ტიპის შეტევები შეიძლება ვიხილოთ?
- შეიძლება ვიხილოთ უფრო მეტად ლოკალური კონტრშეტევები. რომ ვთქვათ, ახლა მასშტაბური გარღვევის შანსი არის, ან მწიფდებაო, ამ ეტაპზე ეს არ ჩანს. არის ნიშნები, რომ იქნება ნელი, ლოკალური კონტრშეტევები, რუსული არმიის ნელ-ნელა გამოხვრა თითოეულ ლოკალურ წერტილზე, სოფელზე, უკან დახევა...