საქართველო აშშ-ს უნდა გაურიგდეს და..." - მამუკა არეშიძის ანალიზი: დიდი გეოპოლიტიკური თამაში ჩვენი ქვეყნის გარშემო ანუ ვინ მიდის და ვინ მოდის კავკასიაშ - კვირის პალიტრა

"საქართველო აშშ-ს უნდა გაურიგდეს და..." - მამუკა არეშიძის ანალიზი: დიდი გეოპოლიტიკური თამაში ჩვენი ქვეყნის გარშემო ანუ ვინ მიდის და ვინ მოდის კავკასიაში

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 4 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა.

- მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნები მსოფლიო პოლიტიკაში განსაკუთრებულ ამი­ნდს ვერ შექმნიან, უკვე ცდილობენ კულუარული პოლიტიკური ქსელის შექმნას. ამის ნათელი მაგალითია აზერბაიჯანი. რეგიონულ პოლიტიკაში რომ აზერბაიჯანმა პოზიციონირება დაიწყო, მას მერე ჩამოაგდეს სამგზავრო თვითმფრინავი რუსმა სამხედროებმა. ეს ბევრად ადრე დაიწყო. მე ათვლის წერტილად მაქვს 2010 წელი, როდესაც ჯერ კიდევ მედვედევი იყო რუსეთის პრეზიდენტი. მაშინ ალიევმა არნახულ დიპლომატიურ წარმატებას მიაღწია, როდესაც რუსეთს დაათმობინა ოთხი სოფელი აზერბაიჯან-რუსეთის საზღვარზე და გადასწიეს საზღვარი მდინარისკენ. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნელ-ნელა დაიწყო რუსეთის გავლენის შევიწროება. მანამდე რუსეთს ჯერ კიდევ ჰქონდა სამხედრო ბაზა აზერბაიჯანში და ალიევმა ყველაფერი გააკეთა, რომ ბაზა გასულიყო ქვეყნიდან. 2022 წელს, როდესაც ომი დაწყებული იყო უკრაინასთან, ალიევი წინა დღეებში­ ჩაფრინდა რუსეთში და ხელი მოაწერა სამეგობრო ხელშეკრულებას. მერე დაიწყო ყარაბაღის ახალი ომი. უკრაინასთან ომში ჩართულ რუსეთს არ სცხელოდა ყარაბაღის­ მოვლენებისთვის, პლუს ფაშინიანი მოსკოვში მიუღებელია.

ამის მერე დაიწყო სამშვიდობოების შევი­წროებაც და როცა აზერბაიჯანმა მოიგო ომი, რუსი სამშვიდობოებიც დახოცა და ეს შერჩა ხახვივით. მოკლედ, ყველანაირად შეავიწროვა, რომ რუსები საბოოლოდ გასულიყვნენ ყარაბაღის ტერიტორიიდან. რასაკვირველია, მის უკან ძლიერი თურქეთი­ იდგა. საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიაში ძალიან შესუსტდა რუსეთის გავლენა.

დღეს მოსკოვში ამბობენ, თავის დროზე არ უნდა დაგვეთმო აზერბაიჯანისთვისო და ზოგიერთ ჩინოვნიკს ქრთამის აღებასაც აბრალებენ. რუსებმა ისევ დაიწყეს თავიანთი სამხედროების დაბრუნება როგორც ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებულ ბაზებში, ისე სომხეთში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კასპიის ფლოტილიის გაძლიერება დაიწყეს ახალი ხომალდებით, რომლებიც, პრაქტიკულად, ბაქოზეა დამიზნებული. ახლა ალიევმა პაუზა­ აიღო, საქმეში უკვე ერდოღანი ჩაერია და დაიწყო სიტუაციის გადალაგება, მაგრამ ეს პროცესი გაგრძელდება იმიტომ, რომ რუსეთი კბილებს ილესავს, სურს აზერბაიჯანს მიუჩინოს მისთვის განკუთვნილი ადგილი.

ასევე დაგაინტერესებთ: კავკასიას "ჯადო" მოეხსნა?! - ახალი კავკასიური რეალობა ანუ გამოჩნდა თუ არა სინათლე გვირაბის ბოლო

დიდი ბრძოლა პატარა კავკასიისთვის - მამუკა არეშიძის პროგნოზი: რა ელის საქართველოს გეოპოლიტიკური "ვეშაპების" დაპირისპირებისას?!

"საქართველოს გეოპოლიტიკური კატასტროფა ემუქრება, კრიტიკული მომენტი დგება..." - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: რა "განაჩენს" გამოუტანს ევროპა თბილისს?!

რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობას, აშშ და ბრიტანეთი იმ სივრცეს თავს არ გაანებებენ, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სამხრეთი კავკასია მათთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონია. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ სივრცის გაკონტროლება, რომელიც შეიძლება მისმა მთავარმა კონკურენტმა ჩინეთმა დაიკავოს.

შუა დერეფნის პროექტში აშშ-ისთვის კონკურენტი არა მარტო ჩინეთი, არამედ ევროკავშირიცაა. ეს უზარმაზარი სავაჭრო გზა, რომელიც უნდა ამუშავდეს, არა მარტო სამხრეთ კავკასიაზე, უფრო სამხრეთითაც­ გადის მისი მეორე შტო და არ შეიძლება აშშ-ის კონტროლის გარეშე დარჩეს. იმ შეთავაზებაზე, რომელიც მიიღეს ერევანმა და ბაქომ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით, ხომ ხედავთ, ჯერ ვერც თანხმობას აძლევენ და ვერც უარს ამბობენ, ზუსტად იმიტომ, რომ უარი ძალიან ძვირად დაუჯდება ერთსაც და მეორესაც, და თანხმობაც არანაკლებ ძვირად დაუჯდებათ.

- საქართველომ რა უნდა გააკეთოს?

- დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში საქართველოს პოზიციონირება ისეთი თავშეკავ­ებულობით, როგორსაც დღეს ვუყურებ, გარკვეულწილად ამართლებს. ყველაზე უკეთესი ვარიანტი, სამხრეთკავკასიურ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სისტემის შექმნაა. როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება იძაბება, პატარა ქვეყნების ხმა საერთოდ არ ისმის, მაგრამ ქვეყნების გაერთიანების ხმა, როგორც წესი, ყოველთვის ისმის ხოლმე. ვგულისხმობ თუნდაც ეკონომიკურ პლატფორმას. არ არის აუცილებელი საშუალო დონის მოთამაშესთან გარიგება, საჭიროა მსხვილ მოთამაშესთან გარიგება და ეს არის აშშ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ეკონომიკის განვითარებაზე იქნება დაფუძნებული...

- ამ ყველაფერს შეეგუება რუსეთი?

- რუსეთს დღეს იმდენი საშუალება არა აქვს, რომ აშშ-თან შექმნას კონფრონტაციული რეჟიმი, თუნდაც სამხრეთ კავკასიის გამო. რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თურქეთმა არ გაიმარჯვოს კავკასიაში, არ იყოს შავი ზღვის მაკონტროლებელი. Aამერიკის მიერ იარაღის გადაცემა ევროპელებისთვის ძალიან მკაფიო ნიშანია მოსკოვისთვის, რომ ამერიკა მასთან დაპირისპირებას არ აპირებს. ისე აკეთებს ამერიკის ადმინისტრაცია, რომ სხვას აძლევს­ იარაღს, თან ამაში ფულს იღებს­. ამით მოსკოვს მიანიშნებს, მე არა ვარ შენს წინააღმდეგ, მე ვარ შენი მეზობლის, ჩინეთის წინააღმდეგო. თუ რუსეთი ჩინეთის მოკავშირე გახდება, აშშ-ს ძალიან მძიმე დღეები დაუდგება, იმიტომ, რომ რესურსულად ეს ორი ქვეყანა ძალიან ძლიერია, პლუს ჩინეთმა ტექნოლოგიური განვითარებით უკვე გაუსწრო შტატებს. თუ ამერიკამ სამხრეთ კავკასიაში ინსტიტუციურად ფეხი მოიკიდა, მაშინ არც რუსეთი იქნება მთლიანად ამოგდებული სამხრეთ კავკასიის პოლიტიკიდან. რაღაც ფორმით მიიღებს მონაწილეობას, კონტროლი იქნება ქვეყნების­ ჯგუფის ხელში აშშ-ის მეთაურობით და არა, ვთქვათ, მხოლოდ ჩინეთის ხელში, ან მარტო რუსეთის, ან მარტო თურქეთის. დღეს ჩამოშლილია მსოფლიო წესრიგი, თამაშის წესები აღარ არსებობს. ყველა ცდილობს, რაც შეიძლება უკეთესად მოირგოს ხვალინდელი მსოფლიო, მსხვილ მოთამაშეებს ვგულისხმობ, და პატარა მოთამაშეებმაც ამას ფეხი უნდა აუწყონ, ოღონდ ისე, რომ საკუთარი ინტერესების დაცვაც მოახერხონ.

წაიკითხე ვრცლად