"თუ ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს, მთავრობის ქუჩიდან შეცვლა გამორიცხულია" - დავით ზურაბიშვილის ანალიზი: რა შეცდომას უშვებს ოპოზიცია?!
ოპოზიცია აქამდე თუ ბოიკოტისტებად და არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებად იყოფოდა, ახლა ბოიკოტისტებიც გაიყვნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხაბეიშვილ-ბურჭულაძის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებული ტელეფონით არჩევნები და ამით "ოცნების" ჩამოშლა ბოკუჩავას ფრთამ გააკრიტიკა. სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი და რა შედეგით დასრულდეს, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ვესაუბრებით.
- არაერთხელ მომხდარა, რომ კონკრეტულ თარიღებზე იქმნება რაღაც მოლოდინი და მერე დგება იმედგაცრუება... რომ ვიძახოთ, დაემხობა, დაემხობაო, არ დაემხობა, იმიტომ, რომ ვისაც გვინახავს, როგორ ხდება ხელისუფლების შეცვლა, ასე ვთქვათ, რევოლუციური თუ არარევოლუციური დამხობის გზით, ვიცით, ამას რა სჭირდება. ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ ამის ძალა უნდა გქონდეს. ძალოვან სტრუქტურებში, როგორც მინიმუმ, უნდა იყვნენ ან ნეიტრალურები, ან რაღაც ნაწილი მაინც შენს მხარეს.
თუ ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს, მთავრობის ქუჩიდან შეცვლა გამორიცხულია. ზვიად გამსახურდიას მთავრობა დაემხო იმიტომ, რომ მეორე მხარეს მეტი იარაღი ჰქონდა. იარაღს მაშინ რუსეთის სამხედრო შტაბი ანაწილებდა და აღმოჩნდა, რომ პუტჩისტებს მისცეს... მეორედ, 2003 წელს, ხალხი უჭერდა მხარს რევოლუციონერებს და პლუს ძალოვანი სტრუქტურების დიდი ნაწილიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმხანად ორი უმდიდრესი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი და ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდნენ ოპოზიციას: ივანიშვილი - "ნაცმოძრაობას", პატარკაციშვილი - "ახალ მემარჯვენეებსა" და ჟვანიას. ასე რომ, უნდა გქონდეს ბევრი ფული და ძალა. სხვათა შორის, ფულიც არ უშველიდა, ძალოვანი სტრუქტურები რომ არ ყოფილიყვნენ ოპოზიციის მხარეს. თავად შევესწარი, როდესაც სააკაშვილი შევარდნაძეს სესიაზე შეუვარდა, მაშინვე კი არ გამოუცხადებია, დამთავრდაო, ჯერ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ამას მოჰყვა ის, რომ ჯერ თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ თქვა, რომ ჯარი არ მიიღებდა მონაწილეობას დაპირისპირებაში. ერთ-ერთი ყველაზე ელიტური დავით გულუას სახელობის სპეცრაზმიდან წარმომადგენელი მოვიდა მიტინგზე - ხელისუფლება თავს თუ დაგესხმებათ, ჩვენ დაგიცავთო. წარმოიდგინეთ, ახლა სპეცრაზმი ანუ გდდ რომ გადმოვიდეს ხაბეიშვილის მხარეს, მაშინ მართლაც შეიძლება გამოუვიდეს ამ მთავრობის დამხობა, მაგრამ გადავა მის მხარეს?! ამ ვითარებაში იმედის გაღვივება, რომ უახლოეს ხანში რაღაც გარღვევა მოხდება, ფუჭი მოლოდინია...
პაატა ბურჭულაძის სამოქალაქო პოზიციას ვაფასებ, მაგრამ, ის ვერ ერკვევა პოლიტიკაში. ძალიან არასერიოზულია მისი წინადადება. როგორც ჩანს, არავინ ეუბნება, რომ ცდება, ან ეუბნებიან და თავად ჯიუტობს. მეორე საკითხია ის, თუ რატომ გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოვუცხადოთ, ვიდრე იმან, რომ ოპოზიციური ძალების კონსოლიდირება მოხდეს თბილისის მერობის არჩევნებზე. როცა არჩევნების დრო მოვა, ეს იქნება მთავარი ამბავი. ცხადია, იმაზეც იქნება დამოკიდებული, ოპოზიციიდან კანდიდატად ვის წამოაყენებენ. ჩემთვის ისეთი ცხადი იყო, რომ თბილისის მერის არჩევნები უნდა გამხდარიყო ანტისახელისუფლებო განწყობების მთავარი ფაქტორი, რომ როდესაც ამის წინააღმდეგ დაიწყეს გალაშქრება, შოკის ეფექტი ჰქონდა, ამას როგორ ვერ ხედავენ-მეთქი. მით უმეტეს, რომ ეს დაიწყეს არა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც შესაძლოა საკუთარი თავი ვერ დაინახეს პროცესში, არამედ იმათ, ვისაც, წესით, თავი პროცესში უნდა დაენახათ - სამოქალაქო აქტივისტებმა ჩათვალეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მათი პროტესტის საწინააღმდეგოა. დაიჯერეს, რომ თუ ასე გამიჯნულად იქნებიან, ხელისუფლებას დასავლეთში ლეგიტიმაცია არ ექნება. ის, რომ "ოცნებას" დასავლეთში ლეგიტიმაცია არა აქვს, არა იმიტომ, არჩევნები როგორ ჩატარდა, არამედ იმიტომ, რომ კურსი იცვალა და მთავარ მტრად დასავლეთი გამოაცხადა. კი, რუსთაველზე დგომას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ამით დაანახეს ევროპას, რომ აქ ხალხი რაღაცას არ ეგუება, მაგრამ მარტო ამის ხარჯზე არ ხდება ეს ყველაფერი. ამის კარგად გააზრება იყო საჭირო პროცესების სწორად წარმართვისთვის, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა და ამ რადიკალურმა განწყობებმა წარმოქმნა განცდა, აქ ჩვენ მაგრად უნდა ვიდგეთ, სანქციები წამოვა, "ოცნება" ჩამოიშლება და ბიძინა გაიქცევაო. ამ რეალობაში თვითმმართველობის არჩევნებში კონსოლიდაციაზე ლაპარაკი მათთვის სრულიად სხვა სიბრტყეში გადასვლაა. ამ ხალხს გაუჭირდა რადიკალური ემოციური განწყობებიდან გამოსვლა.
ასევე დაგაინტერესებთ: გვახსოვდეს, რაოდენ ძვირად დაუჯდა საქართველოს 90-იანი წლების სახელმწიფო გადატრიალებისა და სამოქალაქო არეულობის მორევიდან ამოსვლა" - ვიქტორ ყიფიანის ანალიზი: რა მოხდება 4 ოქტომბერს?!
გეგმების „ცვენა“ ანუ რა განსხვავებაა პრინციპულობასა და თვითდაზიანებას შორის?!