"პუტინი თბილისში 10 საკარანტინო რაიონისა და 3 საფილტრაციო ბანაკის გახსნას გეგმავდა" - თბილისის აეროპორტი 76-ე სადესანტო დივიზიას უნდა აეღო
აგვისტოს ომის დროს რუსული სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფები მზად იყვნენ საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, აქტიური დივერსიული მოქმედებების დასაწყებად...
უკრაინის დედაქალაქს, კიევს, პუტინის არმია მართლაც აიღებდა ნაწილობრივი კონტროლის ქვეშ რამდენიმე დღეში, მაშინ რუსეთის გენშტაბს ბოლომდე რომ გამოსვლოდა ჩანაფიქრი... საშვეულმფრენო დესანტით გოსტომელის აეროდრომის დაპყრობის შემდეგ, იქ რიაზანიდან მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით მედესანტეების ახალი დანაყოფები უნდა გადაესხათ, თავისი ჯავშანტექნიკით და იქიდან საერთო ძალით (კიევის კონსპირაციულ ბინებში წინასწარ ჩასულ რუს „ტურისტებთან“ ერთად) შეეტიათ 25 კმ-ში, კიევში მდებარე უკრაინის სამთავრობო შენობების კომპლექსზე, რომლის დაკავება-გაკონტროლება გახდებოდა წინაპირობა, უკრაინაში რუსეთის მარიონეტული ხელისუფლების დასასმელად და რუსეთ-უკრაინის ომიც მეოთხე წელი აღარ გაიწელებოდა...
საბედნიეროდ, პუტინს ეს არ გამოუვიდა, უკრაინის კიევთან მიმართებაში, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ასეთივე გეგმის განხორციელება იგეგმებოდა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს დედაქალაქის, თბილისის წინააღმდეგ...
აგვისტოს ომის დროს მეტ-ნაკლებად გაშუქდა ფოთის სავაჭრო და სამხედრო პორტებში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 45-ე სპეციალური დანიშნულების პოლკის სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფის შეჭრა და მის მიერ ქართული სამხედრო და სასაზღვრო კატარღების დანაღმვა-აფეთქება, უშუალოდ სამხედრო პორტის ნავმისადგომებთან, ხოლო სავაჭრო პორტიდან იმ ამერიკული შეჯავშნული „ჰამვების“ წაყვანა, რომლებიც მანამდე ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ. ამასთან, დატყვევებული იქნა ის 21 ქართველი სამხედრო, რომელთაც ამ ამერიკული „ჰამვების“ დაცვა ევალებოდა. ეს „ხუთი შეჯავშნული „ჰამვი“ რუსეთს დღემდე არ დაუბრუნებია პენტაგონისთვის, ამერიკელების არა ერთი თხოვნა-მოთხოვნის მიუხედავად, რადგან მოსკოვში მათ აგვისტოს ომის ალაფად თვლიან.
ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზის დაპყრობისა და ქართული კატარღების ჩაძირვისთვის რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა 18 აგვისტოსვე დააჯილდოვა 45-ე სპეცდანიშნულების პოლკის პოდპოლკოვნიკი - ანატოლი ლებედი, რომელიც უშუალოდ მეთაურობდა ფოთში მოქმედ სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფს, რომელმაც ამხელა ზიანი მიაყენა იმდროინდელ ქართულ სამხედრო-საზღვაო ძალებს...
ფოთის პორტებში რუსული სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფის წარმატებულად განხორციელებული სპეცოპერაციის ფონზე, ჩვენდა სამწუხაროდ, უცნობი რჩება, თუ რა ამოცანები ჰქონდათ დასახული იმ, სხვა რუსულ სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში ფარულად მოქმედებების დასაწყებად ემზადებოდნენ, თუმცა ამის მიხვედრა ძალიან რთული არ არის...
ჯერ საბჭოთა და შემდგომ - რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ახლა მხოლოდ მთავარ სამმართველოდ იწოდება) და „კა-გე-ბე/ეფ-ეს-ბეს“ სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფების მოწინააღმდეგის ზურგში მოქმედების მთავარ ამოცანებს შეადგენს: მნიშვნელოვანი სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების განადგურება, ტრანსპორტისა და კავშირის დეზორგანიზაცია, პანიკის დათესვა მოწინააღმდეგის სამხედროებში და, ასევე, მშვიდობიან მოსახლეობაში, მაღალჩინოსანი სამხედრო მეთაურებისა და სამოქალაქო ჩინოვნიკების ფიზიკური ლიკვიდაცია...
ასევე დაგაინტერესებთ: "თბილისის შტურმი", რომელიც არ შედგა - დავიცავდით თუ არა საქართველოს დედაქალაქს, 2008 წლის აგვისტოში პუტინის ჯარებს შეტევა რომ დაეწყოთ?!
დამდნარი ქალაქი: დღე, რომელმაც მსოფლიო შეძრა - ჰიროსიმას ბედი შესაძლოა, თბილისსაც გაეზიარებინა
აგვისტოს ომის დროს, ქართველ სამხედროებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, თბილისის ჩრდილოეთით, ცხვარიჭამიის ტყეში გამოჩნდა რუსული სადივერსიო ჯგუფი, რომლის აღმოჩენა-ბლოკირება-განადგურების ბრძანებაც გაიცა...
სამხედრო პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ამ ბლოგის ავტორთან საუბარში ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული რუსული სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფების წევრები თბილისის დასავლეთ შემოსასვლელის მიმდებარე უბნებში უკვე კონსპირატიულ ბინებში იმყოფებოდნენ და ელოდნენ ბრძანებას, თბილისში აქტიური დივერსიული მოქმედებების დასაწყებად, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს საქართველოს დედაქალაქის დაკავება-გაკონტროლებას გაუადვილებდა.
ვახტანგ მაისაიას თქმითვე, რუს ოკუპანტებს დაგეგმილი ჰქონდათ თბილისში 10 საკარანტინო რაიონის შექმნა, მათგან ერთი ცენტრალურის და სამი საფილტრაციო ბანაკის ამუშავება, ისე, რომ თითოეულ მათგანს 1 200-მდე დაკავებული ადამიანის მიღება შეძლებოდა ანუ ყველაფერი „გროზნოს ვარიანტით“ უნდა წარმართულიყო, როგორც ეს რუსმა სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ჩეჩნეთის ჯერ პირველ და შემდეგ - მეორე ომის დროს გააკეთეს, ჩეჩნეთის დედაქალაქში, ხოლო უკვე დაპყრობილ საქართველოში, ასევე, „ჩეჩნური სქემით“ კრემლის მარიონეტული ხელისუფლება დაისმებოდა, რომლის სათავეში, სავარაუდოდ, აღმოჩნდებოდა მანამდე მოქმედი, მაგრამ უკვე დამხობილი ხელისუფლებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამდებობის პირი, რომელიც მთავარი კოლაბორაციონისტის როლს ითამაშებდა რუს ოკუპანტებთან კავშირში...
თბილისში შემოგზავნილ რუსულ სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფებს, დიდი ალბათობით, ასევე, ევალებოდათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ხელში ჩაგდება, მასზე იმ მძიმე რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მისაღებად, რომლებიც გამზადებული იდგნენ ჩრდილოეთ ოსეთის მოზდოკის სამხედრო აეროდრომზე რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 76-ე სადესანტო-მოიერიშე და 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიების დანაყოფების გადმოსასროლად, უკვე დაპყრობილ თბილისის აეროპორტში...
ანუ, უნდა მომხდარიყო ის, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას ნაწილობრივ შეძლო კიევიდან 25 კმ-ში მდებარე უკრაინული გოსტომელის აეროდრომზე...
თუმცა ასეთი სპეცოპერაციები სათავეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იღებენ, როდესაც ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის წინ, 1968 წლის 21 აგვისტოს, საბჭოთა მედესანტეებმა მოტყუებით (ვითომ მათ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები გაუჩნდა და სასწრაფოდ ავარიულ დაშვებას ითხოვდნენ), იერიშით აიღეს პრაღის აეროპორტის სადისპეჩერო კოშკურა და უზრუნველყვეს საბჭოთა მედესანტეებით სავსე ათობით სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის დაშვება ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქის აეროპორტში...
ან კიდევ, 1979 წლის 27 დეკემბერს, როდესაც ქაბულის „ტაჯ-ბექის“ სასახლეს შეუტიეს საბჭოთა „კა-გე-ბესა“ და „გე-ერ-უს“ მოიერიშე ჯგუფებმა, სასახლეში მოკლეს პოლიტიკური ლიდერი ამინი და ავღანეთის სათავეში კრემლის მარიონეტი მთავრობა დასვეს, შემდგომი ცხრაწლიანი ოკუპაციის პერიოდში...
რუსული სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფების მოქმედებების საფრთხე საქართველოსთვის არც დღეს განელებულა, პირიქით, უფრო გაიზარდა კიდეც, რადგან რუსეთიდან ტურისტების ამხელა ნაკადის შემოდინებისას ძალიან ადვილია „მძინარე“ დივერსიული ჯგუფების გადანაწილება კონსპირატიულ ბინებში, საქართველოს დედაქალაქის (ისევე, როგორც სხვა ქართულ ქალაქებში) ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის მეზობლად, რომ ბრძანების მიღებისთანავე მათ ოპერატიულად დაიწყონ აქტიური დივერსიული მოქმედებები...